-

სტატია მომზადებულია ტატიანა სტანოვაიას ნაშრომზე დაყრდნობით

ავტორები: აკა ზარქუა, გიორგი ცხაკაია

24 თებერვალს, თბილისის დროით დილის 7 საათზე რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. უკვე 21 დღეა ევროპის გეოგრაფიულად ყველაზე დიდი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უმსხვილესი კონვენციური ომი მიმდინარეობს. 

ამ დრომდე ქვეყნის დატოვება მოუწია 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს, ბოლო მონაცემებით მოკლულია 1 300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, რუსულ აგრესიას ემსხვერპლა 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვი. 

ამ დრომდე კონფლიქტის შესაძლო განვითარების გარდა, ფართო ინტერესის საგნად რჩება ვლადიმირ პუტინის პერსონალური მდგომარეობაც. როგორც სხვა ავტოკრატული რეჟიმებისთვის, რუსეთისთვის დამახასიათებელია, გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და მექანიზმების გაუმჭვირვალობა, ამ პროცესში მონაწილე პირების ვინაობა და ზოგადად ინფორმაციის არარსებობა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბევრი კითხვა არსებობს კრემლის პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასთან დაკავშირებით - თუ ვინ წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას, ვისთან გადის კონსულტაციებს, ვის აქვს გავლენა ვლადიმირ პუტინზე და ვინ შეიძლება იყო მისი შემცვლელი. 

ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც ომის გამოცხადების წამიდან რუსეთში ფაქტობრივად რეჟიმის ცვლილება დაიწყო - ომის მიმდინარეობის 20 დღის განმავლობაში რუსეთი პრაქტიკულად სრულად ჩაკეტილ, ეკონომიკურად იზოლირებულ და თითქმის ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გარდიქმნა, სადაც ნეიტრალური პოზიცია მიუღებლად იქცა - რეჟიმი მოქალაქეებისგან ყოვლისმომცველ თვინიერებას და მორჩილებას ითხოვს.

ამ ფონზე პუტინის უახლოესი გარემოცვის და ზოგადად რუსეთის პოლიტიკური ელიტის შესახებ დასმული კითხვები განსაკუთრებით აქტუალურია. ეს მნიშვნელოვანია როგორც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე ეს საგარეო პოლიტიკის ასპექტშიც. 

როგორც ზევით აღვნიშნეთ ოფიციალური ინფორმაციის ნაკლებობა ამ კუთხით არაერთ დაბრკოლებას ქმნის, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვებული სამეცნიერო თუ ჟურნალისტური ნაშრომის შედეგად რუსეთის მმართველ ელიტაზე, ვლადიმირ პუტინის პირად გარემოცვასა და ზოგადად ამ იერარქიული პირამიდის სტრუქტურაზე მეტნაკლებად ზუსტი წარმოდგენის შექმნა მაინც შესაძლებელია.

შესავალი: ლატენტური ტრენდები და გავრცელებული შეცდომები

სხვა ავტოკრატული რეჟიმების მსგავსად რუსეთში სახეზე გვაქვს ძალაუფლების ფორმალური სტრუქტურების და არაფორმალური პოლიტიკური კავშირების აშკარა ასიმეტრია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რუსეთის რომელიმე მსხვილი სახელწმიფო კომპანიის ხელმძღვანელი შესაძლოა გაცილებით უფრო გავლენიანი იყოს, ვიდრე ამ პროფილის მინისტრი. 

პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის 21 წლის განმავლობაში რუსეთის მმართველი ელიტის სისტემატიზაციის და კლასიფიკაციის ათეულობით მცდელობა იყო. პუტინის მმართველობის პირველ წლებში ხშირად საუბრობდნენ ბორის ელცინის ოჯახის გავლენაზე, მათთან დაკავშირებულ ელიტურ  დაჯგუფებებზე. ოჯახის დაპირისპირებაზე ახალ ელიტასთან, ე.წ. ახალ პიტერელებთან [პუტინის გარემოცვის უდიდესი ნაწილი ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდანაა, როგორც თავად პუტინი]. 

სინამდვილეში, ელცინური ელიტების უდიდესი ნაწილი და მათ შორის იმ დროს ოლიგარქებად წოდებული ადამიანების უმრავლესობა მჭიდრო კოალიციაში შევიდა ახალ ელიტებთან. 

მოგვიანებით საუბრობდნენ უკვე დაპირისპირებაზე უშუალოდ პუტინის ელიტის შიგნით, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პიტერელი ლიბერალები და პიტერელი ჩეკისტები ებრძოდნენ. საქმე ის არის, რომ პუტინის მმართველობის ორ დეკადაში ქვეყნის თითქმის მთლიანი ელიტა უკვე პუტინის ელიტაა, ეს ის ხალხია, რომელიც ელიტაში პუტინის მმართველობის დროს, ხშირად მისი პირადი წყალობით აღმოჩნდნენ. 

ამგვარად, დაყოფამ ჩვენიანებად და უცხოებად აზრი დაკარგა - ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულ მოვლენად იქცა ის, რაც პუტინის მმართველობის პირველ წლებში წარმოუდგენელი იყო - ჩხრეკები პუტინის თანამოაზრეების სახლებსა და თუ ოფისებში, პუტინის ძველი მეგობრების გადინება ძალაუფლების ვერტიკალიდან და ახალგაზრდა კადრების შემოდინება.

შედეგად ელიტის შიგნით მკვეთრად გაიზარდა კონფლიქტურობის ხარისხი. ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ პუტინის ელიტაში ყველა ერთმანეთს ებრძვის - პუტინის მეგობრები მინისტრებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ძალოვნებს და ა.შ. 

როგორც წესი იატაკქვეშ მაგრამ თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს ომი ე.წ. სილოვიკებს შორის, [ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ძირითადად ნაგულისხმებია სპეცსამსახურები, ФСБ, СВР, ГРУ, ФСИН, СК და სხვა].

ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო რთულდებოდა გახმაურებელი დაჭერების ლოგიკისა და მოტივაციის ახსნა - იჭერდნენ ქაოტურად და ყველას, მათ შორის გუბერნატორებს, მსხვილ ბიზნესმენებს და გავლენიან ჩეკისტებსაც. ამან საბოლოოდ დაანგრია წლების განმავლობაში გამყარებულ რწმენა, რომ "პუტინი თავისიანებს არ აბარებს და უთანხმოება გარეთ არ გამოაქვს".

საჯაროდაა ცნობილი ბიზნეს-კორპორატიული ომების შესახებ - როსნეფტი ტრანსნეფტის წინააღმდეგ, როსნეფტი წინააღმდეგ და ა.შ. მძაფრი კონკურენციაა უშუალოდ პოლიტიკურ ვერტიკალშიც. ამის კარგი მაგალითია პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიდა პოლიტიკის კურატორის, სერგეი კირიენკოსა და დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის დაპირისპირება, რომელიც 2016 წლამდე სწორედ კირიენკოს პოსტს იკავებდა.  

 

ვიაჩესლავ ვოლოდინი და სერგეი კირიენკო

გასულ წლებში გავრცელებული წარმოდგენა იყო, რომ სილოვიკების მთავარი კონკურენტები ელიტაში ე.წ. სისტემური ლიბერალები არიან. მაგრამ, დღეს უკვე ასეთი "ლიბერალური" ერთიანი და კონსოლიდირებული ფრაქცია პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს ეშელონი დანგრეულია და მისი გავლენა ფრაგმენტულია. ამ ფლანგის წარმომადგენლად შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი და პუტინის მეგობარი, ალექსეი კუდრინი.

შედარებით მოკრძალებული თანამდებობის მიუხედავად, ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებისას პუტინმა კონსულტაციები სწორედ მასთან გაიარა. კუდრინი უარყოფითად აფასებდა ე.წ. ეროვნული მნიშვნელობის პროექტების მიმდინარეობას და ეკონომიკის ზოგად ეფექტურობას, ეს მედვედევის დაქვეითების წონიანი არგუმენტი გახდა. ამის მიუხედავად უდავო ფაქტია, რომ ლიბერალების გავლენა მმართველ ელიტაში განუხრელად მცირდება.  

ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა რთულად ასახსნელი დაჭერები. როგორც ჩანს სილოვიკები ხშირად თავისივე ექსპანსიის მსხვერპლები ხდებიან. 

ამავდროულად, ბოლო წლებში თვალშისაცემი გახდა ერთგვარი მოდა ტექნოკრატებზე. საუბარია ახალგაზრდა, პოლიტიკური ფერის და წონის არმქონე ახალგაზრდა ჩინოვნიკების მოზღვავებაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ უმეტესად სწორედ ასეთი ხალხისგანაა დაკომპლექტებული რუსეთის ამჟამინდელი მთავრობაც.

მათ შორის ახალგაზრდა ტექნოკრატების მოზღვავება შეინიშნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვიცე-პრემიერებისა და გუბერნატორთა კორპუსში. ისინი ამ უწყებებში ხშირად პუტინის ძველ თანამოაზრეებს და გამოცდილ პოლიტიკოსებს ანაცვლებენ. 

ხშირად რუსეთის პოლიტიკური ელიტის აღსაწერად და დასახასიათებლად გაცვეთილი და ძალიან პირობითი ტერმინები გამოიყენება. ბოლო წლებში რუსეთში მიმდინარე ყველა მოვლენის ლამის უნივერსალურ ახსნად სწორედ სილოვიკების მზარდი გავლენა იქცა. 

მაგრამ ხშირად არ არის გათვალისწინებული, რომ სილოვიკად მოაზრებულ ყველა მოთამაშეს შესაძლოა არ ჰქონდეს უშუალოდ ძალისმიერი რესურსი. ამის მაგალითია ФСБ-ს ყოფილი შეფი, ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ თანამდებობაზეა და არ ფლობს არანაირ ძალისმიერ რესურსს. 

აქვე ხშირად უგულებელყოფილია სილოვიკებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაც, რამაც ბოლო წლებში მუდმივი ხასიათი მიიღო და სხვადასხვა ფრაქციათა ომშიც გადაიზარდა. სილოვიკები კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, აქვთ განსხვავებული ინტერესები. ყველა გარემოება მოწმობს, რომ ბოლო წლებში ისინი სულ უფრო ხშირად მოქმედებენ ვიწრო პირადი ინტერესებით.

სილოვიკებს აერთიანებთ კონსერვატიული იდეოლოგია და აზროვნების ტიპი. ცხადია, ბოლო წლებში მათი ერთობლივი გავლენა გაიზარდა, თუმცა სილოვიკების გავლენა არის ძალიან კომპლექსური და გააჩნია თავისი ლიმიტები.

ელიტების გადახალისების კატალიზატორად იქცა ის ფაქტორიც, რომ გართულებულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში პუტინის უშუალო მეგობრებმა ბოლო წლებში ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობებისგან დისტანცირება არჩიეს. ეს გასაგებიცაა, იმ პირობებში როდესაც შინაურების არ ჩაბარების პრინციპი აღარ მოქმედებს, პასუხისმგებლობა მკვეთრად იზრდება, სულ უფრო რთულდება დასახული ამოცანების შესრულება. 

ამგვარად, პუტინის მეგობრებს ურჩევნიათ პირად მიზნებს ხელისუფლების შიგნით არაფორმალური კავშირების გამოყენებით მიაღწიონ. იმ პირობებში, როდესაც ლეგალურ პოლიტიკაში ჩართვა სამართლებრივი დევნის და ოსტრაკიზების გაზრდილ რისკს ატარებს დისტანცირება ლოგიკური არჩევანია. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით გასაგებია იმ ფონზე, როდესაც პუტინი ფსონს სულ უფრო ხშირად ჩამოდის ახალ კადრებზე.

იმისთვის, რომ გავიგოთ რუსეთის შიდა-ელიტური დინამიკა და ტენდენციები, ამა თუ იმ მოთამაშის რეალური წონა, რუსეთი მმართველი ელიტის მკვლევარი, ტატიანა სტანოვაია ელიტის განსხვავებული კლასიფიკაციას გვთავაზობს. კერძოდ კი კრემლის ელიტა 5 კატეგორიად დავყოთ.

ამგვარი კლასიფიკაციის მიზანია გამოკვეთოს რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და შესაძლო ცვლილებების კონტურები. ამ დროისთვის რუსეთის მმართველ ელიტაში გამოიკვეთა ხუთი დაჯგუფება. ამ ხუთი კატეგორიიდან თითოეულ დაჯგუფებას გააჩნია, განსაკუთრებული ფუნქცია და თავისი როლი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

ხუთი საკვანძო ეშელონიდან თუ დაჯგუფებიდან თითოეულს აქვს დამახასიათებელი დინამიკა, ღიად გამოკვეთილი ან შენიღბული იდეოლოგიური კუთვნილება, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის საშუალება.

რუსეთის პოლიტიკური ელიტის განსაზღვირსთვის მნიშვნელოვანია მკაფიო კრიტერიუმების გამოკვეთა:

1. პუტინთან სიახლოვე - კრიტერიუმი, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად ახლოსააა ესა თუ ის ფიგურა ყოველდღიურ რუტინაში უშუალოდ პრეზიდენტთან;

2. პოლიტიკური ფუნქციონალი - პუტინის მიერ ამა თუ იმ პირისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზონა ან განსაკუთრებული მისია, რომელსაც გამორჩეული მნიშვნელობა აქვს პირადად პუტინისთვის.

3. პერსონალური ღირებულება პუტინისთვის - ეს არის კრიტერიუმი, რომელიც ადგენს შედის თუ არა რომელიმე ცალკეული მოთამაშე ან დაჯგუფება პუტინის პირად საახლობლოში, იმ წრეში, რომელსაც პუტინი უსმენს.

ამ სამი კრიტერიუმის მეშვეობით შესაძლებელია დიდი პოტენციალის მქონე ჯგუფების გამოკვეთა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ როგორც წლებმა აჩვენა პუტინთან პირადი სიახლოვე ჯერ კიდევ არ ნიშნავს დიდ პერსონალურ გავლენას. ანალოგიურად, ძალისმიერი ან ფინანსური რესურსები არ არის პოლიტიკური დღეგრძელობისა და უსაფრთხოების გარანტია.

N1 პუტინის პირადი ამალა

 

აღნიშნული დაჯგუფება ფაქტობრივად ვლადიმირ პუტინის პირად სამდივნოს და დაცვას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია რუსეთის პრეზიდენტთან ფიზიკურ სიახლოვეში მუშაობენ. ეს ადამიანები ყოველდღიურად ოპერატიულ რეჟიმში დაკავებულნი არიან ვლადიმირ პუტინის ცხოვრებისა და საქმიანობის ორგანიზებით. 

ამ წრეში შედიან ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში ორიენტირებულნი არიან პუტინის ფიზიკური და სამუშაო საჭიროებების უზრუნველყოფაზე, რაც მთავარია სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი პუტინის ფსიქოლოგიურ კომფორტზე. 

პარალელურად სწორედ ეს დაჯგუფება წარმოადგენს ვლადიმირ პუტინის პირად საკადრო რეზერვსაც. ცნობილია, რომ ამ წრეში შემავალ ადამიანებს ვლადიმირ პუტინი საკადრო ცვლილებების მთავარ წყაროდ განიხილავს. არამხოლოს იმ ადამინებს, რომლებიც მას პერსონალურად დაუახლოვდნენ არამედ, მათაც, ვინც თავი გამოიჩინეს სამსახურებრივი თვლასაზრისითაც.

ამ ჯგუფებიდან დაწინაურებული ადამიანების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი რუსეთის სხვადასხვა მხარის ახალი გუბერნატორები არიან. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის 4 რეგიონის გუბერნატორად დაინიშნენ ადამიანები, რომლებიც მანამდე ვლადიმირ პუტინის პირად დაცვაში მსახურობდნენ. 

ბოლო წლებში ამ დაჯგუფების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა - აქედან წავიდნენ ადამიანები, რომლებიც პუტინთან მის გაპრეზიდენტებამდე მუშაობდნენ. ძველ ნაცნობებს ანაცვლებს ახალი თაობა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი გარკვეულ პერპექტივას ხედავს.

მაღალი ალბათობით სწორედ ეს დაჯგუფება იქნება პუტინის მთავარი დაზღვევა ოდესმე ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაშიც. აქ ხაზგასასმელია, რომ ამ წრეში შემავალი ადამიანების უმრავლესობას არასდროს უმსახურია სხვა უფროსთან, გარდა ვლადიმირ პუტინისა. მათ შორის სწორედ ამითაც არის განპირობებული, რომ ამ წრეში შემავალი ფიგურები ელიტაში და კარგ ცხოვრებაში საგზურს პირადად პრეზიდენტისგან იღებენ, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევთ. 

პირადი ამალა ყოველდღიურ რეჟიმში აორგანიზებს ვლადიმირ პუტინის ცხოვრებასა და საქმიანობას - ისინი ათანხმებენ გრაფიკს, პროტოკოლს, ამზადებენ და აორგანიზებენ შეხვედრებს და რაც მნიშვნელოვანია ისინი უზრუნველყოფენ პუტინის ფიზიკურ უსაფრთხოებასაც. 

ამ დაჯგუფებაში ყველაზე გამოჩენილი ფიგურები ცხადია რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის [ФСО] წარმომადგენლები არიან. ამ დაჯგუფების ყველაზე გავლენიან წევრად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო მიიჩნევა. ამავე დაჯგუფებაში უნდა მოვიაზროთ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვიც. 

ეს მართლაც განსაკუთრებულია კატეგორიაა, რამდენადაც ამ წრეში შემავალი ბევრი ადამიანის ვინაობა საჯაროდ უცნობია. ამასთანავე ამ დაჯგუფებას სხვა ელიტური კლანებისგან განსხვავებით არ აქვს ცალკე გამოკვეთული პოლიტიკური მისია თუ პროექტი - ეს ხალხი პირველ რიგში და გამოკვეთილად ორიენტირებულია ვლადიმირ პუტინის სხვადასხვანაირი საჭიროებების და ფსიქოლოგიური კომფორტის უზრუნველყოფაზე. 

ამგვარად სწორედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები პუტინისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც პუტინის მიერ წარმოდგენილ გლობალურ და ადგილობრივ სურათს შეესაბამება.

ნაკლები საჯაროობა და პოლიტიკური გამოცდილების გამოცდილების არქონა ამ ჯგუფში შემავალ ფიგურებს გავლენას თვალსაზრისით არ ასუსტებს - მიუხედავად ამისა ისინი ჩართულები პირადად პუტინისთვის მნიშვნელოვან და ფასეულ დღის წესრიგში. 

პირადი ამალის რეალურ გავლენაზე სამსჯელოდ საინტერესო მაგალითს წარმოადგენს პუტინის პირადი რეფერენტურის ხელმძღვანელის დმიტრი კალიმულინის შემთხვევა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ კალიმულინი იყო იმ პროექტისა და ფედერალური მიმართვის სიტყვის ავტორი, რომლითაც ვლადიმირ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების იდეა დააანონსა. 

როგორც ცნობილია საკონსტიტუციო ცვლილების განხილვიდან ჩახსნილი იყო ელიტის დიდი ნაწილი და ამის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ცნობისთვის, კალიმულინი 51 წლისაა და თითქმის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, 1997 წლიდან პრეზიდენტის რეფერენტურაში მუშაობს. 

ბოლო წლებში ეს კატეგორია მნიშვნელოვნად გადახალისდა - დაცვის ფედერალურ სამსახურის [ФСО] ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღრმა როტაციის პროცესი დასრულდა. ამ როტაციის შედეგად თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თავისუფალი პოსტი ახალგაზრდა კადრებმა დაიკავეს, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი და რომელთა მთავარი ფუნქციაა ზუსტად გაიგონ და ეფექტურად შეასრულონ პუტინის დავალებები.


ანტონ ვაინო, ვლადიმირ პუტინი, ვიაჩესლავ ვოლოდინი და იგორ სეჩინი. 2016 წელი

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ამ დაჯგუფების რეალური ამოცანა პუტინის ფსიქოლოგიური კომფორტის უზრუნველყოფაა, მათი კარიერული წინსვლაც ამაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ეს ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად დაავიწროვონ ან საერთოდაც არ დაუშვან პუტინის ყურამდე ისეთი ცნობების მისვლა, რაც მის მკვეთრ უკმაყოფილებას გამოიწვევს. 

ამის დასადასტურებლად 2019 წელს, მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის ხმაურიანი დაკავების საქმეც გამოდგება - პრეზიდენტის ადმინისტრაციას კატეგორიულად არ ჭირდებოდა ასეთი სკანდალი - თანაც პეტერბურგის ეკონომიკური სამიტის დასკვნით დღეს, რომელშიც პირადად პუტინიც მონაწილეობდა. გოლუნოვის ხმაურიანმა დაპატიმრებამ ფაქტობრივად წყალში ჩაყარა წარმატებული ღონისძიება.

სწორედ ამიტომ გოლუნოვის საქმეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მყისიერი რეაქცია მოჰყვა - მათ მოთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დეტალური ანგარიში, პრაქტიკულად მყისიერად ჩამოაშორეს სამსახურს საქმეში მონაწილე სამართალდამცველები, ხოლო ჟურნალისტი მალევე გაათავისუფლეს. 

როგორც კი სკანდალი შედარებით დაცხრა, მინელდა პუტინის ადმინისტრაციის ყურადღებაც. გოლუნოვის საქმის მიმართ ინტერესი ადმინისტრაციის წევრებმა ვლადიმირ პუტინის დიდ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გამოიჩინეს. მოსალოდნელი იყო, რომ საქმესთან დაკავშირებით პუტინს კითხვას დაუსვამდნენ. როგორც აღმოჩნდა  გამოძიება აქტიურად მიმდინარეობდა, რაც მალევე საქმეში მონაწილე პოლიციელების დაპატიმრებით დასრულდა.

გამოუცდელობის მიუხედავად ამ დაჯგუფების წარმომადგენლები სწრაფად კრეფენ პოლიტიკურ წონას. ეს თავის მხრივ, ბოლო წლებში პუტინსა და ბიუროკრატებს, პრეზიდენტსა და პოლიტიკურ კლასს  შორის გაზრდილ დისტანციას უკავშირდება. როგორც უკრაინაში მიმდინარე ომით დადასტურდა პუტინი მიდრეკილია მნიშნველოვანი საკითხების განხილვების მაქსიმალური გასაიდუმლოებისკენ. ეს კი ნიშნავს, რომ მისი საკომუნაკაციო წრე ვიწროვდება, ამ პირობებში პირადი ამალის გავლენის ზრდა გარდაუვალი და ლოგიკურია. 

რუტინული ფინანსურ-ეკონომიკური თუ ბიუჯეტური საკითხების განხილვა დელეგირებულია მინისტრთა კაბინეტისთვის, პუტინი ყოველდღიური რუტინისგან სულ უფრო დისტანცირდება. ამის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენად შორს დაიჭირა პუტინმა თავი მის მეგობარ იგორ სეჩინსა და მთავრობის წევრებს შორის 2016 წელს მომხდარი კრიზისის დროს. 

მაშინ როსნეფტის ხელმძღვანელი ცდილობდა მთავრობა დაერწმუნებინა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია ბაშნეფტი მისთვის მიეყიდათ. სეჩინის ყოვლისშემძლეობაზე არსებული წარმოდგენების მიუხედავად აღმოჩნდა, რომ მას ამ საკითხში არ ჰქონდა პუტინს ცალსახა მხარდაჭერა. ბაშნეფტის საკითხი დიდ შიდა ელიტურ კონფლიქტად გადაიქცა, რაც საბოლოოდ ეკონომიკის მინისტრის, ალექსეი ულუკაევის დაპატიმრებით დასრულდა.

ულუკაევი ბაშნეფტის როსნეფტისთვის მიყიდვის წინააღმდეგი იყო. სეჩინმა ეს პრობლემა არა ვლადიმირ პუტინის ზურგით, არამედ უმეტესწილად თავისი თვითშემოქმედებისა და სილოვიკებში თავისი კადრების მეშვეობით გადაწყვიტა.

პუტინი განუხრელად ამცირებს კომუნიკაციას არამხოლოდ ბიუროკრატებთან არამედ, თავის ძველ და ყველაზე გამოცდილ თანამოაზრეებთან. მაღალი ალბათობით ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თანამოაზრეები და მეგობრები მას ხშირად  კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის და თავიანთი ინტერესების ლობირების და სხვა პირადი თხოვნებით მიმართავენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი პუტინის ყურადღებას მისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესო და უმნიშვნელო საკითხებისკენ მიმართავენ.

ამ დროს კი პირადი ამალა ყველა სხვა დაჯგუფებისგან განსხვავებით უჩუმრად და ერთგულად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ფუნქციას. მათ იციან რაზე ილაპარაკონ და რაზე გაჩუმდნენ პრეზიდენტთან. დაჯგუფების ამგვარი კომფორტულობა პუტინისთვის თავისთავად ზრდის მათ მნიშვნელობას. 

პუტინის პირადი ამალის პოლიტიზაციის კარგ მაგალითად გამოდგება 2019 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის შემთხვევა. მაშინ უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს რუსეთს მხრიდან ხელმძღვანელობდა არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან უკრაინის საკითხის მაშინდელი კურატორი, ვლადისლავ სურკოვი, არამედ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანტონ ვაინო.

ორგანიზატორული ფუნქცია მარტივად ითარგმნება გავლენის ინსტრუმენტში. 

პუტინის მმართველობის საწყის ეტაპზე მკვლევარები ყურადღებით აკვირდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად ჯერ კიდევ პეტერბურგის მერიაში საქმიანობის პერიოდიდან მუშაობდნენ. ამჯერად ასეთი ფუნქცია შესაძლოა სწორედ პირადმა ამალამ შეასრულოს. სწორედ ეს ადამიანები იქნებიან პუტინის გვერდით მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში. 

შესაძლოა ზოგიერთ მათგანს პუტინი ტესტავდეს ან მომავალში უფრო მაღალი და საპასუხისმგებლო თანამდებობებისთვის ამზადებდეს. მიუხედავად ამისა, ამ წრიდან გამოსული ნებისმიერი ფიგურა მაინც უცნობი მატერიაა, რომლებიც გაწვრთნილნი არიან მაქსიმალურად დამალონ ინდივიდუალობა, დამალონ პირადი ინიციატივა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ არიან ადამიანები, რომლებიც შეჩვეულნი არიან მსახურებას და არა მართვას. 

სავარაუდოა, რომ ამ წრიდან საჯარო პოლიტიკაში წასულ ფიგურებს მაინც გაუჭირდებათ, ეს არის არის მათი ბუნებრივი ჰაბიტატი.

N2 მეგობრები და თანამოაზრეები - სამი სახეობა, სამი ფუნქცია

 

პირადი ამალისგან განსხვავებით, რომელებიც ხშირად პოლიტიკური ანალიზის მიღმა რჩებიან, ვლადიმირ პუტინის პირადი მეგობრები და თანამოაზრეები ანალიტიკოსებისა და მკვლევარების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. 

საკმაოდ გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ქვეყანას სწორედ ვლადიმირ პუტინის პირადი მეგობრები მართავენ, მათ ხშირად მიაწერენ უმსხვილეს სახელმწიფო აქტივებს, დიდ გავლენას სილოვიკებზე და ხშირად უშუალოდ ვლადიმირ პუტინზეც. 

სწორედ ეს ადამიანები არიან დასავლური სანქციების სამიზნეები, სწორედ ისინი წარმოადგენენ პუტინის რეჟიმის სახეს დასავლეთში. ბევრი მკვლევარის აზრით, სინამდვილეში ამ დაჯგუფების მასშტაბური გავლენა ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებით მცირდება და სულ უფრო კონცენტრირებული ხდება კონკრეტული, შედარებით ვიწრო და არაპოლიტიკური საკითხების მიმართულებით.

ბოლო წლების განმავლობაში შესამჩნევი გახდა ვლადიმირ პუტინის დისტანცირება ამ წრის ადამიანებისგან, პრეზიდენტი სულ უფრო იშვიათად ხვდება თავის ძველ მეგობრებს. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ პუტინი კვლავ ენდობა ბევრ მათგანს, რომლებთანაც არაერთი ათწლეულია მეგობრობს. 

ამ წრეში შედიან ვლადიმირ პუტინის კოლეგები ჯერ კიდევ КГБ-ში მუშაობისა და გდრ-ში მსახურობის პერიოდიდან, ასევე, მისი სპარინგ პარტნიორები ძიუდოში და მისი ბიზნეს პარტნიორები პეტერბურგის მერიაში მუშაობის პერიოდიდან [ნაგულისხმებია კოოპერატივი ოზერო]. თავად ეს ერთი დიდი დაჯგუფება შესაძლოა 3 განსხვავებული ფუნქციის მატარებელ ქვე-კატეგორიად დაიყოს: 

სახელმწიფო ოლიგარქები

ნიკოლაი ტოკარევი, იგორ სეჩინი და ალექსეი მილერი

ამ დაჯგუფებაში მოიაზრებენ ადამიანებს, რომლებმაც პუტინის პირველი საკადრო ექსპანსიის წლებში [2000-2008 წწ] ჩაიბარეს უმსხვილესი სახელმწიფო აქტივები. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ისინი ფორმალურად ამ აქტივებს არა მფლობელები, არამედ მმართველები არიან. 

ამ ადამიანებს შორის არიან უკვე კარგად ცნობილები: იგორ სეჩინი [Роснефть], სერგეი ჩემეზოვი [Ростех], გერმან გრეფი [Сбербанк], ალექსეი მილერი [Газпром], ნიკოლაი ტოკარევი [Транснефть] და სხვები. 

მეგობრებისთვის აქტივების გადაბარებას თან ახლდა ვლადიმირ პუტინის მიერ დასახული ამოცანებიც. ასე მაგალითად: ჩემეზოვის მისიას წარმოადგენდა უმძიმესი 1990-იანი წლების შემდეგ მოეხდინა სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სექტორის გაჯანსაღება. ალექსეი მილერის ფუნქცია იყო ნებისმიერი მეთოდებით დაემყარებინა კონტროლი გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან გაზის რესურსზე, გერმან გრეფს კი ქვეყნის უმსხვილესი ბანკის სტაბილიზაცია და განვითარება დაეკისრა. 

ამ კატეგორიაში მკვეთრად გამოიყოფა იგორ სეჩინი, რომელიც თავს სხვებზე გაცილებით მეტის უფლებას აძლევს. სწორედ სეჩინი იდგა რუსეთის უმსხვილესი კერძო სანავთობო კომპანიის იუკოსის ლიკვიდაციისა და მისი მფლობელის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების უკან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ სეჩინს უკავშირდება ეკონომიკური განვითარების მინისტრის დაპატიმრება, რაც მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან კომპანია, ბაშნეფტის გაყიდვის საკითხს უკავშირდებოდა. 

სეჩინი ცნობილია მის მართვაში არსებული კომპანიის ინტერესების ძალიან აქტიური ლობირებით. ასევე უპრეცედენტო ამბიციებით, როგორც ნავთობის, ასევე, გაზის სექტორში. როგორც ჩანს, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ბოლო პერიოდში პუტინსა და სეჩინს შორის პირადი შეხვედრების ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა.

მიხაილ ხადარკოვსკი თავის სასამართლო პროცესზე. 2005 წელი

არის ვარაუდი, რომ პუტინს აღიზიანებდა როსნეფტის კორპორატიული ვალების ზრდა, სეჩინის მუდმივი თხოვნები სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერისა და პრივილეგიების შესახებ. პრობლემას წარმოადგენს როსნეფტის მუდმივი კორპორატიული კონფლიქტები სხვა მსხვილ მოთამაშეებთან. 

მმართველ ელიტაში პუტინის მეგობრების დომინაციის შესახებ პოპულარული აზრის მიუხედავად, ბევრი მკვლევარის აზრით, ბოლო პერიოდში მათი გავლენა სუსტდება. პუტინისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელია ახალგაზრდა კადრებთან მუშაობა, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური ამბიციები. 

პუტინსა და მის ძველ მეგობრებს შორის კავშირების შესუსტებას კიდევ ერთი ფაქტორი განსაზღვრავს - ბოლო წლებში პუტინი პრაქტიკულად ისტორიის წიგნებში ცხოვრობს, მისმა გატაცებამ ისტორიით არაჯანსაღი ობსესიის სახე მიიღო. ამ ფონზე გეოპოლიტიკური და ისტორიული გამოგინილი მისიებით გართული პუტინი ძველ მეგობრებსაც ზევიდან უყურებს. 

სახელმწიფო ოლიგარქი სახელმწიფოს მიერ ბოძებული სტატუსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტატუსი წართმევაც ნებისმიერ წამს შეუძლია, რაც პოლიტიკური კარიერის სრული კრახის ტოლფასია. ბევრი კომენტატორის აზრით, ძალაუფლების ჩაშვებული ტრანსფერის პირობებში და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სწორედ სახელმწიფო ოლიგარქები იქცნენ ყველაზე მოწყვლად დაჯგუფებად.

ამ დაჯგუფებაში შემავალი ფიგურების მოწყვლადობას კარგად აჩვენებს რუსეთის რკინიგზის ყოფილი შეფის, ვლადიმირ იაკუნინის კარიერაც - ერთდროს რუსეთის პოლიტიკური ოლიმპის ვარსკვლავისა და გარკვეულ წრეებში პუტინის შესაძლო მემკვიდრედ მოაზრებული ფიგურის კარიერა მისი გადაყენების წამშივე დამთავრდა. 

გარდა ამისა, ამ დაჯგუფების პოტენციალი შეზღუდულია იმითაც, რომ ყველაზე მძიმეწონიან მოთამაშეებს აღარ სურთ პოლიტიკაში დაბრუნება და სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათთვის სახელმწიფო სამსახური ვერ მოიტანს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ან სხვა ტიპის სარგებელს, სამაგიეროდ მოაქვს დიდი პასუხისმგებლობა და სასჯელი ჩავარდნის შემთხვევაში.

თუ რუსეთში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ოლიგარქების კასტას საკუთარი დომენების მიღმა, ფაქტობრივად არ აქვს გავლენის ბერკეტები. პუტინის მეგობრების გავლენა მნიშვნელოვნად მითოლოგიზირებულია. სინამდვილეში, ბოლო წლების განმავლობაში იგორ სეჩინი წარუმატებლად ლობირებდა გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის და გაზპრომის რეფორმირების იდეას. 

მკვეთრად შემცირდა სეჩინის გავლენა სილოვიკებზეც, ალექსეი ულუკაევის დაკავებას შეეწირა ФСБ-ს გენერალ ოლეგ ფეოკტისტოვის თანამდებობა. სწორედ ფეოქტისტოვი ხელმძღვანელობდა ულუკაევის დაკავების სპეცოპერაციას, ის პრაქტიკულად სეჩინზე მუშაობდა. ულუკაევის დაპატიმრების სკანდალის შემდეგ, ფეოქტისტოვი ФСБ-დან დაითხოვეს და ამჟამად როსნეფტის ჯიბის ბანკში, პერესვეტშია დასაქმებული.

სეჩინის შემცირებულ გავლენაზე მეტყველებს ისიც, რომ მან ვერ შეძლო როსნეფტის საინვესტიციო პროექტებისთვის საჭირო თანხების მიღება რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან. 

ამ კასტის შედარებით სუსტი პოლიტიკური გავლენის დასადასტურებლად გამოდგება სერგეი ჩემეზოვის მაგალითიც. ჩემეზოვი პუტინთან ჯერ კიდევ გდრ-ში მსახურობის პერიოდიდან მეგობრობს. ამ კატეგორიაში შემავალი სხვა ფიგურებისგან განსხვავებით ჩემეზოვი ამ დრომდე ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას მინისტრთა კაბინეტზე - მათ შორის "ჩემეზოვის კაცად" მიიჩნევა ვაჭრობის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი და ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი, იური ბორისოვი.

ჩემეზოვის ახლო კავშირები აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ანტონ ვაინოსთანაც, რომლის მამაც დიდი ხანია ჩემეზოვის მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კორპორაციის ბორდის წევრია. მიუხედავად ამისა, როგორც გამოცდილება აჩვენებს პოლიტიკური პრობლების წარმოშობისას ჩემეზოვი თითქმის უძლურია. 

ამის დასადასტურებლად შეგვიძლია 2019 წელს მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციები გავიხსენოთ, რომელიც ხელისუფლებამ იმ დროისთვის უჩვეულო და მოულოდნელი უხეში ძალით დაარბია. ადგილობრივი საკრებულოების არჩევნებზე არ დაუშვეს არცერთი ოპოზიციური კანდიდატი. მაშინ ჩემეზოვმა ხელისუფლების მოქმედებები საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სოციალური გაღიზიანების შემდგომი უგულებელყოფა კრემლისთვის შესაძლოა ცუდად დამთვარდეს. 

ჩემეზოვის ეს პოზიცია მკვეთრ ოპოზიციაში მოდიოდა კრემლის ოფიციალურ ხაზთან და საბოლოოდ არცერთ ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული. 

ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ პუტინო სახელმწიფო ოლიგარქებს მათი უშუალო პასუხისმგებლობის ზონიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. ამასთანავე "ძველი მეგობრები" სულ უფრო იშვიათად მოდიან მასთან სახელმწიფო პოლიტიკისთვის მნშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. როგორც წესი ძველი მეგობრები პრეზიდენტს მათი კომპანიებისთვის სასარგებლო კანონის, საგადასახადო შეღავათის ან სხვა ტიპის პრივილეგიებს სთხოვენ. 

ამავდროულად, პუტინის წარმოდგენით მისი მეგობრების კორპორატიული ინტერესები სულ უფრო ხშირად სცილდება სახელმწიფო ინტერესებს. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო ოლიგარქები სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში.

ამ სუსტი მხარეების მიუხედავად, სახელმწიფო ოლიგარქების ხელში კვლავ რჩება დღევანდელ რუსეთში ალბათ ყველაზე ფასეული აქტივი, რასაც ვლადიმირ პუტინის ნდობა ჰქვია - ეს ხალხი ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინთან ერთად მოვიდა, ისინი ეხმარებოდნენ პრეზიდენტის "ძალაუფლების ვერტიკალის განმტკიცებაში", ისინი ებრძოდნენ ოლიგარქებს და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სრულად ჩაანაცვლეს ისინი.

იგორ სეჩინი და ვლადიმირ პუტინი 1990-იანი წლები

სახელმწიფო ოლიგარქებთან დაკავშირებული მთავარი ინტრიგა ამ წრეში შემავალი ფიგურების განწყობები და გეგმებია. - გავრცელებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ ამ წრეში შემავალი ადამიანები შესაძლოა სულაც არ იყვნენ მმართველი ელიტის ყველაზე კონსერვატიულად განწყობილი წრეები. 

მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრიტიკულად დამოკიდებულები არიან პუტინსა და სახელმწიფოზე, ისინი ასევე, წარმოადგენენ მსხვილ და როგორც წესი საერთაშორისო ბიზნესს. ამ წრეში შემავალი ფიგურების მიერ კონტროლირებად კორპორაციებს მჭიდრო კავშირები აქვთ უცხოურ ბიზნეს წრეებთან და კომპანიებთან. შესაბამისად, დასავლეთთან მიმდინარე უპრეცედენტო ეკონომიკური და პოლიტიკური კონფრონტაცია მათთვის ძალიან არასასურველია. 

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ამ დროისთვის სისტემური ლიბერალების როლს სწორედ პუტინს პირადი მეგობრები ასრულებენ, სწორედ მათ აზიანებს ყველაზე მეტად კრემლში გაბატონებული ულტრა-კონსერვატიული ტრენდი და არნახული ესკალაცია დასავლეთთან.

სახელმწიფო მენეჯერები - პუტინის ბიუროკრატული საყრდენი

ალექსეი კუდრინი და სერგეი ივანოვი

პუტინის მეგობრებისა და თანამოაზრეების ფართო წრეში შემავალი კიდევ ერთი კატეგორიას შესაძლოა სახელმწიფო მენეჯერები ვუწოდოთ. ეს ადამიანები არ არიან დაკავებულები ბიზნესით, მაგრამ იკავებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას. ამ ადამიანებს შორისაა დმიტრი მედვედევი, სერგეი ივანოვი, დმიტრი კოზაკი, ალექსეი კუდრინი. ადამიანები, რომლებიც პუტინთან მის გაპრეზიდენტებამდე მუშაობდნენ და დღემდე ინარჩუნებენ მასთან სიახლოვეს. 

საინტერესოა, რომ ერთ დროს ვლადიმირ პუტინის მემკვიდრე დმიტრი მედვედევი სწორედ ამ წრის წარმომადგენელია. აქვეა სერგეი ივანოვიც, რომელიც 2008 წელს მედვედევის მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა. 

როგორც სახელმწიფო ოლიგარქების შემთხვევაში, პუტინსა ამ წრეს შორის დისტანციის ზრდა აშკარაა. 2016 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა სერგეი ივანოვმა - ეს თანამდებობა მისთვის ძალიან რთული და დატვირთული აღმოჩნდა, რაც ფასეული პრივილეგიების გარეშე ყოველწამიერ ჩართულობას და დიდ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. ამჟამად ივანოვი უსაფრთოხების საბჭოს მუდმივი წევრი და პუტინის სპეციალური წარმომადგენელია.

ამ კატეგორიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსეი კუდრინი, მთავრობიდან ჯერ კიდევ მედვედევმა, მასთან მწვავე კონფლიქტის გამო დაითხოვა. პუტინის დაბრუნების შემდეგ კუდრინი მთავრობაში არ დაბრუნებულა. მან უარი თქვა პოსტზე პრეიზიდენტის ადმინისტრაციაშიც და 2018 წლეს რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ფორმალური ჩამოქვეითების მიუხედავად, კუდრინი კვლავ ინარჩუნებს წვდომას პუტინზე და როგორც მიიჩნევა მთავრობის მუშაობის ეფექტურობის შეფასებაში პუტინის სანდო მრჩეველია. კუდრინი ერთგვარად მთავრობის მაკონტროლებელის ფუნქციას ასრულებს.

2020 წლის დასაწყისში განხორციელებულმა სამთავრობო ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ტრენდი - პუტინის მეგობრები დისტანცირდებიან ოფიციალური სახელისუფლებო თანამდებობებისგან. 2 წლის წინ განხორციელებული ცვლილებების შედეგად რუსეთის მთავრობაში აღარ დარჩა პუტინის არცერთი მეგობარი და თანამოაზრე. დმიტრი მედვედევი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს კი ერთ-ერთი სახელმწიფო კორპორაცია ჩააბარეს. 

დმიტრი კოზაკი, რომელმაც ბოლო წლებში საგრძნობი პოლიტიკური წონა შეიძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ გადაიყვანეს. კოზაკმა გათავისუფლებული ვლადისლავ სურკოვის საქმე გადმოიბარა და უკრაინის საკითხის კურატორი გახდა. დმიტრი კოზაკი ვლადიმირ პუტინთან, ჯერ კიდევ პეტერბურგის მერიაში მუშაობდა. სწორედ კოზაკი ხელმძღვანელობდა სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებს, ის იყო ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის საკითხის კურატორიც. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის პუტინის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

ამგვარად, ამ წრიდან სახელისუფლებო ვერტიკალში მხოლოდ დასახელებული 4 ფიგურაა დარჩენილი, თუმცა გაძლიერების ტენდენცია მხოლოდ დმიტრი კოზაკს აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენებმა კარიერული პიკი უკვე გაიარეს და ბოლო წლებში დაღმასვლას განიცდიან. 

ყველაზე შესამჩნევი მაინც ერთდროს მეორე კაცის დმიტრი მედვედევის დასუსტებაა - ის ჩამოაშორეს მთავრობას, თუმცა პუტინმა მასთან სიახლოვე შეინარჩუნა და უსაფრთხოების საბჭოში მის მოადგილედ დანიშნა. 

დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი

მისი სპეცწარმომადგენლის სტატუსში პუტინს ახლოს ჰყავს სერგეი ივანოვიც, რომლიც ამ დროისთვის ძირითადად როსტეხთან ერთობლივ პროექტებზეა ორიენტირებული. პუტინთან პერსონალური სიახლოვის მიუხედავად, პოლიტიკური ფუნქციონალითაა შეზღუდული ალექსეი კუდრინი. 

მათი გავლენის დაღმასვლის მიუხედავად, ამ ფიგურებს ვლადიმირ პუტინის წინაშე გარკვეული პირადი დამსახურებები აქვთ, პირველ რიგში მათ პრეზიდენტის ერთგულება წლების განმავლობაში დაამტკიცეს. მათ უარი თქვეს პირად ბიზნესზე, ამავდროულად მათ გამოავლინეს მზაობა აიღონ პასუხისმგებლობა რთულ მისიებზე. 

მიიჩნევა, რომ ვლადიმირ პუტინი აფასებს ლოიალობას, სწორედ ამით საბუთდებოდა, რომ მთავრობის კაბინეტის კატასტროფულად დაბალი ეფექტურობის მიუხედავად მედვედევი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა პრემიერის პოსტს. მან ეს პუტინის უსიტყვო მორჩილებით და უამრავი დამცირების ატანით დაიმსახურა. 

მიუხედავად ამისა, ამ ფიგურებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება - თუ კი მედვედევი ხელახლად არ იქნება არჩეული მემკვიდრედ, რაც ნაკლებ სავარაუდოა, მან უკვე მიაღწია თავის მაქსიმუმს. ალექსეი კუდრინი შექმნილი მოცემულობისთვის დაუშვებლად ლიბერალურია. სერგეი ივანოვმა როგორც ჩანს საბოლოოდ დაკარგა ინტერესი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის მიმართ. 

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს ადამიანები მოკლებულები არიან პირად თავისუფლებას და არჩევანს - ისინი არასდროს წავლენ პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ პუტინისთვის სულ უფრო რთული ხდება მათი კარიერული დაწინაურება. 

კერძო ბიზნესი და პოლიტიკური მომსახურება

გენადი ტიმჩენკო და არკადი როტენბერგი

არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით საინტერესოა პუტინის მეგობრებისა და თანამოაზრეების მესამე ქვეკატეგორია - კერძო ბიზნესი. ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანების ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ 2010-იან წლებში გახდა. მიუხედავად ამისა, პუტინის გარემოცვის სხვა წევრებთან შედარებით სწორედ ამ წრის ადამიანები არიან აღმავალ ტრენდზე და მათი გავლენა ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება. 

ამ წრეში შემავალი ფიგურები არიან: ძმები არკადი და ბორის როტენბერგები, მიხაილ და იური კოვალჩუკები, გენადი ტიმჩენკო, მამა-შვილი შამალოვები, ევგენი პრიგოჟინი და სხვები. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების პირადი ქონების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო შეკვეთების, თუ სახელმწიფოსთან სხვა ტიპის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგადაა დაგროვილი, წინა ორი ქვეკატეგორიისგან განსხვავებით მათ სახელმწიფოსთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ. 

ამ წრეში შემავალი ადამიანების უმეტესობა პეტერბურგიდანაა და პუტინთან სწორედ აქ დაახლოვდნენ. პუტინისა და ამ ადამინების დაახლოება დაკავშირებულია არა სახელმწიფო სამსახურთან, არამედ არაფორმალური ბიზნეს კავშირებთან. ზუსტად ისინი არიან დღეს უკვე კარგად ცნობილი კოოპერატივ ოზეროს მონაწილეები. სწორედ ამ წრეში შემავალი ადამიანები ფლობენ ბანკ როსიას, რომელსაც პუტინის საფულედაც მოიხსენიებენ. აქვე არიან პუტინის სპარინგ-პარტნიორები ძიუდოში.

ამ წრის აქილევსის ქუსლი ყოველთვის ოფიციალური ძალაუფლებისგან დისტანცირება იყო. არცერთი მათგანი არ იკავებდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობას და არ მონაწილეობდა "ძალაუფლების ვერტიკალის განმტკიცების პროცესში".

ეს ადამიანები პრეზიდენტთან ახლო კავშირების კაპიტალიზაციას კერძო ბიზნესში ახდენდნენ, თუმცა ეს ბიზნესი ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული სახელმწიფო ინტერესებთან. სწორედ ამ სახელმწიფო კონტრაქტების მეშვეობით, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა შიდაელიტური კვაზი-კოალიციები, მაგალითად: როტენბერგების და გაზპრომის, ტიმჩენკოსა და სახელმწიფო ნავთობ-კომპანიების.

ამ ფიგურების აღმასვლის წარმატების საიდუმლო ის არის, რომ პუტინისთვის მნიშვნელოვანი ამოცენების შესრულების გარდა, ისინი მზად არიან თავზე აიღონ რთული და სარისკო პოლიტიკური მნიშვნელობის პროექტები. ამით კი კიდევ უფრო ზრდიან თავისი მომსახურების საჭიროებას და ფასს. 

ამის მაგალითია არკადი როტენბერგი, რომლის კომპანიამაც მკაცრი სანქციების რისკის მიუხედავად, მაინც ააშენა პუტინისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რუსეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ხიდი. მის პირად მზარეულად ცნობილი, ევგენი პრიგოჟინი პრეზიდენტისთვის კიბერ-ომებს და სხვადასხვა კონტინენტზე კერძო სამხედრო კამპანიებს უზრუნველყოფს.

ამ სურათში ცალკე უნდა გამოვყოთ ძმები კოვალჩუკები. კერძოდ, იური კოვალჩუკი ფლობს არამხოლოდ მნიშვნელოვან ბანკს, არამედ სწორედ ის იდგას უმსხვილესი სახელმწიფო მედია ჰოლდინგის, ეროვნული მედია ჯგუფის უკანაც. სწორედ ამ ჰოლდინგში შედის რუსეთის უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული ტელევიზიები თუ საინფორმაციო სააგენტოები. 

ძმები მიხაილ და იური კოვალჩუკები

იმის გათვალისწინებით, რომ საინფორმაციო პოლიტიკა უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმართება, კოვალჩუკი ორმაგ სარგებელს იღებს - ამ პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებაა. 

თუმცა კოვალჩუკები წარმოადგენენ არამხოლოდ უმსხვილეს ფინანსურ და მედია რესურსს, არამედ მათ დაქვემდებარებაშია კიდევ ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაცია როსატომი, რომელიც ბირთვულ ენერგეტიკას განაგებს. ენერგეტიკის გარდა, როსატომი აქტიურადაა ჩართული ახალი ბირთვული იარაღის შემუშავებასა და არქტიკის ათვისების პოლიტიკაშიც. 

როსატომთან მჭიდროდ თანამშრომლობს კურჩატოვის ინსტიტუტი, რომელსაც თავის მხრივ, იური კოვალჩუკის ძმა, მიხაილი ხელმძღვანელობს. მიხაილ კოვალჩუკი ვლადიმირ პუტინის პირადი მეგობარია. მიიჩნევა, რომ ის ხშირად უწევს კონსულტაციას პრეზიდენტს ბირთვული ენერგეტიკისა და ბიოლოგიური იარაღის საკითხებში, რაც ბოლო წლების განმავლობაში პუტინის კიდევ ერთ ობსესიად გადაიქცა. 

მმართველ ელიტაში არცთუ უმნიშვნელო პოზიცია უკავია იური კოვალჩუკის შვილს, ბორისს, რომელიც 2009 წლამდე როსატომის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2009 წლიდან რუსეთის ელექტროენერგიის ექსპორტიორი მონოპოლისტის ინტერ-რაოს ხელმძღვანელობს. 

როგორც ცნობილია კოვალჩუკებთან ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც წინა წლებში როსატომს ხელმძღვანელობდა. 2016 წლიდან კირიენკო ადმინისტრაციაში შიდა პოლიტიკის საკითხებს კურირებს. არსებული ინფორმაციით, კირიენკო მჭიდრო კავშირშია იური კოვალჩუკის მიერ დაქირავებულ პოლიტ-ტექნოლოგებთან. მათი თანამშრომლობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასაც მოიცავს. 

ამ კატეგორიის თავისებურებას და მნიშვნელოვან უპირატესობასაც წარმოადგენს ის, რომ ამ წრის წარმომადგენლებს გააჩნიათ მსხვილი ფინანსური, მედია თუ სხვა ტიპის რესურსი, რომელსაც სახელმწიფო დროგამოშვებით თავისი მიზნებისთვის იყენებს. ჩამოყალიბებულია ურთერთსასარგებლო სიმბიოზი - კრემლი უზრუნველყოფს პატრონაჟს, სამაგიეროდ პუტინის კერძო ბიზნესმენები იძლევიან მათი აქტივების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას. 

წლების განმავლობაში დაგროვილი და ამ დროისთვის მათ მიერ კონტროლირებადი რესურსების ფონზე, ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებულები სახელმწიფოზე. მეტიც, პუტინის პირადი მეგობრების იმ წრისგან განსხვავებით, რომლებიც პრეზიდენტთან თავისი პირადი თხოვნებით ადიან, აქ მოცემულობა საპირისპიროა. ეს ფიგურები ხელისუფლებას და ვლადიმირ პუტინს ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობენ. 

ურთიერთობების ამგვარი მოდელი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ სწორედ ამ წრის ადამიანები აკრეფენ წონას და გავლენას როგორც ძალაუფლების მიმდინარე ტრანზიტის, ასევე უკრიანაში მიმდინარე ომის ფონზეც. კირიენკოს მოსვლის შემდეგ, გაიზარდა ამ ჯგუფის გავლენა შიდა პოლიტიკის საკითხებზე, თუმცა მზარდია მათი გავლენა მთავრობაზეც. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ ციფრული განვითარების მინისტრს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები აქვს იური კოვალჩუკთან. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელისუფლებო ვერტიკალის დასუსტების შემთხვევაში ხეირს სწორედ პუტინის კერძო ბიზნესმენები ნახავენ. დასავლეთთან გართულებული ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოს სულ ხშირად დასჭირდება მათი მომსახურება. სახელმწიფოსთან შემჭიდროვებული თანამშრომლობისა და პუტინის პირადი ნდობის ხარჯზე, ეს ფიგურები შედარებით სწრაფად შეძლებენ დამოუკიდებელ აქტორებად გადაქცევას. 

ამ დაჯგუფების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისუბურება ის არის, რომ სახელმწიფო ოლიგარქებისგან განსხვავებით, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესში არიან ჩართულები, მათი აქტივები გაცილებით უფრო ნაკლებად ინტეგრირებული საერთაშორისო ბიზნესში. აქედან გამომდინარე, ისინი შესაძლოა გაცილებით უფრო კონსერვატიულები იყვნენ, ვიდრე მათი კოლეგები სახელმწიფო ბიზნესიდან. 

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დასავლეთთან არსებული დაძაბულობით თუ ვინმე პირდაპირ ხეირობს სწორედ ეს დაჯგუფებაა. ისინი არ წავლენ რეპრესიების გაფართოებისა და რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრების წინააღმდეგ. 

ამ დაჯგუფების კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს მათი განსაკუთრებული სიახლოვე სილოვიკებთან, ასე მაგალითად მიიჩნევა, რომ იური კოვალჩუკს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს საგარეო დაზვერვის სამსახურთან და თავდაცვის სამინისტროსთან. რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან [ГРУ] პარტნიორული კავშირები აქვს ევგენი პრიგოჟინს. დაცვის ფედერალურ სამსახურთანაა [ФСО] დაახლოებული გენადი ტიმჩენკო. 

ამ ფაქტორების ერთობლიობა რუსეთის ხელისუფლების უკიდურესად კონსერვატიულ ტენდენციების გათვალისწინებით ამ დაჯგუფების ვლადიმირ პუტინის ყველაზე ახლო და ეფექტურ მოკავშირედ აქცევს.

N3 ბიუროკრატები პოლიტიკური ფუნქციით

 

როგორც წესი ვლადიმირ პუტინის რეჟიმი მის მეგობრებთან, ოლიგარქებთან და იდეოლოგებთან ასოცირებდა, მაშინ როდესაც იჩაგრება ჩინოვნიკების კიდევ ერთი კატეგორია, რომელთა წონაც ბოლო წლების განმავლობაში მნშიშვნელოვნად გაიზარდა - ესენი არიან ე.წ. ტექნოკრატები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში რეჟიმის ბიუროკრატიულ საყრდენებად გადაიქცნენ. 

ზოგადად, ნებისმიერი ელიტის დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება - პოლიტიკური და ტექნოკრატული: პოლიტიკური ელიტა განსაზღვრავს განვითარების მიმართულებას, პოლიტიკურ შინაარსს, ადგენს იდეოლოგიურ ჩარჩოებს და იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ტექნოკრატების ფუნქცია ამ გადაწყვეტილებების შესრულებაა. 

ტექნოკრატები სახელმწიფო ბიუროკრატიის ის ნაწილია, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ ელიტას, ხორცს ასხამს მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ მონაწილეობს მისი მიღების პროცესში. ილუსტრაციისთვის - პუტინის მეგობრები და თანამოაზრეები პოლიტიკურ ელიტას განეკუთვნებიან, მაშინ როდესაც პუტინის პირადი ამალის წარმომადგენლები პუტინთან განსაკუთრებით დაახლოებული, მაგრამ მაინც ტექნოკრატები არიან. 

ბოლო წლებში სულ უფრო შესამჩვენია პუტინის გაღიზიანება გარშემომყოფების პოლიტიკური ამბიციებით. ამის კარგია მაგალითია ვიაჩესლავ ვოლოდინის შემთხვევა - 2016 წლამდე ვოლოდინი ადმინისტრაციაში შიდა პოლიტიკას კურირებდა, თუმცა მომაბეზრებელი ინიციატივურობისა და აქტიურობის გამო, ის დუმის სპიკერად დააქვეითეს.

როგორც ნებისმიერ სხვა ავტოკრატულ სახელმწიფოებში, აქაც მიმდინარეობს რეჟიმის დეპოლიტიზაცია - ტექნოკრატები სულ უფრო ავიწროვებენ პოლიტიკურ ფიგურებს. ამაზე მეტყველების შიდა პოლიტიკის კურატორის პოსტზე ვოლოდინის შემცვლელის ვინაობაც. ამ თანამდებობაზე ვოლოდინი სერგეი კირიენკომ შეცვალა, რომელმაც სრულად "ჩამოირეცხა" პოლიტიკური წარსული და დღეს წმინდა ადმინისტრატორად პოზიცინიორებს. მისი ფუნქცია არა რამის შექმნა, არამედ არსებულის მოწესრიგება და პოლიტიკური ველის ადმინისტრირებაა. 

კირიენკო წარმოადგენს ტექნოკრატების განსაკუთრებულ კასტას, რომლებსაც პოლიტიკური ფუნქციები აქვთ. პუტინის მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან განსხვავებით ამ კატეგორიაში შემავალი ფიგურები არ იყვნენ ახლოს ან საერთოდ არ იცნობდნენ ვლადიმირ პუტინს გაპრეზიდენტებამდე. ამ წრეში შემავალი ბევრი ტექნოკრატის კარიერა ელცინის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, თუმცა სერიოზულ წარმატებებს და აღმასვლას მათ სწორედ პუტინის პრეზიდენტობისას მიაღწიეს. ისინი არ შეადგენდნენ პუტინის უახლოეს წრეს, მაგრამ მასთან მუშაობის წლებში პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობა მოიპოვეს. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ეკონომიკის ყოფილი მინისტი ოლიგარქების გარემოცვაში

ბევრი მკვლევარის აზრით, პრაქტიკულ დონეზე სწორედ ამგვარი ტექნოკრატები წარმოადგენენ პუტინის რეჟიმის მთავარ საყრდენს. სწორედ ამ ადამიანების პასუხისმგებლობაა პუტინის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესრულება. ეს კატეგორია განსაკუთრებულია იმითაც, რომ ჩვეულებრივი ბიუროკრატიისგან განსხვავებით აქ ნებადართულია შეზღუდული ავტონომია.

ამ წრეში შემავალ ადამიანებს აქვთ ინდივიდუალობის გამოვლენისა და პირადი ხაზის განვითარების საშუალებაც. რუსეთის შიდა პოლიტიკაში ბოლო წლების მთავარი ტრენდიც სწორედ ასეთი ფიგურების გაძლიერება და სახელმწიფო მანქანის ფუნქციონირებაში მათი როლის ზრდაში გამოიხატებოდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთ ფიგურას პირველ რიგში სერგეი კირიენკო და ალექსეი გრომოვი წარმოადგენენ. მთავრობაში ეს კატეგორია წარმოდგენილია ანდრეი ბელოუსოვის [ეკონომიკის მინისტრი] იური ტრუტნევის [ვიცე-პრემიერი], ანტონ სილუანოვის [ფინანსთა მინისტრი], სერგეი ლავროვისა [საგარეო საქმეთა მინისტრი] და სერგეი შოიგუს [თავდაცვის მინისტრი] სახით. 

განსაკუთრებული პოლიტიკური მისიის მქონე ტექნოკრატების რიგს უნდა მივაკუთვნოთ რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც. სულ ცოტა ხნის წინ ამავე წრეს ეკუთვნოდა ვლადისლავ სურკოვი, რომელიც ადმინისტრაციაში დონბასისა და მთლიანად უკრაინის საკითხს კურირებდა.

ამ ადამიანების ნაწილი [ალექსეი გრომოვი, სერგეი შოიგუ, სერგეი ლავროვი] პუტინს ელცინის დროიდან, მემკვიდრეობით ერგო. ამ ეშელონი მეორე ნაწილი შეამჩნიეს და პოლიტიკურად გამოზარდეს პუტინის მმართველობის და მისი რეჟიმის განმტკიცების წლებში [სერგეი სობიანინი, ელვირა ნაბიულინა, ანტონ სილუანოვი, ანდრეი ბელოუსოვი]. 

