ГУР-ის ოპერაცია და კრიტიკულთან მიახლოებული ვითარება - რა ხდება პოკროვსკში

გასულ დღეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა უკრაინული არმიის მდგომარეობა ქალაქ პოკროვსკის ირგვლივ - რუსეთი პოკროვსკ-მირნოჰრადის აგლომერაციის ალყაზე საუბრობს, უკრაინაში ალყას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ვითარება კრიტიკულს უახლოვდება. 

წინარე ისტორია: პოკროვსკი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული საოკუპაციო არმიის მთავარი სამიზნე და იერიშის ცენტრალური მიმართულებაა - ქალაქზე რამდენიმე საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი გადის. 

  • პოკროვსკის შემოგარენს რუსული არმიის მოწინავე დაჯგუფებები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიუახლოვდნენ, მალევე ქალაქიდან ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა, არაერთი სამხედრო ექსპერტი პროგნოზირებდა, რომ ქალაქი რამდენიმე თვეში დაეცემოდა. 

  • მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინულმა არმიამ წერტილოვანი კონტროშეტევებით მოახერხა ქალაქთან მისასვლელი გზების გათავისუფლება და ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებდა კონტროლს უშუალოდ ქალაქის სრულ ტერიტორიაზე. 

  • უკრაინული წყაროების ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოყოლებული პოკროვსკის მიმართულებით მოქმედმა რუსულმა დანაყოფებმა ტაქტიკა შეცვალეს - მსხვილი მექანიზებული კოლონებით შეტევის ნაცვლად მცირე ქვეითთა დაჯგუფებების გამოყენება დაიწყეს. 

  • უკრაინულ არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე ტაქტიკა საბოლოოდ გამართულებული აღმოჩნდა და გასულ კვირას ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი შეიჭრა. 

  • დრონების და სარაკეტო დარტყმებით თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქში ამ დრომდე 1200 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. 

ჩაშლილად: პოკროვსკ-მირნოჰრადის ალყაში მოქცევის შესახებ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს 26 ოქტომბერს გამართულ თათრბირზე მოახსენა. 

  • მომდევნო დღეებში ალყის შესახებ რამდენიმეჯერ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, მეტიც რუსეთის პრეზიდენტმა პროპაგანდისტული მიზნებით ქალაქში უცხოეული ჟურნალისტების შეშვების მზაობაც გამოთქვა. 

  • სრული ალყის შესახებ სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელების განცხადებებს სკეპტიკურად გამოეხმაურნენ რუსი ტელეგრამ Z-ბლოგერების რიგებშიც. 

  • მიუხედავად ამისა, უკრაინული წყაროების ცნობით პოკროვსკში მოქმედი უკრაინული დანაყოფების მომარაგების გზები პრაქტიკულად საოკუპაციო არმიის საცეცხლე კონტროლს ექვემდებარება. 

  • ჰაერში რუსული დრონების დომინაციის ფონზე მომარაგების გზებით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მომარაგება და დაჭრილების ევაკუცია ქვეითად, სახმელეთო და საჰაერო სატვირთო დრონებით მიმდინარეობს. 

  • 29 ოქტომბერს ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ქალაქის ერთ-ერთ შესავლელთან სტელაზე აღმართული რუსული დროშის ვიდეო, რომელიც მოგვიანებით უკრაინულმა დრონმა გაანადგურა. 

  • მიუხედავად ამისა, თავად ქალაქის ამ ნაწილში რუსული დაჯგუფებების გამოჩენა ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინული არმიისთვის შექმნილ რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს. 

  • ვითარებას ართულებს ისიც, რომ ქალაქის მიმართულებით ძლიერდება საოკუპაციო არმიის ფრონტალური წნეხი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფლანგიდან. აქ რუსეთის არმიამ შეძლო რამდენიმე უბნის დაკავება სარკინიგზო კვანძის რაიონში, რომელიც ქალაქს პრაქტიკულად ნახევრად ჰყოფს. 

  • გასულ დღეებში რუსეთის არმიამ მექანიზებული შტურმი დაიწყო პოკროვსკის სატელიტი ქალაქის, მირნოჰრადის აღმოსავლეთ რაიონების მიმართულებით - მათი მთავარი მიზანი შახტებისა და მაღალსართულიანი შენობებით დატვირთული რაიონის დაკავებაა, რომლის მეშვეობითაც ისინი პრაქტიკულად სრულად გააკონტროლებენ დაბლობზე განლაგებულ დასახლებას. 

  • თუ კი პოკროვსკიდან და მირნოჰრადიდან მიმავალი რუსული დაჯგუფებები შეკრავენ რკალს უკრაინული გარნიზონი ფრონტის ამ მონაკვეთზე პრაქტიკულად ორად გაიხლიჩება და ZSU-ის რამდენიმე დანაყოფი შესაძლოა სრულ ალყაში აღმოჩნდეს. 

სტრიქონებს შორის: უკრაინული წყაროების ცნობით, პოკროვსკის ირგვლივ 11 ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული, ხოლო ქალაქში შეჭრილთა რაოდენობა არ აღემატება რამდენიმე ასეულს. 

  • პოკროვსკში მებრძოლი მეშვიდე სადესანტო ბრიგადის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები ტერიტორიაზე გამაგრებას არ აპირებენ, მათი მიზანია გააგრძელონ წინსვლა, უკრაინული ძალების შემდგომი გახლეჩვის მიზნით. 

  • სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ რუსული დივერსიულ დაჯგუფებები, რომლებიც აფეთქებენ სატრანსპორტო კვანძებს, აწყობენ ჩასაფრებებს. 

  • უკრაინული OSINT პროექტი Deep State 30 ოქტომბრის კრებსში, პოკროვსკში შექმნილ ვითარებას ახასიათებს როგორც "კრიტიკულთან ზღვრულს" და ყურადღება გამახვილებულია უკრაინული გარნიზონის ლოჯისტიკის მოშლაზე. 

  • "ყველაზე ცუდი ის არის, რომ მტერმა შეძლო ჩვენი ლოჯისტიკის მოშლა მირნოჰრადიდან მთელი აგლომერაციის მიმართულებით, ისინი ეტაპობრივად ყლაპავენ მთელ ქალაქს." 

  • ასეთ ვითარებაში პროექტის ანალიტიკოსების თქმით, გამოსავალი ქალაქში რუსი ჯარისკაცების ინფილტრაციის გზების დაბლოკვა და უკვე ინფლიტრირებული დაჯგუფებების განეიტრალებაა. 

  • "ვითარება პოკროსვკში კრიტიკულის ზღვარზეა და კვლავ უარესდება ისეთ დონემდე, რომ გამოსწორება შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს"- ნათქვამია კრებსში. 

დაეწიე ამბავს: როგორც ჩანს სწორედ რუსების ინფილტრაციის ბლოკირების მიზნით ქალაქში უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР-ის) მცირე დესანტი გადასხეს. 

  • ამის შესახებ თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაწერა, მოგვიანებით დაადასტურეს უკრაინსკა პრავდა და BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროებმა უკრაინულ სპეცსამსახურებში. 

  • ამავე წყაროების ცნობით, საუბარი ოპერაციას ადგილიდან ხელმძღვანელობის სამხედრო დაზვერვის დირექტორი, კირილო ბუდანოვი - გავრცელებულ კადრებზე, რომლის გადაღების ლოკაციაც არ არის ვერიფიცირებული ჩანს Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი საიდანაც 11 უკრაინელი სპეცრაზმელი გადმოდის. 

  • ცოტა ხნის წინ, იმავე უკრაინსკა პრავდამ მეშვიდე სადესანტო ბრიგადაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო ქალაქის რამდენიმე რაიონში ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესება. 

  • ქალაქში მიმდინარე ოპერაციებში სადაზვერვო დანაყოფების მონაწილეობა ცოტა ხნის წინ დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმაც. 

  • თავის მხრივ სირსკიც უარყოფს აგლომერაციის ალყაში ყოფნას, თუმცა ადასტურებს, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარება რთულია. 

კონტექსტი: პოკროვსკის დაცემის შემთხვევაში ეს 2023 წლის გაზაფხულზე, ბახმუტის აღებიდან მოყოლებული რუსეთის არმიის მიერ დაკავებული უმსხვილესი ქალაქი იქნება - სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 60 ათასს აღემატებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები