-

უკრაინაში გენოციდური ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში შექმნილ გეოპოლიტიკურ სურათს ხშირად ერთი ფრაზით აჯამებს - "ეს ოქროს მილიარდის შეთქმულებაა რუსეთის წინააღმდეგ".

ტერმინი ოქროს მილიარდი რუსეთის პრეზიდენტმა პირველად ჯერ კიდევ 2000 წელს გამოიყენა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამ ფრაზას პუტინის მიერ წარმოთქმულ თითქმის ყველა ოფიციალურ სიტყვაში მოისმენთ, მათ შორის საერთაშორისო სამიტებზეც. 

"ე.წ. ოქროს მილიარდი მსოფლიოს მოსახლეობას პირველი და მეორე კლასის მოქალაქეებად ჰყოფს. შესაბამისად ეს დოქტრინა თავისი შინაარსით უკიდურესად რასიტული და ნეოკოლიანურია",- განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ აზიის ქვეყნების სამიტზე. 

ვლადიმირ პუტინის გარდა, ე.წ. ოქროს მილიარდზე საუბრობს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, ნიკოლაი პატრუშევი, ამავე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.  

სავარაუდოა, რომ ეს ფრაზა არაფერს ეუბნება დასავლური ქვეყნების მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. მოსალოდნელია, რომ ეს თეორია დიდად პოპულარული არ არის საქართველოშიც, თუმცა რუსეთში ეს თეორია უკვე რამდენიმე ათწლეულია აქტიურად ვრცელდება და რესურსების გადანაწილებისთვის მოსალოდნელ აპოკალიპტურ ბრძოლას უკავშირდება.

ამავე თეორიის მიხედვით ეს ბრძოლა გლობალურ ელიტებსა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს. სწორედ ოქროს მილიარდის შეთქმულებით ხსნის კრემლი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და უგულებელყოფს, რომ სანქციები უკრაინაში წარმოებულ დანაშაულებრივ ომის გამო დაწესდა. 

კონსპირაციის ანატომია 

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ რესურსების არასწორი გადანაწილების წინააღმდეგ ბრძოლის მედროშე გახდა ადამიანი, რომელიც უკრაინაში კოლონიურ ომს აწარმოებს, რომელმაც მოკლა ან დააპატიმრა ყველა პოლიტიკური ოპონენტი და რომლის პირადი ქონებაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 200 მილიარდ დოლარს აღწევს. 

უცნობია, მართლაც სჯერა თუ არა ვლადიმირ პუტინს ამ თეორიის, თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული კონსპირაციის მართლაც სჯერათ მის ახლო გარემოცვაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თეორიის სჯერა რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებშიც. 

სავარაუდოა, რომ ფრაზა - "ოქროს მილიარდი" 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის პრესაში გაჩნდა. თეორია ფართოდ გავრცელდა 1980-იან წლებში. თავდაპირველად თეორია მეცნიერულ წრებში გავრცელებულ ეკოლოგიურ დისკუსიას უკავშირდებოდა. არსებობდა შიში, რომ დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე, პლანეტაზე არ იქნებოდა საკმარისი რესურსები. უნდა ითქვას, რომ საწყის ეტაპზე თეორია უფრო მეცნიურულ დისკუსიას წარმოადგენდა და არ განიხილავდა შეთქმულების ფაქტორს. 

თავის მხრივ, ამ დისკუსიების საფუძველი ე.წ. რომის კლუბის ქვეყნების სამიტზე წარმოდგენილი დასკვნა გახდა, სახელწოდებით "ზრდის ლიმიტები". დასკვნაში საუბარი იყო, რომ მოსახლეობისა და რესურსებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის ფონზე დედამიწას გაუჭირდებოდა გლობალური მოსახლეობის უზრუნველყოფა. 

სინამდვილეში ამ თეორიის პირველწყაროს ინგლისელი სასულიერო პირი თომას მალთუსის ნაშრომები წარმოადგენს. მალთუსი, რომელიც მეცხრამეტე საუკენეში მოღვაწეობდა წერდა, რომ პლანეტის მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, მაშინ, როდესაც სიცოცხლისთვის საჭირო რესურსების ათვისების ტემპი არითმეტიკული პროგრესიის ფარგლებში რჩებოდა. 

მალთუსს მიაჩნდა, რომ ჭარბი მოსახლეობის პრობლემის მოგვარება მხოლოდ ე.წ. გარე ჩარევებით იყო შესაძლებელი მაგალითად ომებით, ეპიდემიით ან მოსახლეობის ძალადობრივი სტერილიზაციით. ინგლისელი მღვდლის ნაშრომმა საფუძველი დაუდო ე.წ. მალთუზიანურ მოძრაობას. 

თეორია ერთ დროს გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მას არავითარი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნდა. მალევე შეიქმნა მალთუსის თეორიისს გამაბათილებელი ნაშრომები. ამასთანავე, მალთუსი ვერ ითვალისწინებდა მეცხრამეტე საუკუნეში დასავლეთში დაწყებული ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ შედეგებს - შობადობის მკვეთრ კლებას ინდუსტრილიზებულ ეკონომიკებში და ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელმაც ადამიანებს ახალი რესურსების ათვისების საშუალება მისცა. 

