2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა. ჰამასმა ისრაელის 1200-ზე მეტი მოქალაქე მოკლა და 240-მდე დაატყვევა. საპასუხოდ, ისრაელის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებისგან ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებას მოელის.
სწორედ ამ მიზნით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ატარებენ. ჰამასის მართული ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დაწყებულ ანტი-ტერორისტულ ოპერაციას ღაზაში უკვე 14 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თუმცა ჰამასის განადგურებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. რამდენად შესაძლებელია გაანადგურო ორგანიზაცია, რომელიც 16 წელია ღაზის სექტორს აკონტროლებს? ორგანიზაცია, რომელსაც მიწის ქვეშ ასობით კილომეტრის სიგრძის გვირაბები აქვს?
ასევე, ნიშნავს თუ არა ჰამასის განადგურებისთვის ბრძოლა ღაზის სექტორის მრავალწლიან ოკუპაციას, რაც ათასობით ისრაელელი ჯარისკაცის იქ ყოფნასა და უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს უკავშირდება?
ამ საკითხის გარდა, არის კიდევ უფრო ფართო კონტექსტი, რომელიც ცხადია, ღაზაში ჰამასის განადგურებასაც გულისხმობს, მაგრამ ასევე ზოგადად, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ფართო, გრძელვადიან მოგვარებას, რაც ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს.
სიმართლე რომ ითქვას, დღეს ასეთი გამოსავალი უფრო შორეულ პერსპექტივად ჩანს, ვიდრე ოდესმე ბოლო 30 წლის განმავლობაში. ისრაელისა და პალესტინის საზოგადოება სრულად მოიცვა შურისძიებისა და მოწინააღმდეგე მხარის დასჯის სურვილმა, რაც ბოლო წლების უზარმაზარი მსხვერპლით არის განპირობებული.
გარდა ამისა, მშვიდობის წინაღობაა ის ტრადიციული პრობლემები, რომლებსაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადასაწყვეტად მიმდინარე მოლაპარაკებებში წლების განმავლობაში აწყდებოდნენ: ებრაული ახალშენები პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე და იქ უკანონოდ მცხოვრები 500,000-ზე მეტი ადამიანი, აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხი, ოკუპაცია, ჰამასის პოპულარობა პალესტინურ საზოგადოებაში და პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების საკითხი.
ამ მოსაზრების სვეტში იმ წინაღობებს მიმოვიხილავ, რაც უკვე ათწლეულებია სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებას ხელს უშლის და მეტიც, დაპირისპირებული მხარეების შეთანხმებას შეუძლებელს ხდის.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველადი წარმატება
ისრაელის ხელისუფლებასა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას (PLO - რედ.)* შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები პირველად 90-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. ამ პერიოდში, ისრაელს მემარცხენე პრემიერი იცხაკ რაბინი მართავდა, რომელიც ისრაელის ყველაზე წარმატებული, 6 დღიანი ომის გმირი და გამარჯვების ერთ-ერთი ავტორი იყო.
იცხაკ რაბინს, როგორც ყოფილ სამხედროს, კარგად ჰქონდა გააზრებული, თუ რა მასშტაბის ფინანსურ ხარჯებთან და ადამიანურ მსხვერპლთან იყო დაკავშირებული ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის ოკუპირებული ღაზის სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს კონტროლი.
სამშვიდობო პროცესისკენ მისი სწრაფვა ასევე გაამყარა 1987 წელს დაწყებულმა პირველმა პალესტინურმა ინტიფადამ, რამაც ისრაელს მუდმივი დაპირისპირება, ხოლო ორივე მხარეს დიდი მსხვერპლი მოუტანა.
საკუთარი მოტივაცია ჰქონდა მეორე მხარესაც. მრავალი ათწლეულის განმავლობაში დევნილობაში მყოფ პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას ლეგიტიმაცია, ძალაუფლების მიღება და სამშობლოში დაბრუნება სურდა.
ამასთანავე, მათთვის სერიოზული პრობლემა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რომელიც მათი მუდმივი ფინანსური მხარდამჭერი იყო. მოლაპარაკებებს ხელი შეუწყო სპარსეთის ყურის პირველმა ომმაც, რომლის დროსაც იასირ არაფატმა მხარი ღიად დაუჭირა სადამ ჰუსეინს და ამით საბოლოოდ დაკარგა მხარდამჭერები არაბული სამყაროს იმ ნაწილში, რომელიც ჰუსეინს ებრძოდა.
ასე დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკებები ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, რომელშიც თავდაპირველად დიპლომატები და მეცნიერები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, პირველადი წარმატების მიღწევის შემდეგ, პროცესი გასაჯაროვდა და ოფიციალური სახე მიიღო.
იასირ არაფატის, შიმონ პერესისა და იცხაკ რაბინის ნობელის პრემიით დაჯილდოება, 1994 წლის 14 ოქტომბერი
1993 წლის სექტემბერში გაფორმებული ოსლოს შეთანხმება ითვალისწინებდა პალესტინის ეროვნული ხელისუფლების შექმნას. პალესტინის ხელისუფლებას დაეკისრა პასუხისმგებლობა მისი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიის ადმინისტრირებაზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ისრაელის თავდაცვის ძალების ღაზის სექტორიდან და დასავლეთ სანაპიროდან თანდათანობით გამოსვლას.
ეს იყო შუალედური შეთანხმება, რომელიც ხუთი წლით გაფორმდა და იქამდე უნდა ემუშავა, ვიდრე მუდმივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება დასრულდებოდა.
დარჩენილ საკითხებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსი, პალესტინელი ლტოლვილები, ისრაელის უკანონო დასახლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოება და საზღვრები, მოგვიანებით მუდმივი შეთანხმება უნდა შემდგარიყო.
ორმხრივი აღიარების წერილში, პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ ისრაელის სახელმწიფო აღიარა და ძალადობაზე უარი თქვა, ხოლო ისრაელმა სანაცვლოდ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია აღიარა პალესტინელი ხალხის წარმომადგენლად და მოლაპარაკებების პარტნიორად. ამ შეთანხმების ფარგლებში იასირ არაფატს უფლება მიეცა, პალესტინის ტერიტორიებზე დაბრუნებულიყო.
ორმხრივი წინააღმდეგობა
პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციასთან შეთანხმებას ისრაელის მემარჯვენე ოპოზიციის სასტიკი კრიტიკა მოჰყვა.
ქნესეთში გამოსვლისას, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ლიკუდის ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ოსლოს შეთანხმება 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას შეადარა და იცხაკ რაბინს მიმართა: “თქვენ ჩემბერლენზე უარესი ხართ, მან სხვა ქვეყანა გაწირა, თქვენ კი ამას საკუთარ ერს უკეთებთ.”
