-

"ტრადიციების განმეორებითი გამოგონებით ნებისმიერი ხელისუფლება საყრდენს წარსულში ეძებს, რიტუალებისა და ჩვეულებების დამკვიდრებით ხელისუფლება ბელადის ფიგურის საკრალიზებას ცდილობს"- ერიკ ჰობსბაუმი ტრადიციის გამოგონება. 

 

19 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებს უცხოეთის იმ მოქალაქეების გამარტივებული მიგრაციის შესახებ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მათი ქვეყნების (დასავლეთის) იდეოლოგიურ კურსს და იზიარებდნენ ტრადიციული რუსულ ფასეულობებს. 

როგორც კრემლში ამბობენ - "კოლექტიური დასავლეთის" იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფოებში "თავს ახვევენ დესტრუქციულ ნეოლიბერალურ იდელოგიურ ჩარჩოებს" ვლადიმირ პუტინი 3-თვიან ერთჯერად ვიზას და მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ წესს სთავაზობს. 

განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიზანი არც მეტი არც ნაკლები "ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა." აღნიშნული ნაბიჯი ვლადიმირ პუტინის ძველი გეოპოლიტიკური პროექტის ახალი ეტაპია, რომელიც სათავეს 2012 წელს მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის ფონზე პუტინის კრემლში დაბრუნების დროიდან იღებს სათავეს. 

თუ კი დასავლეთთან პოლიტიკური დაპირისპირების კუთხით გარდამტეხ წერტილად 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა იყო, შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით გარდამტეხი 2012 წელი გახდა, როდესაც პუტინი მასობრივი საპროტესტო აქციების წინაშე აღმოჩნდა. პუტინის პერსონალური რეიტინგისგან განსხვავებით, მაღალი იყო ელიტების მხარდაჭერა დმიტრი მედვედევის მეორე საპრეზიდენტო ვადის საკითხზე. ამ ფონზე, 2012 წლის დეკემბერში პუტინი რუსეთის მოსახლეობას "სულიერი კავშირების და ტრადიციული ფასეულობების" მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

"ეს გარდამტეხი მომენტი იყო - ქვეყნის მმართველმა შექმნა დაკვეთა პოლიტიკურ კონსერვატიზმზე. ამ მომენტიდან პუტინის რეჟიმმა ღირებულებით ველზე თავისი თავი 'დეკანდენტურ დასავლეთს' ანტიპოდად წარმოადგინა. ამ მომენტიდან პუტინიზმი წარმოჩნდა არამხოლოდ რუსულ ალტერნატივად, არამედ საექსპორტო პოლიტიკურ მოდელადაც"- წერს Carnegie-ის ფონდის მიწვეული ექსპერტი, ტატიანა სტანოვაია. 

თუმცა საექსპორტო პოტენციალის მოდელიდან უშუალოდ პროდუქტამდე გზა გრძელი აღმოჩნდა: ტრადიციული ფასეულობების ჩამონათვალის შედგენას, ეროვნული უსაფრთხოებისა და თუ კულტურის პოლიტიკის თუ სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში დაფიქსირებასა და ამის საფუძველზე კონკრეტული პროექტის ჩამოყალიბებას კიდევ 12 წელი დასჭირდა.

ცხადია, ეს არ წარმოადგენს რამენაირად კონკრეტულ და ინსტიტუციურ გააზრებულ განვითარების ალტერნატიულ მოდელს სხვა ქვეყნებისთვის. არც ის არის სავარაუდო, რომ რუსეთში გამარტივებული ემიგრაციის მსურველი ევროპელები და ამერიკელები რუსეთის საკონსულოებთან უზარმაზარ რიგებში ჩადგებიან. თუმცა ეს არც არასდროს ყოფილა კრემლის გათვლა.

რუსეთი უკვე მრავალი წელია ცდილობს თავი "ტრადიციული ფასეულობების" ერთადერთ და უკანასკნელ დამცველად წარმოაჩინოს, ფასეულობების, რომელიც კრემლის თქმით, დასავლეთმა არამხოლოდ დაივიწყა, არამედ ებრძვის კიდევაც მათ. როგორც ქვევით ვნახავთ ეს ძველი იმპერიული იდეის თანამედროვე ვარიაცაა და არაფერი თვისობრივად ახალი მასში არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა კრემლისთვის ამ პოლიტიკას გარკვეული ბენეფიტები მაინც მოაქვს. 

პოპულისტური კონსერვატიზმის პუტინისტური ნაზავი გარკვეულწილად იმ ახალი ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური ძალების წინაპარია, რომელთა მოძლიერებასაც ბოლო წლებში ვადევნებთ თვალს დასავლეთის ქვეყნებში. სხვა საქმეა რამდენად დაკავშირებულები არიან ეს მოძრაობები კრემლთან და ხშირად არიან კიდეც, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ შორის ახლო ურთიერთობები არ არის, პუტინის მოდელმა თანამედროვეობის ავტოკრატებს ძალაუფლების შენარჩუნებისა და საზოგადოების დამორჩილების მნიშვნელოვანი გაკვეთილები მისცა. 

ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო, როდესაც პუტინის განკარგულებიდან რამდენიმე საათში, გამოქვეყნდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება. პირველივე წინადადებაში ვკითხულობთ: "ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას, თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს." ამავე განცხადებაში პრაქტიკულად ერთ-ერთი განმეორებული იყო კრემლის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ოცნება თანხმობაშია კრემლთან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კუთხითაც. 

განცხადებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ქართული ოცნების იმავე 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ანტი-ლგბტ კანონს, მეტიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ივანიშვილი საზოგადოებას საკითხის "მოგვარებას" ჰპირდება. 

რას ნიშნავს ჩვენს რეგიონის კონტექსტში ე.წ. ტრადიციული ფასეულობები და როგორ იგონობენ ტრადიციებს და საფრთხეებს ავტოკრატები და როგორ იყენებენ რიტორიკას ხელისუფლების შესანარჩუნებლად. 

"ათასწლოვანი" რუსული ფასეულობები

"ტრადიციული მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების" ფორმულირება და საკანონმდებლო დონეზე გამყარება 2012 წელს, რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მოხდა. ამ პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსპიროლოგი, ნიკოლაი პატრუშევი იკავებდა. 

ცნება მოსახლეობის ნაწილში გაურკვევლობას იწვევდა, ხალხი შეჩვეული იყო მანამდე არსებულ "სულიერ ფასეულობებს", ან "სულიერ მაკავშირებლებს", მაგრამ გაუგებარი იყო თუ კონკრეტულად რა მოიაზრებოდა ტრადიციულ რუსულ ფასეულობებში? თუ აქ რელიგიური ფასეულობები ნაგულისხმევი, ხალხისთვის გაუგებარი რჩებოდა რომელი რელიგიის და ა.შ. ამ ფონზე რუსული პროპაგანდა, რომლის მთავარი მიზანი პუტინის დავარდნილი რეიტინგის გაზრდა იყო, გამოცდილ იმპერიულ ნარატივთან მივიდა - ტრადიციული ფასეულობების ქადაგება.

ისტორიული ნარატივი 16-ე საუკუნეში მოღვაწე ბერ ფილოფეს წერილშია ფორმულირებული. გზავნილში ფილოფემ ჩამოაყალიბა და განმარტა მოსკოვის როგორც მესამე როდის იდეა, რომელიც რუსეთის ელიტაში დღემდე პოპულარულია. მოსკოვის მთავარ, ვასილი მესამეს მიმართ გაგზავნილ წერილში ფილოფე წერს, რომ ცოდვაში ჩაძირული დასავლეთის (რედ. ამ დროს დასავლეთად რუსეთში ძირითადად კათოლიკურ ქვეყნებს გულისხმობდნენ) ნაცვლად მსოფლიოს სათავეში ჭეშმარიტი რწმენის (რედ. მართლმადიდებლობის) მატარებელი რუსეთი უნდა ჩაუდგეს. 

