-

პოლიტიკური ვნებათაღელვა საფრანგეთში პიკს აღწევს: ევროპარლამენტის არჩევნებში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა, ბევრისთვის მოულოდნელად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ნაადრევი არჩევნები დანიშნა, რომელიც ორ ტურიანი სისტემით - 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება. 

ევროკავშირისა და NATO-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში, ბევრი რამ, სასწორზეა შემოდებული. ემანუელ მაკრონის რისკიანი გადაწყვეტილების შემდეგ, ფრანგებმა უნდა გადაწყვიტონ, მხარი დაუჭირონ არსებულ დღისწესრიგს თუ ცვლილებებისა და მოქმედი ხელისუფლების დასჯის სურვილით, რადიკალური ალტერნატივა აირჩიონ, რაც პირველ რიგში, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანებას (RN) გულისხმობს, ხოლო საპირისპირო იდეოლოგიურ მხარეს, მემარცხენე პარტიების ბლოკი - ახალი სახალხო ფრონტია (Le Nouveau Front Populaire), რომელსაც არსებულისგან, რადიკალურად განსხვავებული დღისწესრიგი გააჩია. 

ემანუელ მაკრონის სურვილი და ტაქტიკა შემდეგია: ევროპარლამენტისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად, საპროტესტო არჩევნებად მიიჩნევა, ხალხი, რადიკალურ პოლუსებზე მყოფი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მიშვებას არ დაუშვებს და ხმას, მის ცენტრისტულ გაერთიანება Ensemble-ს მისცემს, რაც ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. 

ცხადია, განსხვავებული ამოცანები აქვთ მაკრონის მეტოქეებს.

ეროვნული გაერთიანების (RN) პრემიერობის კანდიდატი, ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი პარტია, რადიკალურ ცვლილებებს გაატარებს, რაც, მათ შორის, გულისხმობს საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ეკონომიკური რეფორმების გატარებას (მაგ. საპენსიო ასაკის ჩამოწევა 61 წლამდე იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობა 20 წლამდე დაიწყო) და საგარეო ფრონტზე, საფრანგეთის "პრაგმატულ" პოზიციონირებას. ეს მიდგომა,პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში უნდა წავიკითხოთ. 

მაკრონისა და ლე პენის გუნდისგან კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკური დღისწესრიგის გვხდება ახალი სახალხო ფრონტის (NFP)-ს შემთხვევაში, სადაც, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გატარებული საპენსიო რეფორმის ანულირება და მინიმალური ხელფასის 13%-იან ზრდა, ერთ-ერთ მთავარ დაპირებას წარმოადგენს. კოალიციაში შემავალი სუბიექტების განსხვავებებიდან გამომდინარე, უცნობია, მათი შეთანხმების წერტილები საგარეო პოლიტიკასა და პრემიერობის შესაძლო კანდიდატზე.

საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, პირველ ტურში, ემანუელ მაკრონის მთავარი მეტოქეები, პირველ და მეორე პოზიციებს დაიკავებენ, ხოლო საპრეზიდენტო კოალიცია, დაახლოებით 20%-იანი მაჩვენებლით, მესამე ადგილს დასჯერდება. 

  • საპრეზიდენტო კოალიცია (Ensemble) - ცენტრისტული

ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კოალიცია - სამი ძირითადი შენაკადისგან შედგება, სადაც მისი პარტიის (რენესანსი) წევრების გარდა, გაერთიანებული არიან, ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე ფრანსუა ბაირუს (MODEM) და ყოფილი პრემიერის - ედუარ ფილიპის (Horizons) პოლიტიკური ჯგუფები. მაკორნის კოალიციამ, მძიმე დარტყმა მიიღო ევროკავშირის პარლამენტის არჩევნების დროს, სადაც მარინ ლე პენის ეროვნულ გაერთიანებას, თითქმის ორჯერ ჩამორჩა.

თუმცა, პარლამენტის დაშლის კონტექსტში, ხაზგასასმელია ამას  2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი, სადაც Ensemble-ის კოალიციამ, ვერ მოახერხა 289 ადგილის მოპოვება, რაც "საპრეზიდენტო უმრავლესობის" გარანტიას იძლევა. მაკორნის კოალიციამ 250 დეპუტატი გაიყვანა, რის გამოც, მთელ რიგ საკითხებზე, პოლიტიკური კომპრომისების ძიება უწევდა, რაც ხშირად, წარუმატებლად სრულდებოდა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად არსებული პოლიტიკური "კინკლაობა," სავარაუდოდ, ხელშემწყობი მიზეზი აღმოჩნდა მაკრონისთვის, რომ რისკიანი გადაწყვეტილება მიეღო და ეროვნული ასამბლეა დაეშალა. 