თუმცა ისრაელის პარლამენტში სამთავრობო კოალიცია ჯერ კიდევ რაბინს ჰქონდა. ამიტომ, სამშვიდობო პროცესი პრობლემების ფონზე, მაგრამ მაინც გრძელდებოდა.
1995 წელს ოსლოს მეორე შეთანხმება გაფორმდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძირითადი პალესტინური ქალაქები და 450 სოფელი დატოვეს. ტერიტორია სამ ნაწილად - A, B და C ზონებად დაიყო. C ზონა, სადაც უკანონო ებრაული ახალშენები მდებარეობს, მისკენ მიმავალი გზები, ისრაელთან და იორდანიასთან საზღვარი ისრაელის კონტროლის ქვეშ დარჩა.
ოსლოს მეორე შეთანხმების შედეგად დაყოფილი პალესტინური ტერიტორიები
ამ შეთანხმებას ორივე ფლანგზე ჰყავდა რადიკალური მოწინააღმდეგეები. ქნესეთში კენჭისყრაზე ოსლოს მეორე შეთანხმება 61 ხმით 59-ის წინააღმდეგ მიიღეს და ესეც მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ პრემიერმა რაბინმა ორი მემარჯვენე ოპოზიციონერი დეპუტატი მინისტრობის სანაცვლოდ გადმოიბირა, რადგან შეთანხმებას მისივე პარტიის ყველა დეპუტატმა ხმა არ მისცა.
ისრაელის შიგნით, მემარჯვენე პარტიები ოსლოს შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ პალესტინური ტერიტორიების დეოკუპაცია ქვეყნის უსაფრთხოებას მუდმივი პრობლემების წინაშე დააყენებდა.
ასევე, მათთვის მიუღებელი იყო პოტენციური პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება, რაც 1967 წლის ომის შემდეგ, ებრაელებისთვის უმნიშვნელოვანეს სიწმინდეებზე მოპოვებული კონტროლის დაკარგვასაც ნიშნავდა.
ამას ემატებოდა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ახალმოსახლეების საკითხიც, რადგანაც მათი გამოსახლების გარეშე პალესტინური სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.
არაერთგვაროვანი მოსაზრებები იყო საპირისპირო ბანაკშიც. პალესტინური საზოგადოების ნაწილისთვის, ისრაელთან ყოველგვარი შეთანხმება კატეგორიულად მიუღებელი იყო და სანაცვლოდ შეიარაღებულ წინააღმდეგობას მოითხოვდნენ.
რადიკალურ ფრთას იმ დროისთვის ახლადშექმნილი და შედარებით მცირე პოპულარობის მქონე ისლამისტური ორგანიზაცია ჰამასი ახმოვანებდა.
ამ გადმოსახედიდან, ოსლოს შეთანხმება თავიდანვე უპერსპექტივო იყო, რადგანაც ორივე - ისრაელისა თუ პალესტინის საზოგადოებაში, მყიფე ლეგიტიმაცია გააჩნდა. 1993 წელს, პირველი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, იცხაკ რაბინის სამთავრობო კოალიცია რელიგიურმა პარტია შასმა დატოვა. პრემიერ-მინისტრი უმრავლესობის დაკარგვისგან მხოლოდ იმან იხსნა, რომ მას ისრაელის არაბულმა პარტიებმა მისცეს უმცირესობის მთავრობის შექმნის შესაძლებლობა.
დიპლომატიური პროცესის პარალელურად, ისრაელის ქუჩებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რომლებშიც ძირითადად იერუსალიმის მაცხოვრებლები და დასავლეთ სანაპიროს ახალმოსახლეები აქტიურობდნენ.
ვითარებას ამძიმებდა ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებებს თან ახლდა მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები.
ტერორისტი ბარუხ გოლდშტეინი
1994 წლის 25 თებერვალს, ნიუ-იორკში დაბადებული რადიკალი ებრაელი ბარუხ გოლდშტეინი რამადანისას ჰებრონში, იბრაჰიმის მეჩეთში შეიჭრა და 29 პალესტინელი მოკლა, 125 კი დაჭრა. საპასუხოდ, ისრაელელი ტერორისტი ადგილზე მყოფმა ადამიანებმა ცემით მოკლეს.
მაშინ, პრემიერმა იცხაკ რაბინმა ხოცვა-ჟლეტა დაგმო, მაგრამ ჰებრონის ებრაელ მოახალშენეებთან დაპირისპირების შიშით, უარი თქვა მათ გამოყვანაზე, რასაც ჰამასმა შურისძიების მუქარით უპასუხა.
ამ თავდასხმამ პალესტინურ საზოგადოებაში სამშვიდობო პროცესის მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეარყია.
ამავდროულად, ისრაელში ოსლოს შეთანხმების მომხრეების, ე.წ. "მშვიდობის ბანაკის" მრავალრიცხოვნების საჩვენებლად, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა იცხაკ რაბინს თელ-ავივში მხარდამჭერების შეკრების ორგანიზება შესთავაზა. რაბინი ყოყმანობდა, რადგანაც არ იყო დარწმუნებული, რომ ქუჩებში ბევრი ადამიანი გამოვიდოდა.
1995 წლის 4 ნოემბერს, ეს აქცია თელ-ავივის მერიასთან მაინც გაიმართა, სადაც ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ისრაელის მემარცხენე, ლიბერალურ, საშუალო კლასს მობეზრდა იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში მოახალშენეებისა და რელიგიური ექსტრემისტების აქციებისა და სისასტიკის ყურება. ამ დღეს, მათ მიიღეს შანსი, რომ საკუთარი მრავალრიცხოვნება და ძალა ყველასთვის ეჩვენებინათ.
”მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენი ერის უმრავლესობას სურს მშვიდობა, მზად არის მშვიდობისთვის რისკებზე წასასვლელად. ამ ერს ნამდვილად სურს მშვიდობა და ეწინააღმდეგება ძალადობას. ძალადობა ჭამს ისრაელის დემოკრატიის საფუძველს. ის უნდა დავგმოთ და მისი იზოლირება მოვახდინოთ. ეს არ არის ისრაელის სახელმწიფოს გზა. არსებობს დემოკრატია, შეიძლება იყოს უთანხმოება, მაგრამ ისინი უნდა გადაწყდეს დემოკრატიული არჩევნების პირობებში.” - მიმართა მოქალაქეებს იცხაკ რაბინმა.
აქციაზე გამოსვლის შემდეგ, საკუთარი ავტომობილისკენ მიმავალი პრემიერი მემარჯვენე ექსტრემისტმა, იგალ ამირმა მოკლა.
“პერესი გაყოფს იერუსალიმს”
ისრაელი საყოველთაო გლოვამ მოიცვა, ქვეყანა სრულ შოკში იყო. ტრაგიკული მოვლენის ფონზე, საზოგადოებაში სამშვიდობო პროცესის მიმართ მხარდაჭერა უსწრაფესად გაიზარდა.