თუ ფაქტებით ვიმსჯელებთ მმართველი ელიტის ეს ნაწილი სხვებთან შედარებით გაცილებით მობილური და მოქნილია, ხოლო მასში წევრობა შედარებით მერიტოკრატულ პრინციპებზეა დამოკიდებული. ამ კატეგორიაში შემავალი ფიგურების კარიერული წინსვლა დამოკიდებულია დაკისრებული სამუშაოს წარმატებით შესრულებაზე. 

თითოეული პოლიტიკური ტექნოკრატი პუტინის ხედვით უმნიშნველოვანეს საქმეს ხელმძღვანელობს, რასაც თან ახლავს განსაკუთრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ასე მაგალითად ელვირა ნაბიულინა პასუხისმგებელია მაკრო-ეკონომიკურ სტაბილურობაზე და საბანკო ინფრასტრუქტურის გამართულობაზე. ანდრეი ბელოუსოვი ეკონომიკურ ზრდაზე, ანტონ სილუანოვი ბიუჯეტის სტაბილურობაზე. 

უკვე მრავალი წელია ლავროვის დაქვემდებარებაშია საგარეო პოლიტიკა. სერგეი კირიენკო განაგებს საშინაო პოლიტიკას, გუბერნატორებისა და ადგილობრივი არჩევნების საკითხს. სერგეი სობიანინის პასუხისმგებლობის ზონას დედაქალაქი მოსკოვი წარმოადგენს. განსაკუთრებული მისია აქვს, სერგეი შოიგუს, რომელმაც არმიის მოდერნიზაცია და სამხედრო კამპანიების წარმატება უნდა უზრუნველყოს.

ალექსეი გრომოვი და ვლადიმირ პუტინი

თვალშისაცემია, რომ ამ წრეში შემავალი ფიგურები ინარჩუნებენ მაღალი ხარისხის ავტონომიას და გავლენას მათზე დაკისრებულ სამუშაო მონაკვეთზე. ამ ქვეკატეგორიაში შემავალი ფიგურების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მათი დათხოვნა პუტინისთვის ფსიქოლოგიურად ყველაზე რთულია - ამ პირებთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე. გარდა ამისა ცნობილია პუტინის რბილი დამოკიდებულება სამუშაო პროცესში გამოვლენილ შეცდომებთან დაკავშირებით. 

ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ტექნოკრატების ეშელონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება - რუსეთის მმართველ ელიტაში უმრავლესობაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც პუტინთან ძველი ნაცნობობით ვეღარ დაიტრაბახებენ. 

ეს კი ნიშნავს, რომ სულ უფრო ხშირად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ ადამიანები, რომლებიც პუტინის ძველი მეგობრები არ არიან. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ გავრცელებული წარმოდგენის ფონზე, რომ პუტინი მხოლოდ "თავისიანებს" წყალობს და აწინაურებს. პრაქტიკა საპირისპიროზე მეტყველებს - ფსონი ხშირად კეთდება ფიგურებზე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს, თუნდაც ისინი არ იყვნენ პუტინის უახლოესი გარემოცვიდან. 

უპირატესობების გარდა ამ კატეგორიას აქვს თავისი ლიმიტებიც - პირველ რიგში როგორც აღვნიშნეთ ისინი ტექნოკრატებია არიან, რაც ნიშნავს, რომ დიდწილად ისინი მოკლებულები არიან პოლიტიკური ინიციატივის გამოვლენის საშუალებას. ამ წრეში შემავალი ადამიანებისგან ნაკლებად უნდა ველოდოთ პოლიტიკურ შემოქმედებას - ისინი შემსრულებლები არიან. 

ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ. 2000-იანი წლები

მაგრამ პუტინისგან ბოძებული მისია, მათი სტატუსის პოლიტიზაციას იწვევს. ეს ლოგიკურად ხსნის თუ რატომ უჭირს ვლადიმირ პუტინს სერგეი ლავროვთან გამომშვიდობება, რომელმაც კულუარული ცნობებით, არაერთხელ ითხოვა პენსიაზე გასვლა. ამაზე მეტყველებდა ვლადისლავ სურკოვის შემთხვევაც, რომლის წასვლაზეც საუბრები ორი წლით ადრე დაიწყო. მისი გათავისუფლების განკარგულებასაც პუტინმა ხელი ამბის გავრცელებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ მოაწერა.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ წრეში შემავალი ადამიანების წარმატება და კარიერული წინსვლა მათ მიერ ნაჩვენები რეზულტატებით იქნება განსაზღვრული მნიშვნელოვანია წარმატების საზომის განსაზღვრა. როგორც ჩანს სწორედ ამით არის განპირობებული პუტინის "ჩაციკვლა" სხვადასხვა მაჩვენებლებზე და ციფრებზე: რეიტინგები, კოეფიციენტები, ათასგვარი ინდიკატორები, დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ კრემლში ბოლო წლების განმავლობაში წარმოიქმნა დაკვეთა არა რეალურ ვითარებაზე, არამედ შელამაზებულ სურათზე. ამაზე მეტყველებს რუსეთის სტატისტიკის პალატის საეჭვო მანიპულაციები სხვადასხვა მაჩვენებლებთან და მეთოდოლოგიებთან. ამაზე მეტყველებს სოციოლოგიური სამსახურების მეტად უცნაური ექსპერიმენტული მეთოდოლოგიების დანერგვა ვლადიმირ პუტინის პირადი რეტინგის გაზომვისას.

პოლიტიკური ტექნოკრატების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინიც. მოლოდინების საპირისპიროდ მიშუსტინი არ გამოდგა ტექნიკური პრემიერი და პოლიტიკური წონაც შეიძინა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მიშუსტინმა მედვედევისგან განსხვავებით, მისი 9 მოადგილიდან 4 თავად დანიშნა. მიშუსტინმა პუტინისგან პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დავალებების გადაწყვეტის კურთხევაც მიიღო. 

მიშუსტინის მთავრობა ბევრად უფრო კონსოლიდირებულად გამოიყურება, ვიდრე მედვედევის კაბინეტი. მიუხედავად ამისა, მიშუსტინი მაინც არ წარმოადგენს პოლიტიკურ პრემიერ-მინისტრს - საჯარო პოლიტიკაში გამოცდილების, საკუთარი დღის წესრიგისა და იდეოლოგიური შეფერილობის არქონა მიშუსტინის პოლიტიკოსის რანგში გადაყვანის საშუალებას არ იძლევა. 

ამის დასადასტურებლად გამოდგება ისიც, რომ ვლადიმირ პუტინი პირადად არ მივიდა დუმაში, როდესაც დეპუტატები მიშუსტინის კანდიდატურაზე მსჯელობდნენ. მიშუსტინის პოლიტიკური წონით დამძიმების სურვილის შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინი მისი კანდიდატურის განხილვას პირადად დაესწრებოდა. 

ამ კატეგორიასთან დაკავშირებული მთავარი ინტრიგაა - არის თუ არა მზად ვლადიმირ პუტინი განიხილოს პოლიტიკური ტექნოკრატები მისი მემკვიდრის შერჩევის პროცესში. ამ კითხვაზე პასუხი რთულია, თუმცა ამისგან დამოუკიდებლადაც ეს კატეგორია მაქსიმალურ ყურადღებას იმსახურებს - ისინი მიყვებიან პუტინს უმთავრესი პოლიტიკური ამოცანების შესრულების პროცესში, მაშინ როდესაც პუტინის მეგობრები და თანამოაზრეები სულ უფრო მეტად ფოკუსირდებიან პირად და კორპორატიულ ინტერესებზე. 

N4 რეჟიმის მცველები - ახალი არისტოკრატია

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის შიდა პოლიტიკის მთავარი ტრენდი კონსერვატიულია - ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის ნაბიჯები მიმართულია სისტემის დაცვაზე, მასზე ნებისმიერი არასანქცირებული ზემოქმედების სწრაფ აღკვეთაზე. ელიტის ამ ნაწილს შეგვიძლია რეჟიმის მცველები ვუწოდოთ, მათი გავლენა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო გამოხატულია. 

რუსეთის მმართველი ელიტის ამ ეშელონის ფორმირების პროცესის გასაგებად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ 2012 წლამდე პუტინის რეჟიმი იდეოლოგიური თვალსაზრისით ნეიტრალური იყო. 2000-იან წლებში დაწყებული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში, რომელსაც ჯერ მართვად, ხოლო შემდეგ სუვერენულ დემოკრატიას უწოდებდნენ გამოვლენილი სერიოზული ხარვეზების მიუხედავად, ჯამურად ფსონი კეთდებოდა საბაზრო ეკონომიკაზე, ღია სახელმწიფოზე და ცივილიზებული სამყაროსთან მეტნაკლებად მსგავს ღირებულებებზე. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ფედერაცია ცდილობდა თავისი გზით მიეღწია დასავლეთის განვითარების დონისთვის. დასავლეთთან განხეთქილების დეკლარირება 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის სიტყვით გამოსვლისას მოხდა. ხოლო შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით გარდამტეხი 2012 წელი გახდა, როდესაც პუტინი მასობრივი საპროტესტო აქციების წინაშე აღმოჩნდა.

გარდა ამისა პუტინმა უცებ აღმოაჩინა მისი საკმაოდ დაცემული რეიტინგი. ამავდროულად, ელიტებში საკმაოდ ძლიერი იყო მედვედევის მეორე ვადის მხარდაჭერა. ამ ფონზე, 2012 წლის დეკემბერში პუტინი რუსეთის მოსახლეობას "სულიერი კავშირების და ტრადიციული ღირებულებების" მნიშვნელობაზე ესაუბრა.

გარკვეული აზრით, ეს გარდამტეხი მომენტი იყო - ქვეყნის მმართველმა წარმოქმნა დაკვეთა პოლიტიკურ კონსერვატიზმზე. ამ მომენტიდან პუტინის რეჟიმმა ღირებულებით ველზე თავისი თავი "დეკანდენტურ დასავლეთს" ანტიპოდად წარმოადგინა. ამ მომენტიდან პუტინიზმი წარმოჩნდა არამხოლოდ რუსულ ალტერნატივად, არამედ საექსპორტო პოლიტიკურ მოდელადაც. 

ამ მოდელის პრობლემა ის არის, რომ პუტინიზმმა როგორც გარკვეული ფასეულობებისა და იდეოლოგიური ჩარჩოების ნაკრებმა, ბოლო წლებში დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. ეს სისტემის მიერ თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოვლინებაა. როგორც სხვა ყველაფერი, სისტემაც თავისი უსასრულო კვლავწარმოების უზრუნველყოფას ესწრაფვის.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ პუტინის მიერ შექმნილი სისტემა კულტივირებს მის იდეოლოგიას, რომელიც მეტწილად ემთხვევა პუტინის შეხედულებებს, მაგრამ რიგ შემთხვევებში შესაძლოა გაცილებით უფრო რადიკალურიც იყოს.

ალექსანდრ ბორტნიკოვი, ნიკოლაი პატრუშევი და სერგეი ნარიშკინი

ძალისმიერი იდეოლოგია პუტინის რეჟიმის საკვანძო ელემენტია. რეჟიმის მცველების იდეოლოგიური ნაკრებში შედის რამდენიმე საკვანძო თეზისი: ეს შეხედულებები ხშირად დაფუძნებულია შეთქმულების თეორიებზე, რომელიც მკვეთრად ანტი-ლიბერალურ და ანტი-დასავლურ ხასიათს ატარებს. ამ წრეში შემავალი ფიგურები ყველა შიდა წარუმატებლობასა და თუ ჩავარდნას გარე ჩარევით ხსნიან. ისინი მუდმივად საუბრობენ პატრიოტული მობილიზაციის აუცილებლობაზე და საგარეო საფრთხეებზე.

ეს ადამიანები მუდმივად საუბრობენ გაურკვეველ სახელმწიფო ინტერესებზე და ამ ინტერესების პრიმატზე მოქალაქეების ინდივიდუალურ ინტერესებთან შედარებით. ისინი ითხოვენ სახელმწიფოს მეტ კონტროლს კერძო საკუთრებასა და ზოგადად სახელმწიფოს დომინაციას საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში.

ამ კატეგორიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები რუსეთის ძალოვანი უწყებების მეთაურები არიან, ესენია: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის [CК] ხელმძღვანელი და პუტინის ბავშვობის მეგობარი, ალექსანდრ ბასტრიკინი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი. 

