ЗСУ-მ კურსკის ოლქში წამოიწყო იერიში 4 მიმართულებით - რა ვიცით

5 იანვრის დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა (ЗСУ) დაიწყეს ახალი იერიში კურსკის ოლქში 4 მიმართულებით, რუსი ბლოგერები როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მიმართულებით უკრაინელების წინსვლის შესახებ იუწყებიან. 

უკრაინელთა ახალი იერიშის შესახებ Z-ბლოგერები დილიდან იუწყებიან - მათი ყურადღება ყველაზე მეტად კურსკში უკრაინული პლაცდარმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგისკენაა მიმართული. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მსხვილი ტელეგრამ არხის რიბარის ცნობით, აღმოსავლეთით უკრაინულმა დანაყოფებმა დაიწყეს შეტევა სოფელ პუშკარნოეს (9 კილომეტრით დაშორებული რაიონულ ცენტრ სუჯადან) მიმართულებით. 

პლაცდარმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე კი უკრაინული არმიის იერიში ვითარდება დასახლება ბოლშოე სოლდატსკოეს (20 კილომეტრი სუჯადან) მიმართულებით - კომსომოლსკაია პრავდას პროპაგანდისტის, ალექსანდრ კოცის ცნობით, სწორედ ეს რაიონი წარმოადგენს უკრაინელთა დარტყმის ძირითად მიმართულებას. 

ბოლშოე სოლდატსკოეს მიმართულებით უკრაინელთა იერიში დასტურდება ადგილიდან გავრცელებული ბრძოლების OSINT ანალიზის მეშვეობით. კადრებზე ჩანს სოფელ ჩერკასნო პოროჩნოედან ბოლშოე სოლდატსკოს მიმართულებით მიმავალი უკრაინული ჯავშანტექნიკა. 

ამ ორ სოფელს შორის მდებარეობს დასახლებული პუნქტი ბერდინი - Z-ბლოგერების ცნობით, უკრაინელებმა შეძლეს დესანტის ნაწილის გადასხმა დასახლებულ პუნქტში, თუმცა ისინი სოფელს ვერ აკონტროლებენ. 

გარდა ამისა, შეტაკებები მიმდინარეობს სოფელ ლეონიდოვოს მისადგომებთან (კურსკის ოლქში ЗСУ-ს პლაცდარმის დასავლეთ ფლანგი), რომელიც რაიონულ ცენტრ სუჯადან დაახლოებით 16 კილომეტრით არის დაშორებული. 

იმავე რიბარის ცნობით, უკრაინელები უტევენ პლაცდარმის სამხრეთით გლუშკოვოს რაიონში. ასევე საომარი მოქმედებები განახლდა კურსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთში, ტიოტკინოს რაიონში. 

ალექსანდრ კოცის ცნობით, მიმდინარე იერიშის ფარგლებში უკრაინული დანაყოფები იმავე ტაქტიკას მიმართავენ, რასაც აგვისტოში წამოწყებული ოპერაციის დროს.

"მოწინავე დანაყოფები უტევენ რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებების საფარქვეშ, რაც ართულებს ჩვენი დრონების მუშაობას"- წერს კოცი. 

Z-ბლოგერ FighterBomber-ის ცნობით, იერიშის წამოწყების შემდეგ რუსული არმიის დრონები ჩამოვარდა, რამაც გაართულა სამიზნეების ძებნა - "შეტევის რაიონი მოწინააღმდეგემ რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობებით დაფარა, ასე, რომ ბევრი დრო უსარგებლოა.

კურსკის ოლქში უკრაინელთა იერიშის დაწყება პრაქტიკულად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თუმცა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარია უკრაინელთა "კოტრიერიშზე" და ნათქვამია, რომ მოიერიშე დანაყოფები განეიტრალებულია. 

პარალელურად სპეცრაზმ ახმატის მეთაური და თავდაცვის მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი იუწყება რუსული არმიის იერიშისა და წინსვლის შესახებ, თუმცა არ აკონკროტებს დასახლებულ პუნქტებს. 

იერიშის დაწყების შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურეს უკრაინულმა წყაროებმა. უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის დირექტორი, ანდრი კოვალენკოს თქმით, კურსკში რუსულ არმიას რამდენიმე მიმართულებიდან უტევენ. 

"კურსკი, კარგი სიახლეებია, რუსები იღებენ იმას რაც დაიმსახურეს"- წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრი ერმაკი. 

კონტექსტი 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში გასული წლის 6 აგვისტოს დაიწყო - იერიშის ფარგლებში უკრაინელები დაამყარეს კონტროლი დაახლოებით 900 კვადრატულ კილომეტრზე. 

გასული თვეების განმავლობაში რუსეთის არმიის იერიშების შედეგად უკრაინული პლაცდარმის მოცულობა კურსკში მნიშვნელოვნად შემცირდა და ბოლო მონაცემებით 500 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. 

ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული არმია სრულად აღადგენს კონტროლს კურსკის ოლქზე - დეკემბრის მიწურულს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კონკრეტული ვადების დასახელებაზე. 

შეფასებები

უკრაინელთა მოსალოდნელი იერიშის შესახებ გასულ კვირებში არაერთი Z-ბლოგერი წერდა. მათი თქმით, რუსული დანაყოფების უმეტესობა მზად იყო მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის და იერიშის პირველი დღე უკრაინელებისთვის წარუმატებელი იყო. 

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელთა შესაძლო იერიშის შესახებ ცოტა ხნის წერდა Carnegie-ის ფონდის მკვლევარი, მაიკლ კოფმანი - "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა სცადონ ახალი იერიში ზამთარში, კურსკის ოპერაციის მსგავსი. ასეთი ოპერაციის მიზანი ომის შესახებ საერთაშორისო ნარატივის შეცვლა და რუსეთის უფრო დიდ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება იქნება, რაც მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთთან ვაჭრობის ბერკეტად იქნება გამოყენებული. ამგვარ ოპერაციას შესაძლოა ჰქონდეს ტაქტიკური წარმატება, მაგრამ ეს დამატებით რისკებს შექმნის ფრონტის სხვა მონაკვეთებზე"- წერდა კოფმანი 4 იანვარს გამოქვეყნებულ ანალიზში. 

ამასთანავე, რუსი ბლოგერები წერენ, რომ მიმდინარე იერიში შესაძლოა არ იყოს დარტყმის მთავარი მიმართულება და უკრაინელები ამგვარად რუსეთის არმიის სარდლობის დაბნევას ცდილობდნენ. 

უკრაინელთა მიმდინარე იერიშისგან ვითარების ფუნდამენტურ გარდატეხა საეჭვოდ მიაჩნია BlackByrd Group-ის სამხედრო ანალიტიკოსსს ემილ კასტეჰელმის - "უკრაინელები ძლიერ მოწინააღმდეგეს ებრძვიან, შესაძლოა მოულოდნელობის ეფექტის გათვალისწინებით, მათ მიაღწიონ ტაქტიკურ წარმატებას და საუკეთესო შემთხვევაში ახალი სოფლები დაიკავონ, თუმცა დიდ სურათში ვითარება უცვლელი დარჩება."

კასტეჰელმის შეფასებით, გეოგრაფიიდან გამომდინარე უკრაინელთა წინსვლა ათეულობით კილომეტრითაც კი რადიკალურად ვერ შეცვლის ვითარებას. მთავარ დაბრკოლებელად ანალიტიკოსი საომარი მოქმედებების ზონის სიდიდეს ასახელებს, რომელშიც ოპერაციულ სიღრმეებზე გასვლა ძალიან რთულია. 

"უკრაინელთა იერიში კურსკში გრძელდება იმ დროს როდესაც არმია მუდმივად კარგავს პოზიციებს დონეცკის ოლქში და ფრონტი საშიშად უახლოვდება დნეპროპეტროვსკის ოლქს. კურსკში მეტი ცოცხალი ძალის გადასროლის ფასი შესაძლოა მეტი დაკარგული უკრაინული ტერიტორია იყოს"- წერს კასტეჰელმი. 

ამასთანავე ანალიტიკოსი ხაზს უსვამს პოზიტიურ ასპექტებს - "უკრაინელებმა შეძლეს კურსკში გამაგრება და საომარი მოქმედებების გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე. კურსკი სულ უფრო სერიოზული პოლიტიკური პრობლემა ხდება კრემლისთვის. ბუნებრივია, რომ კურსკმა უკრაინული დანაყოფები ადგილზე მიაჯაჭვა, თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთმაც გადმოისროლა ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები, მათ მძიმე დანაკარგები განიცადეს, ხოლო წინსვლა მინიმალურია. მოსალოდნელია, რომ უკრაინელებს სურთ ასეთი დინამიკის გაგრძელება, რაც ხსნის ბოლო განვითარებებს",- წერს ანალიტიკოსი. 

 

მსგავსი სიახლეები