-

6 მაისი გერმანიის პოლიტიკურ ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც განსაკუთრებული დღე, რადგან არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა პირველივე ცდაზე ახალი კანცლერის არჩევა ვერ შეძლეს. დილით ჩატარებული კენჭისყრისას, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა მხოლოდ 310 ხმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს ჯამში 328 მანდატი აქვთ ბუნდესტაგში.

საბოლოოდ, ის მხოლოდ მეორე ცდით აირჩიეს გერმანიის კანცლერად. მერცს მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა (უმრავლესობისთვის საჭირო 316 ხმაა).

ასე რომ 2025 წლის ფედერალური არჩევნებიდან ათი კვირის შემდეგ, გერმანიის ისტორიაში მეხუთე "შავ-წითელი" სამთავრობო კოალიცია შეიქმნა.

5 მაისს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ბავარიული ქრისტიან-სოციალური კავშირისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ბერლინში 144-გვერდიან კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ფრიდრიხ მერცმა დოკუმენტის ხელმოწერამდე განაცხადა, რომ ახალ კოალიციას სურს გერმანიის რეფორმირება და ინვესტიციების მოზიდვა. მისი თქმით, ევროპა ელოდება გერმანიის კიდევ ერთ ძლიერ წვლილს საერთო პროექტში: "დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მართვაში ენერგიულად, სისტემატურად და საიმედოდ."

ახალი მთავრობა განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში იწყებს საქმიანობას: უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიამ და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მძიმე დარტყმა მიაყენა გერმანიის ეკონომიკას, დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულმა სავაჭრო ომმა და მის მიერ გამოწვეულმა არასტაბილურობამ კი ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ინდუსტრიაზე, ამასთანავე, წინასაარჩევნო კამპანიისას არალეგალი მიგრანტების თავდასხმების გამო, აქტუალურია მიგრაციის შეზღუდვის საკითხიც.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო "დიდი კოალიცია" და ამ ხელისუფლების წარუმატებლობის შემთხვევაში, 4 წელიწადში ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს პირველ ადგილზე გასვლა გარდაუვალი იქნება.

5 მაისს, ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს

კოალიციური შეთანხმების ძირითადი ასპექტები

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ხანგრძლივ კოალიციურ მოლაპარაკებებში ჩაერთნენ, რომელიც ქვეყნის მართვის ყველა სფეროს მოიცავდა. შეთანხმებაში აისახა ფრიდრიხ მერცის და სოციალ-დემოკრატების წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი.

სტრატეგიული საკითხი კონსტიტუციური შეზღუდვის, ე.წ. "ვალის მუხრუჭის" შერბილება იყო, რაც ახალ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს უფრო მეტი ვალი აიღოს და ხარჯები გაზარდოს. ახალ პარლამენტში საკმარისი ხმების არარსებობის გამო, "ვალის მუხრუჭის" ცვლილებას ხმა წინა მოწვევის პარლამენტმა მისცა, რისთვისაც ფრიდრიხ მერცს მწვანეთა პარტიასთან შეთანხმება და მათი მოთხოვნების გათვალისწინებაც მოუხდა.

კონსტიტუციის ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, რომ კოალიციურ შეთანხმებაში ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტში ენერგეტიკაში და ციფრული გარდაქმნაში 500 მილიარდის ინვესტირების შესახებ ჩანაწერი გაჩენილიყო.

კოალიციური შეთანხმებით პარტიებმა გერმანიის მთავრობაში სამინისტროებიც გადაინაწილეს:

  • ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) - 7 სამინისტრო;
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 7 სამინისტრო;
  • ბავარიული ქრისტიან-სოციალური კავშირი (CSU) - 3 სამინისტრო.

გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა 

ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ახალი მმართველი კოალიციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებია. 10 აპრილს, საქართველოში გერმანიის საელჩომ გაავრცელა ამონარიდი გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტიდან, რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებაც არის საუბარი.

"საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს." - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეს ჩანაწერი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ გერმანიის ახალი ხელისუფლების პოლიტიკა ქართული ოცნების მიმართ მინიმუმ ისეთივე მკაცრი იქნება, როგორც შოლცის კანცლერობისას იყო.

თუმცა, ცხადია დოკუმენტში ძირითადი აქციენტი მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებზეა - უკრაინის მხარდაჭერა, ნატო, ევროკავშირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ასე შემდეგ.

"გერმანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას უკრაინის არსებითი სამხედრო, სამოქალაქო და პოლიტიკური მხარდაჭერისადმი, განიხილავს მის სუვერენიტეტს, როგორც ევროპის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს. ეს მოიცავს გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გამოყენებას უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად." - ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში.

გარდა ამისა, ახალი კოალიცია მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

ფრიდრიხ მერცის მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საფრანგეთთან და პოლონეთთან კავშირების გაძლიერება, მათ შორის ისეთი ინიციატივების, როგორიცაა "ვაიმარის სამკუთხედი."

სამთავრობო კოალიცია გეგმავს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე გაზრდას, ბუნდესვერის მოდერნიზაციისთვის და ნატოს ვალდებულებების შესასრულებლად.

იცვლება გერმანიის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ. დოკუმენტში ჩინეთი "სისტემურ კონკურენტად" არის მოხსენიებული, თუმცა, ამასთან ხაზგასმულია თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა იმ მიმართულებებზე, სადაც ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს შეესაბამება.

გერმანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის არსებობის უფლებისადმი და მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს გამოსავლით გადაწყვეტას. 

ფრიდრიხ მერცი ხელს აწერს CDU/CSU-სა და SPD-ს კოალიციურ შეთანხმებას

ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა

ოლაფ შოლცის მთავრობის მხარდაჭერის შემცირების და არაპოპულარობის მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემები იყო. მისი კოალიცია ხელისუფლებაში კორონავირუსის პანდემიისას მოვიდა, რასაც მალე უკრაინაში ომის დაწყება და გერმანიის ტრადიციული ეკონომიკური მოდელის დასრულება მოჰყვა. როგორც The Economist წერდა, გერმანიის ბიზნეს მოდელი ეყრდნობოდა წარმოების ექსპორტს, განსაკუთრებით ჩინეთში, იაფ გაზს რუსეთიდან და ამერიკის მიერ უზრუნველყოფილ უსაფრთხოებას. 

უკრაინაში ომის დაწყებამ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, ასევე რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმამ გერმანიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამან განსაკუთრებით დაარტყა საავტომობილო და მანქანათმშენებლობის ინდუსტრიებს და მისი კონკურენტუნარიანობა შეამცირა.

ამ მიზეზების გამო, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა, 2024 წელს კი კლება 0.2% იყო.

ფრიდრიხ მერცის კოალიციას გერმანიის კრიზისიდან გამოყვანა გადასახადებისა და რეგულაციების შემცირებით, ასევე მთავრობის ეფექტურობის გაზრდით სურს.

გერმანიის ახალი მთავრობა ელექტროენერგიის გადასახადის ევროკავშირის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირებას და გადამცემი ქსელის გადასახადების განახევრებას გეგმავს, რათა ენერგომომარაგების ხარჯები ოჯახებისთვის და ბიზნესებისთვის შემცირდეს.

შეიქმნება დიგიტალიზაციისა და სახელმწიფო მოდერნიზაციის ახალი სამინისტრო ბიუროკრატიის შემცირებისა და ციფრული სერვისების ხელშეწყობის მიზნით.

CDU/CSU-ს და SPD-ს შეთანხმების თანახმად, 2028-დან 2032 წლამდე მოგების გადასახადის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება იგეგმება 15%-დან 10%-მდე.  

უქმდება ე.წ. სოლიდარობის დამატებითი გადასახადი (Solidaritätszuschlag), რომელიც 1991 წელს შემოიღეს გერმანიის გაერთიანების დამატებითი ხარჯების დასაფარად - ეს მოიცავს აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის ვალებსა და საპენსიო ვალდებულებებს, ასევე გერმანიის ახალ მიწებზე ინფრასტრუქტურის განახლებისა და გარემოს დაცვის ხარჯებს.

სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, ეროვნული მინიმალური ხელფასი 2026 წლისთვის საათში 15 ევრომდე გაიზრდება.

მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება

გერმანიის წინა მთავრობის მიმართ უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი მიგრაციული პოლიტიკა და ტერორისტული თავდასხმები იყო, რამაც ულტრამემარჯვენე AfD-ს ზრდას შეუწყო ხელი, რომელიც საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა (ხმების 20.8%).