საფრანგეთის დღევანდელი მთავრობა, Ensemble-ის კოალიციის მიერ არის დაკომპლექტებული, რომელსაც 2022 წლის არჩევნების შემდეგ, ელიზაბეთ ბორნი ხელმძღვანელობდა, თუმცა მოგვიანებით, ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალმა შეცვალა. 35 წლის ასაკში, იგი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა. 

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საპრეზიდენტო კოალიციის მთავარი სახე, სწორად გაბრიელ ატალია, იგი აქტიურად ცდილობს საკუთარი გუნდის პოზიციების გაძლეიერებას.  

  • ეროცნული გაერთიანება (RN) - ულტრამემარჯვენე

მარინ ლე პენმა დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური პარტია, მარგინალურად აღარ ყოფილიყო აღქმული და ისტებლიშმენტის ნაწილი გამხდარიყო, რაც შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ მაინც, წარმატებით გამოუვიდა.

ამ მიზნის მისაღწევად, მას ბევრი რამის შეცვლა მოუწია, მათ შორის დაპირებების ნაწილიც (მაგ.ევროკავშირიდან გამოსვლა)  ან საკუთარი მამის, ჟან-მარი ლე პენის პარტიიდან გაშვება, რომელიც RN-ის დამფუძნებელია. 

თუმცა, ამ ფაქტის მიუხედავად, ეროვნული გაერთიანება, უამრავი ფრანგისთვის ულტრა-მემარჯვენე გაერთიანებადაა აღქმული, რომელიც ქვეყნიდან "ისლამისტი ემიგრანტების" გაყრას, ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გართულებას, საემიგრაციო და უსაფრთხოების კანონმდებლობის შეცვლას და პოპულისუტრ ეკონომიკურ დაპირებებს შესრულებას აპირებს.

საგარეო პოლიტიკა არის საკითხი, რაც ლე პენის წინააღმდეგ წაყენებული "ბრალდებების" ჩამონათვალში, მოწინავე პოზიციას იკავებს. ყველას კარგად ახსოვს მისი შეხვედრა პუტინთან, მოსკოვში. ასევე, კამპანიისთვის საჭირო ფინანსების მიღება ჩეხურ-რუსული ბანკიდან. მეტიც, მარინ ლე პენი და მისი გუნდი, 2014 წელს, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის დროს, პრო-კრემლისტური ნარატივის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. 

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, RN-ის ლიდერები, კრემლის მიმართ სიმპათიას აღარ ავლენენ და უკრაინაში დაწყებულ აგრესიას გმობენ, თუმცა, , მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ - "მოზომილ პოლიტიკას" ემხრობიან: მაგალითისთვის, არ იზიარებენ უკრაინისთვის შორი რადიუსის სისტემების გადაცემას, რაც რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მიტანის საშუალებას იძლევა. 

დიდი ალბათობით, ამ არჩევნების შემდეგ, მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანება, ცალკე აღებული, ყველაზე დიდი პარტია გახდება, რომლის პრემიერობის კანდიდატიც 28 წლის ჯორდან ბარდელაა. 

  • ახალი სახალხო ფრონტი (NFP) - მემარცხენე

1936 წელს, მემარცხენე პარტიებმა - კომუნისტებმა (PCF); სოციალისტებმა (SFIO) და რადიკალური პარტიის ლიდერებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც, ანტი-ფაშისტური "სახალხო ფრონტი" დაარსეს და არჩევნები მოიგეს, რის შემდეგაც, ქვეყნის პრემიერი ლეონ ბლუმი (სოციალისტები) გახდა.

სწორად ამ ისტორიული მაგალითის გათამაშებას ვხედავთ ახალი სახალხო ფრონტის ქოლგის ქვეშ, სადაც ერთმანეთთან დაპირისპირებული მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ლიდერები არიან გაერთიანებული. მათ შორის გამოსარჩევია ჟან-ლუკ მელანშონი (La France Insoumise), რომელიც წინააღმდეგობრივი ფიგურაა და ბევრი მიმომხილველის აზრით, მემარცხენე ფლანგიდან, დაახლოებით ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ეს მარინ ლე პენის შემთხვევაში გვხვდება. 

