-

რუსეთი საგარეო პოლიტიკას მისი მეზობლების (ყოფილი საბჭოთა სატელიტების) მიმართ პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში არსებული ბერკეტების საშუალებით აწარმოებს. რუსეთის ბერკეტებს წარმოშობს მეზობელი ქვეყნების დამოკიდებულების ხარისხი რუსეთის ეკონომიკაზე, ბუნებრივ აირზე და სამხედრო რესურსებზე. ასევე რა როლი აქვს რუსეთს მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებაში.

დასავლეთისგან განსხვავებით რუსეთს ნორმატიული დღის წესრიგი (მეზობლების ინსტიტუციურ-ადმინისტრაციულ განვითარებაზე ან რეფორმებზე აგებული) არასოდეს ჰქონია. შესაბამისად რუსეთი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას სრულად არის დამოკიდებული იმ ბერკეტებზე, რომელიც მას მეზობლების მიმართ გააჩნია და არის დაინტერესებული რაც შეიძლება მაღალი ხარისხით იყვნენ მასზე დამოკიდებული მისი მეზობელი ქვეყნები. 

საგარეო პოლიტიკის ეფექტურობა ანუ კრემლის ინტერესის სრულად დაკმაყოფილება დამოკიდებულია თუ რომელი ბერკეტია  დომინანტური კონკრეტული ქვეყნის მიმართ. ამ მხრივ, კრემლის  ბერკეტები უსაფრთოების სფეროში ყველაზე ეფექტურია. ის ან არის მეზობელი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი (სომხეთი, ბელაურსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) ან ამ უსაფრთხოების  წამრთმევი (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა). თუმცა უსაფრთხოების სფეროში არსებული ბერკეტის ამოქმედებამდე მიზნის მისაღწევად კრემლი იყენებს ყველა არსებულ სხვა ბერკეტებს.

საგარეო პოლიტიკაში კრემლის მიერ მეზობელი ქვეყნების მიმართ გამოყენებული ბერკეტების ერთობლიობა ორ სტატეგიად შეიძლება დავყოთ:

,,მხარდამჭერი, ხელმშემწყობი, გამაძლიერებელი (ავტოკრატი ლიდერების მიმართ) და ,,ძირის გამომთხრელი, დამასუსტებელი, დამხობი (პროევროპული ლიდერების მიმართ).

პირველ შემთხვევაში რუსეთი პოლიტიკურ/დიპლომატიურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში დახმარებით აძლიერებს მეზობლად ავტკოკრატ ლიდერს და მეორე შემთხვევაში ყველა ამ სფეროებში ომით ასუსტებს პროევროპელ ლიდერს. პირველის შედეგია სასურველი რეჟიმის მაქსიმალური ვადით შენარჩუნება და მეორეს შედეგი არასასურველი რეჟიმის მაქსიმალურად მოკლე დროში შეცვლა სხვადასხვა გზით, ეს იქნება არჩევნები, შიდა გადატრიალება თუ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია.

საბოლოო ჯამში რუსული ,,მხარდამჭერი“ და ,,ძირის გამომთხრელი“ ბერკეტები დასავლეთისგან იზოლაციაში აქცევს ქვეყნებას რადგან ორივე შემთხვევაში ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გაძლიერება და პროევროპული ჯგუფების დასუსტება. რაც ბუნებრიბად იწვევს ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობებს მაქსიმალურად შეზღუდვას და ევროკავშირის მხრიდანაც საგარეო პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის მნიშვნელოვან დაკარგვასაც. რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზანიც მეზობლების მიმართ სწორედ ესაა.

2009 წელს დანიელმა მეცნიერმა იაკობს ტოლსტრუპმა მისი მეზობლებისადმი რუსეთის საგარეო პოლიტიკას უწოდა  ,,მართვადი სტაბილურობის (Managed Stability) და ,,მართვადი არასტაბილურობის“ (Managed Instability) პოლიტიკა.

,,მართვადი სტაბილურობის პოლიტიკა გულისხმობს რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში მეზობელი ქვეყნის ისეთ დახმარებას, რომ ამ ქვეყნის არალეგიტიმური რეჟიმი შიდა სტაბილურობას ინარჩუნებს. ამ სტრატეგიის განსახორციელებლად რუსეთის მხრიდან დაყენებული აუცილებელი მოთხოვნაა დასავლეთისგან იზოლაცია, რეფორმირების პროცესის შეჩერება  და მისი ყველა ინტერესებისადმი სრული მორჩილება. კრემლი ,,მართვადი სტაბილურობის“ პოლიტიკას ბელარუსის და შუა აზიის ქვეყნების მიმართ აწარმოებს. ასევე სომხეთში (გამონაკლისია 2013 წელი), უკრაინაში 2004 წლამდე და შემდეგ 2010-2013 წლებში, მოლდოვაში 2016-2020 წწ, ასევე საქართველოში ბოლო პერიოდში.

,,მართვადი არასტაბილურობის პოლიტიკა გულისხმობს კრემლის მიერ ხელოვნურად ინსპირირებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ომს მეზობელი ქვეყნის მიმართ. კრემლი მიუღებელი კანდიდატის დასასუტებლად ან მორჩილი რეჟიმის კიდევ უფრო დასამორჩილებლად ყველა ამ სფეროში ეტაპობრივად ქმნის არასტაბილურობის კერებს, რომლის შედეგადაც რეჟიმი დამხობის/გადარჩევის რეალური საფრთხის წინაშე დგება.

,,მართვადი არასტაბილურობის“ უახლესი მაგალითი უკრაინაა. 2013 წელს მაიდნის რევოლუციის შემდეგ უკრაინის ახალი ლიდერების პოლიტიკურ დისკრედიტაციას მოყვა უკრაინისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტა და რუსული ბაზრის ჩაკეტვა, შემდეგ კი ყირიმის ანექსია და აღმ. უკრაინაში სეპარატიზმის მილიტარიზაცია და მართვა, რომელიც გაგრძელდა რუსეთის ღია სამხედრო ინტერვენციით.

მართვადი ,,არასტაბილურობის პოლიტიკას“ კრემლი ატარებდა მოლდოვის და საქართველოს მიმართაც, სანამ მას მართვადნენ დასავლეთში ინტეგრაციის მომხრე ლიდერები.

ანალოგიურ პოლიტიკას კრემლი საზღვრის მიღმაც აწარმოებს, რომელსაც თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, თუმცა ერთი განსხვავებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტებს მოყვება არა ღია სამხედრო ინტერვენცია არამედ სპეც-სამსახურების მიერ ფარულად დაგეგმილი დესტაბილიზაციების მცდელობები. მაგალითად, მონტენეგროში 2016 წელს, ნატოში გაწევრიანებამდე ერთი წლით ადრე, კრემლმა ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოება ანტიდასავლური ჯგუფების და მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების საშუალებით, მონტენეგროში მცხოვრები რუსი მოქალაქეები გამოიყენება ქვეყნის იმიჯის შესალახად. თითქოს რუსების ებრძვიან მონტენეგროში. შემდეგ ეკონომიკურ სანქციებს მიმართა, რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა მონტენეგროსთვის. საპარლამენტო არჩევნების დღეს კი მასიური კიბერშეტევის პარალელურად პრორუსს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად დაგეგმა დასავლეთში ინტეგრაციის მომხრე პრემიერ-მინისტრის მილო დჯუკანოვიჩის მკვლელობის მცდელობა და სახელმწიფო გადატრიალება.  

,,მართვადი არასტაბილურობის და ,,მართვადი სტაბილურობის პოლიტიკის გატარებისას ,,მართვადინაწილი გულისხმობს რუსეთის მიერ ამ პროცესების ეფექტურ კონტროლს და დროებითობას. რაც ნიშნავს იმას რომ სტაბილურობა არასტაბილურობით მალევე შეიცვლება როცა ეს კრემლის ინტერეს daსჭირდება. ამის ნათელი მაგალითია სომხეთის შემთხვევა, სადაც რუსეთი ,,მართვადი სტაბილურობის“ პოლიტიკას აწარმოებდა 1991 წლიდან მოყოლებული, თუმცა არასტაბილურობით ჩაანაცვლა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ 2013 წელს. სხვანაირად ვერ იძულა სომხეთი უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერაზე. 

ეს იძულება გამოწვეული იყო უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მიერ მისი ყველაზე ძლიერი ბერკეტის ამოქმედების შედეგად. კრემლმა ხელოვნურად დაძაბა უსაფრთხოების გარემო სომხეთში, მიჰყიდა რა შემტევითი იარაღი მის მთავარ მოწინააღდეგეს აზერბაიჯანს 2013 წელს როცა მთიანი ყარაბახის მიდამოებში აზერბაიჯანელ და სომეხ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. კრემლმა კარგად უწყოდა, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი განსაზღვარს სომხეთის საგარეო ვექტორს და ქვეყნის შიგნით მმართველი ელიტისადმი მხარდაჭერას. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ის გადამწყვეტი ბერკეტი  რაც რუსეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებამდე აამოქმედა და სომხეთის მთავრობა აიძულა  ხელშეკრულების ხელმოწერა შეეჩერებინა და შესაბამისად ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შემდგომი ეტაპი დაებლოკა.

მანამდე კრემლი მიმართავდა პოლიტიკურ ზეწოლას და ეკონომიკურ ბერკეტებს რაც გამოიხატა რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებში და მუქარებში, რომ სომხეთს ბუნებრივ აირს გაუძვირდებდნენ, სავაჭრო ემბარგო დაედებოდა სომხურ პროდუქციას, რუსეთის საბანკო სისტემის გავლით სომხეთში კერძო ტრანსფერები შეჩერდებოდა და სომეხი ემიგრანტებსაც გამოყრიდნენ. თუმცა მხოლოდ უსაფრთხოების ბერკეტის ამოქმედების შემდეგ, რაც გამოიხატა აზერბაიჯანისთვის იარაღით მიწოდებით, კრემლმა მიაღწია მიზანს და ამის შემდგომ არასტაბილურობის სტრატეგია სტაბილურობის სტრატეგიით ჩაანაცვლა.

კრემლს რამოდენიმეჯერ მოუწია სტარტეგიის შეცვლა უკრაინაშიც. 1991 წლიდან 2004 წლამდე კრემლი აწარმოებდა ,,მართვადი სტაბილურობის“ პოლიტიკას უკრაინაში.  პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა ჰქონდა პრეზიდენტ კუჩმას, ასევე, მის მემკვიდრე კანდიდატ იანუკოვჩს რაც გამოიხატებოდა მხარდამჭერ განცხადებებში და კეთილგაწყობილ შეხვედრებში, ენერგორესურსების გაიაფების დაპირებასა და სესხის გაცემაში. თუმცა კრემლმა მაშინვე შეცვალა სტაბილურობის პოლიტიკა არასტაბილურობის შექმნით იანუკოვიჩის ნაცვლად იუშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

2004 წლიდან ენერგო ომი, სავაჭრო ემბარგო, პრორუსული ჯგუფების/ტელევიზიის და პარტიების დაფინანსება და მმართველი რეჟიმის დისკრედიტაცია იყო ის რასაც კრემლი 2010 წლამდე უკრაინაში მიმართავდა, და რამაც კრემლის მხარდაჭერილი პრორუსი იანუკოვიჩი მოიყვანა ხელისუფლებაში. 2010 წლიდან კრემლი ,,მართვადი სტაბილურობის“ პოლიტიკას დაუბრუნდა კვლავ. რაც გამოიხატა იანუკოვიჩისადმი პოლიტიკურ მხარდამჭერ განცხადებებში, რუსეთის ბაზრის უკრაინული პროდუქციისთვის გახსნაში, 30%-ით იაფად ბუნებრივი გაზის მიწოდებაში. სანაცვლოდ, იანუკოვოჩმა დათმო ყველაფერი რაც კრემლმა მოთხოვა (25 წლით გაუხანგძლივდა რუსულ ფლოტს ყირიმის საზღვაო ბაზის გამოყენების უფლება, ოფიციალური სტატუსი მიანიჭა რუსულ ენას, ნატოში გაწევრიანება ოფიციალურად ამოაგდო დღის წესრიგიდან, შეზღუდა მედია და დაიწყო პუტინისთვის მიუღებელი პოლიტიკური ოპონენტების დევნა). თუმცა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი და ქვეყნის ევროპული კურსის საბოლოო დათმობა იყო ის ბოლო წითელი ხაზი, რომელიც იანუკოვიჩმა პუტინის ზეწოლით გადადგა და უკრაინელმა ხალხმა თან გადააყოლა. სწორედ ამ პერიოდიდან ანუ 2013 წლიდან რუსეთი უკრაინაში ,,მართვადი არასტაბილურობის“ სტატეგიას დაუბრუნდა.

მკითხველისთვის ნათელი რომ გახდეს კრემლის მიერ საგარეო პოლიტიკაში გამოყენებული ბერკეტები, წარმოდგენელია ცხრილის სახით.

 

უსაფრთხოების ბერკეტი

პოლიტიკური ბერკეტი

ეკონომიკური ბერკეტი

სამხედრო ინტერვენცია (საქართველო 2008;

უკრაინა 2014);

ანტიდასავლური ჯგუფების (პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები) მხარდაჭერა, მართვა და დაფინანსება

(მოლდოვა, საქართველო, უკრაინა, მონტენეგრო, სომხეთი, ბელარუსი);

სავაჭრო ემბარგო/ბაზრის ჩაკეტვა

საქართველო 2006

უკრაინა 2007,2009,2013

სომხეთი (მუქარა 2013)

ბელარუსი 2009

მოლდოვა 2013

მონტენეგრო 2016

სამხედრო მუქარა/ომის განახლების მუქარა

(საქართველო 2006-2008;

სომხეთი 2013;

უკრაინა 2008, 2021);

დასავლური ჯგუფების (პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები) დისკრედიტაცია და მარგინალიზაციაში ხელშეწყობა

(მოლდოვა, საქართველო, უკრაინა, მონტენეგრო, ბელარუსი, სომხეთი)

 

ენერგო რესურსების (გაზი, ნავთობი) იაფად მიწოდება (ბელარუსი, სომხეთი, უკრაინა (2010-2013));

 

ენერგო რესურსების შეწყვეტა (საქართველო 2006; უკრაინა 2007, 2009);

ან

გაძვირების მუქარა (სომხეთი (2013), ბელარუსი (2010));

ახალი სამხედრო ბაზების განთვასება;

(უკრაინა 2013)

არსებულის გაფართოება

(საქართველო 2004-2008, სომხეთი 2010);

 

რუსეთის მოქალაქეები (ან მათთვის   უფლებების მოთხოვნა ან ეთნიკურ ნიადაგზე სახელმწიფოს მხრიდან ჩაგვრის დაბრალება (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი 2000-2004,  უკრაინა 2005-2022, მონტენეგრო 2008-2016)

სესხის სახით ფულადი დახმარება, (სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა 2010-2013)

ან

მოქალქეებისთვის გადმორიცხვების შეჩერება (საქართველო, სომხეთი (მუქარა), უკრაინა);

სეპარატიზმის მილიტარიზაცია და მართვა
(საქართველოში ორ რეგიონში აფხაზეთსა და ცხინვანვალში 1991 წლიდან დღემდე;

უკრაინის სამ რეგიონში ყირიმში, ლუგანკსა და დონეცკში 2013 წლიდან დღემდე;

მოლდოვაში ორ რეგიონში დნეპრისპირეთსა და გაგაუზიაში 1992 წლიდან დღემდე;

 

 

რუსული სამხედრო ორგანიზაცია -კოლექციური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია -

წვრთნები, ინტერვენცია სტაბილურობის დასამყარებლად (2021 ყაზახეთი)

 

 

სპეც-სამსახურების მიერ მართული სახელმწიფო გადატრილების მცდელობა

(საქართველო 2007, მონტენეგრო 2016)

 

 

 

რუსეთის მიერ საგარეო პოლიტიკაში ბერკეტების გამოყენების მთავარი მამოძრავებელი იმპულსი გეოსტრატეგიული ინტერესებია. მას სურს აკონტროლოს მის სამეზობლებლოში სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული პროცესები. ამიტომ მისი ბერკეტები (მხარდამჭერი (მართვადი სტაბილურობისთვის) თუ ძირის გამომთხრელი (მართვადი არასტაბილურობისთვის)) მიმართულია ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი დასუსტებისკენ.

ვინაიდან მეზობელ ქვეყნებში პრო-ევროპული ძლიერი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელი იქნება მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, კრემლის ინტერესების სასარგებლო კონტროლის განხორციელება. ამიტომ ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებას და პერსპექტიული ალტერნატივის გაჩენას, აგრესიულად ებრძვის სწორედ ამ ბერკეტების გამოყენებით.

თავდაპირველად ეკონომიკური-ენერგეტიკული საშუალებებით, ხოლო შემდგომ გადამწყვეტი როლი უსაფრთხოების სფეროში არსებული ბერკეტების გამოყენებას ენიჭება. საბოლოო ჯამში, რაც ნაკლები ბერკეტი ექნება რუსეთს მის მეზობელ ქვეყანაზე ანუ ნაკლებად იქნებიან ქვეყნები დამოკიდებული რუსეთზე, მით უფრო მეტი შანსია რომ ამ ქვეყანამ წარმატებული გარღვევა მოახდინოს, გახდეს დემოკრატიული და შექმნას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომ რუსეთზე დამოკიდებულების არჩევანი არა რუსეთზე არამედ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაზეა.

მსგავსი სიახლეები