მაკრონი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ევროპაში უნდა გაიმართოს
.jpeg)
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს ევროპაში — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს დილით LCI-ზე გადაცემული ინტერვიუს დროს.
მისი თქმით, «ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის, არამედ კოლექტიური ნებაა». მაკრონმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა უნდა იყოს ნეიტრალური და, მისი აზრით, «შესაძლოა ეს იყოს შვეიცარია, ჟენევა, ან სხვა ქვეყანა».
მან ასევე გაიხსენა, რომ ბოლო ორმხრივი მოლაპარაკებები სტამბოლში შედგა. უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტმა დააანონსა «მოხალისეთა კოალიციის» შეხვედრა, რომელიც სამშაბათს შუადღეს გაიმართება ბრიტანეთის მონაწილეობით. საუბარია იმ 30 ქვეყანაზე, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ.
მაკრონის თქმით, მიზანია, რომ მათ მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. «მეორე დღიდანვე იწყება კონკრეტული სამუშაო აშშ-ის პარტნიორებთან — ჩვენი დიპლომატები, მინისტრები და გენშტაბების ხელმძღვანელები იმუშავებენ იმაზე, თუ ვინ რას აპირებს», — განაცხადა მან.
ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით მაკრონმა აღნიშნა: «ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია. ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა არის სამართლიანი და მიზანშეწონილი მისთვის». მისი თქმით, აუცილებელია ფრთხილად ვიყოთ სამართლებრივი აღიარების საკითხებთან მიმართებით: «არ უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო წესრიგის გარანტი ქვეყნებს შეეძლებათ თქვან — ტერიტორიის ძალით წართმევა დასაშვებია. ეს ნიშნავს პანდორის ყუთის გახსნას», — განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ფარგლებს მიღმაც, რუსეთი უკვე გახდა გრძელვადიანი დესტაბილიზაციის ფაქტორი და პოტენციური საფრთხე მრავალი ქვეყნისთვის. «ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები ვლადიმირ პუტინის მიმართ, რომელიც ჩვენი კარის წინ მდგომი მტაცებელია », — თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, პუტინი იშვიათად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და მასთან ურთიერთობაში საჭიროა სრული სიფრთხილე, რადგან ის «მარტივად შეიძლება გადაიქცეს ევროპელებისთვის რეალურ საფრთხედ.