1996 წელს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, პრემიერ-მინისტრი პირდაპირი წესით ირჩეოდა, სადაც მემარჯვენე ბანაკს ბენიამინ ნეთანიაჰუ, მემარცხენეს კი - შიმონ პერესი წარმოადგენდა.
იცხაკ რაბინის სასტიკი მკვლელობიდან 1 კვირის შემდეგ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, შიმონ პერესი კონკურენტ ნეთანიაჰუს 31%-ით უსწრებდა.
თუმცა მან ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც სამშვიდობო პროცესის მიმართ საზოგადოებაში შეცვლილი განწყობით არ ისარგებლა და არჩევნები მალევე არ დანიშნა.
პერესს გარდაცვლილი რაბინის “ჩრდილქვეშ” არჩევნების მოგება არ სურდა. მას სჯეროდა, რომ პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესით და სირიასთან მშვიდობის მიღწევით, მისი პარტიის მხარდაჭერას გაზრდიდა.
საპირისპირო ბანაკი სრულად ნეგატიურ კამპანიას ატარებდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი გზავნილი ის იყო, რომ პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესი იერუსალიმის გაყოფასა და ებრაელებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილების პალესტინური სახელმწიფოს იურისდიქციაში მოქცევას ნიშნავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ხელისუფლება ამას არ გეგმავდა, მემარჯვენე მედიამ და ნეთანიაჰუმ ეს თემა ძალიან კარგად გამოიყენა. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ებრაელების აბსოლუტური უმრავლესობა, ისინიც, ვინც ოსლოს შეთანხმებას მხარს უჭერდა, იერუსალიმის ნებისმიერი ნაწილის დათმობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
ჰამასის “ინჟინერი” იაჰია აიაში
1996 წლის 5 იანვარს ისრაელის სპეცსამსახურებმა ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ოპერაცია ჩაატარეს.
ღაზაში, მისი ბავშვობის მეგობრის სახლში, მობილურ ტელეფონში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ჰამასის “ინჟინრად” (ტერორისტული აქტებისთვის ბომბებს ამზადებდა. - რედ.) მიჩნეული იაჰია აიაში მოკლეს. 1992 წლიდან მოყოლებული, ის რამდენიმე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი იყო.
ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური, შინ ბეთი, დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა აიაშის ღაზელი მეგობრის ბიძასთან. როდესაც ტერორისტი ღაზაში, თავის მეგობართან მივიდა, შინ ბეთის წარმომადგენლები კამილ ჰამადს დაემუქრნენ, რომ თუ მათ არ დაეხმარებოდა, ჰამასს მისი ღალატის შესახებ აცნობებდნენ. ისრაელელმა აგენტებმა მას მობილური ტელეფონი მისცეს და უთხრეს, რომ აპარატში მოსასმენი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, მაგრამ ჰამადმა ტელეფონში 15 გრამი ჰექსოგენის შესახებ არაფერი იცოდა.
კამილ ჰამადმა ტელეფონი თავის ძმისშვილს, ოსამას მისცა, რადგან იცოდა, რომ აიაში რეგულარულად იყენებდა მის ტელეფონებს. 1996 წლის 5 იანვარს, 08:00 საათზე, აიაშს მამამ დაურეკა. აიაშმა უპასუხა და მასთან საუბარი დაიწყო. ამ დროს, ისრაელის თვითმფრინავმა მათი საუბარი დააფიქსირა და როდესაც დადასტურდა, რომ მართლაც აიაში საუბრობდა, შინ ბეთმა დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოქმედებაში მოიყვანა.
აიაშის დაკრძალვას ღაზაში 100,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მოკლული ტერორისტი პალესტინელების ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან გმირად იქცა.
კამილ ჰამადი კი გაუჩინარდა. ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ შინ ბეთთან თანამშრომლობისთვის, მან 1 მილიონი დოლარი, ყალბი პასპორტი და ამერიკის ვიზა მიიღო.
ამ ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა შინ ბეთმა ჯერ კიდევ იცხაკ რაბინის სიცოცხლეში მიიღო, როდესაც აიაში იმ ტერორისტების სიაში შეიყვანეს, რომელთა ლიკვიდაციაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო.
თუმცა ოპერაციას "მწვანე შუქი" მაშინდელმა პრემიერმა, შიმონ პერესმაც აუნთო. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ასეთ ოპერაციებზე ოფიციალურ პასუხისმგებლობას არასდროს იღებს, აიაშის მკვლელობის შემდეგ, პერესს საჯარო თვითკმაყოფილება არ დაუმალავს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ოპერაციით პერესმა პოლიტიკურ სუიციდს მოაწერა ხელი.
ისრაელის სპეცსამსახურებში სჯეროდათ, რომ აფეთქებების დიდოსტატის, იაჰია აიაშის ლიკვიდაცია ჰამასს დიდი ხნით წაართმევდა მასშტაბური ტერაქტების მოწყობის უნარს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აიაშს კარგი მოსწავლეები ჰყავდა.
ჰამასმა ისრაელს სასტიკი შურისძიებით უპასუხა. 1995 წლის თებერვალსა და მარტში ოთხი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმსას ისრაელის ქალაქებში 78 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის საზოგადოება ხედავდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული პომპეზური ცერემონიების მიღმა, სადაც ისრაელისა და პალესტინის ლიდერები ნობელის პრემიასა და მსოფლიოს ლიდერებისგან საქებარ სიტყვებს იღებდნენ, მათ მიწაზე პალესტინური ტერორიზმს უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა.
იერუსალიმში, ერთ-ერთი ტერაქტის ადგილზე მისულ პრემიერ შიმონ პერესს, ადგილობრივი მოქალაქეები შეძახილებით დახვდნენ: “იგალ ამირი, იგალ ამირი!”; ხოლო თელ-ავივსა და იერუსალიმში კედლებზე გაჩნდა წარწერები: “ლიკუდი მართალი იყო! ბიბი მართალი იყო!”
რაბინის სიკვდილის შემდეგ, სამშვიდობო პროცესის მიმართ შექმნილი ეიფორია და პოზიტიური მოლოდინები ჰამასმა 2 თვეში გაანადგურა და 1996 წლის 29 მაისს, რამდენიმე თვით ადრე უპირობო აუთსაიდერად მიჩნეულმა ნეთანიაჰუმ არჩევნებზე ხმების 50.5%-ით გაიმარჯვა.
ჟურნალ TIME-ის გარეკანი ნეთანიაჰუს გამარჯვების შემდეგ, 1996 წლის 10 ივნისი
პრემიერობის პირველ ვადაში ნეთანიაჰუ ჰებრონიდან ებრაელი ახალმოსახლეების გამოყვანას დაეთანხმა და სხვა დათმობებზეც წავიდა, მაგრამ ზოგადად, ის ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ოსლოს შეთანხმების ვალდებულებების შესრულებას. მეტიც, მან სამშვიდობო პროცესი მაქსიმალურად გაყინა. თუმცა მისი მყიფე კოალიცია მალევე დაიშალა და 1999 წელს ისრაელის პრემიერი მემარცხენე გენერალი, ეჰუდ ბარაკი გახდა.
მშვიდობის ბოლო შანსი
სამშვიდობო შეთანხმების ბოლო შანსი სწორედ ბარაკის პრემიერობისას, 2000 წლის კემპ დევიდის სამიტზე იყო. ისრაელი პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროს 73%-ის და ღაზის სექტორის 100%-ის კონტროლის გადაცემას ჰპირდებოდა. მომავალი 10-25 წლის განმავლობაში კი პალესტინელები დასავლეთ სანაპიროს 91%-ს მიიღებდნენ და მიწის გაცვლის შედეგად კიდევ 1% დაემატებოდათ. პალესტინური პერსპექტივით, ეს შეთავაზება მათი მიწების მხოლოდ 86%-ს მოიცავდა. ამასთანავე, შეუთანხმებლობის მთავარი საკითხები იერუსალიმის გაყოფა და პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნება იყო.
მოლაპარაკების მაგიდაზე არსებული შეთავაზება პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა არ მიიღო. ერთ-ერთ პირად საუბარში მან ამერიკელებსა და ებრაელებს უთხრა, რომ თუ ამას ხელს მოაწერდა, ამის გამო აუცილებლად მოკლავდნენ.
"არაბები არასოდეს უშვებენ შანსს, რომ შანსი ხელიდან გაუშვან." - ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბა ებანი.
საბოლოოდ, ისრაელი ბოლო დათმობაზე 2005 წელს წავიდა, როდესაც ღაზა დატოვა და იქ უკანონოდ მცხოვრები ებრაელები გამოასახლა. თუმცა ამ გადაწყვეტილების გამო მაშინდელ პრემიერს, არიელ შარონს, საკუთარი პარტიიდან, ლიკუდიდან წასვლა მოუხდა, რადგან პარტიის წევრების უმრავლესობა ასეთ დათმობას ეწინააღმდეგებოდა.
მალე შარონი ჯანმრთელობის პრობლემების გამო პოლიტიკიდანაც წავიდა, ღაზაში კი ხელისუფლებაში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი მოვიდა, რასაც ისრაელმა ღაზის სექტორის ბლოკადით უპასუხა. ეს ტერიტორია ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების მუდმივ პლაცდარმად იქცა.
ამ მოვლენების ერთობლიობამ ისრაელის საზოგადოებაში სამშვიდობო პროცესის მიმართ 90-იანი წლების ბოლოს არსებული სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაზარდა და პოლიტიკური ელიტის აბსოლუტურ უმრავლესობაში შექმნა განცდა, რომ პალესტინელებთან საუბარს აზრი არ აქვს, კონფლიქტი უნდა გაიყინოს და ოკუპაცია გაგრძელდეს.
ნაქბა და ლტოლვილების დაბრუნების უფლება
ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის ჩავარდნაზე საუბრისას, პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების საკითხი ყოველთვის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი წინაღობაა.
1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეორე დღესვე მის წინააღმდეგ ეგვიპტის, იორდანიისა და სხვა არაბული ქვეყნების მიერ ომის დაწყება მოჰყვა. ამ ომში ისრაელმა სასწაულებრივად გაიმარჯვა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.
თუმცა ომი თითქმის 10 თვის განმავლობაში გაგრძელდა. სწორედ ომის პერიოდში და ომის შემდეგ მოხდა ნაქბა (არაბულად: კატასტროფა), როდესაც ისრაელის არმიამ 700 ათასი პალესტინელი სახლებიდან განდევნა.
ნაქბამ მთლიანად შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული სურათი და დღევანდელი ისრაელის ის მიწები, სადაც პალესტინელი არაბები ცხოვრობდნენ, მათგან სრულად დაცალა, ხოლო ასიათასობით პალესტინელი ღაზაში, იორდანიაში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.
პირველი ომის შემდეგ, ისრაელმა გაეროს 1947 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციით მისთვის მიკუთვნებული მიწების გარდა, საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია დღევანდელ ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე არაბებით დასახლებული მიწები, რომლებზეც პალესტინური სახელმწიფო უნდა შექმნილიყო. მეორე მხრივ, იორდანიამ დასავლეთ სანაპიროს და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია მოახდინა, ეგვიპტემ კი - ღაზის სექტორის.
ნაქბა და შემდგომში ლიბანში, იორდანიაში, ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და სირიაში მცხოვრები პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების საკითხი მოგვიანებით, 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ წინაღობად იქცა.
2000 წელს, კემპ დევიდში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, პალესტინელებმა ისევ დააყენეს ტრადიციული მოთხოვნა დაბრუნების უფლების შესახებ. მათ მოითხოვეს, რომ ისრაელს ეღიარებინა ყველა ლტოლვილის დაბრუნების უფლება, ვისაც თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე დასახლება სურდა. ისრაელი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს ქვეყნის დემოგრაფიას მნიშვნელოვნად შეცვლიდა და ეჰუდ ბარაკის ისედაც მყიფე სამთავრობო კოალიციას საბოლოოდ დაშლიდა. საბოლოოდ, ორ მხარეს შორის დიდი შეთანხმების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს საკითხი იქცა.
ამჟამად იორდანიაში, ლიბანში, ღაზასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, 1948 წლის და სხვა ომების შედეგად ლტოლვილად ქცეული და მათი შთამომავალი 5 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.
ოსლოდან რეიმის მუსიკალურ ფესტივალამდე
7 ოქტომბერს, ჰამასის სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის ყველა იმედი მოკვდა. თუმცა 25 წელია, ოსლოს სამშვიდობო პროცესის მიმართ იმედგაცრუება ორივე მხარეს იზრდება.
პალესტინურ მხარეს ამას დაუსრულებელი ოკუპაცია, ახალშენების მშენებლობის გაგრძელება, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ახალმოსახლეების სისასტიკე, ღაზის ბლოკადა და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ამას ემატება ოსლოს შეთანხმების გაყინვა, რაც მოსახლეობაში აღრმავებს განცდას, რომ ისრაელთან მშვიდობა შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალი შეიარაღებული წინააღმდეგობაა.
1993 წელს, როდესაც ოსლოს პირველი შეთანხმება გაფორმდა, იასირ არაფატი პალესტინელებისთვის ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი იყო, რომელმაც წლების განმავლობაში განიმტკიცა თავისი პოპულარობა და ნამდვილად გააჩნდა ლეგიტიმაცია ისრაელთან ამ ტიპის შეთანხმებაზე წასულიყო.
