საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნები 2026: პირველი ტურის ძირითადი ტენდენციები
15 მარტს, საფრანგეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურში როგორც ულტრა-მემარჯვენეებმა, ისე ულტრა-მემარცხენეებმა მხარდაჭერის ზრდა აჩვენეს.
ვითარების არსი: კვირას ჩატარებულ მუნიციპალური არჩევნების პირველი ტურის მთავარი დასკვნა ის არის, რომ უფსკრული ფრანგ ხალხსა და პოლიტიკას შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობით - იმაზე დაბალითაც კი, ვიდრე ამას წინასწარი გამოკითხვები პროგნოზირებდა.
- რამდენიმე სოციოლოგიური ინსტიტუტის შეფასებით, საარჩევნო სიებში რეგისტრირებული 48.7 მილიონი ადამიანიდან არჩევნებში მონაწილეობა 41.5%-დან 44%-მდე ამომრჩეველს არ მიუღია.
- ასეთი დაბალი აქტივობა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდის გარდა, მანამდე არასდროს დაფიქსირებულა. შედარებისთვის, ბოლო ჩვეულებრივ მუნიციპალურ არჩევნებზე, რომელიც 2014 წელს გაიმართა, არჩევნებზე 36.6% არ მოვიდა.
ჩაშლილად: საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის ინტერესის ცენტრში ცხადია პარიზის მერის არჩევნები იყო. მოქმედი მერი ან იდალგო ქალაქს 2014 წლიდან მართავდა.
- პარიზში სოციალისტი კანდიდატი ემანუელ გრეგუარი დამაჯერებლად ლიდერობს ხმების 36.4%-ით, რაც საგრძნობლად აღემატება მისი მემარჯვენე მეტოქის, რაშიდა დატის მხარდაჭერას - 24.8%. მესამე ადგილზე ულტრა-მემარცხენე კანდიდატი სოფია შიკირუ გავიდა - 11.72%, მეოთხეზე მაკრონის მხარდაჭერილი ცენტრისტი კანდიდატი პიერ-ივ ბურნაზელი და მეხუთე ადგილზე ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარი სარა კნაფო - 10.40%.
- პარიზის მერის არჩევნებში მონაწილეობდა პრო-რუსი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერ განცხადებებს ხშირად აკეთებს - მან ხმების 1.61% მიიღო.
დიდი სურათი: საფრანგეთის სხვა ნაწილებთან შედარებით განსაკუთრებით კარგი შედეგი ჰქონდა მარინ ლე პენის "ეროვნულ გაერთიანებას" სამხრეთ საფრანგეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქებში.
- ნიცაში პირველ ადგილზე ლე პენის მხარდაჭერილი კანდიდატი ერიკ სიოტი გავიდა 43%-ით.
- მარსალში კი ხმების 35%-ით მეორე ადგილზე გავიდა "ეროვნული გაერთიანების" კანდიდატი ფრანკ ალისიო.
- ტულონში კი ხმების 42%-ით პირველ ადგილზე პარტიის ყოფილი სპიკერი, ლორ ლავალეტი გავიდა.
- საფრანგეთის იმ 42 ქალაქიდან, რომელთა მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებს, რომელთაგან მხოლოდ ერთს მართავს "ეროვნული გაერთიანება" (პერპინიანი, სადაც მერი ლუი ალიო პირველივე ტურში ხელახლა აირჩიეს) - პარტია წარმოდგენილი იქნება 20 მეორე ტურში, რომელიც 22 მარტს გაიმართება.
- საფრანგეთის ორტურიანი საარჩევნო სისტემა ისტორიულად ყოველთვის მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანების" წინააღმდეგ მუშაობდა, რადგან მეორე ტურის წინ ხშირად იქმნებოდა დროებითი ალიანსები ულტრამემარჯვენეების დასაბლოკად. საინტერესოა როგორ იმუშავებს ეს სტრატეგია 2026 წელს.
კონტექსტი: ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპი პირველი ადგილი დაიკავა მის ქალაქ ლე ავრში. ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მემარჯვენე-ცენტრისტული ბანაკის მთავარ კანდიდატად მოიაზრება და მისი შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეროვნულ პოლიტიკაზე.
- ჟან-ლუკ მელანშონის მოძრაობა "დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა" მოულოდნელად კარგი შედეგი აჩვენა. პარტიამ ძირითადი აქცენტი ახალგაზრდა ამომრჩეველსა და მუშათა კლასის ურბანულ მოსახლეობაზე გააკეთა.
- ულტრა-მემარცხენე პარტიამ მაღალი მხარდაჭერა მიიღო ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ რუბეში, სადაც მას მერის პოსტის მოპოვების რეალური შანსი აქვს. ახალგაზრდა ამომრჩევლების მობილიზების წყალობით, პარტიამ ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ტულუზა, ლილი და ლიმოჟი.