-

ჰიბრიდული ომი დღეს უკვე პოპულარული ტერმინია, რომელსაც რუსეთთან მიმართებით ხშირად იყენებენ. დასავლეთის ქვეყნებისთვის ამ ტიპის საფრთხეებთან გამკლავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც ბელარუსის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტების კრიზისიც ადასტურებს. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ კრემლის პირველი მსხვერპლი, ამ თვალსაზრისით საქართველო იყო, რომელიც 2008 წელს მრავალშრიანი აგრესიის სამიზნე აღმოჩნდა. 

თუ კი ამ ომს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციის გარდა, რუსეთმა არაერთი სხვა კომპონენტი გამოიყენა - ესაა დეზინფორმაცია, შანტაჟი და შიდა პოლიტიკური პროცესებში ჩარევაა.

ამ კუთხით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პროპაგანდის როლი, რაც რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, მათ შორის, მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. 

პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა, აშშ-ს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე პასუხსა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას ემსახურებოდა. თუმცა ცხადია ეს ომის დაწყებისთვის საკმარისი არ გახლდათ და ოფიციალური საბაბისთვის, ნიადაგის შექმნა გახდა საჭირო. 

აქედან გამომდინარე რუსული პროპაგანდისტული მანქანა, ომის პერიოდშიც და შემდეგაც, რამდენიმე მოსაზრების დამკვიდრებას ცდილობდა, ესენია: 

 

  • ომი საქართველომ 8 აგვისტოს, მძინარე ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, რის შემდეგაც რუსეთი იძულებული გახდა, რომ კონფლიქტში ჩარეულიყო;

 

  • რუსეთის მოქალაქეებისა და სამშვიდობოების საფრთხის ქვეშ ყოფნა;

 

  • ეთნიკური ოსების გენოციდი;

 

ეს გზავნილები, რუსეთმა საკუთარი სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად შეიმუშავა, რაც პარალელურად, ბუნებრივი გაგრძელება იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული პროპაგანდისა, რომელიც საქართველოს მთავრობას ახალ მარიონეტად, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემების მქონე პრეზიდენტად წარმოაჩენდა.

პროპაგანდისტული ტალღის განსაკუთრებით გააქტიურება 2008 წლის გაზაფხულს დაემთხვა, როდესაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს და უკრაინის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. რუსეთის ლიდერები მაშინ ღია ტექსტით ამბობდნენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობას, მოსკოვის მკვეთრი რეაქცია მოჰყვებოდა, რასაც რუსულ მედიაში, შესაბამისი დეზინფორმაციული კამპანია ერთვოდა.

"სამხედრო და საინფორმაციო უზრუნველყოფა"


 

საბოლოოდ, ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მაპის გარეშე დარჩა, ხოლო აქედან 6 დღეში რუსეთის პრეზიდენტმა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ მთავრობებთან ურთიერთობების ლეგალიზების განკარგულება მიიღო, რაც ადგილზე, რუსეთის წარმომადგენლობების გახსნას გულისხმობდა. სულ მალე, რუსეთის დუმაში განსახილველად შევიდა რეზოლუცია, სადაც ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებდა.

ამავდროულად, მოსკოვმა მკვეთრად გაზარდა აფხაზეთში დისლოცირებული სამშვიდობოების რიცხვი, რასაც მოგვიანებით, სარკინიგზო ჯარების შეყვანა დაემატა.

კრემლის ამ ქმედებებს თან ახლდა ის, რასაც რუსეთში "საინფორმაციო უზრუნველყოფას" უწოდებენ. მედიაში ყოველდღიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ომისთვის რუსეთი კი არა საქართველო ემზადებოდა და შესაბამისად, სამშვიდობოების რიცხვის ზრდა, ქართული მხარის მიერ კოდორის ხეობაში სამხედრო პერსონალის მობილიზებით იყო გამოწვეული

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ჩასულ სადამკვირვებლო მისიებს, ქართული მხარის მხრიდან საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, მაინც გამუდმებით საუბრობდა, ქართველი ჯარისკაცების მობილიზაციაზე და რუსეთის საზღვრების მახლობლად, ნატოს სამხედრო ბაზების გახსნის პერსპექტივაზე, რითაც თავიდანვე ქმნიდა აგრესორი და საომრად მომართული საქართველოს იმიჯს, რომლის შეჩერებაც, მხოლოდ მშვიდობისმსურველ რუსეთს შეეძლო. 