თუმცა შეთანხმების შედეგად შექმნილმა პალესტინის ადმინისტრაციამ ადამიანების ყოფითი პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, თავი ავტორიტარული მეთოდებით, სხვადასხვა ტიპის თავისუფლებების შეზღუდვებითა და ღრმა კორუფციით გამოიჩინა.
იასირ არაფატის დაბრუნება ღაზაში, 1994 წლის ივლისი
1996 წლის პალესტინის არჩევნებში იასირ არაფატმა და ფათჰმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. მზარდი პოპულარობის მქონე ისლამისტურმა დაჯგუფება ჰამასმა არჩევნებს მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ტენდენცია მოგვიანებითაც გაგრძელდა და ჰამასის მიერ პოლიტიკური პროცესის უგულებელყოფას ფათჰი კარგად იყენებდა ძალაუფლების მონოპოლიზებისთვის.
რიგითი პალესტინელის ცხოვრების ტრაგიკულობის ყველაზე მძიმე ილუსტრაცია სწორედ ის არის, რომ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მოქალაქეები ცხოვრობენ არამხოლოდ ისრაელის ოკუპაციის ქვეშ, არამედ მათ მართავთ სრულიად კორუმპირებული და ლეგიტიმაციის არმქონე ხელისუფლება, რომლის პრეზიდენტიც 2005 წელს 4 წლით აირჩიეს და მას შემდეგ წაგების შიშით არჩევნებს არ ატარებს. კიდევ უფრო ტრაგიკულია ღაზაში მცხოვრები ადამიანების ყოფა, რადგან მათ უსასტიკესი, ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი მართავთ, რომელიც არანაკლებ კორუმპირებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ სამშვიდობო პროცესით იმედგაცრუებისა და ისრაელის ოკუპაციის გარდა, ჰამასის პოპულარობის ზრდას ხელი ისრაელის ხელისუფლებების ქმედებებმაც შეუწყო.
2006 წლის იანვარში, ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაციის დასრულების და ებრაელი ახალმოსახლეების გაყვანის შემდეგ, პალესტინაში 1996 წლის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებს წინ უძღოდა სისხლიანი და ხანგრძლივი მეორე ინტიფადა, ხოლო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელმა სამშვიდობო პროცესის დაწყებიდან ყველაზე დიდი დამთმობი ნაბიჯი გადადგა და ღაზა დატოვა.
პალესტინურმა საზოგადოებამ მაშინ ეს ჰამასის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის, ტერაქტებისა და რადიკალური ბრძოლის შედეგიანობის დასტურად აღიქვა.
ამას თან დაერთო ფათჰის სრულად გახრწნა კორუფციაში და ჰამასმა პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 44% მიიღო, ფათჰმა კი - 40%. არჩევნები შერეული, ნახევრად პროპორციული სისტემით ჩატარდა და ჰამასმა უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა პალესტინის კონტექსტში ეს ხელისუფლების პრეზიდენტისგან დანაწილებას სულაც არ ნიშნავდა.
ფათჰი ჰამასთან ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავდა და ახალი პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად დამტკიცებული ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაელ ჰანიესთვის ძალაუფლების გადაცემას არ გეგმავდა.
საპასუხოდ, ჰამასმა გადაწყვიტა, ძალისმიერი მეთოდებით ემოქმედა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2007 წელს ფათჰის წარმომადგენლების ნაწილი დახოცა, ნაწილი კი ღაზიდან გაიქცა. მაჰმუდ აბასს საპრეზიდენტო ბრძანებებით ღაზის სექტორის მართვის საშუალება არ მიეცა და ჰამასმა ღაზაზე სრული კონტროლი დაამყარა.
თუმცა ამ 16 წელიწადში პალესტინელმა ხალხმა ჰამასის სახე კარგად დაინახა. სეკულარული და ნაციონალისტური ფათჰისგან იდეოლოგიური სხვაობის მიღმა, ჰამასი ხელისუფლებაში მისგან განსხვავებული ძალა არ აღმოჩნდა.
ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი ხალედ მაშალი
ჰამასის ლიდერების კორუფციასა და პირად სიმდიდრეზე საერთაშორისო მედიამ მრავალი გამოძიება გამოაქვეყნა. სხვადასხვა ცნობებით, ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელს და წევრებს - ისმაილ ჰანიეს, მუსა აბუ მარზუკსა და ხალედ მაშალს მილიარდობით დოლარის ქონება აქვთ კატარში, სადაც ისინი და მათი შვილები ამჟამად კომფორტულად ცხოვრობენ.
ეს იმ ფონზე ხდება, როცა 2023 წლის ომის დაწყებამდე, ღაზის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულყოფილად ვერ იკვებებოდა. ბუნებრივია, ეს რიცხვი ომმა მნიშვნელოვნად გაზარდა.
ამის მიუხედავად, ფათჰთან კონკურენციაში ჰამასს მაინც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ისრაელისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის კი დიდი კრიზისი მაშინ დადგება, როდესაც 87 წლის მაჰმუდ აბასი გარდაიცვლება და პალესტინის ადმინისტრაციას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოუწევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი არაპოპულარული ძალის ფონზე, ღაზაშიც და დასავლეთ სანაპიროზეც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფათჰის ყოფილი წევრი, ტერორისტი მარვან ბარღუტი, რომელიც ისრაელის ციხეში სამუდამო პატიმრობის მუხლით ზის. ის მრავალი ტერორისტული აქტის ორგანიზატორია და პალესტინურ საზოგადოებაში მის პოპულარობას ორი მიზეზი განაპირობებს - მარვან ბარღუტი არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში, რის გამოც არ არის შემჩნეული კორუფციაში და მთელი ცხოვრება ებრძოდა ისრაელს.
როდესაც პალესტინურ საზოგადოებაში ისრაელის აღქმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, როგორ უყურებენ პალესტინელები ისრაელის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ძალას.
დასავლურ მედიაში ხშირად სრულიად გულუბრყვილო აღქმა იქმნება, თითქოს ისრაელის მემარცხენე სიონისტური პარტიები ცალსახად მშვიდობის ბანაკად მოიაზრებიან, რადგან ხშირად ამ მედიების იდეოლოგიური თანამოაზრეებიც არიან და ამ კონფლიქტში პოზიტიურ როლს ასრულებენ, ხოლო ნაციონალისტი და რელიგიური გრძნობებით აღსავსე მემარჯვენეები კონფლიქტის მოგვარების წინაღობას წარმოადგენენ.
თუმცა პალესტინელების აღქმაში ამ ორ ბანაკს შორის სხვაობა არ არსებობს, რადგან ისრაელმა ნაქბა სწორედ მემარცხენე სიონისტების მმართველობისას მოაწყო, ახალშენების მშენებლობაც მათ დაიწყეს და მაშინაც კი, როდესაც ოსლოს შეთანხმება გაფორმდა, ეს პროცესი არ შეჩერებულა.
