-

გერმანული გაზეთი Die Zeit-ი იუწყება, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ერთმანეთს "თითქმის არ ელაპარაკებიან".

ამის მიზეზი გასულ თვეებში არსებული უთანხმოებებია უკრაინისთვის მძიმე ტანკებისა და ოლაფ შოლცის ჩინეთში ვიზიტის შესახებ.

შოლცი და ბერბოკი ქვეყანას სათავეში 2021 წლის დეკემბრიდან ჩაუდგნენ, როცა მათმა პარტიებმა, სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა, თავისუფალ დემოკრატებთან ერთად სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბეს.

დამჯერი მინისტრი

Die Zeit-ის თანახმად, მათ შორის უთანხმოება 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყო, როცა ანალენა ბერბოკი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

გაზეთის ცნობით, საუბრისას ანალენა ბერბოკი აქტიურად მოითხოვდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოებას, რაც მძიმე შეიარაღების გადაცემასას გულისხმობდა.

გერმანიის შემთხვევაში ეს ლეოპარდის ტიპის ტანკები უნდა ყოფილიყო.

Die Zeit-ის ინფორმაციით, ამერიკელებს გაუკვირდათ, თუ რამდენად თამადად მოქმედებდა ანალენა ბერბოკი ოლაფ შოლცთან შეუთანხმებლად, რათა გერმანიის კანცლერზე წნეხი გაზრდილიყო.

რამდენიმე დღეში გერმანიაში აშშ-ს ელჩმა ადგილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ გერმანიისგან "უფრო მეტ ლიდერობას" ელოდა.

სამი დღის შემდეგ კი გაზეთ Frankfurter Allgemeine-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალენა ბერბოკმა საკუთარი მთავრობის წევრებს საჯაროდ მოუწოდა, ტანკების გადაცემაზე აღარ ეყოყმანათ.

Die Zeit-ის თანახმად, სექტემბრის შუაში მას და ოლაფ შოლცს შორის ერთ-ერთი ბოლო "ღია და ამომწურავი" შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კანცლერმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, საჯარო განცხადებებისგან თავი შეეკავებინა და აგრეთვე დაჰპირდა, რომ ტანკებთან დაკავშირებით საჭირო დროს მიიღებდა გადაწყვეტილებას.

ანალენა ბერბოკი სუბორდინაციას დამორჩილდა - მას მომდევნო თვეების განმავლობაში ამ საკითხის შესახებ საჯაროდ აღარ ულაპარაკია.

ამისდა მიუხედავად, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინისთვის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით კანცლერისგან არავითარი სიახლე ყოფილა.

ახალი დაბლობი

ნოემბერში კი შოლცსა და ბერბოკს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა - კანცლერი ჩინეთში გეგმავდა ვიზიტს, რაც ბერბოკს შეცდომად მიაჩნდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის წინ საჯაროდ ისაუბრა და კანცლერს შეახსენა, რომ კოალიციურ შეთანხმებაში გერმანიისა და ჩინეთის "სისტემურ მეტოქეობაზე" იყო ლაპარაკი.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთში ჩასული ოლაფ შოლცი ადამიანის უფლებებზე გაამახვილებდა ყურადღებას.

გერმანული მედიის ცნობით, კანცლერს მინისტრისგან საჯაროდ ჭკუის დარიგება არ ეპიტნავა. Die Zeit-ი წერს, რომ ამ მომენტიდან მათ შორის "ნულოვანმა კომუნიკაციამ" დაისადგურა.

ამასობაში ტანკების შესახებ ახალი კვლავ არაფერი ისმოდა.

წნეხი პიკს აღწევს

5 იანვარს კი ანალენა ბერბოკი ლონდონში ჩავიდა, სადაც ბრიტანეთის საგარეო მდივანს, ჯეიმს კლევერლის ესაუბრა.

Die Zeit-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბერბოკი ბრიტანელ კოლეგას მოუწოდებდა, რომ უკრაინისთვის ბრიტანული, ჩელენჯერის ტიპის ტანკები გადაეცათ და შემდეგ დალოდებოდნენ, თუ რას იზამდა გერმანია.

იგივე დღეს ოლაფ შოლცი ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენს, სადაც შეთანხმებას მიაღწიეს ჯავშანტრანსპორტიორების, ბრედლისა და მარდერის ტიპის გადაცემის შესახებ.

მძიმე შეიარაღება - ლეოპარდები და აბრამსები - არავის უხსენებია.

ბერბოკის ლონდონში ვიზიტიდან ოთხ დღეში, 9 იანვარს, ბრიტანელებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინას ჩელენჯერებს გადასცემდნენ.

ამას პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა, რომელმაც დააანონსა, რომ პოლონეთი, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინას ლეოპარდებს გადასცემდა.

საამისოდ კი გერმანიის თანხმობა იყო საჭირო - გერმანული წარმოების ლეოპარდების სხვისთვის გადაცემა მხოლოდ გერმანიის მთავრობის ავტორიზაციითაა შესაძლებელი.

ამგვარად, გერმანიის მთავრობაზე წნეხი კიდევ უფრო იზრდებოდა.

ამ ფონზე, 17 იანვარს, შოლცსა და ბაიდენს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.

Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკული მხარე - პრეზიდენტი ბაიდენი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, გერმანელ კოლეგებთან საუბრით "იმედგაცრუებულნი" დარჩნენ.

ოლაფ შოლცი ამერიკელებს ასეთ პირობას უყენებდა - გერმანია უკრაინას ლეოპარდებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაწვდიდა, თუ ამერიკელები აბრამსების გადაცემაზე იქნებოდნენ თანახმა.

ორი დღის შემდეგ, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ბერლინში ჩავიდა. გერმანიაში მეორე დღეს რამშტაინის კონფერენცია იწყებოდა, იქამდე კი ოსტინს აინტერესებდა, რას აპირებდნენ გერმანელები ლეოპარდების თაობაზე.

პასუხი იგივე იყო - ლეოპარდები უკრაინას მხოლოდ და მხოლოდ აბრამსებთან ერთად გადაეცემოდა.

შოლცი ლეოპარდებს უშვებს

ანალენა ბერბოკს, რომელიც იმ დღეებში პარიზში ჩავიდა, არცერთი ამ შეხვედრის შესახებ სცოდნია.

ამიტომაც, მან ფრანგულ ტელევიზია LCI-ს უთხრა, რომ თუ ლეოპარდების გადაცემას სთხოვდნენ, გერმანია "წინ არავის აღუდგებოდა."

საბოლოოდ, ამერიკელები შოლცს დათანხმდნენ და გამოაცხადეს, რომ უკრაინას ტანკებს თავადაც მიაწვდიდნენ.

შესაბამისად, გერმანელებმაც განაცხადეს თანხმობა ლეოპარდების გადაცემაზე.

ამის შესახებ ოლაფ შოლცმა უმალვე აცნობა კოალიციურ პარტნიორებს - ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკსა (მწვანეები) და ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერს (თავისუფალი დემოკრატები).

საგარეო საქმეთა მინისტრთან კანცლერს ამ საკითხზე პირადად აღარ უსაუბრია - შოლცმა ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე, ყველა მინისტრის გასაგონად გამოაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს, გერმანია უკრაინას ლეოპარდებს გადასცემდა.

მსგავსი სიახლეები