კატარი, ეგვიპტე და თურქეთი "ჰამასს" მოუწოდებენ, ტრამპის შეთავაზებულ ზავს დათანხმდეს

კატარი, ეგვიპტე და თურქეთი "ჰამასს" მოუწოდებენ, დადებითი პასუხი გასცეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის გეგმას.

ვითარების არსი: Axios ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კატარის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი და ეგვიპტის დაზვერვის უფროსი ჰასან რაშადი, მოლაპარაკებების ორი მედიატორი, დოჰაში "ჰამასის" ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრას თურქეთის დაზვერვის უფროსი იბრაჰიმ კალინიც ესწრებოდა.

  • ორშაბათის შეხვედრის დროს, ალ-თანიმ "ჰამასის" ლიდერებს უთხრა, რომ უკეთესი შეთანხმების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს და დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულება სურს და ეს საკმარისად ძლიერი გარანტიაა "ჰამასისთვის."
  • გამოცემის წყარს ცნობით, "ჰამასმა" უპასუხა, რომ წინადადებას კეთილსინდისიერად შეისწავლის.
  • ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას მხარს უჭერენ დასავლეთის და არაბული ქვეყნები, ასევე პალესტინის ხელისუფლება და თურქეთი. რუსეთმა და ვატიკანმაც გამოხატეს მხარდაჭერა მის მიმართ.
  • ტრამპმა გეგმა ორშაბათს, თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა, რომელმაც ამ წინადადებას მხარი დაუჭირა.
  • სამშაბათს, ტრამპმა თქვა, რომ ჰამასს "სამი ან ოთხი დღე" ჰქონდა პასუხის გასაცემად და თუ არ დათანხმდებოდა, "ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდიდა."

ჩაშლილად: წინადადება ითვალისწინებს დარჩენილი 48 მძევლის 72 საათის განმავლობაში გათავისუფლებას. სანაცვლოდ, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებიც სამუდამო სასჯელს იხდიან, 1700 ღაზას მაცხოვრებელს, მათ შორის ყველა ქალსა და ბავშვს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ დააკავეს და "ჰამასს" გადასცემს 15 დაღუპული ღაზელის ცხედარს თითოეული ისრაელი მძევლის ცხედრის სანაცვლოდ.

  • წინადადება ასევე მოიცავს ისრაელის გასვლას ღაზიდან სამ ფაზად, ჰამასის განიარაღებას, ღაზის დემილიტარიზაციას და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ შესვლას.
  • ტრამპის გეგმის ნაწილია ღაზას სექტორის მართვის საერთაშორისო გარდამავალი მთავრობისთვის გადაცემა, "ჰამასის" ან პალესტინის ხელისუფლების გარეშე.
  • "ჰამასმა" უარი თქვა განიარაღებაზე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე, რასაც ისრაელი უარყოფს.
  • თუმცა, წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორი პასუხი აქვს ტერორისტულ დაჯგუფებას ამ წინადადებაზე, განსაკუთრებით ღაზას შიგნით "ჰამასის" სამხედრო ხელმძღვანელობის პოზიციაზე.
  • BBC "ჰამასის" ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰამასი" ასევე ეწინააღმდეგება ე.წ. საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება "ოკუპაციის ახალ ფორმად მიიჩნევს."
  • "ჰამასის" წარმომადგენელმა თქვა, რომ შეთავაზება "ისრაელის ინტერესებს ემსახურება" და "უგულებელყოფს პალესტინელი ხალხის ინტერესებს" და ტერორისტული დაჯგუფება, სავარაუდოდ, მას უარყოფს.
  • BBC-ის თანახმად, ტერორისტული დაჯუფებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის მოთხოვნა, რომ მან ყველა მძევალი პირველი 72 საათის განმავლობაში უნდა გაათავისუფლოს, რადგან ეს მას ერთადერთი ბერკეტის გარეშე დატოვებს.
  • გამოცემამ თქვა, რომ ღაზაში მყოფ "ჰამასის" სამხედრო ლიდერ იზ ალ-დინ ჰადადს, "სავარაუდოდ, ბრძოლის გაგრძელება გადაწყვეტილი აქვს" და ღაზის გარეთ მყოფი "ჰამასის" ლიდერები ბოლო დროს არ იყვნენ ჩართული დისკუსიებში, რადგან მძევლებს ისინი არ აკონტროლებენ.

კონტექსტი: საუდური გაზეთი Asharq Al-Awsat "ჰამასში" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის შეთავაზება "ცალმხრივია და უსამართლობას ქმნის," რადგან ემსახურება ისრაელის ინტერესებს.

  • წყაროებმა დაამატეს, რომ გეგმაზე ჰამასის პასუხის გასაცემად არ არის დადგენილი მკაფიო თარიღი, მაგრამ მედიატორებმა დაჯგუფებას სთხოვეს, სწრაფად ემოქმედა და დაახლოებით ორ დღეში გაეცა პასუხი.
  • წყაროების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გეგმაში შემავალი პუნქტები ვრცლად და დეტალურადაა აღწერილი, ისინი არ შეიცავს რეალურ გარანტიებს შეთანხმების პირობების განსახორციელებლად.
  • გამოცემის ცნობით, შესაძლოა საჭირო გახდეს კორექტირება მძევლების გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით, მათ შორის დაღუპულების, რადგან დრო იქნება საჭირო ღაზაში მოკლული მძევლების სამარხების მოსაძებნად.

მსგავსი სიახლეები