-

რუმინეთის მთავრობა ამაყობდა, რომ ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდი სამიტისთვის უნდა ემასპინძლა - 2008 წლის აპრილში, ნიკოლაი ჩაუშესკუს მმართველობის პერიოდში, ბუქარესტის ცენტრში აშენებული "მანიაკური" მასშტაბების რესპუბლიკის სასახლეში თავი მოიყარა 3,500-მა დელეგატმა, 7 ათასამდე სამხედრო ოფიცერმა და 3 ათასზე მეტმა ჟურნალისტმა. 

დამსწრეებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, რაც ჩრდილო-ატლანტიკური სამიტების ისტორიაში პირველად მოხდა... 

2022 წლის 4 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი დეოკუპირებულ კიევის ოლქს ეწვია. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 1 თვის თავზე, ბუჩაში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკის დამწუხრებული სახე ბოლომდე ვერ გამოხატავდა იმ სამხედრო დანაშაულების სიმძიმეს, რომელიც მას ადგილზე დახვდა - მსხვერპლთა ცხედრების აღება ქუჩებიდან ჯერ კიდევ ვერ მოესწროთ. 

ბუჩა და ირპენი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ჩამონათვალში მცირე, მაგრამ ყველაზე ცნობილი ეპიზოდებია. ზელენსკისა და ჟურნალისტების საუბრის პარალელურად, გრძელდებოდა ახალი მასობრივი სასაფლაოების აღმოჩენა.

საუბრის მიწურულს, ზელენსკიმ მიმდინარე ომის პოლიტიკურ კონტექსტზეც ისაუბრა - "ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში, რათა თავისი თვალებით ნახონ, თუ სადამდე მიგვიყვანა რუსეთთან დათმობების პოლიტიკამ."

ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში 2022 წლის 4 აპრილი

ამ დღეს, ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის 14 წლის იუბილე იყო და სწორედ სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე მიუთითებდა ზელენსკი გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილ ლიდერებს. 

გასული 15 წლის მანძილზე, ბუქარესტის სამიტზე ბევრი დაიწერა. განსაკუთრებული აქტუალობა ხელახლა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიძინა. ბევრის აზრით, ბუქარესტი ალიანსის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რამაც საქართველო და უკრაინა პრაქტიკულად დაუცველ მდგომარეობაში დატოვა. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უკვე დაწყებული გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა იყო. 

ერთი რამ ეჭვგარეშეა: ბუქარესტის სამიტი საბედისწერო გახდა, როგორც საქართველოსა და უკრაინისთვის, ასევე უშუალოდ ალიანსისთვის - ნატოს ამ დრომდე უწევს იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევასთან გამკლავება, რაც ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ჩამოყალიბდა. 

სიჩუმე ქარიშხლის წინ 

2008 წლის მსოფლიო დღევანდლისგან ბევრით განსხვავდებოდა - თავი დავანებოთ ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ბანალურ ჩამონათვალს და გეოპოლიტიკურ სურათზე ვკონცენტრირდეთ, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი მომენტია გამოსაყოფი. 

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს თვალწინ დასასრულს უახლოვდებოდა ეპოქა, რომელიც 1989 წელს ბერლინის კედლის ნგრევით დაიწყო და პოპულარულ ენაზე ცივი ომის შემდგომი ტრანზიციის პერიოდის სახელით არის ცნობილი. 

საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, გლობალური ძალთა ბალანსი მკვეთრად გადაიხარა აშშ-ს სასარგებლოდ. დაიწყო პერიოდი, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი, ჩარლზ კრაუტჰამერი უნიპოლარულ (რედ. ერთპოლუსიან) მომენტს უწოდებდა. პრაქტიკულად, თითქმის 20-წლიანი განუყოფელი ჰეგემონიის შემდეგ, ამერიკის გლობალური სიძლიერე პირველად გადააწყდა ხილვად ბარიერებს - 2008 წლის ბუქარესტის სამიტი სწორად ამ ლიმიტების ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანი მაგალითი იყო. 

სამიტის დაწყებამდე უკვე გამქრალია ნატოში არსებული ეიფორია, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ გლობალურ ომს მოჰყვა. ავღანეთში მოკავშირეების წარმატებული ინტერვენცია მალევე დაჩრდილა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციამ ერაყში. დასავლურ ალიანსში პირველი ბზარები გამოჩნდა - კამპანიას მხარი არ დაუჭირა გერმანიამ და საფრანგეთმა.

ჰუსეინის მმართველობის დამხობის შემდეგ, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი ვერ აღმოაჩინეს, ეს კი სამხედრო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საბაბი იყო.

გაუმართლებელმა სამხედრო კამპანიამ ვაშინგტონის რეპუტაცია შელახა, ყველაფერს კი ერაყში დაწყებული სექტარიანული ძალადობა აუარესებდა. თავდაპირველი ეიფორია გაქრა ამერიკაშიც - ერაყის ომი უკიდურესად არაპოპულარული გახდა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ უკვე ჩავლილია ევროკავშირის 3 და ნატოს გაფართოების 2 ტალღა. ევროპის კავშირი აღრმავებს ინტეგრაციას, თუმცა საერთო კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ბლოკში არსებულ გარკვეულ სკეფსისსა და სირთულეებზე მეტყველებდა, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.

ერაყში ჩავარდნილი კამპანიის კვალდაკვალ, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნების ლიდერებს, აშშ-სგან დისტანცირებისა და უფრო მეტად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის სივრცე უჩნდებათ, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით.

რა ხდება ამ დროს რუსეთში? შეიძლება ითქვას, რომ პუტინს უკვე წაგებული აქვს დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი რაუნდი - 2004 წლის უკრაინის საპრეზიდენტო კამპანიას რუსეთის პრეზიდენტი ლამის საკუთარ კამპანიად აღიქვამდა.

იანუკოვიჩის დასახმარებლად გაგზავნილი პოლიტ-ტექნოლოგების გუნდის, უამრავი ფულისა და კამპანიაში მისი პირდაპირი ჩართულობის მიუხედავად (2004 წლის ოქტომბერს უკრაინულმა ტელევიზიებმა ვლადიმირ პუტინის პირდაპირი ეთერსაც უმასპინძლეს), უკრაინაში პრო-დასავლურმა კოალიციამ გაიმარჯვა. 

კრემლისთვის უკრაინაში განცდილი მარცხი უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, რასაც მასშტაბური რეფორმები და დასავლეთისკენ აჩქარებული სვლა მოჰყვა. 

სამეზობლოში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ვლადიმირ პუტინის მმართველობის საწყისი პერიოდი რუსეთის სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური აღმასვლით ხასიათდება. ნავთობზე გაზრდილი ფასები, ევროკავშირსა და ჩინეთთან მზარდი ვაჭრობა და შიდა ოპოზიციის განეიტრალება, პრაქტიკულად უმალვე გადაიზარდა ვლადიმირ პუტინის უკიდურეს თავდაჯერებაში. 

ეს თავდაჯერება განსაკუთრებით კარგად იგრძნობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ მიზნებზე ღიად და თამამად ისაუბრა. 

2007 წლის თებერვალში, რუსულად წარმოთქმულ 30-წუთიან სიტყვაში, პუტინმა დაგმო ერთპოლუსიანი სამყარო და მის წინააღმდეგ დაპირისპირების მზაობაც გამოთქვა.

არსებითად, პუტინი იმავეს ითხოვდა, რასაც 2021 წლის მიწურულს წამოყენებულ ულტიმატუმში  - დასავლეთს უნდა გაეუქმებინა ცივი ომის შედეგები და როგორც მინიმუმ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები რუსეთის გავლენის ლეგიტიმურ ზონად ეღიარებინა.

გამოყენებული უხეში ლექსიკისა და ღიად კონფრონტაციული ტონალობის მიუხედავად, მისი გამოსვლა საგანგაშოდ ბევრს არ აღუქვამს. კომენტატორები და მიმომხილველები, მას მხოლოდ მომდევნო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე დაუბრუნდებიან. 

ამავე წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კიდევ ერთი საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო - 18 თებერვალს კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო. კოსოვოს აღიარებამ რუსეთის დაუფარავი აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კოსოვომ რუსეთს მისი მომდევნო და უკვე ჩაფიქრებული ინტერვენციის გამამყარებელი არგუმენტი მისცა. 

როგორც ბუქარესტის სამიტის ისტორია გვაჩვენებს, კოსოვოს არგუმენტი ნატოს გაფართოების სხვა მოწინააღმდეგეებმაც გამოიყენეს. 

კიევი 07

სამიტის წინა პერიოდში, ამერიკელი დიპლომატები უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ურჩევდნენ, რომ ნატოში გაწევრიანების კურსთან დაკავშირებით, ერთიანი წერილით მიემართათ ალიანსისთვის. წერილი, რომელიც ხელმოწერილი იქნებოდა პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ამ საკითხში უკრაინის საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაცია იქნებოდა. 