"ასემც იცოდე, ქრისტეს და ღმერთის მოყვარულო, რომ ყველა ქრისტიანული სამეფო დასრულდა და ჩვენი ხელმწიფის ერთიან სამეფოში მოიყარა თავი. წინასწარმეტყველები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის რომი: რამეთუ ორი რომი დაეცა, მესამე დგას და მეოთხე არ იქნება"- წერს ფილოფე. 

საყურადღებოა წერილის ისტორიული კონტექსტიც - ტექსტი დაწერილია რუსული სამეფოების გაერთიანების ეპოქაში, როდესაც მესამე რომის, იმპერიის ძლიერი ცენტრის იდეა პოპულარული იყო. დმიტრი ტოლმაჩის თქმულებამ "თეთრი გორგალის ამბავი" მესამე რომის იდეა კიდევ უფრო პოპულარული გახადა, თქმულება იმ პერიოდში ყველაზე გავრცელებული ტექსტი იყო. ტოლმაჩი ყვება როგორ აღმოაჩინა მისტიკური თეთრი გორგალის ისტორია, რომელიც გლობალური დომინაციის ნიშანია, რომელიც მანამდე რომსა და კონსტანტინოპოლს ჰქონდა, თუმცა ორივე მათგანი საკუთარი ცოდვების გამო დაისაჯა. ტოლმაჩის ვერსიით გორგალი კონსტანტინოპოლის შემდეგ ნოვგოროდში უნდა აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი მესამე რომია. 

თქმულების შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია და ზოგი ისტორიკოსის ცნობით, ის შესაძლოა ფილოფეს წერილამდეც არსებობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თქმულება გახდა ინსტრუმენტული მნიშვნელობის ფილოფეს იდეების ფართო მასებში გასავრცელებლად. 

ორივე ტექსტმა ასწლეულებით განსაზღვრა ტრადიციული რუსული ფასეულობები: სულიერი ლიდერობა როგორც რუსული სახელმწიფოს დომინაციის საფუძველი, მმართველობის საკრალურობა და ღვთის რჩეულობა და რუსეთის განსაკუთრებული გზა. 

ეს ფასეულობები მეორდებოდა მომდევნო საუკუნეების სლავიანოფილურ რიტორიკაში. ნაპოლეონთdან ომის შემდეგ რუსეთში რომანტიზმის გავრცელაბასთან ერთად მოვიდა ახალი იდეა, დიადი ხალხის შესახებ. ინდივიდუალიზმის ტრადიციის არმქონე რუსმა მოაზროვნეებმა სწორედ ამ დროს დაიწყეს ისეთი აბსტრაქციებით ოპერირებაა როგორიცაა - ხალხი. ამავე დროიდან მოყოლებული ამ აბსტრაქციის სასარგებლოდ ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფა კიდევ ერთი რუსული "ფასეულობა."

უკვე 1833 წელს ნიკოლაი პირველის განათლების მინისტრმა, გრაფმა უვაროვმა ფუნდამენტური რუსული ფასეულობების შემდეგნაირი ფორმულირება წარმოადგინა, რომელიც დღემდე პოპულარულია: თვითმპყრობელობა, მართლმადიდებლობა, ხალხოსნობა.

ეს დევიზი კონტრასტშია ფრანგული რევოლუციის მთავარ დევიზთან: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. უვაროვის მიერ ფორმულირებულმა ტრიადამ რუსეთში ნიკოლაი პირველის რეპრესიულ-კონსერვატიული მმართველობის ლეგიტიმაცია მოახდინა. მას აქტიურად უჭერდა მხარს იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი მოაზრევნო გეორგი პობედონოსცევი და პრაქტიკულად განსაზღვრა რუსი კონსერვატორი მოაზრევნეების მომდევნო თაობის შეხედულებები. 

ეს დევიზი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე, თუმცა მომდევნო 70 წლის რუსეთი ახალ იმპერიულ პროექტს ავითარებდა და ტრადიციული ფასეულობებიც კომუნიზმის მშენებლის მორალურმა კოდექსმა ჩაანაცვლა.

სწორედ საბჭოთა კავშირისგან მიიღო თანამედროვე რუსეთმა ანტი-დასავლური რიტორიკა, საყოველთაო ეჭვიანობა და პოლიტიკური ლექსიკონის დიდი ნაწილი. გარდა ამისა, სწორედ 1970-იანი წლების უძრაობის ხანაში დაიბადა ის ფილოსოფია, რომლის მიმდევარიც დღევანდელი რუსული ელიტაა. 70-იანი წლები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა თეოსოფიური და ეზოთერიკული სწავლებების ველური პოპულარობის ეპოქაა. ერთ-ერთი ასეთი სპირიტუალისტური გაერთიანება ე.წ. იუჟინსკის წრე იყო, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე თანამედროვეობის მთავარი რუსი ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინია. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში რამდენიმე ტრადიციონალისტური საზოგადოება წარმოიშვა, რომელთა წევრებიც აქტიურად მონაწილეობდნენ 1993 წელს ბორის ელცინსა და უმაღლეს საბჭოს განვითარებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ასეთი ძალები თავს წარმოადგენდნენ იმპერიული რუსული ნაციონალიზმის მემკვიდრეებად, რევანშიტებად, რომლებსაც დაღუპული იმპერიის აღდგენა სურდათ. სწორედ ამ იდეოლოგიის ადამიანები ალაპარაკდნენ პირველად ყირიმის ოკუპაციისა და იმპერიის სხვა "დაკარგული ტერიტორიების" დაბრუნების აუცილებლობაზე. 

ამ ტიპის ძალებთან ერთგვარი დისტანციის მიუხედავად, რუსეთის ახალი პრეზიდენტი იმთავითვე ჩართული იყო პოლიტიკურ ფლირტში. ამის ყველაზე ცნობილი გამოხატულება საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენა იყო. 2012 წელს მედვედევის რბილი მმართველობის შედეგად მოხიბლული ურბანული მოსახლეობისა და "ამბოხებული სამთავროების" დასამორჩილებლად, ვლადიმირ პუტინმა კვლავ გამოცდილ მეთოდს მიმართა და დაიწყო ერის გაერთიანება "დასავლეთის დამღუპველი გავლენის" წინააღმდეგ. 

ამავე წელს შეიქმნა რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი 2025 წლისთვის, თუმცა ბევრი წლის განმავლობაში უცნობი იყო რა შედიოდა ტრადიციული ფასეულობების ჩამონათვალში. ბევრი გაურკვევლობის მიუხედავად ტერმინი ამ დროიდან მოყოლებული სულ უფრო ხშირად ხვდება სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტებში. ამავე პერიოდიდან მოყოლებული პუტინი თითქმის ყველა თავის გამოსვლაში ფასეულობებით აპელირებდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთში მიიღეს კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა შესახებ და ჩანაწერი კონსტიტუციაში ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ. 

ტრადიციული ფასეულობების ჩამონათვალი საბოლოოდ 2022 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, მასში შედის: სიცოცხლე, ღირსება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, პატრიოტიზმი, მოქალაქეობრიობა, მაღალი მორალურ-ზნეობრივი იდეალები, მტკიცე ოჯახი, სულიერების პრიორიტეტულობა მატარიალურზე და ა.შ.

ჩამონათვალის ენა ზედმეტად მეტაფორულია კანონისთვის, თუმცა რუსი პროპაგანდისტის ცხოვრება კი გაამარტივა. 

ტერმინი 

უნდა ითქვას, რომ ტერმინი - ტრადიციული ფასეულობები მხოლოდ რუსეთში არ გამოიყენება და ის ყველაზე მეტად მაქს ვებერის ლექსიკონთანაა ახლოს და რომლისთვისაც ფასეულობები ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო. ფასეულობა ვებერისთვის რომელიმე ისტორიული ეპოქის საზოგადოებრივი ნორმაა, მაგრამ ტერმინი კრემლის ლექსიკონში არა ვებერისგან, არამედ ვლადიმირ პუტინის საყვარელი რუსი ფილოსოფოსის, ივან ილიინისგან მოხვდა. 

შესაძლოა ილიინის გარდა, რომლის იდეებიც პუტინიზმის ფილოსოფიაში უფრო აზრობრივი დატვირთებისთვის გამოიყენება, საუბარი იყოს კიდევ ერთ რუს ფილოსოფოსს, ნიკოლაი ბერდიავზე (პუტინის მიერ მრავალჯერ ციტირებული) და ალექსანდრ დუგინის საყვარელ რენე გენონზე. 

ბერდიავის ნააზრევის მრავალფეროვნებისა და ხშირად ურთიერთგამომრიცხაობის გამო, მისი ნაშრომის კვალი კრემლის დღევანდელ რიტორიკაში მკაფიოდ იშვიათად ჩანს. რაც შეეხება ილიინს აქ პრაქტიკულად ყველაფერი იდენტურია, ლექსიკა, მანერა, ფილოსოფია. საქმე ის არის, რომ ბერდიაევის ნაშრომების მარტივ პროპაგანდისტულ გზავნილებამდე დაყვანა უფრო რთულია, ვიდრე ილინიისა, რომელიც უფრო მეტად პუბლიცისტი იყო, ვიდრე ფილოსოფოსი. 

ილიინის ნამშრობემში ყველაზე ხშირი სიტყვა სულიერებაა, აქ გვხდება პირველად ტერმინი რუსოფობია და ფრაზა - ნაციონალური იდეა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ილიინმა უზრუნველყო კრემლის თანამედროვე ელიტის ლექსიკონის ნახევარი. 

"ჩვენი მუდმივი სულიერი ფასეულობები ქმნის ერთიან სულიერ ატმოსფეროს, ერთიან გზას, რომლის განცდაც და ათვისებაც აუცილებელია, იმისთვის, რომ კითხვაზე: კი მაგრამ რისი უნდა გვწამდეს?! ჩვენ ერთიანი რწმენით ვუპასუხოთ: ღმერთის, სიყვარულის, სინდისის, თავისუფლების, ოჯახის, ჩვენი სულიერი ძალის"- წერს ილინი. როგორც ხედავთ ტრადიციული ფასეულობების თანამედროვე რუსული ჩამონათვალი თითქმის ერთ-ერთი იმეორებს ილიინის სიას. 

ივან ილიინს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა აქვს, რომლის ხსენებაც კრემლს დიდად არ უყვარს - ნაციონალიზმი. ილიინი აქტიურად უჭერდა მხარს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას და ადოლფ ჰიტლერის იდეების ქებას არაერთი ნაშრომიც მიუძღვნა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტებისა და ილიინის ურთიერთობები გაფუჭდა. მოგვიანებით ილიინი ამბობდა, რომ ჰიტლერის ჰქონდა გადაცდომები, თუმცა მისი იდეები ჯამში მაინც სწორი იყო. 

ილინიისა და ბერდიაევის გარდა ტრადიციული რუსული ფასეულობების კონცეფციის მესამე შენაკადი ყველაზე ახალი შენაკადი ფრანგ ეზოთერიკოსს რენე გენონს უკავშირდება. გენონი, რომელმაც საკუთარი ფილოსოფიური გზა სუფისტურ ორდენში გაწევრიანებით დასრულდა, სამყაროს განვითარებას არა ევოლუციად, არამედ რეგრესად ხედავდა. გენონის სისტემაში, რომელიც ჰინდუიზმის იდეებით არის შთაგონებული სამყარო უკვე რამდენიმე ათასწლეულია კალი-იუგას ციკლში ცხოვრობს. ამ შეხედულების მიხედვით, ადამიანების ზნეობა დეგრადირებულია, ღმერთებმა კაცობრიობას ზურგი აქციეს და ამ მოცემულობაში ერთადერთი რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს ტრადიციის გაგრძელებაა. 

აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის იდეებს ეზოთერიკოსისგან იღებს, არამედ ის რომ ეს არა უშუალოდ გენონის იდეა, არამედ მისი დუგინისტური ინტერპრეტაციაა. დუგინი უკვე მრავალი წელია ცდილობს გენონის სწავლება მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან შეაჯვაროს, მიუხედავად იმისა, რომ გენონი ქრისტიანობის მიმართ მეტად კრიტიკულად იყო განწყობილი. 

ამ შეუთავსებლობის მიუხედავად, დუგინის ნაზავი ცენტრალური აღმოჩნდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დეკრეტისთვის "რუსული სამყაროს მშენებლობის" შესახებ. სხვადასხვა ფილოსოფიური, ეზოთერიკული და თეოსოფიური ნაშრომებიდან უკონტექსტოდ ამოგლეჯილი თეზისების მთავარი გამაერთიანებელი თემა დუგინის ვერსიაში სამყაროს მოახლოებული აღსასრულია. ეს მკაფიოდ ჩანს ალექსანდრ დუგინის მიერ 1990-იან წლებში გამოცემული ესქატოლოგიური ტექსტების კრებული, რომელშიც ქრისტიანობის შესახებ მსჯელობებს ენაცვლება რეფლექსია კაბალაზე, მასონობასა და ალქიმიაზე. აქვეა ალისტერ კროულის, იულიუს ევოლას და მირჩა ელიადეს ტექსტები. 

ტრადიციის გამოგონება

დიდი ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება არ არის საჭირო იმის დასანახად, რომ კრემლის მიერ ტრანსლირებულ ტრადიციულ ფასეულობებს ნაკლები საერთო აქვს მართლმადიდებლობის ან რომელიმე სხვა რელიგიის ღირებულებებთან. საუკეთესო შემთხვევაში ის რასაც დღეს რუსი სასულიერო პირები და პროპაგანდა ტრანსლირებს ქრისტიანული ეზოთერიზმია - ეს ამავდროულად დუგინის მიერ გამოქვეყნებული კრებულის ერთ-ერთი სათაურია. 

რუსეთის მთავარი პოლიტიკური ტრადიცია რომელიც საუკუნიდან საუკუნეში მეორდება დასავლეთის მოახლოებული დაღუპვა და მტრების მიერ ალყაში მაგრამ დაუმარცხებელი რუსი ხალხის მითებია. საუკუნიდან საუკუნეში რუსული ელიტა თავიდან იგონებს ტრადიციულ ფასეულობებს და ამგვარი გამოცდილების გათვალისწინებით პროცესი საკმაოდ "წარმატებულად" მიმდინარეობს. 

რეგიონის ავტოკრატები პოულობენ საშუალო-სტატისკური მოქალაქის აღქმაში მგრძნობიარე წერტილებს, რომლებიც პირველ რიგში ბავშვების აღზრდასთან არის დაკავშირებული, იგონებენ რა საფრთხეებს ისინი ცდილობენ ზიზღის გაღვივებას დასავლეთის მიმართ და ახერხებენ საბჭოთა ისტორიას ალყაში მოქცეული სიმაგრის შესახებ. 

კრემლისა და ქართული ოცნებისთვის "ტრადიციულ ფასეულობებზე" საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მოსახერხებელი პროპაგანდისტული ხერხია მწვავე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.  

 

მსგავსი სიახლეები