ვითარება კიდევ უფრო მეტად ზაფხულში დაიძაბა, რა დროსაც გახშირდა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა. 2008 წლის 11 ივლისიდან მოყოლებული, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი სამშვიდობოები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდნენ.

მალე, რუსეთმა საქართველოს საზღვრის უშუალო სიახლოვეში დაიწყო სამხედრო წვრთნები. პროცესმა კულმინაციას აგვისტოს დასაწყისში მიაღწია, რაც პერიოდული ცეცხლის გახსნითა და აფეთქებებით ხასიათდებოდა. 

ამ მომენტიდან იწყება საინფორმაციო შტურმი, რომელიც ომის გასამართლებლად შექმნილ გზავნილებს დაეფუძნა. რუსული პროპაგანდისტული მანქანა, ინტენსიურად საუბრობდა ქართული საჯარისო ნაწილების მიერ რუს მშვიდობისმყოფელებზე განხორციელებულ თავდასხმებზე და მსხვერპლზე, ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაში.

პარადოქს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პარალელურად, რუსულ ტელევიზიებში აქტიურად შუქდებოდა და ცხინვალის ევაკუაციის პროცესი, რომელიც 2 აგვისტოს დაიწყო და 7 აგვისტოსთვის პრაქტიკულად დასრულებული იყო. ამ პერიოდში, ცხინვალი დაახლოებით 20 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც რეგიონის მოსახლეობის 80%-ია. 

ამგვარად მოსაზრება, რომ საქართველომ მძინარე ქალაქი დაბომბა, რეალობას თავიდანვე არ შეესაბამებოდა. ხაზგასასმელია, რომ ქართული დასახლებების ევაკუაცია, გაცილებით გვიან, 7 აგვისტოს დაიწყო.

ამავდროულად, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცხინვალში რუსული ტელევიზიების 50-მდე ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომელთა თქმითაც, სულ მალე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. 

ისინი მუდმივად დაჰყვებოდნენ რუს სამშვიდობოებს და ვითარებას ცალმხრივად აშუქებდნენ. 5 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის ზონაში ვითარების გასაცნობად უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტების და დიპლომატების დელეგაცია ჩაიყვანა, რუსმა ჟურნალისტებმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ამასთანავე, რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ცხინვალი და კიდევ 5 ოსური დასახლება, სრულად განადგურდა და ქალაქში არცერთი მთელი შენობა არ დარჩა. ამ პროპაგანდისტული მესიჯით, იქმნებოდა პრეტექსტი, რუსეთის არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაჭრელად. ომი სინამდვილეში არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს, მაშინ დაიწყო, როდესაც როკის გვირაბი რუსულმა სამხედრო ტექნიკამ გადმოკვეთა.

ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ 8 აგვისტოს, დილის საათებში გაავრცელა. ამ ფაქტს ადასტურებს ქართული მხარის ხელში აღმოჩენილი ჩანაწერები, რომელიც 7 აგვისტოთი თარიღდება, სადაც ოსი მესაზღვრე, გვარად გასიევი ყვება, თუ როგორ დაავალეს მას რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობაზე მეთვალყურეობა და რომ რუსული სამხედრო ტექნიკის რაოდენობიდან გამომდინარე, როკის გვირაბი გაჭედილი იყო.

ამის დასტურად შეგვიძლია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალში კრასნაია ზვეზდაში გამოქვეყნებული სტატიაც გავიხსენოთ, სადაც, რუსი სამხედრო ჰყვება, თუ როგორ მოუწიათ წვრთნებიდან მოულოდნელად, 7 აგვისტოს, საქართველოში, ჯავაში შემოსვლა.

ცხადია ეს ყველაფერი კრემლისტურ მედიაში არ გაშუქებულა, რომლის მტკიცებითაც, რუსულმა არმიამ სახელმწიფო საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა. ადგილზე მყოფი რუსი ჟურნალისტები ქმნიდნენ სატელევიზიო სურათს, რომელშიც, დიდი საქართველო პატარა ოსეთს ანადგურებდა და არაფრად აგდებდა რუსეთის მოწოდებებს. დაბრუნებოდნენ სამშვიდობო პროცესს. 

რუსი ჟურნალისტები აქტიურად აშუქებდნენ ოსი სეპარატისტების ბრიფინგებს, სადაც მაგალითისთვის, ასეთი დეზინფორმაცია, რომ მათ ხელში აღმოჩნდა ქართველი გენერლის საუბრები მიხეილ სააკაშვილთან, რომელმაც ცხინვალის განადგურების ბრძანება გასცა.

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართული შენაერთები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იბრძოდნენ და რომ მათ რიგებში, შავკანიანი ამერიკელებიც შედიოდნენ

გენერლმა ნოგოვიცინმა, ამ აბსურდული ბრალდების გასამტკიცებლად, პრესკონფერენციაზე ამერიკის მოქალაქის პასპორტიც წარმოადგინა, რომელიც თითქოსდა კონფლიქტის ზონაში იპოვეს. მოგვიანებით რუსი გენერლის სიტყვებს პასპორტის მფლობელი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, პასპორტი მან რუსეთში ყოფნის პერიოდში დაკარგა.

ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საინტერესოა რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის RT-ის ჟურნალისტის - უილიამ დანბარის შემთხვევა, რომელსაც კონფლიქტის რუსული პერსპექტივიდან გაშუქების გარდა, ყველაფერი აკრძალული ჰქონდა. დანბარის თქმით, მას გაუუქმეს დაგეგმილი ჩართვები და არ ჰქონდა უფლება, რომ სრულად გადმოეცა საომარი ამბები.

რეალურად, აგვისტოს ომი რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილ საინფორმაციო და სამხედრო კამპანიას წარმოადგენდა, სადაც შემთხვევითი არაფერი ყოფილა. ამ გეგმების შესახებ და მათ შორის დროში გაწერილ მოქმედებებზე, საუბრობდა არამხოლოდ პუტინი, არამედ გენშტაბის ხელმძღვანელობა და დუმის დეპუტაციაც.

გამოგონილი გენოციდი

 

 

რუსული ინტერვენციის გასამართლებლად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი გზავნილი, ქართველების მიერ ოსების გენოციდის იყო. ეს საჭირო იყო როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე რუსეთის სასარგებლო საერთაშორისო სურათის შესაქმნელად. კონფლიქტის საწყის დღეებში, რუსული ტელევიზიები ამბობდნენ, რომ ქართველმა სამხედროებმა ცხინვალში 2 000 მშვიდობიანი ოსი მოკლეს. 

RT ომის დღეებში ეთერში წარწერა  "გენოციდით" გადიოდა. ტელევიზიის მიერ მომზადებულ ყველა სიუჟეტსა და თუ ჩართვას, ფონად სწორედ ეს სულისკვეთება უძღვოდა. 

მოგვიანებით, გარდაცვლილთა რიცხვი ოსურმა მხარემ 1300-მდე შეამცირა, თუმცა ცხადია, რომ, ეს მაჩვენებელიც არარეალური იყო. 

საბოლოოდ, 20 აგვისტოს, რუსული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს, 134 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

შესაბამისად, წარმოსახვითი გენოციდის სცენარი ჩავარდა და კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას, ახალი გზავნილის მოფიქრება მოუწია. ამჯერად, რუსული მედია ახალ ვერსიაზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც, გენოციდი გარდაუვალი იქნებოდა, რომ არა რუსეთის პრევენციული სამხედრო ჩარევა. 

შეცვლილი ვერსიის გავრცელება, კრემლმა აქტიურად დაიწყო. მათ შორის შეგვიძლია, გავიხსენოთ ამერიკულ ფოქს ნიუსზე გასული ოსი მოზარდის, ამანდა კოკოევას ინტერვიუ, სადაც მამიდასთან ერთად მყოფი მოზარდი ირწმუნებოდა, რომ ქართველებმა ცხინვალის დაბომბვა მაშინ დაიწყეს, როდესაც იგი კაფეში იჯდა. მისი თქმით, ის ქართველ სამხედროებს გაურბოდა და რუსი ჯარისკაცების დახმარების გარეშე, ვერ გადარჩებოდა. იგივეს ამტკიცებს კოკოევას მამიდაც.

საინტერესოა, რომ წლების შემდეგ, ამ მოზარდისა და მისი მამიდის მსგავს გზავნილებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, საქართველოშიც გაიმეორებენ და მათ შორის იქნებიან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც. 

აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან მხრიდან წარმოებული, წინასწარ გათვლილი და მიზანმიმართული დეზინფორმაციული მესიჯები, მყარად გაჯდა საქართველოშიც.

რუსული დეზინფორმაციის ინტეგრაცია ქართულ პოლიტიკაში

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსული დეზინფორმაციული კამპანია არ შეჩერებულა. მიზანი - საქართველოსთვის ომის დაწყების პასუხისმგებლობის სრული ან ნაწილობრივ დაკისრებაა. სამიზნე აუდიტორიას საქართველოს გარდა, მსოფლიო თანამეგობრობა წარმოადგენს.

წლიდან წლამდე, გზავნილები იცვლება, ადაპტირდება და უფრო მოქნილი ხდება. მიზეზი მარტივია - ბევრი მითი თუ ბრალდება, ახალი გამოძიებებით, ფაქტებითა თუ კონტრ-ნარატივებით ქარწყლდება, შესაბამისად, დეზინფორმაციული კამპანიისთვის სასურველ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფში შეღწევა უფრო მარტივია.

რუსული დეზინფორმაციული კამპანია არასოდეს შეჩერებულა, თუმცა, 2012 წლამდე გზავნილებს ძირითადად მარგინალური და ღიად პრორუსული ჯგუფები ავრცელებდნენ. არსებობდა სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ცდილობდა წინ აღდგომოდა დეზინფორმაციის ნიაღვარს, თუმცა, ბოლო წლებში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა - რუსული პროპაგანდის გზავნილები სრულად ინტეგრირდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დღეს ამგვარი გზავნილებს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც ავრცელებენ.

ქართული ოცნების ლიდერებს აგვისტოს ომზე ჩამოყალიბებული შეფასებები ჰქონდათ და მათი მესიჯბოქსიც ამ შეფასებიდან გამომდინარეობდა. წინა ხელისფულებისთვის ომის დაწყების დაბრალება, ერთი მხრივ, შიდა აუდიტორიაზე გათვლილი მესიჯი იყო, რომელიც ამ გზით პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მეორე მხრივ, მმართველი პარტიის ლიდერების ამგვარი რიტორიკა უნისონში მოდიოდა ქართული ოცნების სტრატეგიასთან რუსეთთან მიმართებით, რაც „რუსეთის არ გაღიზიანების“ პოლიტიკაში გამოიხატებოდა  

საქართველოსთვის ომის დაწყების ბრალდება ისმის პრეზიდენტის, მმართველი გუნდის ლიდერებისა და თავად ბიძინა ივანიშვილისგან. ეს განცხადებები ხშირად კრემლის ოფიციალური პოზიციის იდენტურია და ძალიან ჰგავს რუსეთის პროპაგანდისტული არხების შეფასებებს.  ცალკეული ქართველი პოლიტიკოსებისა თუ პარტიის განცხადებები ხშირად რუსეთის სამთავრობო არხების სიუჟეტების ნაწილი ხდება.