თუმცა გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იმდროინდელი საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში ნატოსთან დაკავშირებით არათუ მყარი, არამედ დამაჯერებელი კონსენსუსიც არ არსებობდა. 

პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ნატოში გაწევრიანების ყველაზე მტკიცე მომხრე იყო - ის მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლს შეეძლო მისი ქვეყნის დაცვა, რომლის გარეშეც, მისი თქმით, "უკრაინა რუსეთთან ნახევრად კოლონიალურ დამოკიდებულებაში დარჩებოდა". ნატოს კურსს მხარს უჭერდა პრემიერი იულია ტიმოშენკოც, თუმცა მისი პოზიცია ისეთივე მტკიცე ნამდვილად არ ყოფილა. 

დასავლელი დიპლომატების იმდროინდელი შიდა მიმოწერებიდან ჩანს, რომ ტიმოშენკო ნატოს საკითხს ოპორტუნისტულად უყურებდა და სურდა, რომ MAP-ის მიცემის პროცესი 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაწყებულიყო, რაც მისი გამარჯვების შანსებს გაზრდიდა. მეტიც, ასეთი მერყევი პოზიციის გამო, პრეზიდენტის გუნდი იმასაც კი შეეცადა, რომ ხელი შეეშალა ტიმოშენკოსა და ანგელა მერკელის შეხვედრისათვის, რომელიც კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი შეხვედრა უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მაინც გაიმართა. 

ნატოს საწინააღმდეგო პოზიციებით გამოირჩეოდა რუსეთთან დაახლოებული ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც საზოგადოებაში სკეფსისის გაღვივებასა და მასზე კაპიტალიზებას ცდილობდა. ამას ხელს უწყობდა გამოკითხვები, რომლის თანახმადაც, უკრაინელთა უმრავლესობას მკაფიო დაინტერესება არ ჰქონდა ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის მიმართ. მეტიც, განსაკუთრებით საგანგაშო იყო მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც ძლიერი იყო რუსული პროპაგანდის გავლენა. სწორად აქ მცხოვრები ამომრჩევლები ითვლებოდა იანუკოვიჩის მთავარ ელექტორალურ ბაზად. 

ნატოს საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია კიევში - 2008 წელი

იმ დროს აშშ-ს ელჩმა ნატოში და სახელმწიფო მდივნის ამჟამინდელმა მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, უკრაინის მთავრობას ნატოს შესახებ დადებითი და მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის წამოწყებაც ურჩია. ყველაფერთან ერთად, პრობლემას წარმოადგენდა რეფორმების არადამაკმაყოფილებელი ტემპი - კორუფციის ინდექსში უკრაინა 118-ე ადგილზე აღმოჩნდა. 

ამ სირთულეების მიუხედავად, იუშჩენკომ და ტიმოშენკომ შეძლეს განსხვავების გვერდზე გადადება და ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ახალი კოალიციის ჩამოყალიბება. საბოლოოდ, MAP-ის მოთხოვნით წერილი კიევმა 2008 წლის იანვარში გაგზავნა. 

თეორიულად, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რეფორმების ეტაპს გულისხმობს, რომლის დასრულებასაც რამდენიმე წელი სჭირდება. ამავდროულად, MAP ავტომატურად არ გულისხმობს ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა პრაქტიკაში ამგვარი ნაბიჯი, როგორც წესი, გარდაუვალ წევრობას ნიშნავს. 

მთავრობის მხრიდან MAP-ის მოთხოვნას მთავარი ოპოზიციონერის, ვიქტორ იანუკოვიჩის აჯანყება მოჰყვა - მის დეპუტატებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ რადა. მიუხედავად ამისა, წერილმა თავისი საქმე გააკეთა და ალიანსისთვის საქართველოსა და უკრაინის მოთხოვნის განხილვა სავალდებულო გახდა, რაც რუსეთისთვის სასურველ სცენარს არ წარმოადგენდა. 

გაყოფის კონტურები 

ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინა, ბოლო წლებში, ხშირად ხდებოდა დაძაბულობის ადგილი, რისი მიზეზიც, ძირითადად რუსეთის ელჩი დმიტრი როგოზინი იყო. 

რუსი ულტრა-ნაციონალისტი როგოზინი პერიოდულად ხმაურიანი სიტყვებით გამოდიოდა, სადაც ხაზს უსვამდა, რომ ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა და საერთოდაც მთელი ბალტიის რეგიონი, ტრადიციულ რუსულ მიწებს წარმოადგენდა. 

რუსეთის დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირების ლექსიკონში მუქარას და დაშინებას გამორჩეული ადგილი უკავია, თუმცა რიტორიკა, ბუქარესტის სამიტის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო მწვავდებოდა.

პუტინი ღიად საუბრობდა თავის წმინდა მისიაზე - დაებრუნებინა რუსეთისთვის წამყვანი მოთამაშის როლი და აღედგინა ე.წ. გავლენის სფეროები. 

ამ ვითარებაში, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მთავარი ადვოკატები ის ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც მეოცე საუკუნეში რუსეთის ბატონობის ქვეშ ცხოვრება თავადაც ტრაგიკულად გამოცადეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ პოლონეთი და ბალტიკური სახელმწიფოები.

ლატვიის იმდროინდელი პრეზიდენტი, ვალდის ზატლერსი იხსენებს, რომ მისი პოლონელი კოლეგა ლეხ კაჩინსკის იმ დროს უკვე აშინებდა რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ.

ზატლერსის თქმით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ალიანსის მხრიდან ბუქარესტის სამიტზე მტკიცე ერთიანობის დემონსტრირება შეაკავებდა პუტინს... თუმცა ალიანსი გაყოფილი იყო. 

ვიქტორია ნულანდის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერს 14 წევრი - აშშ-სა და კანადის გარდა, თითქმის ყველა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები. 

სკეპტიკოსი ქვეყნები გერმანიის ირგვლივ დაჯგუფდნენ - გერმანიის იმდროინდელი ელჩი, ულრიხ ბრანდენბურგი გეგმავდა ე.წ. დამბლოკავი კონსენსუსის შექმნას, რომელიც 10 ქვეყნით იქნებოდა წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წესების თანახმად გადაწყვეტილების დასაბლოკად მხოლოდ გერმანიის წინააღმდეგობა იქნებოდა საკმარისი - ბერლინში ხვდებოდნენ, რომ ვერ გაუძლებდნენ ვაშინგტონს წნეხს, თუ ამ პოზიციაზე მარტო აღმოჩნდებოდნენ. 

ბუქარესტის სამიტის მესამე დღე

ამერიკული დელეგაცია ყურადღებით აკვირდებოდა ბრანდენბურგის მოქმედებას, მათ შორის მის მცდელობას, საქართველოსა და უკრაინის საკითხი საერთოდაც ამოეღო სამიტის დღის წესრიგიდან, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა - "მას გაყინული სახე აქვს, ის არ უნდა იყოს ბედნიერი", - წერს ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ ერთ-ერთი შიდა წერილში. 

გერმანიაზე წნეხი ყოველდღიურად იზრდებოდა, მერკელის მთავრობას აკრიტიკებდნენ რუსეთთან ეკონომიკური სიახლოვის გამო. ამ ყველაფერს ამძაფრებდა Nord Stream 2-ის გაზსადენის საკითხი, რომლის მშენებლობაც იმ დროისთვის უკვე შეთანხმებული იყო.

"ზოგი მიიჩნევს, რომ ჩვენ რუსეთს გავლენის სფეროებს ვუკანონებთ", - წერს ბრანდენბურგი იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისთვის გაგზავნილ წერილში. 

უკრაინის დაშლისა და რეგიონული არასტაბილურობის შესაძლო სცენარებზე საუბრით, ბრანდენბურგი გაფართოების მოწინააღმდეგეთა ჯგუფის განმტკიცებას ცდილობდა - "ჩვენ არ ვართ მარტო, მაგრამ ჩვენ 'შიშვლები' ვართ, ამას ექნება გავლენა ჩვენს სტატუსზე ნატოში", - წერდა ბრანდენბურგი კიდევ ერთ გზავნილში. 

ვაშინგტონი 08

ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ომების ფონზე, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია გასულ წლებში დიდ ყურადღებას უთმობდა. მიუხედავად ამისა, ტექსასელ კონსერვატორ ბუშს სჯეროდა ამერიკის გლობალური მისიის: გაევრცელებინა და დაეცვა დემოკრატია მთელს მსოფლიოში.

აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი მხარს უჭერდა ევროპული სახელმწიფოების მისწრაფებებს ნატოში და ამ საკითხში ორპარტიული მხარდაჭერითაც სარგებლობდა. 

ცხადია, ჯორჯ ბუშმა იცოდა უკრაინის შიდა პრობლემების შესახებ, თუმცა მიაჩნდა, რომ ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა დააჩქარებდა რეფორმებს, რაც ასევე კრემლს ხელს ააღებინებდა სამომავლო აგრესიული ქმედებებზე.

სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, კერძო საუბრებში, ამერიკელი დიპლომატები გერმანელ კოლეგებს აფრთხილებდნენ, რომ დაუშვებელი იყო სამიტის შედეგად შექმნილიყო აღქმა, თითქოს საქართველოსა და უკრაინას უარი მოსკოვის წინააღმდეგობის გამო უთხრეს. 

ამ გარეგანი ერთიანობის მიუხედავად, ადმინისტრაციაშიც იყო განსხვავებული პოზიციები. რუსეთში აშშ-ს იმდროინდელი ელჩი და ამჟამად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი თავის უფროსს წერდა, რომ "უკრაინის ნატოში გაწევრიანება ყველაზე კაშკაშა წითელი ხაზია, არამხოლოდ პუტინისთვის, არამედ მთლიანად რუსეთის ელიტისთვის".

ნატოს გაფართოების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებდა თავდაცვის მდივანი, რობერტ გეიტსიც. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება "არასაჭირო პროვოკაცია" იქნებოდა, მით უფრო იმ ფონზე, რომ არც ევროპელები და არც ამერიკელები არ იყვნენ მზად, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები გაეგზავნათ.

გარკვეული ეჭვები ჰქონდა აშშ-ს იმდროინდელ სახელმწიფო მდივანსაც - კონდოლიზა რაისი შიშობდა, რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხზე გადაჭარბებული აქცენტირება, წარუმატებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის დიდ ჩავარდნად იქნებოდა აღქმული. 

ბუქარესტის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, კონდოლიზა რაისმა ორივე მხარეს არსებული შეხედულებები წარმოადგინა, თუმცა ჯორჯ ბუშს აზრი არ შეუცვლია. ბუშის თანაშემწეების თქმით, პრეზიდენტის პოზიცია პრინციპული იყო - "ის თვლიდა, რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიული მთავრობების მოთხოვნას".

დიკ ჩეინი, ჯორჯ ბუში და კონდოლიზა რაისი - 2008 წლის თებერვალი

ამავე წყაროების ცნობით, ბუშმა ადმინისტრაციის წევრებს სთხოვა, მოკავშირეებზე წნეხი გაეზარდათ.

გულწრფელი მცდელობების მიუხედავად, ბუშის გუნდს ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა, რასაც ვერაფერს მოუხერხებდა - მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ეს ბუშის ადმინისტრაციის ბოლო წელი იყო. ნოემბერში, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო. 

წნეხი ბერლინზე 

აშშ-ს პრეზიდენტის ურყევი პოზიციის შემდეგ, გერმანიის პოზიციის შესაცვლელად ყველა ბერკეტი ამოქმედდა. ამის მაგალითს წარმოადგენს ცნობილი შემთხვევა, როდესაც მერკელის მრჩევლის - კრისტოფ ჰოისგენის ოჯახი ამერიკაში ატარებდა შვებულებას, რა დროსაც თეთრ სახლში სპეციალურ ტურზე მიიწვეს, სადაც "შემთხვევით" პრეზიდენტ ბუშს შეხვდნენ. 

"მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს მოსათაფლად", - იხსენებს კრისტოფ ჰოისგენი

სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გერმანელების გადარწმუნების კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა კონდოლიზა რაისსაც. შტაინმაიერთან შეხვედრისას რაისმა თქვა, რომ "საჭირო იყო რუსეთს სცოდნოდა, რომ ცივ ომში დამარცხდა," რისთვისაც საქართველოსა და უკრაინის საკითხის დადებითად გადაწყვეტა იყო საჭირო. 

ტრადიციული Ostpolitik-ის მიმდევარი შტაინმაიერი არ იზიარებდა რაისის პოზიციას. ბევრი სხვა ევროპელი პოლიტიკოსის მსგავსად, შტაინმაიერი მიიჩნევდა, რომ ვაჭრობითა და კავშირების გაღრმავებით მოსკოვი შეიცვლებოდა, მას სჯეროდა, რომ საჭირო იყო ხიდების შენება. დღეს უკვე შტაინმაიერი აღიარებს, რომ ეს მძიმე შეცდომა იყო.

სამიტისთვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ - "მინიმუმადე შეამცირეთ წინააღმდეგობები რუსეთთან". მალევე, ამერიკელებისთვის გასაგები გახდა, რომ შტაინმაიერი პოზიციას არ შეიცვლიდა და საჭირო იყო ანგელა მერკელის დათანხმება. 

სამიტის წინა კვირებში, ჯორჯ ბუში სულ ცოტა სამჯერ მაინც ესაუბრა ანგელა მერკელს. დიპლომატიური წყაროების ცნობით, მერკელის "შეწუხება" ჯორჯ ბუშმა მის ევროპელ კოლეგებსაც სთხოვა. მზარდი წნეხის მიუხედავად, ერთ-ერთ საუბარში მერკელმა ბუშს უთხრა, რომ "არ არის ადამიანი, რომელიც სამიტამდე ერთ რამეს ამბობს და სამიტზე სხვანაირად იქცევა."

მერკელი ბუშთან საუბრებში ხაზს უსვამდა უკრაინის დემოკრატიულ "უმწიფრობას", კორუფციის მაღალ დონეს და ყირიმში ბაზირებულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს. მერკელი ირწმუნებოდა, რომ ყირიმში არსებული რუსული ფლოტის პრობლემის გათვალისწინებით, უკრაინა არ გააძლიერებდა ალიანსს, რაც ახალი წევრების დამატების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

მსგავსი არგუმენტი გამოიყენებოდა საქართველოს შემთხვევაშიც, რომლის მთავარი პრობლემაც რუსეთის მიერ მართულ სეპარატისტულ რეჟიმებთან მოუგვარებელი კონფლიქტი იყო. 

გერმანიის კანცლერის მოქმედების სივრცე შეზღუდული იყო პოლიტიკური კალენდრითაც - 2009 წელს, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გამართულიყო. ბერლინში ვიზიტის შემდეგ, ერთ-ერთი ამერიკელი დიპლომატი წერდა, რომ გერმანიის პარლამენტში ერთი ლიდერიც ვერ მოიძებნებოდა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საკითხზე აშშ-ს პოზიციებს გაიზიარებდა. 

პარლამენტის სასახლე - დღე I

ბუქარესტისკენ მიმავალი გერმანული დელეგაციის ყურადღების ცენტრში საფრანგეთი იყო - შტაინმაიერის ოფისში ფიქრობდნენ, რომ სარკოზი ვერ გაუძლებდა ამერიკელების წნეხს, რის შემდეგაც, მათ გაუჭირდებოდათ საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა. 

სამიტი სადილების სერიით გაიხსნა - ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები კონტროჩენის სასახლეში შეიკრიბნენ, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტის სასახლეში იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარი დავალება გერმანიასთან არსებული წინააღმდეგობების დაძლევა იყო. მოგვიანებით, შტაინმაიერი იტყვის, რომ ეს მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ყველაზე ცუდი დღე იყო. 

სამიტის პირველი დღე 

რაისმა მოითხოვა, რომ მსჯელობა გერმანელებს გაეხსნათ, რის შემდეგაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებისთვის უნდა მოესმინათ. წყაროს ცნობით, რაისს სურდა, ბოლო სიტყვა მას დარჩენოდა. 

ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც შტაინმაიერმა განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდებოდა ნატოს წევრი, რადგანაც გადაუჭრელი კონფლიქტი ჰქონდა. რეპლიკაზე საპასუხოდ, აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებმა შტაინმაიერს გერმანიის ალიანსში გაწევრიანების გზა შეახსენეს. მათი თქმით, გერმანიას თავად ჰქონდა "გაყინული კონფლიქტი" ნატოში გაწევრიანების მომენტში და "გერმანელები ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ მათზე არავინ ფიქრობდა იმ დროს ისე, როგორც დღეს შტაინმაიერი".

შტაინმაიერზე განხორციელებული თავდასხმის ავანგარდში, წყაროების ცნობით, პოლონეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი იყო, რომელიც ამ პოსტზე, სულ ცოტა ხნის წინ კვლავ დაბრუნდა.

სიკორსკიმ შექმნილი ვითარება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს შეადარა და თქვა, რომ სწორედ გერმანელებს უნდა "უმადლოდნენ" პოლონელები ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა დიქტატის ქვეშ ცხოვრებას. 

მერკელი და შტაინმაიერი სასტუმრო "ჰილტონში" რჩებოდნენ. მთელი ღამის განმავლობაში გერმანელები ცდილობდნენ დარწმუნებულიყვნენ, რომ გადამწყვეტ დღეს მარტო არ აღმოჩნდებოდნენ. ფრანგებთან კომუნიკაციის შედეგად გერმანელებმა გაიგეს, რომ "სარკოზი არ შეიცვლიდა პოზიციას, თუ მერკელი იმავე აზრზე დარჩებოდა."

უკვე მომდევნო დღის დილას ცნობილი გახდა, რომ მერკელი მარტო არ იქნებოდა. 

ბრაზის ცრემლები - დღე II

სესია 8 საათსა და 55 წუთზე დაიწყო. წევრი სახელმწიფოების ლიდერები მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ, მათ უკან ათასზე მეტი დელეგატი იყო. ლიდერების სიტყვით გამოსვლის ფონზე დარბაზში ხელნაწერი შესწორებები და ტექსტები ცირკულირებდა, მოკავშირეები კომპრომისზე ცდილობდნენ შეთანხმებას. 

რაღაც ეტაპზე, ორგანიზატორებმა, ფეხბურთის მოედნისხელა დარბაზის ფარდით გაყოფა გადაწყვიტეს - ფარდის უკან, ჩაბნელებულ სივრცეში, კვლავ გრძელდებოდა დისკუსია მისაღები გადაწყვეტილების შესახებ. "მხოლოდ რუსეთი ერთი ქვეყანაა, მაშინ როდესაც რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა უკვე იმპერიაა, რომელიც ძალების აღდგენის შემდეგ შეეცდება ევროპაზე დომინაციას" - ცდილობდა გერმანელების გადარწმუნებას კონდოლიზა რაისი

გერმანელები და მათ გარშემო შემოკრებილი სკეპტიკოსები ქვეყნები პოზიციას არ იცვლიდნენ. აზრთა მორიგი ცხარე გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რაისმა გერმანელებს უთხრა, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება, საქართველოსა და უკრაინისთვის წაერთმიათ განვითარების გზა, რომლითაც თავად ისარგებლეს და დიდი სარგებელი მიიღეს. 

კრისტოფ ჰოისგენის თქმით, ამ სიტყვების წარმოთქმის დროს კონდოლიზა რაისის თვალები ცრემლებმა დაფარა. სამიტის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს - "მათ ესმით რას ნიშნავს ცხოვრება ტირანიაში"- თქვა რაისმა

შექმნილი ვითარება ექსტრაორდინარული იყო - როგორც წესი, სამიტის შეთანხმებას და საბოლოო ტექსტების უმეტესობას თანაშემწეები ამზადებენ, ხოლო ლიდერებმა ბოლო დეტალები უნდა შეათანხმონ. ბუქარესტში პირიქით მოხდა - საბოლოო ტექსტის შეთანხმება სახელმწიფოების ლიდერებს მოუხდათ. 

პარალელურად, გრძელდებოდა დებატები - ალიანსის გაფართოების მომხრეები გერმანელებს მიუთითებდნენ, რომ ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებდნენ. ამ ფონზე, გერმანულმა დელეგაციამ თავდაცვის მთავარი ხაზი ფუძემდებლური ჩანაწერის ერთ-ერთი მუხლის ირგვლივ ააგო. მერკელი ირწმუნებოდა, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ გააძლიერებდა ალიანსის უსაფრთხოებას, რაც ახალი წევრების დამატების ერთ-ერთი წინაპირობაა. 

უკვე შუადღისთვის, დარბაზი დატოვა ყველამ, წევრი სახელმწიფოების ლიდერების გარდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ბუქარესტში ბოლო რაუნდი დაიწყო. 

ნიკოლა სარკოზი, ანგელა მერკელი და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი - სამიტის მეორე დღე

მერკელი და ბუში შეთანხმდნენ, რომ ნატოს გაფართოებაზე რუსეთს ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით, მერკელმა თქვა, რომ საქართველო და უკრაინა შესაძლოა მომავალში გამხდარიყვნენ ნატოს წევრები, რაც იმ მომენტში კომპრომისად მოჩანდა. თუმცა, ამ დროს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ თქვა - "ჩვენ გვინდა MAP ახლა".

შეხვედრა ჯერ 30 წუთით, შემდეგ კი 1 საათით გაგრძელდა, ოთახში დაბნეულობამ დაისადგურა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები დარბაზის კუთხეში შეიკრიბნენ, პრეზიდენტი ბუში კი მაგიდასთან დარჩა, ამან ანგელა მერკელს მანევრის სივრცე მისცა. 

მერკელმა დარბაზის კუთხეში გადაინაცვლა. წყაროების ცნობით, მან ბუქარესტში მედიატორის შესანიშნავი თვისებები გამოავლინა - ის აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს ეუბნებოდა, რომ იცნობდა მათ ქვეყნებს მისი მოგზაურობების პერიოდიდან. მერკელი საუბრობდა მის პოლონურ წარმომავლობაზეც. ვალდის ზატლერსის ცნობით, მერკელს გულწრფელად სურდა გაეგო, თუ რატომ იყო MAP-ის საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი მათთვის. 

მერკელის დაყოვნების შემდეგ, დარბაზის კუთხეში შეკრებილების რაოდენობა გაიზარდა. მათ შეუერთდა კონდოლიზა რაისიც. დაიწყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულირებებზე და ამ პროცესის ცენტრში, ცხადია, ანგელა მერკელი იყო. სამიტის საბოლოო ტექსტის მერკელისეულ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ "საქართველო და უკრაინა ერთ დღესაც გახდებიან ნატოს წევრები". ხაზგასმული იყო, რომ გერმანია არ ეწინააღმდეგებოდა პრინციპულად ამ ქვეყნებისთვის MAP-ის სტატუსს, თუმცა სურდა პროცესის შენელება. 

მერკელის მიერ შეთავაზებული ვარიანტი კონდოლიზა რაისმა ჯორჯ ბუშს გააცნო, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტექსტი მისთვის მისაღები იყო. მერკელის რედაქტირებულ ტექსტს კვლავ პროტესტით შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპელები - ისინი ირწმუნებოდნენ, რომ გამოყენებული ფორმულირება "ერთ დღესაც" რეალურად არაფრისმთქმელი იყო. 

ცნობილი მწვანე კალმით მერკელმა საბოლოოდ წაშალა ეს ორი სიტყვა, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. ამგვარად გამოდიოდა, რომ ნატო ღია კარს ტოვებდა საქართველოსა და უკრაინისთვის, მაგრამ კონკრეტული ვადებისა და ვალდებულებების გარეშე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხს 2008 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაუბრუნდებოდნენ. 

საათი 2:04-ს აჩვენებდა, როდესაც მერკელი და სარკოზი ჟურნალისტებთან გამოჩნდნენ. იმავე პრესკონფერენციაზე ბუში და აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერები ამბობდნენ, რომ მათ მოსალოდნელზე უფრო მეტს მიაღწიეს, რადგანაც ახალი წევრების მიღების ვალდებულება არა გზის ბოლოს, არამედ დასაწყისში დაფიქსირდა. 

თავის მხრივ, გერმანელებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ "წარმატებით" დაბლოკეს ნატოს სწრაფი გაფართოება. იმ დროისთვის, შიდა დასავლური პერსპექტივიდან ბუქარესტის გადაწყვეტილება რაციონალურ კომპრომისად მოჩანდა, თუმცა როგორც დრომ აჩვენა, ეს აღქმა უკიდურესად მცდარი იყო. 

პუტინის გამოჩენა 

პუტინის დაგვიანებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. გამონაკლისი არც ბუქარესტის სამიტი იყო - ნატოს ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს 40 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ. ვალდის ზატლერსი ამბობს, რომ მათ არ უნდა მიეღოთ პუტინის დაგვიანება, თუმცა ამაზე მეტად სანერვიულო პუტინის მიერ წარმოთქმული სიტყვა გახდა. "ეს ნატოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მომენტია," - ამბობს ზატლერსი

პუტინმა უკრაინა "ძალიან კომპლექსურ" ქვეყნად მოიხსენია, "რომელიც ერთ დროს ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, რუმინეთისა და უნგრეთის ტერიტორიებისგან შედგებოდა".

პუტინმა მიზანმიმართულად გააზვიადა უკრაინის რუსულენოვანი უმცირესობის რიცხვი და განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში საბჭოთა პოლიტბიუროს "სადავო გადაწყვეტილების შედეგად აღმოჩნდა".

პუტინმა აღიარა, რომ რუსეთს არ ჰქონდა ვეტოს უფლება, თუმცა დასძინა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის არსებობას. 

პუტინის სიტყვამ რადეკ სიკორსკის განრისხება გამოიწვია - მან თავისი თანაშემწე რუსეთის დელეგაციასთანაც კი გაგზავნა, რათა ვლადიმირ პუტინის სიტყვის ასლი წამოეღო. სიკორსკის გასაოცრად, მან მართლაც მიიღო პუტინის სიტყვის ასლი. მოგვიანებით, სიკორსკიმ დოკუმენტი უკრაინის თავდაცვის მინისტრს გადასცა და უთხრა, რომ ეს სიტყვა მათ თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად უნდა გამოიყენონ. 

ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი სოჭიში - 2008 წლის აპრილი

ყურისმომჭრელი იყო ჯორჯ ბუშის სიჩუმე და კიდევ უფრო უცნაური, რომ სამიტის დასრულების შემდეგ, ის ვლადიმირ პუტინის სოჭში გეგმის მიხედვით შეხვდა, სადაც პუტინი კიდევ უფრო შორს წავიდა და ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბუშს განუცხადა, რომ უკრაინა საერთოდაც არ იყო "ნამდვილი სახელმწიფო".

 

მსგავსი სიახლეები