დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემა მიმდინარე ომში ცენტრალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, თუმცა წინსვლამდე უკრაინას მძიმე ბრძოლების რამდენიმეთვიანი პერიოდი აქვს გასავლელი.
ამის შესახებ ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უფროსი მკვლევარის ჯეკ უოტლინგის სტატიაში ნათქვამი.
მკვლევარის შეფასებით, ამ დროისთვის რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდულია - რუსეთი ეყრდნობა ცუდად გაწვრთნილ ნაწილებს, ძველი აღჭურვილობით და განიცდის საბრძოლო მასალის ნაკლებობას. მიუხედავად ამისა, ექსპერტის თქმით, მობილაზაციის შემდეგ რუსეთს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა და სიმჭიდროვე იმისთვის, რომ უკრაინისთვის წინსვლა სერიოზულად გაართულოს.
"თუ უკრაინა შედარებით მოკლე დროში არ დაიბრუნებს ინიციატივას, ტერიტორიების გათავისუფლება მათთვის ეტაპობრივად უფრო და უფრო გართულდება",- წერს უოტლინგი.
სამხედრო ექსპერტის აზრით, სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების სტრუქტურული ცვლილება. ახალი დახმარების პაკეტში აქცენტი ძირითადად მოიერიშე შეიარაღებაზე: სხვადასხვა ტიპის დაჯავშნულ მანქანებზე, ბუქსირებად არტილერიაზე, საბრძოლო მასალების გაზრდილ მოცულობაზე გაკეთდა. გარდა ამისა, იცვლება უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის კონცეფცია, რაც ამიერიდან ერთიანი ბატალიონის პრინციპით წვრთნას გულისხმობს.
ამ კონცეფციის ფარგლებში ერთიან სივრცეში იწვრთნებიან არმიის სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები და ერთიანი, კოორდინირებული ოპერაციის პრინციპებს ითვისებენ.
უოტლინგის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურები შიშობდნენ, რომ 2023 წლის დასაწისშივე იერიშზე გადასვლის შემთხვევაში მათი ძალები გამოიფიტებოდა და დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკას დაკარგავდნენ. ეს წლის მეორე ნახევარში უკრაინის ჯარის პოზიციებს მნიშვნელოვნად მოარყევდა.
"პარტნიორთა ახალი დაპირებები ნიშნავს, რომ უკრაინას თავდაჯერებულად შეუძლია დაიწყოს ახალი საბრძოლო შენაერთების ფორმირება და ამასთანავე კიევს უფრო თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს ის რესურსები, რომელიც უკვე გააჩნია",- ნათქვამია სტატიაში.
სამხედრო ექსპერტი მიუთითებს, რომ დასავლური საბრძოლო ტანკების ადგილზე ჩასვლას, უკრაინელთა შესაბამის წვრთნას და ამ ტანკების ინტეგრირებას უფრო დიდ სამხედრო შენაერთებში საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება.
"გერმანიის მთავრობის არაკომპეტენტურობისა და ობსტრუქციონიზმის გამო, სახეზე გვაქვს ყველაზე ნაკლებად სასურველი მოცემულობა პოზიტიური სცენარებიდან. ნაცვლად ერთი ტიპის ტანკისა უკრაინა მიიღებს დასავლური წარმოების 3 სხვადასხვა ტანკს",- ხაზს უსვამს უოტლინგი.
მისი თქმით, აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო გააჭიანურებს ტანკებს სწრაფად ჩართვას საომარ მოქმედებებში - "ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შოლცის უაზრო ყოყმანი კიევში მალე დაავიწყდებათ."
უოტლინგის აზრით, ნატოს სტანდარტებისა და რუსული წარმოების ტანკების ტექნიკური შედარება ნაკლებად რელევანტურია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ტანკების რაოდენობა და ეფექტური გამოყენება.
"თუ მხედველობაში მივიღებთ იმ დროს, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებას და ათვისებას დაჭირდება, მკაფიოდ ჩანს, რომ მომდევნო თვეების ბრძოლები ძალიან მძიმე იქნება",- აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.
ჯეკ უოტლინგის თქმით, ლუჰანსკში რუსეთი საჰაერო-სადესანტო ძალებს უყრის თავს, ხოლო სამხრეთში მძიმედ შეირაღებულ მექანიზებულ ნაწილებს, ვაგნერი კვლავ ცდილობს ბახმუტის აღებას.
"გენერალი გერასიმოვი, რომელიც უკვე პირადად ხელმძღვანელობს ოპერაციას, იერიშის წამოწყებას ცდილობს, რათა უკრაინის რეზერვები თავდაცვითი ბრძოლებზე მიმართოს. ამით გერასიმოვი ცდილობს უკრაინას ახალი იერიშის მომზადების საშუალება და რესურსი არ დაუტოვოს. რუსებს იმედი აქვთ, რომ თუ ისინი უკრაინის საუკეთესო დანაყოფებს ახლა გამოფიტავენ, მათ უკვე ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნების უკეთესი შანსი ექნებათ. მომდევნო 2 თვის განმავლობაში უკრაინამ უნდა შეძლოს ამ საფრთხისთვის თავის არიდება და გამოწვევებთან იმ რესურსით გამკლავება, რასაც უკვე ფლობს",- წერს უოტლინგი.
გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტის წერს, რომ უკრაინისთვის საკუთარი შეიარაღების დიდი ნაწილის გადაცემის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარი მარაგების შევსებაზეც უნდა იზრუნონ.
"პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მივაწოდოთ შეიარაღება, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას უნდა მოსდევდეს ნება, რომ დააფანინსოს ამ გადაწყვეტილების შედეგები",- წერს უოტლინგი.