პუტინი ტრამპის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და სამიტის გადატანა დაადასტურა

ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და დონალდ ტრამპთან სამიტის "გადატანა" დაადასტურა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გეოგრაფიული საზოგადოების ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

  • პუტინის თქმით, შეერთებული შტატების მიერ როსნეფტისა და ლუკოილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "არ აისახება" რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე - "არცერთი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავის თავს არ აკეთებს არაფერს წნეხის ქვეშ"- ამბობს პუტინი. 

  • პუტინის თქმით, შესაძლო სანქციები განიხილეს დონალდ ტრამპთან გამართულ ბოლო სატელეფონო საუბარში - მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გლობალურ ბაზარზე სანქციების შედეგად რუსული ნავთობის წილი შემცირდება ეს ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ამერიკასაც შეეხება. 

დიდი სურათი: ამავე გამოსვლაში ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებაზეც ისაუბრა -  და განაცხადა, რომ "მაღალი ალბათობით საუბარია შეხვედრის გადატანაზე."

  • პუტინის თქმით, შეხვედრის ინიციატივა ამერიკულმა მხარემ გამოთქვა და ლოკაციაც მათ შეარჩიეს, რასაც ის დაეთანხმა, თუმცა მიაჩნდა, რომ სერიოზული მომზადების გარეშე შეხვედრა შეცდომა იქნებოდა.

  • პუტინი ამბობს, რომ ტრამპთან შეთანხმებით შეხვედრის მოსამზადებლად პირველი ნაბიჯი საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს უნდა გადაედგათ - "ახლა კი ვხედავ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა ან გადადო შეხვედრა... რა შემიძლია ვთქვა, დიალოგი ყოველთვის უკეთესია." 

კონტექსტი: ამავე გამოსვლაში პუტინი უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის შორეული რაკეტების შესაძლო გადაცემის საკითხსაც გამოეხმაურა და ამას ესკალაციის მცდელობა უწოდა. 

  • პუტინის თქმით, შორეული რაკეტების გადაცემაზე რუსეთის პასუხი "სერიოზული იქნება, რომ არ ვთქვათ გამაოგნებელი." 

მსგავსი სიახლეები