სამივე მათგანი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის აქტიური მცველები არიან, ხოლო მათი ნააზრევი საავტორო სვეტების სახით ხშირად ქვეყნდება რუსეთის წამყვან პროპაგანდისტულ მედიებში. 

ნარიშკინის და ბასტრიკინისგან განსხვავებით ნიკოლაი პატრუშევი არ არის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, მას არ გააჩნია ძალისმიერი რესურსი. მიუხედავად ამისა, პატრუშევმა შეძლო და თავდაპირველად სუსტ და სათათბირო ორგანოდ მოაზრებული უშიშროების საბჭო პუტინისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველ პლატფორმად გადააქცია.

უშიშროების საბჭო პუტინის თავმჯდომარეობით კვირაში ერთხელ ტარდება. გარდა ამისა სწორედ ეს უწყება ამზადებს სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. იგივე საბჭო განიხილავს და ამტკიცებს სამხედრო დოქტრინებს და საგარეო პოლიტიკის კონცეფციას.

რუსეთის უახლოეს ისტორიაში უშიშროების საბჭოს არასდროს არ ჰქონია ასეთი ფართო გავლენა - აქ წყდება და განიხილება არამხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ძირითადი კონცეფციები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არ ნიშნავს ამგვარი კონცეფციების შემუშავებაში უსაფრთხოების საბჭოს პირდაპირ და აქტიურ ჩართულობას, თუმცა სწორედ საბჭო კარნახობს და ადგენს იდეოლოგიურ ჩარჩოებს.

პატრუშევის და ნარიშკინის ფონზე, ოდნავ უფრო პრიმიტიულად გამოიყურება ამ დაჯგუფების კიდევ ერთი წარმომადგენელი, როსგვარდიის მეთაური, ვიქტორ ზოლოტოვი. სხვა "მცველების" მსგავსად საჯაროდ ცნობილია ზოლოტოვის ანტი-დასავლური და ანტი-ლიბერალური შეხედულებებიც. ზოლოტოვის შეხედულებებმა ყურადღება მიიქცია მასსა და ალექსეი ნავალნის შორის წარმოქმნილი კონფლიქტისას, რომლის ინიციატორიც თავად ზოლოტოვი იყო. სწორედ ზოლოტოვის უწყებაა პასუხისმგებელი საპროტესტო აქციების და მოძრაობების დარბევაზე.

ამ ადამიანების შემთხვევაში ანტი-დასავლური შეხედულებები რეჟიმის კონსერვაციის საშუალებას იძლევა. მაგრამ ამ შეხედულებებს აქვთ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული შედეგებიც. ასე მაგალითად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი და ნიკოლაი პატრუშევი პუტინს ატყობინებდნენ, რომ 2019 წელს მოსკოვში განვითარებული პროტესტების უკან გაურკვეველი გარე ძალები იდგნენ. 

პროტესტების წარმომავლების შესახებ ამგვარი შეხედულების გაბატონებას საპროტესტო მოძრაობის უხეში დარბევა მოჰყვა, რაც რიგითი დემონსტრანტების მიმართ აღძრული სისხლის სამართლებრივი დევნით გაგრძელდა. სწორედ პატრუშევი მიიჩნევა იმ საკანონმდებლო ინიციატივების ლობისტად, რომელთა შედეგადაც გამკაცრდა ინტერნეტისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო კონტროლი. ანტი-ტერორისტული კანონთა პაკეტით ФСБ-მ პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა მობილურ კავშირზე. 

21 თებერვლის სხდომამდე მიიჩნეოდა, რომ სწორედ ამ წრის ადამიანები იმსახურებდნენ ვლადიმირ პუტინის მოწიწებას და ყველაზე დიდ პატივისცემას. მიიჩნეოდა, რომ პუტინისთვის მცველები ყველაზე თავდადებულ და სანდო ადამიანები იყვნენ. ალბათ ამ კეთილგანწყობის შედეგი იყო, ბოლო წლების განმავლობაში ამ ჯგუფში შემავალი ადამიანების პოლიტიკური გავლენის საგრძნობი ზრდაც. 

სხვა ელიტური დაჯგუფებებისგან განსხვავებით, აღნიშნული კატეგორია  საერთოდ არ არის, ან ნაკლებად არის ფუნქციონალურად შეზღული. სხვა დაჯგუფებების წარმომადგენლები მცირე გამონაკლისების გარდა არასდროს მოქმედებენ პირადი ინიციატივით, ისინი ყოველთვის მათი ზემდგომის მიერ მიცემულ დავალებებს მიჰყვებიან. სწორედ ამიტომ, როდესაც ახალი სირთულეები წარმოიქმნება ველზე მხოლოდ "მცველები" რჩებიან.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ არასილოვიკებს კრიზისულ ვითარებაში მოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, ისინი სრულად არიან ბლოკირებულები. ამიტომაც ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერია.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მთელი სისტემური პოლიტიკური ველი გამართულია და სათანადო კონტროლს ექვემდებარება, მათ შორის საპარლამენტო პარტიებიც. ამ ვითარებაში პოლიტიკური გამოცოცხლების ალბათობა უბრალოდ არ არსებობს, ხოლო ყველაფერი, რაც ამ წინასწარ შეთანხმებული პოლიტიკური ველის მიღმაა ავტომურად სილოვიკების უპირობო დომინაციის ველში ხვდება. 

ვლადიმირ პუტინი და ნიკოლაი პატრუშევი. 2000-იანი წლები

რუსეთის შიდა პოლიტიკური ველის როტაციის შედეგად ამავე კატეგორიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ რუსეთის საპარლამენტო კორპუსის ზოგი წარმომადგენელიც. მაგალითად დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, ბოლო 4 წლის განმავლობაში არაძალოვან რეჟიმის მცველად ტრანსფორმირდა.

2016 წელს ვოლოდინი დუმის სპიკერად დააექვეითეს, მაღალი ალბათობით სწორედ ამით არის განპირობებული მისი შეხედულებების გამკაცრება და კონსერვატიული რადიკალიზმი. ამ კუთხით ვოლოდინი დუმაში პატრუშევის სტრატეგიული მოკავშირეა, რომელიც ყველაფრის გამკაცრებას მოითხოვს. 

რეჟიმის მცველების სტატუსი გარკვეულ პრივილეგიებს იძლევა - სანამ პუტინის დაქვემდებარებული ბიზნესმენები სხვადასხვა დავალებებს ასრულებენ, რეჟიმის მცველებმა კარგად მოირგეს და შეისისხლხორცეს ნამდვილი გუშაგების ნიღაბი, რომლებიც სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან, იდეოლოგიურ ველზე იცავენ.

რაც მთავარია, სწორედ ამ განწყობების მქონე ადამიანად მიიჩნევა უშუალოდ პუტინიც. ეს კი ბოლო წლებში კონსერვატორების შორის მკვეთრად გაზრილ კონკურენაციას გასაგებს ხდის - ისინი ცდილობენ პუტინს აჩვენონ, რომ სწორედ მათ ესმით საუკეთესოდ ეროვნული ინტერესები და ამ ინტერესების დაცვის მექანიზმები.

სწორედ ამით იხსნება ბოლო წლებში ნულოვანი ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მიმართ და ყველა ასპექტში გამკაცრებული კანონმდებლობა. ამ პროცესს ერთი მიზანი აქვს - დაიცვას რეჟიმი ნებისმიერი რეალური ოპოზიციისგან. საყურადღებოა, რომ მცველების ინიციატივებს არ ხვდება არანაირი წინააღმდეგობა სისტემის შიგნით.

სახელისუფლებო ვერტიკალში არავინაა, ვინც ეჭვქვეშ დააყენებდა მცველების იდეებს და ამას საჯაროდ გამოიტანდა. ამგვარად, გამოდის, რომ პუტინის რეჟიმში ინიციატივა დასაშვებია ელიტის მხოლოდ უკიდურესად კონსერვატიულად განწყობილი ნაწილისთვის. დანარჩენებისთვის ინიციატივა დასჯადია.

მიუხედავად ჩამოთვლილი უპირატესობებისა თავისი სისუსტეები აქვთ "მცველებსაც". ასე მაგალითად ვიქტორ ზოლოტოვის სუსტი წერტილი ის არის, რომ როსგვარდია ყველა მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ გარდაქმნა სრულფასოვან სცეპსამსახურად. უწყებას არ აქვს ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციები. ზოლოტოვისთვის ცუდად დასრულდა მისი და ნავალნის კონფლიქტი, რამაც კრემლის გაღიზიანება გამოიწვია, რის შედეგადაც 2019 წელს ზოლოტოვის უწყებაში მასშტაბური წმენდა ჩატარდა. ზოლოტოვმა თავისი გუნდის დიდი ნაწილი დაკარგა. 

კიდევ ერთი მცველის, ალექსანდრ ბორტნიკოვის პოზიციებს ის ასუსტებს, რომ მის მიერ მართული უწყებაში არ მთავრდება შიდა კონფლიქტები, რაც ხშირად ხმამაღალი სისხლისსამართლებრივი საქმეებით და დაჭერებით სრულდება. 

ამ კამპანიის ყველაზე სუსტი წევრი ცალსახად ალექსანდრ ბასტრიკინია. მის მიერ მართულ უწყებას სერიოზული რეპუტაციული პრობლემები აქვს. საგამოძიებო კომიტეტი ძალოვან უწბებებში ყველაზე დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა. ბოლო წლებში ბასტრიკინი საგრძნობლად შეავიწროვეს და უკანა პლანზე ჩააჩოჩეს ჩეკისტებმა.

ბასტრიკინის პერსონალურ და მისი უწყების ინსტიტუციურ სისუსტეზე მეტყველებს ისიც, რომ ვლადიმირ პუტინი რამდენიმე წელია არ დასწრებია საგამოძიებო კომიტეტის ყოველწლიურ გაფართოებულ კოლეგიას, რასაც სხვა ძალოვანი უწყებების შემთხვევაში პუტინი რეგულარულად აკეთებს.

მცველების გავლენა რუსეთის მიერ სხვადასხვა ჰიბრიდულ თუ ცხელ კონფლიქტებში ჩარევის პარალელურად იზრდებოდა. ეს გავლენა იზრდებოდა მათი ინიციატივურობისა და წინსმსწრები მოქმედების ხარჯზე. ხშირად ისე, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საქმის კურსში არ იყო თავად პუტინიც. ამის მაგალითია ამერიკელი ინვესტორის, მაიკლ კალვის დაპატიმრება, რის შესახებაც პუტინმა მხოლოდ მეორე დღეს გაიგო.

პუტინის მიერ სხვადასხვა გახმაურებელ საქმეებზე გაჟღერებული მოსაზრებები როგორც წესი რომელიმე ძალოვანი უწყების პოზიციის პირდაპირი გამეორებაა. 

მცველების ეშელონს აერთიანებთ ანტი-დასავლურობა, უკიდურესი სოციალური კონსერვატიზმი, რაც მათი მხრიდან ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით იხსნება. მიუხადავად ამისა, არის გარემოებები სადაც რეჟიმის მცველები ვერ თანხმდებიან და მეტიც, ერთმანეთთან ხისტ კონკურენციაში არიან. პირველ რიგში მცველები ერთმანეთს რეპრესიული იდეების ფორმულირებაში ეჯიბრებიან.

მცველების მიერ წარმოქმნილი პოლიტიკური ტრენდი თავისი დინებით მიდის, მას აღარ სჭირდება დირექტივები კრემლიდან. ეს შესაძლოა დიდ პრობლემად დარჩეს პოსტ-პუტინურ რუსეთშიც და დასავლეთთან ურთიერთოებების ნორმალიზაცია ან შიდა პოლიტიკური კლიმატის დათბობა კვლავ შეუძლებელი იყოს. 

ამ აზრით, რუსეთის მმართველ ელიტაში იდეოლოგიური განხეთქილებაა - პრაგმატიკოსს პროგრესისტებსა და კონსერვატორებს შორის. ასეთ ვითარებაში კონფლიქტების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ. განსაკუთრებით მაღალია ასეთი ტიპის კონფლიქტის გამწვავებს რისკი იმ შეთხვევაში თუ რეჟიმი ოდესმე კვლავ მოისურვებს დაუბრუნდეს პროგრესისტულ დღის წესრიგს. აქ კრიტიკული მნიშვნელობა ექმნება სახელმწიფოს მეთაურს - რამდენად ექნება მას უნარი უზრუნველყოს სტაბილურობა. 

N5 შემსრულებლების აღზევება 

შემსრულებლები რუსეთის მმართველი ელიტის ყველაზე მრავლრიცხოვანი და შესაბამისად პოლიტიკურად ყველაზე სუსტი, ტექნიკური ეშელონია. 

