ბოლო არჩევნების, პოლიტიკურ კრიზისების, თითოეული სიტყვისა და ბრიფინგის შემდეგ, რომლებიც ძალადობრივი მეთოდებით პროტესტის დაშლის შემდეგ ეწყობა, ყოველთვის გვესმის - „ჩვენ აქ ვართ ხალხისთვის!“. იგივე სლოგანით, იგივე თვითგამოცხადებული ერის, კულტურისა და ტრადიციების მცველები „ელიტების“, „უცხოელი აგენტების“, „გლობალური ომის პარტიების“, „მასონური ლოჟის“, „Deep State”-ის და სხვა გამოგონილი მტრის წინააღმდეგ გვევლინებიან. მთავარი ირონიული ნაწილი კი ისაა, რომ ყველაზე ხმამაღალი ანტი-ელიტური რუპორები, სწორედაც რომ მმართველი ელიტების წარმომადგენლები არიან.
ეს პოლიტიკური შოუ იმდენად განმეორებადი გახდა საქართველოსა და სერბეთში, რომ უკვე თითქმის მოსაწყენი გახდა. სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს მეთოდი თითქოს ყველგან მუშაობს. სწორედ ის ელიტა ცდილობს, რომ გაყიდოს საკუთარი თავი ერთადერთ ნამდვილ „ხალხის“ ხმად, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს, ფლობს მედიის მნიშვნელოვან ნაწილს, ფულს და ძალაუფლებას ყველა დონეზე.
მიუხედავად აღნიშნულისა, ერთი შეხედვით, ხალხთან დაკავშირებული სლოგანები მიზნად უნდა ისახავდნენ საზოგადოების დარწმუნებას, მაგრამ ეს, რეალურად, არავის აინტერესებს. მიზეზი ისაა, რომ „ხალხის“ რიტორიკის ნამდილი ფუნქცია არა დარწმუნება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური აქტორების ნელი დაშლა და ერთადერთი ალტერნატივის დატოვებაა. ისეთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, როგორიც მაგალითად საქართველო და სერბეთია, მემარჯვენე პოპულისტურმა ელიტებმა პოლიტიკა დაღლის მანქანად აქციეს - მუდმივი ნელი ქაოსის მდგომარეობად, სადაც საზოგადოებას არ შეუძლია რეალურ პრობლემებზე ფიქრი და ორგანიზება არსებული პრობლემებთან დაკავშირებით. შედეგად, ხალხი ეტაპობრივად შეწყვეტს წინააღმდეგობის გაწევას, ღელვას და დაიწყებს არსებული მოცემულობის მიღებას. ამიტომ, ამ თამაშში მხოლოდ ცნობილი ბანქოს წესი მოქმედებს - ჰაუსი ყოველთვის იგებს.
აქვე, სანამ მთავარზე გადავიდოდეთ, მცირედ და მარტივად ავხსნი, თუ რატომ ვწერ საქართველო და სერბეთი - მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა, კულტურული ტრავმებისა და ტრადიციებისა, საქართველოც და სერბეთიც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ჰიბრიდული რეჟიმებია Freedom House-ის მიხედვით, თუმცა პოპულისტური ელიტები ერთსა და იმავე რიტორიკას იყენებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პირობებში დეკლარირებულად, ორივე ქვეყანა უნდა ესწრაფოდეს ევროინტეგრაციას.
დაუსრულებელი შიში: „ჩვენ“ და „ისინი“
პოპულისტი ლიდერები ხშირად ერთმანეთის მსგავს სტრატეგიას მიმართავენ - ლიტერატურისა და ისტორიული გამოცდილების თანახმად, მათი მიზანია მსოფლიოს დაყოფა ორ ნაწილად - „ჩვენ“ და „ისინი“. „ჩვენ“-ში ერთიანდებიან სუფთა, მშრომელი, პატრიოტი და მრავალნატანჯი ხალხი, ხოლო „ისინი“ აერთიანებს დასავლურ სამყაროს, „კორუმპირებულ ელიტას“, „უცხოელ აგენტებს“, „ლიბერალებს“, უმცირესობებს, ოპოზიციას, მედიას და სხვებს. სია გრძელია, ჩასწორებადი და მოქნილი, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სოციო-პოლიტიკური მდგომარეობაა რეალურ დროში. ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, ეს ამბის თხრობის სისტემა უფროა, რომელსაც მიულერის მიხედვით „პოპულისტური ლოგიკა“ ეწოდება. უფრო ზუსტად, პოპულისტები არასდროს განხილავენ სხვადასხვა პოლიტიკის დადებით და უარყოფით მხარეებს, არამედ ჯიუტად აცხადებენ, რომ მხოლოდ ისინი წარმოადგენენ მართალ და მორალურად სუფთა საზოგადოებას. თუმცა, საგულისხმოა, რომ დღემდე არ ვიცით, თუ ვინ შედის ზუსტად მართალ და მორალურად სუფთა საზოგადოებაში, რადგან ხშირად იცვლებიან, როგორც „ხალხის“, ასევე „მტრის“ ჯგუფში შემავალი ადამიანები, რასაც, რა თქმა უნდა, მერკანტილური პოლიტიკური მიზეზები განსაზღვრავს.
იმისათვის, რომ აღნიშნული ლოგიკა წარმატებით ამუშავდეს, საჭიროა ელიტების მიერ „შიშის პოლიტიკის“ გამოყენება, რაზეც რუთ ვოდაკი მის წიგნში „შიშის პოლიტიკა“ საუბრობს. ამუშავების სტრატეგია მარტივი და ციკლურია - 1. იგონებ საფრთხეს, 2. აღრმავებ კრიზისს, 3. წარმოადგენ შენს თავს ერთადერთ მხსნელად, 4. იმეორებ ამ ყველაფერს იქამდე, სანამ ხალხი არ იღლება.
შესაბამისად, როგორც სერბეთში, ისე საქართველოში, ხშირად ანაცვლებდა ერთი საფრთხე მეორეს, თუმცა ძირითადი სტრუქტურა უცვლელია - საფრთხეების ძირითად წყაროდ დასავლური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია აღიქმება, სადაც მთავარი იდეაა, რომ „ხალხი მსხვერპლია!“ და ერთადერთი მხსნელი, რა თქმა უნდა, მმართველი ელიტაა.
დამალული პატერნი: დაღლა, როგორც სტრატეგია
მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთელი იდეა არა საზოგადოების დარწმუნება, არამედ სხვა უფრო ბნელი რამაა. ქართულმა და სერბულმა პოლიტიკურმა ელიტებმა, თითქმის სრულყოფილად შეისწავლეს და გამოიყენეს აღნიშნული მოდელი იმისათვის, რომ პოლიტიკა მტრულ, ქაოსურ, ემოციურად გამანადგურებელ პროცესად ექციათ, სადაც აღარ არის ნამდვილი დებატების ადგილი და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ალტერნატივის არსებობა თითქმის წარმოუდგენელია.
საქართველოში მოქმედი დაღლის მანქანა მხოლოდ შიშითა და დაყოფით არ იკვებება, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - სინელე, რაც სტრატეგიის ნაწილია. „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული ნორმები ერთ ღამეში არ უგულებელყოფია. ცნობილია, მაგრამ მოკლედ მაინც უნდა აღიწეროს - მიუხედავად იმისა, რომ ირიბი ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მკვეთრი ბრუნი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ, როდესაც ღიად და პირდაპირ დაიწყო არსამთავრობო ორგანიზაციების დევნა და ცილისწამება რევოლუციური სცენარისა და მაიდანის საქართველოში მოწყობასთან დაკავშირებით. ამას შემდეგ წლებში თან მოჰყვა ევროკავშირისა და მისი ლიდერების ვულგარული კრიტიკა და შეურაცხყოფა ოფიციალურ დონეზე. აღნიშნული პროცესი კი ავანგარდში მაშინ გადავიდა, როცა 2023 წლიდან აქტიურად დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაზე კანონმდებლობით შეზღუდვა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ თვითაღიარებული პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით დაგვირგვინდა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეწყდა, რამაც მიმდინარე უწყვეტი მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთშიც მსგავსი პოპულისტური სცენარი გამოიყენება, ადგილობრივმა ელიტებმა განსხვავებული, მაგრამ თანაბრად ეფექტური სტრატეგია გამოიყენა - კონტროლირებული ჰიპერაქტიურობა. როდესაც ქართული პოპულისტური ელიტა მართვისას ნელ ქაოსს და დემოკრატიული ეროზიის ჩუმ გზას მიმართავენ, სერბეთში მნიშვნელობა სისწრაფესა და კრიზისით სიტუაციის გადატვირთვას ენიჭება.
პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და მისმა მხარდამჭერმა სატელიტურმა პარტიებმა სერბული პოლიტიკური ველი პერმანენტული გადაუდებელი საჭიროების მდგომარეობად აქციეს. აქ რთულად თუ შევხვდებით ფრთხილად დაგეგმილ და დროში გაწელილ ავტორიტარულ ნაბიჯებს. ამის მაგივრად, მმართველი ელიტა ქმნის ინსტიტუციონალიზებულ ქარიშხალს, სადაც არცერთ სკანდალს, კრიზს და დემოკრატიაზე თავდასხმას არ ეძლევა სათანადო დრო იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემად დარჩეს და მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. როდესაც სერბული პროგრესული პარტია 10 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა, მათ სწრაფად დაიწყეს მედიაპლურალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ოპოზიციური ფიგურებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემატიური კამპანიის დახმარებით. განსაკუთრებით, კი კოსოვოს, NATO-სა და შიდა „აგენტების“ თემებზე მანიპულირებით.
ამას დაემატა სწრაფი საკონსტიტუციო რეფორმები და რეფერენდუმები, რომლებიც რეგულარულად ტარდება, რომელთა მთავარი მიზანიც არა პოლიტიკის რეალური ცვლილება, არამედ „მტრების“ მუდმივი დისკრედიტაცია და საზოგადოების მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნაა. აღნიშნული კარგად ჩანს, თუ განვიხილავთ, ბოლო დროინდელ პროტესტსა მთავრობის პასუხს.
სერბეთში მიმდინარე პროტესტები მთავრობის უპასუხისმგებლობით და უყურადღებობით გამოწვეულ ნოვი სადის მატარებლის სადგურის ტრაგედია მოჰყვა. პასუხად, არა ხალხმა არა რეალური ცვლილებები, არამედ კოსოვოს საკითხის წინა პლანზე წამოწევით და რეფორმების ყალბი დაპირებით უპასუხა, სადაც კარგად ჩანს პასუხისმგებლობის აცილებისა და საზოგადოების ყურადღების მათთვის მგრძნობიარე თემაზე ყურადღების გადატანის მცდელობა.
რეალური საფრთხე - როცა აღარ გაინტერესებს
დახასიათებული პოლიტიკური მოდელის მთავარი საფრთხე ის არის, რომ თავიდან უხილავია. იგი ნელა ქმნის ისეთ მომწამვლელ და დამღლელ გარემოს, რომ მოქალაქეები ეტაპობრივად ეთიშებიან პროცესს. შედეგად კი ვიღებთ „ემოციურ მმართველობას“ - სისტემას, სადაც საჯარო დისკურსი ბოლომდე შიშით, ბოღმითა და მორალური აბსოლუტიზმითაა გაჯერებული.
ირონიული კი ისაა, რომ რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ელიტა, რომ „ხალხზე“ ზრუნავს, იმდენადვე ნაკლები ძალაუფლება აქვს ხალხს რეალურად. ასეთ პირობებში მმართველ ელიტას არასოდეს ჭირდება ხალხის დარწმუნება და მათი გულების მოგება. მხოლოდ ერთი საზრუნავი რჩება - საკმარისად გაუსაძლისი გახადონ პოლიტიკა იმისთვის, რომ თამაშში მხოლოდ თავად დარჩნენ.