მელანშონის გარდა, ამ გაერთიანებში, თავს იყრიან მწვანეები, კომუნისტები და სოციალისტები. ამ უკანასკნელმა, ევროპარლამენტის არჩევნებზე, ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და რაფაელ გლუკსმანის მეთაურობით, მესამე ადგილი დაიკავა. 

კოალიციას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ამ დრომდე არ დაუსახელებია. გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მელანშონი მესამე ადგილზე გავიდა და მცირედით ჩამორჩა მარინ ლე პენს, მაგრამ მისი პრემიერად დასახელება, ახლა, ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც, ამ იდეას, თავად კოალიციაში შემავალი პარტიების არაერთი ლიდერი ეწინააღმდეგება. 

დრამატულად განვითარებული მოვლენები ფონზე, მრავალწლიანი პოლიტიკური პაუზა გაწყვიტა სოციალისტების ყოფილმა ლიდერმა, რომელიც ქვეყანის პრეზიდენტის პოსტს 2012-2017 წლებში იკავებდა, საუბარი ეხება ფრანსუა ოლანდს, რომელიც კენჭს კორეზის დეპარტამენტში იყრის. 

  • რესპუბლიკელები (LR) - მემარჯვენე/კონსერვატიული

ჟაკ-შირაკისა და ნიკოლა სარკოზის ერთ დროს ყველაზე პოპულარული პარტიას, რომელიც საკუთარ თავს "გოლიზმის" ცენტრში მოიაზრებს, ისედაც ბევრი გამოწვევა ჰქონდა გადასალახი, რასაც ახალი თავსატეხი დაემატა - პარტიის პრეზიდენტმა, ერიკ სიოტიმ, სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი მზად არის მარინ ლე პენთან კოალიციის შესაკარავად, რამაც პარტიის სხვა ლიდერებისა და წევრების აღშფოთება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიულმა ორგანომ იგი გარიცხა, პარიზის სასამართლომ, ეს გადაწყვეტილება კანონიერად არ მიიჩნია და საქმის განხილვის დასრულებამდე, სიოტის პარტიაში დარჩენის შესაძლებლობა მისცა. 

მდგომარეობა, ახლა ასეთია: ერიკ სიოტისთან ერთად, "აჯანყებული" რესპუბლიკელების რიცხვი, დაახლოებით 50-დან 60-მდე მერყეობს, ხოლო პარტიის დიდი ნაწილი (400 კანდიდატზეა საუბარი), პარტიის ლიდერის ინიციატივას არ იზიარებს და "რესპუბლიკელი მემარჯვენეების" სლოგანის ქვეშ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. გამოკითხვების თანახმად, პარტიის ბირთვი, რომელიც RN-თან თანამშრომლობას არ აპირებს, დაახლოებით 8%-იანი პოპულარობით სარგებლობს, რითიც მეოთხე ადგილზე არიან.

თავის მხრივ, მარინ ლე პენთან კოალიციის მოსურნე "აჯანყებულების" რეიტინგი 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს. 

---------------

საფრანგეთში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ჯამში 577 კანდიდატს ირჩევენ. პოლიტიკოსი, რომელიც პირველ ტურში 12,5%-იანი მხარდაჭერის მიღებას შეძლებს, მეორე ტურში გადადის, რის შემდეგაც გამარჯვებული ირკვევა. მეორე ტურის საჭიროება იმ შემთხვევაში არ დადგება, თუკი, რომელიმე კანდიდატი, პირველივე ტურში 50%-იან მაჩვენებელს გადააბიჯებს. 

ასევე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის, ანუ ქვედა პალატის დეპუტატებს ირჩევენ, ეს არჩევნება არ ეხება სენატს, რომელიც არსებულ საპარლამენტო სტრუქტურაში ზედა პალატას წარმოადგენს. 

მაღალია, იმის ალბათობა, რომ საფრანგეთში მორიგი კოაბიტაცია ვიხილოთ, რაც სხვადასხვა ბანაკში მყოფ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გულისხმობს. ასეთ ვითარებაში, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელ სახელისუფლებო რგოლს, რა პასუხისმგებლობა აკისრია, რადგანაც საფრანგეთის კონსტიტუცია, ამ მხრივ ბუნდოვანია. 

უკანასკნელად, კოაბიტაცია ჟაკ-შირაკის პრეზიდენტობის პერიოდში შედგა, როდესაც ეროვნული ასამბლეის დაშლასა და ნაადრევად დანიშნულ არჩევნების საფუძველზე, პრემიერის პოსტი ლიონელ ჟოსპანს, სოციალისტური პარტიის ლიდერს ხვდა წილად. 

მსგავსი სიახლეები