მიუხედავად ამისა, მალთუსის სახეცვლილმა თეორიამ ახალი ძალით იფეთქა პოსტ-საბჭოთა რუსეთში. მისი პოპულარობა 1990 წელს კონსპიროლოგ ანატოლი ციკუნოვის წიგნს უკავშირდება. ანატოლი კუზმიჩის ფსევდონომით დაწერილი წიგნი, სათაურით  - "მსოფლიო მთავრობის შეთქმულება - რუსეთი ოქროს მილიარდის წინააღმდეგ", ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა. 

ციკუნოვის წიგნში აღწერილი ჰქონდა აპოკალიპტური ბრძოლა რესურსების გადანაწილებისთვის. ავტორის აზრით, შეუქცევადი ეკოლოგიური კატასტროფებისა და რესურსების შემცირების ფონზე ე.წ. დასავლურმა ელიტებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის ბუნებრივი სიმდიდრეები ნებისმიერ ფასად თავიანთ კონტროლს უნდა დაუქვემდებარონ. 

ციკუნოვის წიგნში გაერთიანდა საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთში გავრცელებული რამდენიმე პოპულარული შეთქმულების თეორია და რუსეთის ეროვნული სენტიმენტი. წიგნში ერთმანეთთან დაკავშირებული იყო დასავლური კოლონიალიზმი, ალენ დალესის გეგმის სახელით ცნობილი კიდევ ერთი შეთქმულების თეორია, რომელიც თითქოს რუსეთის მოსახლეობის მორალურ დეგრადაციას გულისხმობდა და მეორე მსოფლიო ომი. ამ ფსევდომეცნიურული შეთქმულების თეორიების ნაზავმა ერთიანობაში მყარი ნარატივი შექმნა. 

თავად ციკუნოვი 1992 წელს გაურკვეველ გარემოებებში გარდაიცვალა, რამაც მის წიგნს დამატებითი მისტიკა შესძინა. იდეების ფართო მასებში პოპულარიზება ფსევდო ისტორიკოსს, სერგეი კარა-მურზას სახელს უკავშირდება. 90-იანი წლების მიწურულს კარა-მურზამ ციკუნოვის კონსპირაციას თანამედროვე ელემენტები შესძინა, ის წერდა, რომ მდიდარი დასავლური ქვეყნების მოსახლეობა გლობალური რესურსების განუზომლად დიდ ნაწილს მოიხმარს.

კარა-მურზა ირწმუნებოდა, რომ პლანეტის რესურსები მხოლოდ 1 მილიარდი ადამიანის გამოკვებისა და უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი და სწორედ ამიტომ დასავლური ელიტები გლობალური მოსახლეობის მკვეთრ შემცირებას ომების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ეპიდემიების ინსპირირებით ცდილობენ. მოსალოდნელია, რომ კარა-მურზამ რიცხვი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის დაჯამებით მიიღო. 

რა ხდება მაშინ როდესაც ქვეყანას კონსპიროლოგები მართავენ

20 წლის შემდეგ ოქროს მილიარდის კონსპირაციული თეორია, რუსეთის პოლიტიკური ელიტის ყველა დონეზე უხვადაა წარმოდგენილი. 

"მათ შეუძლიათ თავი ოქროს მილიარდად გამოაცხადონ, მაგრამ გლობალური მოსახლეობა გაცილებით უფრო მეტია და სხვა მეტალები ოქროზე გაცილებით უფრო ძვირია",- განაცხადა დმიტრი მედვედევმა 19 მარტს. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს ოქროს მილიარდს უწოდებს. 

რუსეთის ბევრი ექსპერტისთვის გაცილებით უფრო საყურადღებო აღმოჩნდა ნიკოლაი პატრუშევის სიტყვები - რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გაზეთ аргументы и факты-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - "დასავლეთი ბევრს ლაპარაკობს ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, თუმცა სინამდვილეში ისინი ოქროს მილიარდის დოქტრინას ახორციელებენ".

ამავე ინტერვიუში პატრუშევი გამოდის ვერსიით, რომ კორონავირუსი პენტაგონის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შეიქმნა და მისი მიზანი გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა და დედამიწის მოსახლეობის შემცირება იყო. 

მიუხედავად ამისა, ველურ კონსპირაციულ თეორიებს შესაძლოა ჰქონდეს ტაქტიკური გამოყენება. განსაკუთრებით კი ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, სადაც დასავლეთის შესახებ წარმოდგენა კოლონიალიზმის პერიოდს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი უკვე მრავალი წელია ცდილობს თავი გლობალური 'კონსერვატიზმის' რუპორად წარმოაჩინოს, მსოფლიოს ამ ნაწილში ანტი-კოლონიალურ სენტიმენტს გაცილებით უფრო მეტი პოტენციალი აქვს. 

"ცხადია ოქროს მილიარდის არსებობს თავისი მიზეზები აქვს. მათ ბევრს მიაღწიეს, მაგრამ ამ ყველაფერს მათ აზიასა და აფრიკაში სხვა ხალხის ძარცვით მიაღწიეს",- ამბობს პუტინი. 

ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინის რიტორიკა არადასავლურ მსოფლიოში მართლაც გარკვეულ წარმატებებს აღწევს და აზიისა და აფრიკის ბევრი სახელმწიფომ კვლავ უარს ამბობს რუსეთისგან დისტანცირებაზე. 

მიუხედავად ამისა, მისსავე ლოგიკაში არსებულმა წინააღმდეგობებმა შესაძლოა დაასუსტოს ვლადიმირ პუტინის პოზიციები - ბოლო 8 თვეა უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ წამოწყებული კოლონიალური ომი მიმდინარეობს, რომელსაც უკვე ათასობით უკრაინელი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები