ტუნბერგის თქმით, ისრაელში მას სცემდნენ და აშიმშილებდნენ

ცნობილმა შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა იმ ხუთი დღეზე ისაუბრა, რომელიც მან თვის დასაწყისში ისრაელში პატიმრობაში გაატარა.

ვითარების არსი: შვედურ გაზეთ Aftonbladet-თან მან ოსრაელის ძალების მიერ მის "ცემაზე, წიხლებზე და გაზის კამერებში გაგუდვის მუქარაზე" ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, "გლობალური სუმუდის" ფლოტილიის შვედ სხვა წევრთან ერთად გაიარა.

  • ფლოტილია ცდილობდა დაერღვია ისრაელის მიერ ღაზასთვის დაწესებული ბლოკადა.
  • "ეს არ მეხება მხოლოდ მე ან ფლოტილიის სხვა წევრებს. ათასობით პალესტინელია, რომელთაგან ასობით ბავშვია, რომლებიც სასამართლოს განაჩენის გარეშე არიან ახლა დაკავებული და ბევრი მათგანი სავარაუდოდ წამების მსხვერპლია," – ხაზი გაუსვა ტუნბერგმა ღაზის მაცხოვრებლების მძიმე მდგომარეობას.
  • აქტივისტმა აღნიშნა, რომ ნიღბიანი ისრაელელი ჯარისკაცები ავტომატებით ფლოტილიის ნავებზე ავიდნენ და მათ მწველი სიცხის დროს წრეში ჯდომას აიძულებდნენ.
  • "იქ ძალიან ცხელოდა... სულ ვეხვეწებოდით: შეიძლება წყალი? შეიძლება წყალი? ბოლოს ვყვიროდით. დაცვის თანამშრომლები სულ გისოსების წინ დადიოდნენ, იცინოდნენ და წყლის ბოთლებს გვიჩვენებდნენ," – თქვა მან.

ჩაშლილად: აქტივისტმა განაცხადა, რომ ნავი საბოლოოდ აშდოდში – ისრაელის უდიდეს ინდუსტრიულ პორტში – გადაიყვანეს, სადაც ძალადობა კიდევ უფრო გამწვავდა.

  • ტუნბერგი იხსენებს, რომ ისრაელის დროშა ეხებოდა და წიხლს ურტყამდნენ, ხელები მჭიდროდ ჰქონდა შეკრული, ხოლო დაცვის თანამშრომლები რიგში იდგნენ სელფების გადასაღებად, სანამ ის დამცირებული იჯდა.
  • "რკინის ჯებირით შემოღობილ ტერიტორიაზე მიმათრევდნენ და მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, სანამ ისრაელის დროშა მეხებოდა. ჩამომგლიჯეს ჩემი ბაყაყის ქუდი, დააგდეს მიწაზე, დაადგნენ ფეხებით და შვედურად შეურაცხმყოფელ სიტყვებს მიყვიროდნენ," – თქვა ტუნბერგმა.
  • "ძალიან სასტიკად მიმიყვანეს კუთხეში... 'სპეციალური ადგილი სპეციალური ქალბატონისთვის,' – თქვეს მათ. შემდეგ კი მათ ნასწავლი ჰქონდათ [ფრაზები] ‘Lilla hora’ (პატარა მეძავი) და ‘Hora Greta’ (მეძავი გრეტა) შვედურად, რასაც სულ იმეორებდნენ." - აღნიშნა აქტივისტმა.
  • "დაცვის თანამშრომლებს არ აქვთ ემპათია ან კაცთმოყვარეობა... ყველაფერი, რასაც აკეთებენ, უკიდურესად ძალადობრივია. ხალხის მედიკამენტები – გულისთვის, კიბოსთვის, ინსულინი – ჩვენ თვალწინ გადაყარეს," – თქვა მან.
  • თუმცა, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ფოკუსი ღაზაზე უნდა დარჩეს, და არა ფლოტილიის მონაწილეების მიმართ ცუდად მოპყრობაზე: "ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, მხოლოდ მცირე, მცირე ნაწილია იმისა, რაც პალესტინელებმა გამოსცადეს."
  • ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა: "გრეტა თუნბერგი თავხედურად იტყუება."
  • "მისი ყველა კანონიერი უფლება სრულად იყო დაცული. საინტერესოა, რომ გრეტამ თავად თქვა უარი დეპორტაციის დაჩქარებაზე და დაჟინებით მოითხოვა პატიმრობაში დარჩენის გახანგრძლივება. მან ასევე არასდროს შეიტანა საჩივარი ისრაელის ხელისუფლებაში ამ სასაცილო და უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით, რადგან ისინი უბრალოდ არ მომხდარა." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კონტექსტი: "გლობალური სუმუდის" ფლოტილია, რომელიც 18-დან 78 წლამდე ასაკის 500 მოხალისისგან შედგებოდა, მოიცავდა მასწავლებლებს, ექიმებს, სტუდენტებსა და პარლამენტარებს. ფლოტილიის წევრებმა ღაზასკენ მსვლელობით ბლოკადის გარღვევა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა სცადეს, თუმცა, ისინი ისრაელის ფლოტმა დააკავა და ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანა, საიდანაც მათი დეპორტირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები