ანგელა მერკელი პოლიტიკიდან მიდის. ფორმალურად ახალი სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებამდე მერკელი კანცლერის პოსტზე რჩება. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს ამ თანამდებობაზე.
კანცლერის რანგში გატარებული თითქმის 16 წლის განმავლობაში მერკელის ხელმძღვანელობით გერმანიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ლისაბონის ხელშეკრულებას, მიიღეს ევროკავშირის კონსტიტუცია. ამ დროის განმავლობაში მერკელმა ევროკავშირი და გერმანია გამოატარა 2008 წლის წლის ფინანსური, ევროზონის და მიგრანტების კრიზისს. მერკელს მიჰყავდა პროცესი ბრექსიტისა და ტრამპის პრეზიდენტობის წლებში.
წლიდან წლამდე წამყვანი გამოცემები ანგელა მერკელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად ასახელებდნენ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში კი ამ სტატუსს თავისუფალი სამყაროს უკანასკნელი ლიდერის რეგალიაც დაემატა.
მაშინ როდესაც 2005 წელს ანგელა მერკელი პირველად გახდა გერმანიის კანცლერი, ჯერ კიდევ არ არსებობდა iPhone, ლიბერალური დემოკრატიის მოდელი კი ჰეგემონიური იყო. მერკელის კანცლერობის პერიოდში საფრანგეთსა და აშშ-ში შეიცვალა 4 პრეზიდენტი, 5 პრემიერი გამოიცვალა დიდმა ბრიტანეთმა და 8 იტალიამ.
ანგელა მერკელის მემკვიდრეობის შესახებ აზრები განსხვავებულია და ამის შესახებ დავა დიდხანს გაგრძელდება - ბევრის აზრით, მერკელი გერმანიას უფრო ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოდ ტოვებს. ბევრის აზრით, მერკელს არასდროს ჰქონია დიდი სტრატეგიული ხედვა და ყოველთვის ტაქტიკურად მოქმედებდა, რის შედეგადაც დღეს ქვეყანაში დიდი და მტკივნეული რეფორმების საჭიროებაა.
ამ სხვაობების მიუხედავად, ეჭვგარეშეა ერთი რამ - კანცლერობის 16 წლის შემდეგაც კი მერკელი ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, მეტიც - მერკელის პოპულარობა გერმანიაზე მაღალია ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში. ეჭვგარეშეა, რომ მერკელის წასვლა პოლიტიკიდან სეისმური მნიშვნელობისაა არამხოლოდ გერმანიისთვის ან ევროკავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.
როგორ მოახერხა აღმოსავლეთ გერმანიაში [GDR] გაზრდილმა პროტესტანტი პასტორის შვილმა გამხდარიყო გერმანიის პირველი ქალი კანცლერი და დამდგარიყო გერმანიის ისეთი დიდი კანცლერების რიგში, როგორებიც იყვნენ კონრად ადენაუერი და ჰელმუტ კოლი. ადენაუერისა და კოლისგან განსხვავებით მერკელი კანცლერის პოსტს თავისი ნებით ტოვებს.
ანგელა მერკელი - სამმაგი ანომალია
გერმანიის მომავალი კანცლერი 1954 წელს ქალაქ ჰამბურგში, ლუთერანი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი დაბადებიდან რამდენიმე კვირაში მამის, ჰორსტ კასნერის გადაწყვეტილებით ოჯახი საცხოვრებლად აღმოსავლეთში გადავიდა, სადაც მას კომუნისტურ გერმანიაში ჩარჩენილი სამრევლო უნდა ჩაებარებინა. ჰორსტ კასნერის ეს გადაწყვეტილება რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო იმ ფონზე, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიიდან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დასავლეთ გერმანიაში გარბოდა. მხოლოდ 1954 წელს დასავლეთ გერმანიაში 200 ათასამდე აღმოსავლეთ გერმანელი გადავიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთ გერმანია - მარტინ ლუთერის სამშობლო - მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისთვის თითქმის სრულად დექრისტიანიზებული იყო. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ჰორსტ კასნერს ეჭვის თვალით უყურებდნენ პროტესტანტული ეკლესიის სხვა ფუნქციონერები და მას "წითელი მინისტრის" მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ. საეჭვო გარემოებების მიუხედავად არცერთი წყაროთი არ დასტურდება, რომ ჰორსტ კასნერს რაიმენაირი შეხება ჰქონდა აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან.
გერმანელ ლიდერებს შორის ანგელა მერკელი სამმაგი ანომალიაა - ქალი, მეცნიერი და როგორც გერმანელები ამბობენ Ossi [აღმოსავლეთ გერმანელი].
მართალია, ამ გარემოებებმა ანგელა მერკელი გერმანული პოლიტიკის აუტსაიდერად აქცია, მისი ბევრი ბიოგრაფის აზრით სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა მისი გასაოცარი აღმასვლა და დომინირება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მერკელის არაერთი ოპონენტი მისი წარმატების ახსნას სხვადასხვა ფაქტორებით ცდილობდა, მათ ხშირად უბრალოდ არ უნდოდათ იმის აღიარება, რომ მერკელი ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსია. კარიერის განმავლობაში მერკელმა ძალიან ძვირი ფასი გადაახდევინა მასზე უფრო გამოცდილ და ძლევამოსილ პოლიტიკოსებს [უმეტესად კაცებს] მისი სათანადოდ ვერ შეფასებისთვის.
კასნერების ოჯახი ჩრდილოეთ ბერლინის მახლობლად ბრანდერბურგის ტყეში არსებულ ვალდჰოფის სემინარიაში ცხოვრობდა, რომელიც პროტესტანტულ ეკლესიას ეკუთვნოდა. სემინარიაში ასობით შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ცხოვრობდა, აქვე იყო მოხუცებულთა თავშესაფარიც. მერკელის თქმით, ამგვარ გარემოში აღზრდისას მან ბავშვობიდან ისწავლა თუ როგორ უნდა მოექცეოდა განსხვავებულ ადამიანებს.
ბავშვობის წლებზე საუბრისას ანგელა მერკელი იხსენებს, რომ ის არასდროს არ აღიქვამდა აღმოსავლეთ გერმანიას თავის სამშობლოდ, თუმცა მკვეთრი წინააღმდეგობისგანაც თავს იკავებდა.
2005 წელს, პირველი კანცლერობის კამპანიისას მერკელმა თქვა - "მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ თუ სისტემა გაუსაძლისად სასტიკი გახდებოდა გაქცევას შევეცდებოდი, მაგრამ თუ ვითარება ატანადი იქნებოდა - არ გადავიდოდი ოპოზიციაში. მე მეშინოდა იმ ზიანის, რაც სისტემას შეეძლო, ჩემთვის მოეყენებინა".
პროტესტანტი მღვდლის შვილობას კომუნისტურ გერმანიაში ჰქონდა თავისი უპირატესობებიც და უარყოფითი მხარეებიც. ერთი მხრივ ოჯახს ჰყავდა ორი ავტომობილი, კასნერების ოჯახი რეგულარულად იღებდა ტანსაცმელს, საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს თავისი ნათესავებისგან დასავლეთ გერმანიიდან. ოჯახი იღებდა ე.წ. ჩეკებსაც, რომელიც კონვერტირებადი იყო ადგილობრივ ვალუტაზე და შესაძლებელი იყო იმ სახელმწიფო მაღაზიებში გამოყენება, რომელიც მხოლოდ უცხოელებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
"ისინი წარმოადგენდნენ ელიტას",- იხსენებს ანგელა მერკელის რუსულის მასწავლებელი ერიკა ბენი.
ამასთანავე, მამის საეკლესიო საქმიანობის გამო ოჯახი მუდმივი მეთვალყურეობის და სტრესის პირობებში ცხოვრობდა. ყველაზე მეტად ანგელა მერკელის დედამ იზარალა, რომელმაც აღმოსავლეთ გერმანიაში სამსახურის პოვნა ვერ მოახერხა.
ანგელა მერკელი პატარაობიდანვე მორცხვი ბავშვი იყო, ამას ხელს უწყობდა ფიზიკური მახასიათებლებიც. ის ამბობს, რომ ბავშვობაში არ შეეძლო ნორმალურად გადაადგილება და ხუთი წლის ასაკშიც კი ხშირად ეცემოდა. თავის თავს მერკელი "მოძრაობის იდიოტს" უწოდებს, მოგვიანებით ეს ფიზიკური მახასიათებლები ანგელა მერკელის საფირმო ჟესტებში გადაიზარდა, რაც დღეს ყველასთვის ცნობილია.
მერკელის რუსული ენის მასწავლებელი იხსენებს იმასაც, რომ ანგელა არასდროს ყოფილა დაინტერესებული ტანსაცმლით და სხვა რამეებით, რაშიც მისი თანატოლები იყვნენ ჩართულები. სანაცვლოდ მერკელი ძალიან მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლე იყო. მერვე კლასში მან რუსული ენის შესწავლა დაიწყო და მალევე ყველა ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ანგელა მერკელმა ლაიფციგის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა და მოგვიანებით კვანტური ქიმიის დოქტორის ხარისხიც დაიცვა. მერკელის ბევრი ბიოგრაფის აზრით სამეცნიერო კარიერის გაკეთების შანსი იმით იყო განპირობებული, რომ ის არასდროს ყოფილა რეჟიმის მკვეთრ ოპოზიციაში. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მომავალი კანცლერი ერთ დროს აღმოსავლეთ გერმანიის კომკავშირში გაწევრიანდა. მოგვიანებით კანცლერმა გაიხსენა, რომ კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანება უმეტესად ოპორტუნიზმით იყო განპირობებული.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, მერკელი თავის კრიტიკულ პოზიციას რეჟიმის მიმართ ახლო წრეში მაინც ამჟღავნებდა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ შტაზის არქივებში აღმოაჩინეს ანგელა მერკელის მეგობრის და ამავდროულად შტაზის ინფორმატორის დაკითხვის ოქმი, რომელიც სხვა რამეებთან ერთად მერკელზეც საუბრობს. "ის [მერკელი] ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ძალიან კრიტიკულია. აღფრთოვანებულია და დაინტერესებულია პოლონეთში მიმდინარე სოლიდარობის საპროტესტო მოძრაობით. საბჭოთა კავშირის როლს აფასებს როგორც თავს მოხვეულ დიქტატურას. უზომოდ დაინტერესებულია რუსული ენით და კულტურით".
სავარაუდოა, რომ მუდმივი თვალთვალის და შიშის რეჟიმმა მერკელს აზროვნების და ქცევის სპეციფიკური ხასიათი ჩამოუყალიბა. ის უფრო მეტად და ღრმად ფიქრობს, სანამ რამეს იტყვის ან მოქმედებაზე გადავა.
1977 წელს 23 წლის ანგელა კასნერმა ფიზიკოს ულრიხ მერკელზე იქორწინა. ქორწინება სულ 4 წელი გაგრძელდა, თუმცა პირველ ქორწინებაში მიღიბულ ქმრის გვარზე მერკელს უარი არასდროს უთქვამს. აღმოსავლეთ გერმანიის არსებობის ბოლო დეკადა მერკელმა კვანტური ქიმიკოსის რანგში გაატარა. მერკელი სამხრეთ ბერლინში შტაზის შენობასთან ახლოს მდებარე კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ მერკელი კვანტური ქიმიის სექციაში ერთადერთი ქალი იყო.
ადამიანები, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ანგელა მერკელის ცხოვრებას და კარიერას ამბობენ, რომ მეცნიერულმა წარსულმა და ამ დროს გამომუშავებულმა ჩვევებმა მერკელს დიდი უპირატესობა მისცა. New yorker-თან საუბარში მერკელის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს - "ის ნებისმიერი ვითარების საუკეთესო ანალიტიკოსია. განათლებით მიღებულ უნარს სამყაროს ნაწილაკების და უხილავი ტალღების სახით ხედავდეს, მერკელს პრობლემის მეთოდური გადაწყვეტა ასწავლა, რაც სხვადასხვა სცენარის დაშვებას, რისკების სკურპულოზულ აწონას და შესაძლო რეაქციების გამოცნობას გულისხმობს".
მერკელის ამგვარი აზროვნების ტიპზე მეტყველებს მის მიერ მოყოლილი ბავშვობის ამბავიც, როდესაც აუზთან მდგომი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ცდილობდა გაეანალიზებინა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ წყალში ჩახტებოდა და პირიქით ვითარებაში.
მეცნიერებისთვის დამახასიათებელი აბსტრაჰირების უნარი და სიფრთხილე უპირობოდ სასარგებლო თვისებებია, როდესაც დიქტატურაში ცხოვრობ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს თვისებები სასარგებლოა დემოკრატიულ პოლიტიკაშიც. ბევრი კომენტატორის აზრით მერკელის მთავარი სიძლიერე მის მოთმინებაში და თავშეკავებულობაშია. "ის არ არის ემოციური ადამიანი, მისი აზრით ემოციები მიზნის მიღწევისთვის საზიანოა, ის პოლიტიკას ისე უყურებს როგორც მეცნიერებას",- ამბობს Die Zeit-ის მთავარი რედაქტორი ბერნდ ულრიხი.
1985 წელს ანგელა მერკელს ნება დართეს დასავლეთ გერმანიაში თავისი ნათესავის ქორწილზე წასულიყო. დასავლეთში ხანმოკლე მოგზაურობამ მერკელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სოციალისტური სისტემა კრახისთვის იყო განწირული.
ახალი შესაძლებლობები
ანგელა მერკელის ახალი ცხოვრება 1989 წლის 9 ნოემბერს დაიწყო. იმის ნაცვლად, რომ ათი ათასობით აღმოსავლეთ გერმანელებს შეერთებოდა, რომლებმაც იმ ღამით ბერლინის კედელი დაანგრიეს, მერკელმა თავისი რუტინა არ დაარღვია და ხუთშაბათს მეგობართან ერთად საუნას ესტუმრა. მოგვიანებით ანგელა მერკელმა მეგობრებთან ერთად გადაკვეთა საზღვარი, თუმცა სხვებისგან განსხვავებით იმავე დღეს სახლში დაბრუნდა და სამსახურში წასასვლელად მზადება დაიწყო.
მერკელის ქცევას ამ ისტორიულ ღამეს ხშირად უკიდურესად ბანალურს უწოდებენ და ამბობენ, რომ მას არ ჰქონდა იმ ისტორიული მომენტის განცდა, რომლის ეპიცენტრშიც აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მომდევნო თვეებში ნათელი გახდა, რომ ახალი შესაძლებლობები მერკელზე უკეთ ვერცერთმა აღმოსავლეთ გერმანელმა ვერ გამოიყენა. "მას შემდეგ რაც გავიგე, რომ კედელი დაინგრა მივხვდი, რომ მაღალი ალბათობით ამ კედელს თავიდან ვეღარ აღმართავდნენ",- ასე იხსენებს ანგელა მერკელი 9 ნოემბრის ღამეს.
ბერლინის კედლის დანგრევიდან დაახლოებით ერთ თვეში მერკელი თავისი სახლის მახლობლად მდებარე პოლიტიკური პარტიის ოფისს ესტუმრა. "დემოკრატიული გამოღვიძება", რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში კონსერვატიული ღირებულებების გავრცელებას ისახავდა მიზნად, ამ დროს დასავლეთ გერმანიიდან მიღებული კომპიუტერების ქსელის გამართვას ცდილობდა.