ისრაელის პოლიტიკური ელიტის მიმართ პალესტინური პერსპექტივა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც პალესტინელებს მოლაპარაკებების გზით ამ კონფლიქტის გადაჭრის აღარ სჯერათ.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში პალესტინაში ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრე ძალების გაძლიერება ნაკლებად სავარაუდოა.
იცხაკ რაბინიდან იტამარ ბენ გვირამდე
ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის ჩავარდნა პალესტინურ ტერორიზმთან ერთად ისრაელის პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე, ე.წ. ეროვნულ-რელიგიური პარტიების ქმედებების და მათი პოპულარობის ზრდის შედეგიცაა.
1948 წლის 14 მაისს ისრაელის დამოუკიდებლობა დავიდ ბენ-გურიონმა გამოაცხადა. ისრაელის დამფუძნებელი მამების აბსოლუტური უმრავლესობა მემარცხენე, სეკულარული სიონისტები იყვნენ.
მათი პარტია ისრაელს შეუცვლელად მართავდა თითქმის 30 წლის განმავლობაში, თუმცა პოლიტიკურმა ტრენდებმა ცვლილება 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, რაც საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ ისრაელის ლეიბორისტული პარტია დღეს ქნესეთში 120-იდან მხოლოდ 4 მანდატით არის წარმოდგენილი.
ისრაელში პოლიტიკური პარტიები პირობითად სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:
- მემარცხენე და ცენტრისტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც სამშვიდობო პროცესს უჭერენ მხარს. მათი ნაწილი სეკულარიზმსა და ადამიანების ცხოვრებაზე რელიგიური პარტიების გავლენის შემცირებას ემხრობა. ისრაელის სახელმწიფო სწორედ მემარცხენე სიონიზმის პროდუქტია და ქვეყანას 1948-77 წლებში სწორედ ეს ძალები მართავდნენ.
- მემარჯვენე - კონსერვატიული და ნაციონალისტური ძალები, რომლებიც პალესტინური სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგებიან და დასავლეთ სანაპიროზე ახალშენების გაფართოებას ითხოვენ. ამ ბანაკში მთავარი ძალა პარტია ლიკუდია, რომლის მოკავშირეებიც ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების რელიგიური პარტიები და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებთა რელიგიურ-ნაციონალისტური პარტიები არიან.
- მესამე ჯგუფი ისრაელელი არაბების პარტიებია, რომლებიც სამთავრობო კოალიციებში თითქმის არასდროს არიან, რადგან ისინი ისრაელის ებრაულ მოსახლეობაში მარგინალებად მიიჩნევიან. მათ ხშირად ადანაშაულებენ პალესტინური ტერორიზმის მხარდაჭერაში.
ისრაელის პოლიტიკური ელიტა პალესტინელებთან შეთანხმების, ოკუპაციის და ახალშენების მშენებლობის დასრულების მომხრე ცალსახად არასდროს ყოფილა, მაგრამ 80-ინი წლების ბოლოს ძალთა ბალანსი თანაბარი იყო, რამაც იცხაკ რაბინის მთავრობას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საშუალება მისცა.
თუმცა 90-იანი წლების ბოლოდან პალესტინურმა ტერორიზმმა და დემოგრაფიულმა ტრენდებმა ეს პროცესი მემარჯვენე ბანაკის სასარგებლოდ შეცვალა.
იცხაკ რაბინი რუს ემიგრანტებს ესალმება, 1994 წლის 27 აპრილი
ამ ცვლილების პირველი მიზეზი საბჭოთა კავშირის დაშლა და რუსულენოვანი ებრაელების ალიაა*. 1980-იანი წლების ბოლოს კომუნისტური პარტიის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, მიხეილ გორბაჩოვმა, სსრკ-ში მცხოვრებ ებრაელებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.
1989-2006 წლებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ისრაელში მილიონამდე ადამიანი ჩავიდა. მათი უმრავლესობა ისრაელში კომპაქტურად დასახლდა. შედეგად, განსაკუთრებით ასაკოვანი საბჭოთა ებრაელების ინტეგრაცია ძალიან ნელი ტემპით, ან საერთოდ არ ხდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შეხედვით ინტერნაციონალისტური და კომუნისტური ქვეყნიდან ჩასულ ადამიანებს, თავიდანვე მკაცრი ხედვები ჰქონდათ პალესტინელებისა და მშვიდობის პროცესის მიმართ. 90-იან წლებში ჰამასის მიერ ჩადენილმა ტერორისტულმა აქტებმა მათში ებრაული ნაციონალიზმი კიდევ უფრო რადიკალური გახადა.
მოსახლეობის ამ სეგმენტს ჯერ საბჭოთა კავშირში ებრაელების უფლებადამცველი ნათან შარანსკის, შემდგომში კი ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ავიგდორ ლიბერმანის პარტიები წარმოადგენდნენ.
90-იან წლებში, ისრაელის ლეიბორისტულმა პარტიამ და სხვა მემარცხენე პარტიებმა რუსულენოვან მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია ვერ დაამყარეს, რუსულენოვანი საარჩევნო პოსტერებისა და კანდიდატების საარჩევნო სიაში წარდგენა ძალიან დაიგვიანეს, რითაც კარგად ისარგებლეს მემარჯვენე ძალებმა.
თავის დროზე, 1996 წლის კამპანიისას, შიმონ პერესი დარწმუნებული იყო, რომ როგორც ბელორუსში დაბადებული ებრაელი, როგორც მემარცხენე სიონისტი, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაფერი გააკეთა ამ ემიგრანტების ისრაელის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, მათთვის ელექტორალურად მიმზიდველი იქნებოდა, თუმცა ის ძალიან ცდებოდა.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა, ავიგდორ ლიბერმანმა, ეფექტური რუსულენოვანი კამპანია აწარმოა და 1996 წელს პრემიერ-მინისტრობის არჩევნებში ნეთანიაჰუს გამარჯვებაში ამ ელექტორატმა დიდი წვლილი შეიტანა.
მეორე ფაქტორი ისრაელში მცხოვრები ულტრა-ორთოდოქსი ებრაელბის პარტიებია. ორი პარტია - შასი და გაერთიანებული თორას იუდაიზმი მიზრაჰი/სეფარიდი* და აშკენაზი* ორთოდოქსი ებრაელების ინტერესების დასაცავად შეიქმნა.
ორივე პარტია ლობირებს ისრაელის რელიგიური ბუნების დაცვას, ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების ჯარში არგაწვევას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური სკოლებისა და ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას. ამ მოთხოვნებს რელიგიურ პარტიებს საწყის ეტაპზე მემარცხენე ბანაკიც უკმაყოფილებდა, რის გამოც ისინი ძალიან ხშირად იყვნენ წარმოდგენილი მემარცხენე სიონისტურ ძალებთან ერთად შექმნილ კოალიციებში.
თუმცა, მოგვიანებით, მათი თანამშრომლობა მემარჯვენე კონსერვატიულ და ნაციონალისტურ ძალებთან მემარცხენე პარტიების ელექტორატში სახელმწიფოზე რელიგიის გავლენის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. ლეიბორისტული პარტიისა და უფრო მემარცხენე/სეკულარული ძალებისთვის მიუღებელია ტრანსპორტსა და სხვადასხვა დაწესებულებაზე შაბათობით დაწესებული შეზღუდვები, ორთოდოქსებისთვის ჯარში გაწვევაზე გამონაკლისის არსებობა და ბიუჯეტიდან მათი სუბსიდირება. საბოლოოდ, ამ ელექტორალურმა კონფლიქტმა მემარცხენე ბანაკი ძალიან მზარდი პოლიტიკური ჯგუფისგან გარიყა.
მესამე ფაქტორი კი დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მოახალშენეები არიან. ეს ადამიანები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პალესტინური სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმით არსებობას, რადგან ისინი ამაში ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავენ.
მოახალშენეები კარგად აცნობიერებენ, რომ პალესტინური სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში, მათი უკანონო დასახლებების ნაწილი მაინც უნდა დაინგრეს და მათ სხვა საცხოვრებელი უნდა იპოვონ. ხაზგასასმელია, რომ ამ ტერიტორიებზე რელიგიურად განსაკუთრებით ექსტრემისტულად განწყობილი და ნაციონალისტი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებიც ხშირად სხვა ქვეყნებიდან აკეთებენ ალიას და დასავლეთ სანაპიროზე სახლდებიან.
მოქალაქეების ამ სეგმენტს ისრაელის პოლიტიკურ სპექტრში რელიგიურ-სიონისტური პარტიები წარმოადგენენ. ამ ჯგუფისთვის ყველაზე დიდი ელექტორალური გამარჯვება 2022 წლის არჩევნები იყო, როდესაც იტამარ ბენ-გვირისა და ბეცალელ სმოტრიჩის ლიდერობით, მათმა გაერთიანებამ ხმების 10.8% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. არჩევნების შემდეგ სმოტრიჩი ფინანსთა მინისტრი გახდა, ბენ გვირი კი - უშიშროების.
იტამარ ბენ-გვირი და ბეცალელ სმოტრიჩი
თავად იტამარ ბენ გვირი ისრაელის საზოგადოებრივი აზრის მარჯვნივ გადახრის საუკეთესო ილუსტრაციაა. ის არის ადამიანი, რომელიც ისრაელის ჯარში მისი რადიკალური ხედვების გამო არ გაიწვიეს, რომელსაც საკუთარ სამუშაო ოთახში ტერორისტი ბარუხ გოლდშტეინის პორტრეტი ჰქონდა ჩამოკიდებული და რომელმაც პარლამენტის წევრობისას პალესტინელების ერთ-ერთ აქციაზე იარაღი ამოიღო და დემონსტრანტებს ემუქრებოდა.
რთულია პროგნოზირება, თუ რა პერსპექტივა აქვს ამ პოლიტიკურ ჯგუფს 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მაგრამ მათი გავლენის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ ახალმოსახლეების სისასტიკის დაუსჯელობასთან და კონფლიქტის მეტად გამწვავებასთან.
და ბოლოს, ისრაელში მშვიდობის ბანაკისთვის მთავარი დარტყმა მეორე ინტიფადა იყო. არიელ შარონის მიერ ტაძრის მთაზე ასვლას და მუსლიმებისთვის ერთ-ერთ წმინდა ადგილას გაკეთებულ განცხადებას, რომ “ტაძრის მთა იყო, არის და იქნება ისრაელის კონტროლის ქვეშ,” არეულობების იმ დღესვე დაწყება მოჰყვა, რაც საბოლოოდ სისხლიან ინტიფადაში გადაიზარდა.
ოთხ წელზე მეტხანს გაგრძელებულ დაპირისპირებას, უამრავი ტერორისტული აქტი, მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი და ოკუპაციის რეჟიმის გამკაცრება მოჰყვა. მეორე ინტიფადას 1000-ზე მეტი ისრაელელი და 3000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
დიდხანს გაგრძელებული არეულობა და სისხლიანი დაპირისპირება იყო ის მომენტი, როდესაც მშვიდობის ბანაკის ყოფილი მხარდამჭერებიც კი დაფიქრდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ პალესტინელებთან საუბარი და მოლაპარაკება.
სწორედ მაშინ გახდა ასეთი პოპულარული მოსაზრება, რომ როდესაც ისრაელმა პალესტინელებს მშვიდობა და მოლაპარაკებები შესთავაზა, სანაცვლოდ ტერაქტები მიიღო, ამიტომ ამ ეტაპზე, ვიდრე პალესტინურ საზოგადოებაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი მხარდაჭერა არ არსებობს, დათმობებზე უარის თქმა და არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება ერთადერთ გამოსავლად რჩება.
ახალშენები - მშვიდობის მთავარი წინაღობა
ისრაელსა პალესტინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე, ებრაული ახალშენები მშვიდობისთვის მთავარი წინაღობა იყო. 2005 წელს ღაზიდან ისრაელმა 8000 უკანონოდ მცხოვრები ებრაელი გამოიყვანა და სექტორის მართვა მთლიანად პალესტინის ადმინისტრაციას გადააბარა, თუმცა დასავლეთ სანაპიროზე უკანონოდ მცხოვრები ებრაელების რაოდენობა ბევრად დიდია.
ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ, ისრაელმა ახალშენების მშენებლობა და დასავლეთ სანაპიროზე დემოგრაფიული სურათის შეცვლა დაიწყო. ამ პროცესის დაწყებისას, პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები და პალესტინური სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის პოლიტიკურ სპექტრში საერთოდ არ განიხილებოდა.
ეს პროცესი უკვე 56 წელია გრძელდება და ამჟამად, დასავლეთ სანაპიროზე 450 000 ებრაელი ცხოვრობს, აღმოსავლეთ იერუსალიმში კი - 220 000. 1967 წლამდე ეს ტერიტორიები იორდანიის სამეფოს ოკუპირებული და ანექსირებული ჰქონდა, თუმცა გაეროს რეზოლუციის მიხედვით, პალესტინური სახელმწიფო სწორედ ამ ტერიტორიებზე და ღაზის სექტორში უნდა შექმნილიყო.
ებრაული დასახლება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე
ახალშენების დაშლის საკითხი ისრაელ-პალესტინური მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხია. წარმოუდგენელია, რომ ისრაელის რომელიმე ხელისუფლებამ აქ მცხოვრებ ადამიანებს ტერიტორიის დატოვება უბრძანოს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ სანაპიროზე საცხოვრებლად, ძირითადად სხვადასხვა ქვეყნიდან ალიის შემდეგ დაბრუნებული მოქალაქეები სახლდებიან. ისინი დასავლეთ სანაპიროს ისრაელის ისტორიულ ტერიტორიად, იუდეად და სამარეად მიიჩნევენ და ახალშენების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ემხრობიან.
დასავლეთ სანაპიროზე არსებული ახალშენები დესტაბილიზაციის მუდმივი წყაროა და ისრაელის თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილის ამ ტერიტორიაზე ყოფნას მოითხოვს, რაც ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთში მის წარმომადგენლობას ასუსტებს.
ამ ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარების საუკეთესო ილუსტრაცია მოახალშენეების მიერ პალესტინური ქალაქის, ჰუვარას დარბევა იყო.
2023 წლის 26 თებერვალს, პალესტინელმა ტერორისტმა ჰუვარასთან მდებარე ებრაულ დასახლებაში ისრაელის ორი მოქალაქე მოკლა. საპასუხოდ, ასობით ისრაელელმა მოახალშენემ ქალაქი ჰუვარა და მისი მიმდებარე სოფლები დაარბია. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 100-ზე მეტი პალესტინელი, ხოლო ქალაქი თითქმის მთლიანად დაიწვა.
დარბევისას დასახლებასთან ისრაელის არმიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ პოგრომს ხელი არ შეუშალეს. ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეცალელ სმოტრიჩმა, არმიას მოუწოდა, რომ ჰუვარა გაენადგურებინათ, რასაც დასავლური ქვეყნების უმკაცრესი დიპლომატიური რეაქცია მოჰყვა.
დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციის ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე სწორედ ამ ტიპის დაპირისპირებები და ძალიან დიდი ადამიანური მსხვერპლია, რისი მასშტაბებიც 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებზე ახალმოსახლეების 240 თავდასხმა დაფიქსირდა, რაც ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისა და ახალი ინტიფადის დაწყების რეალურ საფრთხეს ქმნის.
"აქ მანამ დავრჩებით, სანამ ზეთისხილი იზრდება." - წარწერა პალესტინურ სოფელ კუსრაში იმ კედელთან, სადაც ებრაელმა მოსახლეებმა პალესტინელი ახალგაზრდა მოკლეს
შეჯამება
7 ოქტომბერს, ჰამასის სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ ისრაელის საზოგადოება ძირეულად შეცვალა. გარდა იმისა, რომ ეს ხელისუფლების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური დოქტრინების ცვლილებას გამოიწვევს, ამ თავდასხმის შოკი და მისი მენტალური ეფექტი ისრაელის საზოგადოებაზე გავლენას ათწლეულების განმავლობაში მოახდენს.
ფაქტია, რომ ისე ვეღარაფერი გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. მოსალოდნელია, რომ ისრაელი ღაზის სექტორს სრულად დაიკავებს და იქ ჰამასის მმართველობას დაასრულებს, თუმცა რა იქნება ამის შემდეგ, ბუნდოვანია.
განიხილება ვერსიები, რომ ღაზის მართვას პალესტინის ადმინისტრაცია გადაიბარებს, ან შეიქმნება საერთაშორისო ფორმატი, რომელშიც მნიშვნელოვან როლს საუდის არაბეთი ან არაბთა გაერთიანებული საემირო ითამაშებს.
თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ის კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც 7 ოქტომბრის თავდასხმა მოხდა. ისრაელს თავს იმ ღაზის სექტორიდან დაესხნენ, რომელიც მან 2005 წელს დატოვა და სადაც არჩევნების ჩატარება დაუშვა. ამიტომ ის განცდა, რომ მაშინ ისრაელის მთავრობა შეცდა და ამ შეცდომის გამეორება აღარ შეიძლება, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
მაგრამ ეს კონფლიქტი მხოლოდ ღაზის მომავალს არ ეხება. სტატიაში კონფლიქტის მხოლოდ ისრაელ-პალესტინურ ნაწილზე ვისაუბრე, თუმცა ამ კონფლიქტს დიდი რეგიონული კონტექსტიც აქვს, რომელიც როდის გაფართოვდება ლიბანის, სირიის ან ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, არავინ იცის.
7 ოქტომბერს მომხდარმა თავდასხმამ ისრაელის მოქალაქეებზე წარუშლელი კვალი დატოვა. ეს იყო ბევრად დიდი შოკი, ვიდრე 11 სექტემბერი ამერიკელებისთვის, რადგან ეს მათ საზღვართან ძალიან ახლოს მყოფმა მტერმა ჩაიდინა და ისტორიული გამოცდილებიდან შექმნილი ისრაელის შეურყეველი ძლიერების განცდა, ისრაელის, როგორც ებრაელთა უსაფრთხო თავშესაფრის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამის აღდგენას კი ჰამასის სამაგალითოდ დასჯა და ტერორიზმის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის აღმოფხვრა დასჭირდება, რაც, სამწუხაროდ, ათასობით მშვიდობიანი პალესტინელის სიცოცხლეს შეიწირავს.
ომის შემდეგ, ამ ორ ერს შორის არსებული ზიზღი ახალ მასშტაბებს მიაღწევს.
ისრაელელ და პალესტინელ ხალხებს შორის მშვიდობა არასდროს ყოფილა ისე შორს, როგორც დღეს არის.
*პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია - პალესტინური ნაციონალისტური მოძრაობა, რომლის მიზანიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა. წარსულში ორგანიზაცია ისრაელის განადგურებასაც უჭერდა მხარს, მაგრამ 1993 წელს, ოსლოს პირველი შეთანხმებით, მან ამ მიზანზე უარი თქვა. ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებისა და ისრაელის მიერ აღიარებულია პალესტინელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად.
*ალია - ებრაელთა იმიგრაცია ისრაელის ტერიტორიაზე. დაბრუნების კანონის მიხედვით, ყველა ებრაელს, ასევე მათ შვილებსა და შვილიშვილებს, შეუძლიათ გადასახლდნენ ისრაელში და მიიღონ ისრაელის მოქალაქეობა.
*აშკენაზი - ებრაელების სუბეთნიკური ჯგუფი, შუასაუკუნეების გერმანიიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები. შეადგენენ ევროპისა და ამერიკის ებრაელობის უდიდეს ნაწილს, ისრაელის ებრაული მოსახლეობის ნახევარს.
*მიზრაჰი - ჩრდილოეთ აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი ებრაელების სუბეთნიკური ჯგუფი.
*სეფარიდი - XV საუკუნეში ესპანეთიდან და პორტუგალიიდან გამოდევნილი ებრაელების შთამომავლები.