სწორედ ამ კატეგორიაზე გადის გამყოფი ხაზი, იმ ტექნოკრატებს შორის, რომლებმაც დროთა განმავლობაში პოლიტიკური წონა შეიძინეს და მათ შორის, ვინც მარტივად ჩანაცვლებადი ფიგურების დონეზე დარჩა. 

ამ ტიპის ტექნიკური შემსრულებებს ორი ფუნდამენტური რამ ახასიათებთ - მათ არ აქვთ პერსონალურ ღირებულება ვლადიმირ პუტინისთვის და ისინი არ ქმნიან სერიოზულ პრობლემებს. მათი საქმიანობა კომფორტულია თუ საუბარი დიდ ჩავარდნას არ ეხება. შემსრულებლების რიცხვს განეკუთვნება მედვედევის მთავრობის ვიცე-პრემიერების უმრავლესობა: ოლგა გოლოდეცი, მაქსიმ აკიმოვი, ალექსეი გორდეევი. 

რუსეთის მოქმედ მთავრობაში შემსრულებლების კასტას წარმოადგენს მიშუსტინის მიერ შერჩეული 4 ვიცე-პრემიერი: დმიტრი გრიგორენკო, ვიქტორია აბრამჩენკო, ალექსეი ოვერჩუკი და დმიტრი ჩერნიშენკო. ამავე რანგს უნდა მივაკუთვნოთ სერგეი სობიანინის ყოფილი მოადგილე, მარატ ხუნსულინიც. 

ფორმალურად ძალოვანის სტატუსის მიუხედავად, წმინდა წყლის შემსრულებელია შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევიც. ის პოლიტიკურად ძალიან სუსტია, მასზე არ არის დაკისრებული რამე ტიპის განსაკუთრებული მისია. ამავე კატეგორიას განეკუთვნებოდა, რუსეთის ყოფილი გენპროკუროკური ჩაიკაც, რომელიც ამ წრიდან ამოხტომას არასისტემურ ოპოზიციაზე [ალექსეი ნავალნიზე] თავდასხმებით ცდილობდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 

მინისტრებს შორის არსებული შემსრულებებს შორის გამოსაყოფია ისინი, რომელიც ამა თუ იმ გავლენის ჯგუფების წევრებად მოიაზრებიან;  კონსტანტინ ჩუიჩენკო [იუსტიციის მინისტრი], მედვედევის კრეატურად მიიჩნევა, დმიტრი პატრუშევი [სოფლის მეურნეობის მინისტრი] ნიკოლაი პატრუშევის შვილია, დენის მანტუროვი [მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი] სერგეი ჩემეზოვის კადრად მოიაზრება.

შემსრულებლებს არ აქვთ განსაკუთრებული მისია, ისინი დაკავებულები არიან სახელმწიფოებრივი საქმიანობის ყოველდღიური რუტინით, სადაც მათზე გაცილებით უფრო გავლენიანი მოთამაშეების ინტერესები იკვეთება. იგივე ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრ ნოვაკი პოლიტიკურად განუზომლად უფრო სუსტია, ვიდრე ალექსეი მილერი ან იგორ სეჩინი. ციფრული განვითარების მინისტრი უფრო სუსტია, ვიდრე IT ინდუსტრიის ნებისმიერი მსხვილი მოთამაშე. 

სწორედ შემსრულებლების რიცხვის უნდა მივაკუთვნოთ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი და ამჟამად ვლადიმირ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი მაქსიმ ორეშკინი, რომელიც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ერთად ცნობილ ფოტოზე მოხვდა.

 ელვირა ნაბიულინა და მაქსიმ ორეშკინი

მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური საკითხები გერმან გრეფის [სბერბანკი], ანდრეი ბელოუსოვისა [ვიცე-პრემიერი], და ელვირა ნაბიულინას დონეზე [ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი] წყდება.

თავის მხრივ სწორედ ეს კატეგორია წარმოადგენს მომავალი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ტექნოკრატების სამჭედლოს. ამავდროულად, ეს კატეგორია ყველაზე რეზისტენტულია პოლიტიკური რყევების მიმართ და მისი შენარჩუნება მეტ-ნაკლებად მსგავსი ფორმით უმაღლესი ხელისუფლებების ნებიერმიერი გადალაგებაში მარტივად წარმოსადგენია. 

ამის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორს ისიც წარმოადგენს, რომ შემსრულებლები რუსეთის მმართველი ელიტის ყველაზე არაიდეოლოგიზებული ნაწილია, ისინი ყურადღებით აკვირდებიან კონსერვატორულ ტრენდებს და სილოვიკების ექსპანსიას. რეპრესიული ტრენდის შემდგომი გაძლიერებისას გარდაუვალი ხდება ელიტის იდეოლოგიური გაყოფა რეჟიმის მცველებსა და მის ტექნოკრატულ ნაწილებს შორის.

ხედვა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ

რუსეთის მკვლევარებში გავრცელებული აზრია, რომ ძალაუფლების ტრანზიტის პროცესი ქვეყანაში უკვე ჩაშვებულია. ამ პროცესის ათვლის წერტილი კი 2020 წლის იანვარია, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. მაშინ "ჩამოალაბორანტეს" პუტინის ერთგულებაზე გატესტილი და დიდი ხნის განმავლობაში მეორე ნომრად მიჩნეული, დმიტრი მედვედევიც.

მკვლევარების აზრით, პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებით და თავისი ვადების განულებით, ნიადაგი შეამზადა მომავალში მისი შედარებით პასიური როლისთვის. აქ იგულისხმება, რომ პუტინი კვლავ ინარჩუნებს უმაღლეს ძალაუფლებას, მაგრამ შედარებით შემცირდება მისი ოფიციალური, ყოველდღიური ფუნქციები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ პუტინი ცვლის მის მიერ "ქვეყნის ხელით მართვის რეჟიმად" წოდებულ სტილს და ის "ნახევრად ავტომატური მართვის რეჟიმში" გადაჰყავს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში ჩავარდნილი ბლიცკრიგის, სამხედრო ფიასკოსა და დასავლეთის დამანგრეველი ეკონომიკური სანქციების შემდეგ პუტინის გათვლებიში გარკვეული კორექტივები შევიდა. მიუხედავად ამისა, ტრანზიტის პროცესი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს ძველი ელიტური ჯგუფების გადახალისება, იქმნება ახალი ალიანსები და სრულდება ძველი კავშირები.

ძალაუფლების ტრანზიტის პროცესის მიმდინარეობაზე მეტყველებს არაერთგვარონი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და პოზიციები რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ოფიციალურ რიტორიკაში ამგვარი აცდენები იყო ომის დაწყებამდეც და ესეთი შემთხვევები გამოვლინდა 24 თებერვლის შემდეგაც.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ შეამზადა რუსეთის მოსახლეობა მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ომისთვის. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის დაბნეულობა აშკარა იყო, ომის საწყის დღეებში, როდესაც უმსხვილეს პროპაგანდისტულ ტელეარხ რასიაზე პრაქტიკულად ნონ-სტოპ რეჟიმში ოლივერ სტოუნის ერთი და იგივე დოკუმენტური ფილმები გადიოდა - კრემლის მიერ დაფინანსებული ფილმები. 

მაღალი ალბათობით, ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. სხადასხვა ანალიტიკოსის აზრით, სამხედრო ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა მისი განხილვა ძალიან ახლო წრეში მიმდინარეობდა. ამ კუთხით ომის დაწყება უსიამოვნო სიურპრიზად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოდესღაც პუტინის უახლოეს გარემოცვად მიიჩნეოდნენ.

დამატებითი კითხვები გააჩინა, გოგოლის პიესის ატმოსფეროში გამართულმა და შემდეგ თითქოს პირდაპირ ეთერში მიმდინარე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომამ. ეს ორგანო წლების განმავლობაში პირადად პუტინისთვის ყველაზე ფასეულ და საინტერესო ორგანოდ მიიჩნეოდა, რომელთა წევრებსაც მინისტრებსა და დეპუტატებზე დიდი გავლენა და ძალაუფლება ჰქონდათ. 

ხაზგასასმელია, რომ ამ საბჭოს სხდომები ყოველთვის დახურულ რეჟიმში იმართებოდა, ერთადერთი გამონაკლისი 21 თებერვლის სხდომაა. უსაფრთხოების საბჭოს ხშირად ადარებდნენ საბჭოთა პოლიტბიუროს, სადაც თითეულ წევრს აქვს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვის და პირადი აზრის გამოთქმის უფლება.

ითვლებოდა, რომ ეს უფრო კოლეგიალური ორგანო იყო, რომელზეც პუტინი ისმენდა თავისი უახლოესი გარემოცვის და ყველაზე გავლენიანი პირების აზრს. გადაწყვეტილებას კი მათთან კონსულტაციის შედეგად, საერთო განწყობის ბგათვალისწინებით იღებდა. ამ წარმოდგენაში პუტინი ერთგვარი საბოლოო არბიტრი იყო, რომელიც სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის ბალანსირებდა და სამართლიან, ყველასთვის კომპრომისულ გადაწყვეტილებას იღებდა.

22 თებერვალს ტრანსლირებულმა სხდომამ ამ წარმოდგენებისგან აღარაფერი დატოვა.

სხდომაზე პუტინი არ წარმოადგენდა "პირველს თანასწორთა შორის", არც "ხალხის ხმას", არც "სტაბილურობის გარანტს", ის საბოლოოდ გადავიდა უფროსის, კრემლის დირექტორის როლში. დირექტორის ჰიპოსტასში გადასულ პუტინს შეუძლია საბჭოს წევრებს წინასწარ არც კი გააცნოს განსახილველი დღის წესრიგი. 

საკმარისია მხოლოდ საგარეო დაზვერვის შეფის და პუტინის უახლოეს მეგობრად მიჩნეული, სერგეი ნარიშკინის აწ უკვე ცნობილი ეპიზოდის გახსენებაც. გარდა ამისა, საბჭოს წევრები აშკარად დაბნეულად გამოიყურებოდნენ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათთ არ იცოდნენ რას ელოდა მათგან პუტინი. 

საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, სერგეი ნარიშკინის, დმიტრი კოზაკის და პუტინის "ძველი გვარდიის" სხვა წევრები სხდომის დასაწყისში აშკარად იმედოვნებდნენ, რომ საბჭოსთვის დამახასითებელი კოლეგიალობა ამჯერადაც შენარჩუნდებოდა, თუმცა პუტინმა ამგვარი პლურალიზმი მალევე, უცერემონიოდ აღკვეთა. 

ორჯერ მოუწია გამოსვლა პატრუშევს, მეორედ ის იძულებული გახდა ღიად დაეჭირა მხარი დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. დმიტრი კოზაკს, კრემლში უკრაინის საკითხის კურატორს, პუტინმა აზრის ბოლომდე ფორმულირების საშუალებაც არ მისცა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ნარიშკინის შემთხვევა იყო. 

თავისი საგარეო დაზვერვის შეფი პუტინმა მოუმზადებელ, დაბნეულ და უპასუხისმგებლო ადამიანად წარმოაჩინა, რომელსაც ბოლოს პრაქტიკულად ძალით ათქმევინა ის რისი მოსმენაც თვითონ სურდა.

რაც მთავარია ამავე, სხდომაზე პუტინმა საბჭოს ყველა წევრი აიძულა ხელი მოეწერათ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მხოლოდ და  პირადად მან მიიღო. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ პუტინმა, თავისი გარემოცვა მძევლად აიყვანა და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად გაუნაწილა. 

სხდომის ხილვის შემდეგ, მართლაც რთული წარმოსადგენია, რომ ვლადიმირ პუტინი კონსულტაციებს გადიოდეს თავისი გარემოცვის რომელიმე წევრთან. მით უფრო რთული წარმოსადგენია, რომ ვინმემ იქონიოს გავლენა პუტინის პირად გადაწყვეტილებებზე, მაგრამ არსებულ ვითარებაში კრემლის პოლიტიკური ელიტის როლი, მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს როლი შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში.

სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი: 

Why the Kremlin Can’t Keep its Chekists in Check

Four ways to understand Russia’s Vladimir Putin — a president on the edge of war

The split in Putin’s regime

Putinism in 2020

Meet Russia’s “Saviour-in-Chief”

From Imperious Curator to Outspoken Speaker: The Curious Fate of Vyacheslav Volodin

The Kremlin’s Chef in the Shadows

Пять путинских элит на фоне транзита

 

მსგავსი სიახლეები