საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

მრავალსაათიანი დებატების, პოლემიკისა და შესწორებების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც ერთ-ერთ პუნქტში საქართველოც მოხსენიებულია.
რეზოლუციის მხარდამჭერები ევროკავშირსა და ნატოს მოუწოდებენ - გააგრძელონ და გაზარდონ უკრაინის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.
საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნაა, რომელიც სამხედრო მიზნებსა და ქვეყნის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.
ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რის ირგვლივაც ცხარე დისკუსია გაიმართა, შეეხებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. საბოლოო ჯამში, ეროვნული ასამბლეა, მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, რომ ხელი შეუწყონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ ამ პროცესის დასრულება, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით.
რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია: უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნის გაგრძელება, ევროკავშირის მონაწილეობა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში და სამხედრო პროდუქციის გაზრდის აუცილებლობა, მათ შორის უკრაინის გასაძლიერებლად.
ფრანგმა კანონმდებლებმა რეზოლუციის ტექსტში შეიტანეს კიდევ ერთი მუხლი, რომელიც გმობს კრემლის ჩარევას ევროკავშირსა და მის სამეზობლოში, განსაკუთრებით კი - მოლდოვას, რუმინეთისა და საქართველოს არჩევნებში.
"[ეროვნული ასამბლეა] გმობს რუსეთის ჩარევას ევროკავშირისა და მის სამეზობლოში დემოკრატიულ პროცესებში, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში." - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 288 დეპუტატმა, რომელთა შორისაც იყვნენ - "მაკრონისტები", "სოციალისტები", "ეკოლოგისტები", "რესპუბლიკელები" და მაკრონის კოალიციის წევრი პარტია "ჰორიზონტების" წარმომადგენლები.
წინააღმდეგი კი 54 დეპუტატი იყო სხვადასხვა პარტიიდან - "კომუნისტები", ჟან-ლუკ მელანშონის "აჯანყებული საფრანგეთი", მარინ ლე-პენის პარტია და მისი მოკავშირეები.
მეტიც, განხილვის დროს, მარინ ლე პენის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სებასტიან შენუმ, შესწორებაც კი წარადგინა და ტექსტიდან საქართველოს და მოლდოვის ამოღებას მოითხოვდა, რის გამოც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
კიდევ ერთი საკითხი, რამაც დებატები გამოიწვია იყო ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გაზის იმპორტის საკითხი, რომელსაც "დასრულებისკენაც" მოუწოდებს რეზოლუცია სახელმწიფოებს, ასევე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის მიწაზე ფრანგი ჯარისკაცების ყოფნის საკითხი.
საბოლოო შესწორებული ტექსტით, ეროვნული ასამბლეა "ახალისებს საფრანგეთის მთავრობას და მის ევროპელ პარტნიორებს, შეისწავლონ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსების შესაძლებლობა."
მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციას იმაზე ნაკლებმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ვიდრე მოელოდნენ, მისი მიღება მაინც წარმატებად მიიჩნევა, რადგანაც "პრო-ევროპული" ქოლგის ქვეშ მყოფმა განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიებმა, საკუთარ მიზანს მაინც მიაღწიეს.