აგვისტოს ომის შეფასებები პერიოდულად იცვლება. მაგალითისთვის, 2012 წლის არჩევნებამდე, ბიძინა ივანიშვილი და იმდროინდელი კოალიციური გუნდის წევრები ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალს ცხინვალისა და საკუთარი მოქალაქეების დაბომბვაში სდებდნენ, რომელიც ოსური უკონტროლო ბანდფორმირებების პროვოკაციებს წამოეგო.

ერთ-ერთ პირველ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილი იტყვის: ”როგორ დაიწყო ყველაფერი - რაღაც გაუგებარი ბანდფორმირებები ისროდნენ სამი დღის განმავლობაში ქართული სოფლების მიმართულებით. არავინ ჯერ არ იყო მოკლული, მხოლოდ ერთ სახლში შევარდა ნამსხვრევი. ამ დროს სააკაშვილმა შეიყვანა ტანკები, რის შემდეგაც საქართველოში რუსეთის რეგულარული ნაწილები შემოვიდა.”

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული რუსული პროპაგანდის ამ ძველ გზავნილს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონის ეფექტურ კონტროლს არა ოსური ბანდფორმირებები, არამედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა.

დღეისათვის ეს ნარატივი სახეცვლილია და რუსეთის ნაწილობრივ ბრალდებასაც მოიცავს.

ქართული ოცნების ომის შეფასებები ძირითადად ტალიავინის კომისიის დასკვნის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის დასკვნა 3 ტომისგან შედგება და დეტალურად აღწერს მთლიან კონტექსტს, მმართველი პარტიისთვის საინტერესო მხოლოდ დასკვნის ნაწილი არის, სადაც, ღია საომარი მოქმედებების დაწყებაზეა საუბარი.

გამოძიების დასკვნის იმავე ნაწილში ნათქვამია, რომ შეუძლებელია პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს და რომ სამხედრო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე წლიან დაძაბულობაზე, ქართული სოფლებისა თუ საჯარისო ნაწილების გაუთავებელი დაბომბვაზე, თუმცა დასკვნის ეს მონაკვეთები აღნიშნული პოლიტიკოსებისგან უგულებელყოფილია. 

პრეზიდენტის პოზიციები აგვისტოს ომზე

 

 

ხისტ შეფასებებსა და ბრალდებებში თანმიმდევრული აღმოჩნდა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. გაპრეზიდენტებამდე სალომე ზურაბიშვილი იგი ყოფილ პრეზიდენტს, თავისი თანამემამულეებისა და მოქალაქეების დაბომბვასა და „გეგმურ“ ტერიტორიების დაკარგვაში სდებდა ბრალს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პასუხი ბრალდებების იმ ნაწილსაც გაეცა, სადაც, საქართველო ოსი ხალხის დაბომბვისა და გენოციდის მოწყობაშია დამნაშავე. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ომამდე და მას შემდეგ კონფლიქტურ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა, სრულად რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა. ამ დადგენილებით, 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველო მოსახლეობის ეთნიკური წმენდა.

დროთა განმავლობაში, ზურაბიშვილის ბრალდებებმა სახეს იცვალეს და უფრო დაბალანსებული გახდა. მმართველი გუნდისთვის, ცხადია, საომარი მოქმედებები ისევ ყოფილმა პრეზიდენტმა დაიწყო, რადგანაც ეს შიდა აუდიტორიაზე გათვლილი მესიჯია.

საინტერესოა, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შეფასებები ემთხვევა რუსეთის პოლიტიკური ესტემბლიშმენტის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა. მძინარე ცხინვალის დაბომბვასა და ეთნიკური ოსების გენოციდთან ერთად ეს რუსული დეზინფორმაციული მანქანის ერთ-ერთი მთავარი სვეტი იყო.

საქართველოს დადანაშაულებას ომში საკუთარ ქვეყანაზე დაწყებაში ქართული პოლიტიკის მხოლოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსები არ გამოირჩევა. ასევე, ამ პერიოდიდან აქტიურდებიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ტრადიციული და ონლაინ მედია საშუალებებით ტირაჟირებას უწევენ რუსული დეზინფორმაციული ნარატივს ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებას.

 

მსგავსი სიახლეები