მერკელი პოლიტიკურ ჯგუფს კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გამართვაში ეხმარებოდა და ოფისში ყოველდღიურად დადიოდა. ეს ე.წ. ფლუიდური დრო იყო, რაც გარემოებების და შესაძლებლობის დამთხვევას საჭიროებდა. 1990 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ დემოკრატიული გამოღვიძების ლიდერი ვოლფგანგ შნური წარსულში შტაზის ინფორმატორი იყო, რასაც დიდი სკანდალი და შნურის გადაყენება მოჰყვა. საკითხზე მიძღვნილი პრესკონფერენციის ოთახში ათობით ჟურნალისტი იყო შეკრებილი, ისინი კითხვებზე პასუხების მიღებას მოუთმენლად ელოდნენ, მათ დასამშვიდებლად გასვლა კი არავის სურდა.
ანგელა მერკელი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მერკელს ჟურნალისტების დამშვიდება სთხოვეს და ისიც ჟურნალისტებით გადატენილ ოთახში მშვიდად შევიდა. ყველასთვის გასაკვირად მალევე შენობაში სიმშვიდემ დაისადგურა. მომხდარით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა შნურის შემცვლელმა ანგელა მერკელი აღმოსავლეთ გერმანიის პირველი და უკანასკნელი დემოკრატიულად არჩეული პრემიერის ვალტერ დე მაზიერის პრესსპიკერად დანიშნა.
ახალ სამსახურში მერკელს ხშირად ახასიათებდნენ ზედსართავით, fleissig რაც თარგმანში ზარმაცის ანტონიმია. მაზიერს უკვე ჰყავდა პრესსპიკერი, ამიტომაც მერკელი მის მოადგილედ დაინიშნა. მერკელის იმდროინდელი თანამშრომლების თქმით, მთელ სამუშაოს სწორედ ის ასრულებდა. მერკელის ძალისხმევა და შრომისუნარიანობა არ გამოპარვია მაზიერს და მალევე ანგელა მერკელი მის მთავარი თანაშემწე გახდა, რომელიც პრემიერის საზღვარგარეთულ ვიზიტებში დაჰყვებოდა.
მერკელის გადაწყვეტილება წასულიყო პოლიტიკაში ამ დრომდე მისი ცხოვრების ყველაზე ამოუხსნელ და მისტიკურ გადაწყვეტილებად რჩება. ამ თემაზე მერკელი იშვიათად საუბრობს და მას არასდროს აუხსნია თავისი გადაწყვეტილება. პოლიტიკაში წასვლა არ ყოფილა დიდი ხნის ნაფიქრი და აწონილი გადაწყვეტილება, მერკელმა ვერ განჭვრიტა აღმოსავლეთ გერმანიის დანგრევა, თუმცა როცა მომენტი დადგა ყველაზე მეტად ისარგებლა იმ შესაძლებლობებით, რაც ამ პროცესს მოჰყვა.
mein Mädchen
გერმანიის გაერთიანება სინამდვილეში დასავლეთის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის ანექსირებას ნიშნავდა. ეს კი თავის მხრივ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე აღმოსავლეთ გერმანელი პოლიტიკოსების დანიშვნას გულისხმობდა. მერკელის კარიერიდან და წარსულიდან გამომდინარე მისთვის პოლიტიკაში ბევრი კარი გაიღო. 1990 წელს ანგელა მერკელი ბუნდესტაგის წევრი გახდა. მაზიერმა ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსი კანცლერ კოლს წარუდგინა და ახალ მთავრობაში რეკომენდაცია გაუწია. კოლმა მერკელი ახალგაზრდობისა და ქალთა საქმეების მინისტრად დანიშნა. მერკელი იხსენებს, რომ იმ დროისთვის ამ საკითხებით დიდად დაინტერესებული არ იყო, თუმცა დანიშვნას მაინც დათანხმდა.
ამ დროს მერკელს არ ჰქონდა მკვეთრი იდეოლოგიური პოზიციები და მისწრაფებები. მერკელის არაერთი ბიოგრაფის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში მერკელს საერთოდ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური აჯენდა, თუმცა მას ჰქონდა ძალაუფლების იდეალური ინსტინქტი, რაც ალბათ ამ პოლიტიკოსის ყველაზე ძლიერი და მთავარი მახასიათებელია.
ცხადია, გერმანიის მთავრობის სხდომებსა და პოლიტიკურ პროცესში სრულად ჰელმუტ კოლი დომინირებდა, სწორედ მის სახელთან იყო დაკავშირებული კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ მერკელი როგორც წესი შესანიშნავად იყო მომზადებული და კარგად იყო გათვითცნობიერებული ყველა საჭირო საკითხში, ის იშვიათად საუბრობდა. გერმანელების უდიდეს ნაწილს ამ წლებში წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო ანგელა მერკელი.
მერკელის ჩრდილში ყოფნა განპირობებული იყო იმითაც, რომ ის მისთვის არამხოლოდ უცხო გარემოში, არამედ საერთოდაც უცნობ პროცესში იყო.
CDU გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი იყო აღმოსავლეთ გერმანელი ლიბერალების მიმართ, ვიდრე მათი მთავარი მოწინააღმდეგე სოციალ-დემოკრატიული პარტია [SPD]. საბოლოოდ აღმოსავლეთ გერმანული "დემოკრატიული გამოღვიძება" ქრისტიან-დემოკრატიული პარტიას შეუერთდა და მერკელიც ამ პარტიის წევრი გახდა. ამის მიუხედავად ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში, რომლის მთავარი დასაყრდენიც კათოლიკური სამხრეთი იყო, სრული პატრიარქატი სუფევდა. ზოგი ბიოგრაფის აზრით, მერკელი დღემდე უცხოა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისთვის და ამ დრომდე არ გაერთიანებულა პარტიასთან მენტალურად. "პარტია მას მხოლოდ თავისი ძალაუფლების აღსასრულებლად სჭირდება",- ამბობენ ისინი.
იმ ურთულესი სამუშაოს შესასრულებლად რაც მერკელს ჰქონდა, მომავალ კანცლერს კიდევ ერთხელ დაეხმარა მისი წარსული - აღმოსავლეთ გერმანიაში გატარებულმა წლებმა მერკელს თვით-დისციპლინა, მოთმინება, მტკიცე ნებისყოფა და გაჩუმების უნარი მისცა, რაც პოლიტიკური წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა. აღმოსავლეთ გერმანიამ ანგელა მერკელი ისე მტკიცედ გამოწრთო, რომ ამას ვერცერთი დასავლეთ გერმანელიც ვერ წარმოიდგენდა. მისთვის ყველაფერი გადარჩენის საკითხი იყო, სადაც შეცდომა უბრალოდ დასასრულს ნიშნავდა.
მალევე კოლის მეორე კაბინეტში მერკელმა გარემოს დაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ამ პერიოდში მერკელი პარტიის შესამჩნევი და გავლენიანი წევრი გახდა. ამას ხელს უწყობდა მისი პერსონალურად ახლო ურთიერთობა კანცლერ კოლთან, რომელიც წლების განმავლობაში მისი მენტორი იყო. ამას ადასტურებს ანგელა მერკელისთვის ჰელმუტ კოლის მიერ შერქმეული მეტსახელიც mein Mädchen [ჩემი გოგო].
ამავე პერიოდში თავისი ოფისის ხელმძღვანელად მერკელმა ბიტ ბაუმანი დანიშნა. ბაუმანი, რომელიც ამ დრომდე მერკელის ყველაზე გავლენიანი მრჩეველია, იდეალური მეორე ნომერი იყო - მას არ უნდოდა პოლიტიკოსობა, ხოლო მერკელი არ იცნობდა დასავლეთს. ამგვარად ბაუმანი მერკელისთვის იდეალური ინტერპრეტერი იყო, რომელიც ეტაპობრივად აცნობდა მას ყველაფერს, რაც ტიპურად დასავლურ გერმანულ ფენომენს წარმოადგენდა. ორი ქალის ალიანსი უაღრესად ეფექტური აღმოჩნდა, რომელიც თავის დღის წესრიგს ატარებდა და ეტაპობრივად მიიწევდა დასახული მიზნისკენ.