2023 წელს გერმანიამ 352 ათასი თავშესაფრის განაცხადი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 51%-იანი ზრდა იყო - უმრავლესობა სირიიდან (104 ათასი), თურქეთიდან (62 ათასი) და ავღანეთიდან (53 ათასი). თუმცა, შოლცის მთავრობამ პოლიტიკა გაამკაცრა და 2024 წელს განაცხადების რაოდენობა 251 ათასამდე შემცირდა, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამ საკითხის აქტუალურობა განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაიზარდა, რადგან 2024 წლის მეორე ნახევრიდან არჩევნების დღემდე, მოქალაქეებზე რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა ან თავდასხმის მცდელობა იყო.

განსაკუთრებით მასშტაბური იყო 50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქის თავდასხმა მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე, რომელიც ადამიანების ჯგუფს მანქანით დაეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 290-ზე მეტი კი დაშავდა.

2025 წლის იანვარში კი, სამხრეთ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში ავღანელმა მიგრანტმა დანით ორი ადამიანი მოკლა, სამი კი - მძიმედ დაჭრა. 28 წლის ეჭვმიტანილი გერმანიაში 2022 წელს ჩავიდა. მისი თავშესაფრის მოთხოვნა წარუმატებელი აღმოჩნდა და მას ქვეყანას 2024 წლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა. ეჭვმიტანილს ჰქონდა ძალადობრივი ქცევის ისტორია და ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა, როცა მას თავშესაფარზე უარი უთხრეს. 

ამ ფონზე CDU/CSU და AfD აქტიურად ითხოვდნენ მიგრაციული პოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმას და ისედაც არაპოპულარული შოლცის მთავრობის მხარდაჭერა, კიდევ უფრო იკლებდა.

არალეგალი მიგრანტების და თავშესაფრის მთხოვნელების მიმართ პოლიტიკის გამკაცრება ფრიდრიხ მერცის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

გერმანიის ახალი ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციით გეგმავს, რომ თავშესაფრის მთხოვნელი პირები ქვეყნის საზღვრებიდანვე გააბრუნოს. ეს ტრადიციული პოლიტიკისგან სერიოზული გადახვევაა, რადგან აქამდე თავშესაფრის მთხოვნელებს გერმანიაში დარჩენა შეეძლოთ. 

მერცის მთავრობა "რეპატრიაციის შეტევის" დაწყებას აანონსებს, რაც დეპორტაციების გამარტივებას და უსაფრთხო ქვეყნების სიის გაფართოებას გულისხმობს.

მოქალაქეობის შესახებ კანონები, რომლებიც ორმაგ მოქალაქეობას და ნატურალიზაციის შემცირებულ პერიოდს (ხუთი წელი, ან გამონაკლის შემთხვევებში 3 წელი) უშვებს, ძალაში დარჩება. თუმცა, კოალიცია გეგმავს შეისწავლოს ტერორიზმში ან ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართული პირებისთვის გერმანიის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა.

 
 

მნიშვნელოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები

ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი

სოციალ-დემოკრატიული პარტია

ლარს კლინგბაილი კოალიციურ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი ფიგურა იყო, როგორც სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი. 2025 წლის გერმანიის ფედერალურ არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა (16.4%), ამის მიუხედავად, მან პარტიისთვის პრიორიტეტული საკითხები სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით შეთანხმების ნაწილად აქცია. გარდა ამისა, მისი პარტია 7 სამინისტროს ჩაიბარებს.

გერმანიაში ფინანსთა მინისტრი კანცლერის შემდეგ ყველაზე გავლენიანი თანამდებობის პირია. კლინგბაილს ცენტრალურ როლი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში და ფისკალური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, მათ შორის 500 მილიარდი ევროს ინფრასტრუქტურის ფონდის მართვაში.

გარდა ამისა, კანონმდებლობა ფინანსთა მინისტრს აძლევს აქვს ვეტოს უფლებას მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებებზე, თუ ის შეიცავს საბიუჯეტო ან ფინანსურ რისკებს.

კლინგბაილი წარსულში მისი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო, 2017 წლიდან კი - პარტიის თანათავმჯდომარეა.

საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი

გერმანიის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ყოფილი სამხედრო, იურისტი და 2009 წლიდან ბუნდესტაგის დეპუტატია. ის დიდი ხანია მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთის აქტიური კრიტიკოსია.

62 წლის ვადეფული ფრიდრიხ მერცის ახლო გარემოცვის წევრად მიიჩნევა და დიდი ხნის განმავლობაში იყო მერცის საგარეო პოლიტიკური მრჩეველი. დეპუტატი წარსულში ითხოვდა, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით დარტყმების უფლება მიეცათ.

ცოტა ხნის წინ მან გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ს (FAZ) განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "არის დამანგრეველი, აგრესიული და მშიერი."

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და სავაჭრო ომის დაწყების მიუხედავად, ვადეფულმა გამოთქვა იმედი, რომ ტრანსატლანტიკური კავშირები დროის გამოცდას გაუძლებს.

მან FAZ-ს განუცხადა, რომ ის ცივი ომის დროს გაიზარდა და მის ოჯახს კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში ნათესავებთან კონტაქტი ჰქონდა, ამიტომ იცოდა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმის "სისასტიკისა" და ჩაგვრის შესახებ.

"ამან გამიადვილა თავისუფლების დაცვის არჩევა," - თქვა მან.

ვადეფული ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველი ქრისტიან-დემოკრატი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი

სოციალ-დემოკრატიული პარტია

ბორის პისტორიუსი ოლაფ შოლცის მთავრობის ყველაზე პოპულარული მინისტრი იყო. ის ხელისუფლებაში რეგიონული პოლიტიკიდან მოვიდა, 2023 წლამდე ის ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

პისტორიუსი გერმანიაში თავდაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების სიმბოლოდ იქცა.

ის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და რუსეთის მკაცრი კრიტიკოსია. პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის.

მისი მინისტრობისას, 2022–2024 წლებში, გერმანიამ უკრაინას 13.7 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გადასცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელთა წყალობითაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა.

პისტორიუსს გერმანულ მედიაში ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც "ყველაზე ეფექტურ თავდაცვის მინისტრს ბოლო დეკადების განმავლობაში." სწორედ მან დაიწყო ლიეტუვაში გერმანული ბაზის გახსნა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გერმანული ბრიგადის განთავსება.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატოს ტერიტორიას და რუსეთის მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო."

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი

ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი 

ალექსანდრ დობრინდტი გამოცდილი პოლიტიკოსია - 2013-17 წლებში ის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2017 წლიდან კი გერმანიის ბუნდესტაგში ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე იყო.

ის უკანონო მიგრაციის მკაცრი კრიტიკოსია და წინასაარჩევნო კამპანიისას პირობას დებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე დღეს გაამკაცრებდა საზღვრებზე კონტროლს.

დობრინდტი აცხადებს, რომ გააძლიერებს საზღვრის დაცვის ზომებს, მათ შორის, განათავსებს დამატებით პერსონალს და გამოიყენებს საჰაერო მეთვალყურეობას არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

ის ორმაგი მოქალაქეობის წინააღმდეგია და ამტკიცებს, რომ ეს ძირს უთხრის ეროვნულ ერთიანობას.

ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი

გერმანიის ახალი ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი კატერინა რაიხე გახდება. რაიხეს ნომინირება გერმანული მედიისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მან პოლიტიკა ათი წლის წინ დატოვა, რათა ენერგეტიკის ინდუსტრიაში გაეგრძელებინა კარიერა.

ის პირველად დეპუტატად 1998 წელს აირჩიეს. პოლიტიკოსი ოთხი წელი იყო ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის თანათავმჯდომარე, ოთხი წელი საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი გარემოს დაცვის სამინისტროში და ორი წელი საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ტრანსპორტის სამინისტროში. 

საკუთარი საპარლამენტო საქმიანობისას რაიხე აქტიურად იცავდა ატომურ ენერგიას.

2012 წელს ის საჯაროდ შეეწინააღმდეგა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას და ამტკიცებდა, რომ ტრადიციული ჰეტეროსექსუალური ოჯახები ფუნდამენტურია საზოგადოების სტაბილურობისთვის. კრიტიკოსებმა მისი განცხადებები დისკრიმინაციულად ჩათვალეს და სოციალურ ქსელში მის ანგარიშებზე მასობრივად დაწერეს საწინააღმდეგო მოსაზრებები, რის გამოც რაიხემ სოციალური მედიის ანგარიშები დროებით გააუქმა.

2015 წელს მან მანდატი საპარლამენტო ვადის შუა პერიოდში დათმო და გერმანიის ადგილობრივი კომუნალური მომსახურების ასოციაციის (VKU) ხელმძღვანელი გახდა.  

მსგავსი სიახლეები