1996 წელს ბირთვული ნარჩენების კანონის განხილვისას გერმანიის მომავალმა კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა მერკელის გამოსვლას საცოდავი უწოდა. ამავე წელს შროდერის ქცევით განაწყენებულმა მერკელმა ჰერლინდა კოელბლთან ინტერვიუში თქვა "მე მას კუთხეში მოვამწყვდევ, ამისთვის დრო დამჭირდება, მაგრამ აუცილებლად ვიზამ". დანაპირები მერკელმა შროდერს 9 წლის შემდეგ აღუსრულა, თუმცა მანამდე საჭირო იყო გამარჯვება პარტიაში.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამაში მერკელს თავად შროდერიც დაეხმარა - 1998 წელს აზიურ ბაზრებზე დაწყებული ფინანსური კრიზისის ფონზე გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. რის შედეგადაც 1998 წლის შემოდგომის არჩევნები ჰელმუტ კოლი სოციალისტ გერჰარდ შროდერთან დამარცხდა. ამას მალევე მოჰყვა 1999 წლის ნოემბერი - ამ დროს CDU-ში პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სკანდალი გასკდა. ფინანსურმა სკანდალმა მნიშვნელოვნად დააზარალა და საბოლოოდ გადაიყოლა კიდეც ჰელმუტ კოლის პოლიტიკური კარიერა, თუმცა ამაში მას ანგელა მერკელის "დახმარება" დასჭირდა.
ფინანსური სკანდალის მიუხედავად, ჰელმუტ კოლი არსად წასვლას არ აპირებდა და ერთი შეხედვით პარტიაც მას უჭერდა მხარს. ამ დროს უკვე პარტიის გენერალურ მდივანმა მერკელმა, შესაძლებლობა დაინახა და მოქმედებაზე გადავიდა. მერკელმა თავისი ინიციატივით დაურეკა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის Frankfurter allgemeine Zeitung-ის რედაქტორს კარლ ფელდმაიერს და განუცხადა, რომ მიმდინარე სკანდალთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სურდა.
ფელდმაიერმა მერკელს საავტორო სვეტის დაწერა შესთავაზა, აქედან დაახლოებით 5 წუთში ჟურნალისტი გაოცებით კითხულობდა მერკელის მიერ ფაქსით გამოგზავნილ ტექსტს. თავის სვეტში მერკელი თანაპარტიელებს მოუწოდებდა გამიჯვნოდნენ ჰელმუტ კოლს - "პარტიამ უნდა ისწავლოს ცხოვრება ჰელმუტ კოლის გარეშე და სწორედ ჩვენ, ვინც ახლა ვატარებთ პასუხისმგებლობას პარტიაზე გადაწყვეტთ როგორ შევიდეთ ახალ ერაში",- წერდა მერკელი.
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ეს ანგელა მერკელის ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება იყო - ის კლავდა თავის პოლიტიკურ მშობელს და მთელი ფსონად მთელ თავის პოლიტიკურ კარიერას ჩამოდიოდა. რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერკელის ფსონმა გაამართლა - სკანდალმა გადაიყოლა არამხოლოდ ჰელმუტ კოლის არამედ რამდენიმე სხვა ლიდერის კარიერაც, მათ შორის ვოლფგანგ შოიბლის, რომელიც კოლის მემკვიდრედ მიიჩნეოდა.
"მერკელმა ჰელმუტ კოლს ზურგში დანა ჩასცა და ორჯერ დაატრიალა",- ამბობს კარლ ფელდმეიერი. სწორედ ამ მომენტში შეიძინა სახალხო ცნობადობა მომავალმა კანცლერმა. მოგვიანებით მეგობრებთან საუბრებში კოლი ამბობდა, რომ მერკელის მთავარი მამოძრავებელი ძალაუფლების სურვილი იყო. "მე გამოვზარდე ჩემი მკვლელი, გველი მკლავზე დავისვი",- ამბობდა ის.
2002 წლის გენერალურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მერკელმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი წინდახედულობა და თვით-დისციპლინა. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დიდი გაურკვევლობა ნარჩუნდებოდა და ბუნდოვანი იყო, რამდენად შეძლებდნენ ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებაში დაბრუნებას. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ანგელა მერკელმა შეხვედრა თხოვა კანცლერობის კანდიდატობაზე პარტიიდან მის მთავარ კონკურენტს ედმუნდ შტოიბერს. საქმიან სადილზე მერკელმა შტოიბერს აცნობა, რომ კანდიდატურას მის სასარგებლოდ ხსნიდა.
მერკელმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ დისციპლინა თავისი ამბიციების კონტროლის საშუალებას აძლევდა. სავარაუდო მარცხი არჩევნებზე მერკელის პერსპექტივას დაასამარებდა, ხოლო ამ შესაძლო მარცხის არიდებით კი პირიქით პოზიციები გაიძლიერა. მალევე შტოიბერი შროდერთან დამარცხდა, ხოლო მერკელმა თავისი შიდა კონკურენტების მეთოდური განეიტრალება დაიწყო - მერკელის ამ კამპანიას არაერთი ქრისტიან-დემოკრატი მძიმეწონოსანი პოლიტიკოსის ამბიციები შეეწირა. "არსებობს ალფა-მამრების მოცულობითი სია, რომლებიც სხვადასხვა დროს ფიქრობდნენ, რომ მას [მერკელს] მარტივად მოიშორებდნენ, დღეს ეს კაცები პოლიტიკის გარდა თითქმის ყველა ტიპის საქმიანობით არიან დაკავებულნი",- ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი გერმანიაში ჯონ კორნბლუმი.
გერმანია ახალ ერაში შედიოდა, რომელშიც ხალხს მობეზრებული ჰქონდა მამის ფიგურის მსგავსი დიდი კანცლერები. არაერთი პოლიტიკური კომენტატორის აზრით მაჩოისტური კულტურის დაღმასვლამ მერკელის აღმასვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ამ წლებში გერმანიის სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების კოალიცია მართავდა, თუმცა გაჭიანურებული ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე მმართველი კოალიციის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემოდა. საბოლოოდ 2004 წელს ადგილობრივ არჩევნებში სამთავრობო კოალიციის მარცხის შემდეგ, შროდერმა რიგგარეშე გენერალური არჩევნები ჩანიშნა, რომელზეც მისი მთავარი კონკურენტი ქრისტიან-დემოკრატები და პირადად ანგელა მერკელი იყვნენ.
თითქმის მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მერკელის პარტია დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალ-დემოკრატებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. არჩევნების ღამეს ანგელა მერკელი, გერჰარდ შროდერი, იოშკა ფიშერი და სხვა პოლიტიკური ლიდერები ტრადიციისამებრ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელში არჩევნების შედეგების განსახილველად შეიკრიბნენ. ამ განხილვისას შროდერი გამაღიზიანებლად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, იმდენად, რომ ბევრ მაყურებელს ის ნასვამი ეგონა.
როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გამონაკლისის გარეშე აუღელვებელი და მშვიდი იყო ანგელა მერკელი, რომელიც იშვიათად ლაპარაკობდა. დისკუსიის მიწურულს შროდერმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ გაიმარჯვა და ის კვლავ გააგრძელებდა გერმანიის კანცლერობას. სახეზე თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით ანგელა მერკელმა შროდერს მშვიდად უპასუხა "თქვენ დღეს ვერ დამარცხდით, ცოტა ფიქრის შემდეგ სოციალ-დემოკრატებიც მიიღებენ ამ მოცემულობას და მე გპირდებით, რომ ჩვენ არ ამოვაყირავებთ დემოკრატიულ წესებს თავდაყირა".
ხმების გადათვლის ხანგრძლივმა პროცესმა ანგელა მერკელის პარტიის გამარჯვება დაადასტურა და კუთხეში მომწყვდეულმა შროდერმა დამარცხება აღიარა. ორი თვის შემდეგ ანგელა მერკელმა პირველად დადო კანცლერის ფიცი, ის გერმანიის პირველი ქალი კანცლერი გახდა.
ნავიგაცია კრიზისში
მერკელს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის პრაქტიკულად ყოველთვის თავს არიდებდა მტკივნეულ რეფორმებს და არ იღებდა არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს. მართლაც მერკელის კანცლერობის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ის საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წავიდა. მერკელის კრიტიკოსები და პოლიტიკური კომენტატორები ხშირად ახასიათებდნენ მას როგორც ჭკვიან ტაქტიკოსს, რომელსაც არასდროს ჰქონია დიდი ხედვა.
აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა მერკელის ერთ-ერთ მრჩეველს კანცლერის გრძელვადიან ხედვებზე ჰკითხა - "კანცლერის გრძელვადიანი ხედვა დაახლოებით ორ კვირიან პერიოდს მოიცავს",- უპასუხა მრჩეველმა ელჩს. ხშირად მერკელს ახასიათებდნენ როგორც ოპორტუნისტს, თუმცა ეს ძალიან არასწორი შეფასებაა. კანცლერობის 16 წლის განმავლობაში განმავლობაში მერკელმა არაერთხელ გამოავლინა, რომ აქვს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი შეხედულებები და ფასეულებები, რაც პირველ რიგში თავისუფლების სიყვარულში გამოიხატება.
ამერიკელი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც შეიძლება ითქვას გრძელვადიანი ხედვა თანდაყოლილ ფენომენს წარმოადგენს, მერკელს მსგავსი რიტორიკა არასდროს ჰქონია და ამას მერკელისგან დამოუკიდებელი მიზეზებიც აქვს. გერმანია ამ დრომდე ტრავმირებულია დიდი იდეოლოგიებით და დიდი ხედვებით, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ფურცლები ჩაწერა. გერმანიას დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უნიკალური იყო, ამგვარად უნიკალურია მათი გადაფასების და გადააზრების გამოცდილებაც. მერკელიც ამ გერმანული ეროვნული გადააზრების გამოცდილების ნაწილია. ამგვარად, გერმანელებისთვის კომფორტულია დიდი ხედვებისა და იდეებისგან დაცლილი პოლიტიკა.
ქვეყანაში, რომელიც მაჩოისტურმა ვნებიანმა რიტორიკამ დაანგრია მერკელის ანალიტიკური აბსტრაჰირების უნარი და ეგოს ნაკლებობა პოლიტიკური უპირატესობაა. გერმანელებს ყველაზე მეტად სტაბილურობა სურთ და მისკენ მიისწრაფიან, ამ გაგებით მერკელის სახით მათ ზუსტად ისეთი კანცლერი ჰყავდათ, რომელსაც ისურვებდნენ. მერკელის უნარმა მოეხდინა სხვადასხვა აქტუალური საკითხის დეპოლიტიზება და უსასრულოდ ემუშავა კონსენსუსის მისაღწევად მისი პარტია ცენტრისკენ გადაიწია.
მერკელის ლიდერობის ქვეშ პარტია საგრძნობლად დასცილდა თავის კონსერვატორულ პლატფორმას და ბევრ სოციალურ საკითხში პროგრესული პოზიციები დაიკავა. ამან თავის მხრივ პარტიას საშუალება მისცა მომგებიანი პლატფორმა წაერთვა კონკურენტი პარტიებისთვის და ახალი ამომრჩეველი შეეძინა. არსებითად, მერკელმა პოლიტიკური პროცესი პოლიტიკისგან დაცალა. პარტიის იდეოლოგიური ღერძის ცვლილება იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ SPD-ში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მერკელის საქმიანობით იმდენად კმაყოფილები იყვნენ, რომ მომდევნო არჩევნებზე კანცლერობის თავის კანდიდატსაც არ წარადგენდნენ.
მას შემდეგ, რაც ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში და კერძოდ საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, მერკელისთვის ეს იყო კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დიდი იდეოლოგიები და ხედვები შესაძლოა სახიფათო იყოს. ჰელმუტ კოლმა, რომელიც პოლიტიკას და თავის კარიერას ისტორიულ ჭრილში უყურებდა გერმანია ევროზონაში პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე შეიყვანა, რაც გერმანიისთვის ევროზონის კრიზისის წლებში დიდ თავის ტკივილად იქცა.
ევროზონის კრიზისის წლებში მერკელის მოქმედებები იმ პოლიტიკოსის მოქმედებებს ჰგავდა, რომელიც თავის ისტორიულ როლზე მეტად თავისი ამომრჩევლების განწყობის მიხედვით მოქმედებდა. როდესაც ცნობილი გახდა საბერძნეთის საგარეო ვალის მასშტაბების შესახებ, რომელიც კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა, მერკელი მეთოდურად მოქმედებდა და არ ჩქარობდა გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფული საბერძნეთის ეკონომიკის გადასარჩენად გამოეყო. 2011 წელს მერკელმა დაბლოკა ფრანგულ-ამერიკული ინიციატივა, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად ევროპის კოორდინირებულ მოქმედებას გულისხმობდა.
გერმანია ევროპის ყველაზე დიდი და კონკურენტული ეკონომიკაა, რომლის დიდი წილიც ექსპორტზე მოდის, ეს კი სუსტი ევროს პირობებში გერმანიისთვის მომგებიან ვითარებას ქმნიდა. ჯერ კიდევ შროდერის კანცლერობის პერიოდში გერმანიაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გატარდა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა შრომის კოდექსი, რამაც ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახადა. მერკელი ზუსტად იმ დროს გახდა კანცლერი, როდესაც ამ რეფორმებმა პირველი შედეგები გამოიღო.
პოლიტიკური კომენტატორების აზრით, მერკელი ევროზონის კრიზისს მაკიაველიანურად მიუდგა - მერკელი მაქსიმალურად წელავდა დროს, სკურპულოზურად წონიდა ყველა რისკს და შესაძლებლობას და არაფერს ამბობდა საკითხზე საჯაროდ, რაც მას აძლევდა საშუალება შეეცვალა აზრი ისე, რომ ამის შესახებ არავის გაეგო. საბოლოოდ მერკელი დაჰყვა სხვა ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ის წნეხს და დასთანხმდა საბერძნეთის სუვერენული ბონდების გამოსყიდვას, რაც არსებითად იგივე, რაც ამერიკულმა ადმინისტრაციამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გააკეთა. "თუ დაეცემა ევრო, დაეცემა ევროპაც",- თქვა მერკელმა თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
საბოლოო კონსენსუსის მიუხედავად, საბერძნეთის ეკონომიკის გადარჩენის გეგმას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, განსაკუთრებით მემარცხენე ბანაკიდან. ამის მიზეზი ის იყო, რომ სუვერენული ბონდების გამოსყიდვის სანაცვლოდ საბერძნეთს მკაცრი ფისკალური პოლიტიკის რელსებზე მოუწია გადასვლა, რაც თავის მხრივ შემცირებულ სოციალურ ხარჯებს, პენსიებს და ხელფასებს ნიშნავდა.
მართალია ამ კრიზისის შედეგად საბერძნეთის ეკონომიკა გადარჩა, თუმცა ქვეყანა ევროკავშირს წევრ ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოდ იქცა, იმ ქვეყნებზე უფრო ღარიბად, რომლებიც ევროგაერთიანებას 30 წლის დაგვიანებით შეუერთდნენ. ევროზონის კრიზისის მიმართ ამგვარმა გადაწყვეტამ მერკელი და მისი ფინანსთა მინისტრი საბერძნეთის ყველაზე საძულველ პოლიტიკოსებად აქცია.
მართალია მერკელი არ იყო პოპულარული ევროკავშირის წევრ სამხრეთ სახელმწიფოებში, თუმცა მისი მოქმედებები დიდ მოწონებას იმსახურებდა ევროგაერთიანების ჩრდილოეთ ნაწილში. გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მერკელის პოპულარობა ევროკავშირის მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდებოდა და საბოლოოდ ბევრი მკვლევარი მერკელს ევროპის კანცლერსაც უწოდებდა.
ევროპის მიმართ მერკელის მიდგომა არ არის იდეალისტური, ეს მიდგომა უფრო მეტად ნაწარმოებია გერმანული ინტერესიდან, რაც ნაციონალიზმის მსუბუქ ფორმას წარმოადგენს. ეს მიდგომა ეფექტურია გერმანიის ისტორიული პრობლემის გადაწყვეტის ასპექტშიც - "გერმანია ძალიან პატარაა მსოფლიოსთვის, მაგრამ ძალიან დიდი ევროპისთვის". ამ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტილება გერმანიისთვის მხოლოდ ევროპის ერთიანობის შენარჩუნებაზე გადის - მარტივად, რომ ვთქვათ გერმანიას ჭირდება ევროპა, რადგანაც ეს გერმანიას წონას და მნიშვნელობას მატებს.
მერკელის პოზიციების კრიტიკის მიუხედავად სავარაუდოა, რომ სხვა კანცლერის პირობებში გერმანია მარტივად არ მიაქცევდა ყურადღებას საბერძნეთის გაკოტრების გეოპოლიტიკურ რისკებს. რთული წარმოსადგენია გერმანიის რომელიმე სხვა კანცლერი, რომელიც არ დაჰყვებოდა ელექტორალურ წნეხს და ევროზონიდან საბერძნეთის გაგდებას შეეწინააღმდეგებოდა.
მერკელმა მოახერხა შეექმნა საზოგადოებრივი კონსენსუსი გერმანიაში და საბოლოოდ მისი მოქმედებები გერმანიის მოსახლეობის უმეტესობამ მოიწონა. მართალია ევროზონის კრიზისმა დაასუსტა არამხოლოდ ევროკავშირი, არამედ უშუალოდ გერმანიის ეკონომიკაც, თუმცა მომდევნო წლებში მთელი კონტინენტი გაცილებით უფრო მძიმე კრიზისში წინაშე აღმოჩნდა.
"გერმანია - რუსეთის მთავარი ლობისტი"
აღმოსავლეთ ევროპაში მერკელის რუსეთთან ფრთხილ დამოკიდებულების მანერას ძირითადად პუტინის რუსეთთან პერიოდით იცნობენ. მაშინ, როდესაც 2005 წელს მერკელი გერმანიის კანცლერი გახდა პრესა ძირითადად მოვლენათა განვითარების 2 სცენარს განიხილავდა: მერკელი გაიზარდა აღმოსავლეთ გერმანიაში კარგად იცნობს ავტორიტარულ სისტემებს და არ ენდობა რუსეთს. აქედან გამომდინარე მერკელი შროდერისგან განსხვავებით ვერ იმეგობრებს პუტინთან, რომელიც კანცლერობის წლებში რუსეთს სრულფასოვან დემოკრატიას უწოდებდა, ხოლო პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გაზპრომის სტრუქტურებში დასაქმდა.
მეორე სცენარი ითვალისწინებდა იმას, რომ მერკელიც და პუტინიც ფლობდნენ ერთმანეთის მშობლიურ ენებს, რაც მათ კომუნიკაციას გაამარტივებდა და შესაძლებელს გახდიდა თანამშრომლობას. მეტნაკლები სიზუსტით ორივე სცენარი გამართლდა.
ერთ-ერთი აპოკრიფული ვერსიის თანახმად, მაშინ როდესაც 2002 წელს პუტინი ბუნდესტაგს გერმანულად მიმართავდა და ცივი ომის შემდეგ დაბადებულ ახალ მსოფლიოზე საუბრობდა ოპოზიციის ლიდერმა მერკელმა გვერდით მჯდომ კოლეგას გადაუჩურჩულა - "ტიპური კაგებეშნიკის სიტყვებია, ამის დაჯერება არ შეიძლება".
ვლადიმირ პუტინისა და ანგელა მერკელის ურთიერთობას უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი ეპიზოდი. - 2007 წელს, როდესაც სოჭში მერკელი და პუტინი გერმანიის გაზმომარაგების საკითხს განიხილავდნენ ოთახში მოულოდნელად პუტინის ლაბრადორი კონი შემოვიდა. ცნობილია, რომ 1995 წელს მერკელს ძაღლმა უკბინა, რის შემდეგაც მას ძაღლების პანიკური შიში განუვითარდა. ამ შიშის მიუხედავად ანგელა მერკელმა მოახერხა ვითარების გაკონტროლება და თავის ხელში აყვანა - პუტინის რემარკაზე, რომ მისი ლაბრადორი არ იკბინება, მერკელმა იხუმრა, რომ ის როგორც მინიმუმ ჟურნალისტებს არ ჭამს.
გერმანიის და რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი. მოვლენებმა კულმინაციას 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტზე მიაღწია, როდესაც ალიანსის წევრებს ყოფილი პოსტსაბჭოთა ორი რესპუბლიკისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უნდა განეხილათ. ამ დროისთვის პუტინის რუსეთის გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 2004 წელს, როდესაც ნატოში ბალტიისპირა სახელმწიფოები მიიღეს. 2008 წლისთვის პუტინი საკმარისად თავდაჯერებულად გრძნობდა თავს, რომ თავისი გეოპოლიტიკური თამაში წამოეწყო.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო მთავარი უთანხმოების წყარო აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტსა და ანგელა მერკელს შორის. ამერიკის ადმინისტრაციის წნეხის მიუხედავად ერაყის წარუმატებელი კამპანიით დასუსტებულმა აშშ-მა ვერ მოახერხა გაეტეხა გერმანიის სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ ბუქარესტის სამიტზე რუსეთთან ურთიერთობების არ გაფუჭების სურვილით გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაუჭირეს მხარი საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას.
გერმანიის და საფრანგეთის ასეთ პოზიციებს რამდენიმე თვეში საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია მოჰყვა, რაც თავის მხრივ რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. მოგვიანებით ანგელა მერკელმა საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიციები შეარბილა, თუმცა რევოლუციური ცვლილება მაინც არ გვინახავს.
წლიდან წლამდე პუტინის რუსეთის საგარეო პოლიტიკა მსოფლიოსთვის და მათ შორის გერმანიისთვის სულ უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა. ანგელა მერკელის და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობის ამსახველი კიდევ ერთი აპოკრიფი 2014 წლის დასაწყის უკავშირდება. ამ ვერსიის თანახმად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მერკელმა ბარაკ ობამას უთხრა - "არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონმა პუტინმა რეალობასთან რამენაირი კავშირი შეინარჩუნა".
ეს ინფორმაცია მაშინ New York Times-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა და დღემდე ნამდვილ ფაქტად მიიჩნევა, თუმცა ბევრი გერმანელი პოლიტიკოსი დღემდე ამბობს, რომ ამგვარი საუბარი მერკელს და ობამას შორის არ შემდგარა. დამოუკიდებლად იმისგან შედგა თუ არა ეს საუბარი ფაქტია ერთი რამ - ანგელა მერკელი აგრძელებდა ვლადიმირ პუტინთან საუბარს, მაშინ როდესაც ამის რესურსი მსოფლიოში არავის ჰქონდა.
სწორედ ანგელა მერკელი იყო ყირიმის ანექსირების საპასუხოდ დაწესებული სანქციების და ევროპის კოორდინირებული პასუხის მთავარი არქიტექტორი. საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, ანგელა მერკელი იყო მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან მინსკის თუ ნორმანდიულ ფორმატში.
დღემდე უცნობია რას ფიქრობს ანგელა მერკელი ვლადიმირ პუტინზე, ამაზე საჯაროდ გერმანიის კანცლერს არასდროს უსაუბრია. რუსეთის მიმართ მერკელის პოლიტიკის კრიტიკოსებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ახსოვდეთ - პირველ რიგში ის რომ რუსეთთან მიმართებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მერკელმა არაერთ აქტორთან უნდა შეათანხმოს, მათ შორის თავისი პარტიის წამყვან პოლიტიკოსებთან, კოალიციურ პარტნიორებთან, ფედერალური მიწებს პრემიერებთან, ბიზნესთან და ბრიუსელთან.
მეორე კუთხით, რომ არა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ევოლუცია, სავარაუდოა, რომ მერკელი თავისი კომპრომისისკენ მიდრეკილი ხასიათით პუტინთან ჩვეულებრივად ითანამშრომლებდა [bussines as usual].
მერკელის თითქმის 16-წლიანი კანცლერობის პერიოდში მოხდა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ალექსანდრ ლიტვინენკოს, სერგეი და იულია სრკიპალის მოწამვლა, ყირიმის ანექსია, შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ბუნდესტაგის ელექტრონული ფოსტის გატეხვა, ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა და ბოლოს, ალექსეი ნავალნის მოწამვლა, რომელიც მერკელმა საავადმყოფოში მოინახულა.
ამის შედეგად გერმანიაში შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, გერმანელ პოლიტიკოსებს და მათ შორის პირველ რიგში ანგელა მერკელს გაუჩნდათ მანევრირების სივრცე. უკვე დიდი ხანია გერმანია აღარ მიიჩნევა რუსეთის მთავარ ლობისტად ევროპაში, როგორც ეს შროდერის კანცლერობის პერიოდში იყო. გერმანიის ადვოკატური ფუნქციები ჯერ ორმხრივი წინააღმდეგობით, ხოლო მოგვიანებით სულაც დაძაბულობით ჩანაცვლდა. გერმანია უკვე დიდი ხანია აღარ არის Putin-Versteher, ეს გერმანული ნეოლოგიზმი პირდაპირ თარგმანში იმ ადამიანს ნიშნავს, რომელიც უგებს პუტინს და ესმის მისი.
მერკელის და პუტინის 16 წლიანი ურთიერთობის მიწურულს ფაქტია ერთი რამ - გერმანია დანარჩენ ევროკავშირთან ერთად ინარჩუნებს რუსი ძალოვნებისა და ჩინოვნიკების მიმართ დაწესებულ სანქციებს. ეს სანქციები ზომიერად მტკივნეულია - ერთის მხრივ გერმანული ბიზნესი კვლავ საქმიანობს რუსეთში, ხოლო გერმანიაში რუსული გაზის წილი ყოველწლიურად იზრდება. საბოლოოდ მერკელმა ყველა მხარე დაარეგულირა - ისინი ვინც, რუსეთთან მკაცრ პოლიტიკას ემხრობოდნენ და ისინიც, ვისაც რუსეთში ფულის შოვნა სურდა.
Wir Schafen Das - ჩვენ ეს შეგვიძლია
ეს ფრაზა ანგელა მერკელმა ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიიდან ისესხა და სწორედ ამ ფრაზით ცდილობდა თავისი თანამოქალაქეების დარწმუნებას იმაში, რომ გერმანიას ასი ათასობით ახლო აღმოსავლელი [უმეტესად სირიელი] მიგრანტი უნდა მიეღო.
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მიგრანტების კრიზისი ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთი იყო, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მთლიანად ევროპული პროექტის იდეა. ევროზონისა და მიგრანტების კრიზისის ფონზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ნდობა ევროკავშირის მიმართ, რაც კონტინენტზე პოპულისტური ტალღის გაძლიერებით და ევროსკეპტიკური განწყობების რეკორდული ზრდით ხასიათდებოდა. ამ ტალღის კიდევ ერთი კრიზისული მომენტი 2016 წლის ზაფხულში დადგა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ საყოველთაო რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
პოპულისტური ტალღის პიკი იმავე 2016 წლის შემოდგომაზე მოვიდა, როდესაც ასევე ყველასთვის მოულოდნელად და ყველა წინასაარჩევნო კვლევის საწინააღმდეგოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ამ მონაკვეთში ანგელა მერკელზე არსებული წნეხი და პასუხისმგებლობის ხარისხი მკვეთრად გაიზარდა და რაღაც მომენტში ის ტრადიციული ლიბერალური დემოკრატიის უკანასკნელ დამცველადაც მოგვევლინა. გარკვეული მომენტიდან ანგელა მერკელი აღარ იყო მხოლოდ გერმანიის კანცლერი, იგი ერთიანი ევროპის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ დამცველად იქცა, რომლის გარეშეც ევროკავშირის მთლიანობის შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნებოდა.
მაშინ, როდესაც სირიის სამოქალაქო ომს გამოქცეული ასიათასობით მიგრანტი ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპის საზღვრებს მოადგა, ევროკავშირის უმეტეს სახელმწიფოებში იზოლაციონისტური განწყობები გამეფდა და თითქმის მთელი კონტინენტი საზღვრების ჩაკეტვაზე ალაპარაკდა, მერკელმა განსხვავებული მიდგომა აირჩია.
"თუ ჩვენ ახლა მოგვიწევს მობოდიშება იმის გამო, რომ ამ ურთულეს ვითარებაში სიკეთე გამოვიჩინეთ მაშინ ეს ჩემი ქვეყანა არ არის",- პასუხობდა კანცლერი კრიტიკოსებს. მერკელმა ასიათასობით სირიელი მიგრანტისთვის გერმანიის საზღვრები გახსნა და მოსახლეობას ამ რთულ ვითარებაში მიგრანტების დახმარებისკენ მოუწოდებდა. მართლაც რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიის რკინიგზისა და ავტოსადგურებზე ათასობით გერმანელი თბილი ტანსაცმლით და საკვებით ხვდებოდა მიგრანტებს, თუმცა მერკელის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ყველა არ ყოფილა.
საზღვრების გახსნით მერკელი არამხოლოდ მილიონობით გერმანელის ნების, არამედ ევროკავშირის წესების წინააღმდეგაც წავიდა, რომლის მიხედვითაც მიგრანტების საკითხი ევროკავშირის იმ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რომელშიც პირველად ჩავიდნენ მიგრანტები. კანცლერის ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა არამხოლოდ გერმანია, არამედ ქვეყნის აღქმა საზღვარგარეთ, მილიონობით ადამიანისთვის, რომლებისთვისაც გერმანია სხვა მოვლენებთან იყო ასოცირებული იხილეს განსხვავებული ქვეყანა, რომელმაც თავისი ისტორიული შიში დაძლია და მილიონობით უცხო ადამიანი მიიღო.
მერკელის ამ ნაბიჯმა გერმანია ჰუმანიტარულ ზესახელმწიფოდ აქცია, თუმცა პირადად მერკელს ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდა. საზღვრების გახსნის მომენტიდან ყოველდღიურად იზრდებოდა მიგრანტების რაოდენობა და ამის პარალელურად იზრდებოდა ქსენოფობიური განწყობებიც. მერკელის მხარდაჭერის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. მიგრანტებთან დაკავშირებულმა რამდენიმე კრიმინალურმა შემთხვევამ ქვეყანაში მღელვარება გამოიწვია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიოლნში ახალი წლის დღესასწაულზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც აღმოსავლური გარეგნობის კაცებმა გერმანელ ქალებზე იძალადეს. ამას საზოგადოების აღშფოთება და დიდი საპროტესტო აქციები მოყვა.
ნათელი იყო, რომ გერმანია ვეღარ გააგრძელებდა მიგრანტების მიღებას და ქვეყანა აფეთქების ზღვარზე იდგა, მერკელი პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში იყო. სწორედ ამ დროს მერკელმა დაიწყო კონტრავერსიული მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტთან, დევნილთა ბანაკების დაფინანსების თაობაზე. მერკელსა და ერდოღანს შორის შედგა შეთანხმება. ამ მოლაპარაკების მიხედვით თურქეთის მოქალაქეების ნაწილისთვის უვიზო მიმოსვლისა და მილიარდობით ევროს დაფინანსების სანაცვლოდ თურქეთი ვალდებულებას იღებდა სირიელი მიგრანტები თავის ტერიტორიაზე დაებანაკებინა. მალევე საზღვრები ჩაკეტეს ბალკანეთის ქვეყნებმაც, რამაც გერმანიისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი ჯერადად შეამცირა.
ამ ფონზე გერმანიაში დაიწყო ვითარების სტაბილიზაცია, თუმცა ეს უკვე შეცვლილი რეალობა იყო. საქმე ის არის მიგრანტების კრიზისის პერიოდში ქვეყანაში გაძლიერდა ევროსკეპტიკური და იზოლაციონისტური პარტიები. ერთ-ერთი ასეთი პარტია იყო ალტერნატივა გერმანიისთვის [AFD] - ჯგუფმა, რომლის ისტორიაც ევროზონის კრიზისის დროს დაიწყო და ყოველთვის მარგინალურ პარტიად მიიჩნეოდა მიგრანტების კრიზისის პერიოდში ახალი ელექტორატი იპოვა. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგში ულტრა-მემარჯვენე პარტია მოხვდა, AFD-მა მიგრანტების კრიზისის შემდეგ გამართულ პირველ არჩევნებზე ხმათა 12% მიიღო.
ამავე არჩევნებზე მერკელის პარტიამ თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა მაინც პირველ ადგილზე გავიდა. ცხადია იმის თქმა, რომ არალეგალური მიგრაციის პრობლემა ევროკავშირში მოგვარებულია სიმართლე არ იქნება - დღემდე თითქმის ყოველთვიურად ვრცელდება ცნობები ხმელთაშუა ზღვაში შემოსული მიგრანტების ნავების შესახებ. მიუხედავად ამისა, ფაქტია რომ ანგელა მერკელმა და გერმანიამ კრიზისის მწვავე ფაზა შედარებითი წარმატებით გადალახეს.
2015-2016 წლებში გერმანიაში ჩასული მიგრანტები წარმატებით ავსებენ გერმანიის შრომის ბაზრის დანაკლისს. ცხადია, მიგრანტების სრული ინტეგრაცია გრძელვადიანი საკითხია და 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგები ჯერ კიდევ წინაა და არავინ იცის როგორი იქნება ის. მართალია ისიც, რომ გერმანიაში გაიზარდა ექსტრემისტული განწყობებიც და გაძლიერდნენ ამ დღის წესრიგის მქონე პარტიებიც, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია ალტერნატივამ გერმანიისთვის თავის ელექტორალურ ჭერს მიარტყა და მისი მხარდაჭერა მცირდება.
გერმანია მერკელის შემდეგ
კომენტატორები ხშირად აღნიშნავენ, რომ ანგელა მერკელს შეეძლო უკიდურესად რთული და კომპლექსური საკითხები აღქმა და უმცირეს დეტალებამდე გაცნობიერება, თუმცა ხშირად ის ვერ ახერხებდა თავისი ანალიზის ქმედებაში გარდასახვას. მართლაც, დღეს გერმანია ბევრი მიმართულებით ჩამორჩება და რეფორმებს საჭიროებს.
პირველ რიგში გამოსაყოფია სუფთა ენერგიასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები. 2011 წელს იაპონიაში მომხდარი ცუნამის შემდეგ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის ფონზე, კანცლერმა ერთ დღეში შეიცვალა დამოკიდებულება ატომური ენერგიის მიმართ. მერკელმა გერმანიაში მოქმედი ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვა გადაწყვიტა. ამას ქვეყანაში ენერგეტიკული რეფორმის დაწყება მოჰყვა, რაც გერმანიის მწვანე ენერგიაზე გადასვლით უნდა დასრულებულიყო.
მიუხედავად ამისა, 10 წლის შემდეგ გერმანიის ელექტროენერგიის 44% წიაღისეულ, ამოწურვად საწვავზე მოდის, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქარის და ახალი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ენერგიის წყაროები გერმანიის მოხმარების უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს. ქვეყნის დიდი ნაწილი კვლავ დამოკიდებულია რუსულ გაზზე, რომლის ფასიც პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული. გერმანიაში გაზის და ელექტროენერგიის გადასახადი წლიდან წლამდე იზრდება.
თავისი პირველი კანცლერობის კამპანიისას მერკელმა საჯარო სექტორის რეფორმირების და ბიუროკრატიის გამარტივების პირობა დადო, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია. გერმანული ბიუროკრატია კვლავ მოუქნელი და ნელია, ამის მაგალითია, რომ 2019 წელს ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის გაციფრულებისთვის გამოყოფილი 3 მილიარდი დოლარი ამ დრომდე გაუნაწილებელია რეგიონებს შორის. სკოლებში ონლაინ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გამოყოფილი 6 მილიარდი დოლარიდან კი 2 წელიწადში მხოლოდ 500 მილიონი ევროა ათვისებული. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის დროს, როდესაც გერმანელი მოსწავლეების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით პროვინციებში ცუდი ინტერნეტ-კავშირისა და მოუწესრიგებელი ციფრული ბაზის გამო სასწავლო პროცესში უბრალოდ ვერ ჩაერთო.
პანდემიის შედარებით წარმატებით მართვის მიუხედავად, პანდემიის მეორე ტალღამ სუსტი წერტილები გამოავლინა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში. სახეზეა ქვეყნის ტექნოლოგიური ჩამორჩენაც, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გერმანიის საჯარო სექტორისა და ბიზნესის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იყენებს Fax-ის ტექნოლოგიას.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია კვლავ რჩება ინჟინერიის ცენტრად და საუკეთესო ინჟინერების სამშობლოდ, ტექნოლოგიური ჩამორჩენა ყველაზე თვალნათელია მთავარ გერმანულ წარმოებაში - გერმანული ავტოწარმოება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტექნოლოგიურ სიახლეებს. გერმანულმა ავტოგიგანტებმა ვერ მოახერხეს ტრენდის დამკვიდრება და მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ელექტრომობილების წარმოებაში. ისინი ყოველწლიურად კარგავენ ლიდერულ პოზიციებს. ეს გერმანიის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.
ასევე დიდი პრობლემა შეიძლება იყოს გერმანიის დამოკიდებულება ვაჭრობაზეც განსაკუთრებით მსოფლიოს დეგლობალიზაციის დაჩქარებული ტემპებისა და აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე. დამატებით სირთულეებს ქმნის დემოგრაფიული პრობლემებიც - გერმანია სწრაფად ბერდება და მცირდება მუშა ხელის რაოდენობა. გერმანიის ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად ყოველწლიურად დაახლოებით 400 ათასი მიგრანტი ჭირდება ეს კი პოლიტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მოსახლეობის დაბერებასთან ერთად ეს პრობლემები მომდევნო ათწლეულებში კიდევ უფრო გამწვავდება.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გერმანული მოდელი თავის სისუსტეებს ავლენს და ნათელია, რომ ქვეყანას რეფორმატორი მთავრობა ჭირდება, თუმცა ფუნდამენტური ცვლილებების განწყობა სუსტია როგორც მოსახლეობაში, ასევე, მომავალ მთავრობაში.
გერმანიაში კიდევ დიდ ხანს არ დაავიწყდებათ ანგელა მერკელი - მისი უნარი ისწავლოს, იმუშაოს დაუღალავად, მოილაპარაკოს, მიაღწიოს წარმატებას, გადალახოს სირთულეები და შეინარჩუნოს პატიოსნება და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.