ტრამპი NATO-ს ემუქრება, თუ ის ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარება
დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს „ძალიან ცუდი მომავალი“ ელის, თუ მოკავშირეები აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარებიან. ეს არის პირდაპირი ულტიმატუმი ევროპული ქვეყნების მიმართ: ან შეუერთდით საომარ კამპანიას, ან ალიანსის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტრამპს მიაჩნია, რომ NATO „ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაა“. პრეზიდენტი განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ბრიტანეთის მიმართ გამოთქვამს, რომელსაც აშშ-ის ნომერ პირველ მოკავშირედ მიიჩნევს.
-
ბრიტანეთის „დაგვიანებული“ დახმარება: „როცა დახმარება ვთხოვე, წამოსვლა არ ისურვეს. როგორც კი ირანის საფრთხე გავანადგურეთ, მითხრეს - 'ოჰ, კარგით, ორ ხომალდს გამოვგზავნითო'. მე კი ვუთხარი: ეს ხომალდები გამარჯვებამდე გვჭირდებოდა და არა გამარჯვების შემდეგ“.
ოპერაციის შეფასება: ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი განადგურებულია: „ჩვენ ისინი ფაქტობრივად გავაქრეთ. აღარ ჰყავთ ფლოტი, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია - ყველაფერი გაქრა. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, წყალში ნაღმების ჩაყრით პრობლემების შექმნაა“.
რუსული ფაქტორი: კითხვაზე, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს სატელიტური მონაცემებით, ტრამპმა ორაზროვანი პასუხი გასცა: „არ ვიცი... მაგრამ შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩვენც გარკვეულწილად ვეხმარებოდით უკრაინას. რთულია უთხრა [პუტინს] რატომ გვესხმი თავს?', როცა ჩვენც იმავეს ვაკეთებდით“.
ჩინეთის ნაწილი: ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა გადადოს დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში და შეხვედრა სი ძინპინთან, თუ პეკინი ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ ჩაერთვება.
- „ჩინეთმაც უნდა დაგვეხმაროს, რადგან თავისი ნავთობის 90%-ს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. სამიტამდე ლოდინი ძალიან გვიანი იქნება... შესაძლოა ვიზიტი გადავდოთ“.
მოლოდინი მოკავშირეებისგან: პრეზიდენტმა ტრამპმა მოკავშირეებთან მიმართებით კონკრეტული მოთხოვნები ჩამოაყალიბა:
-
ნაღმმჭერები: ევროპას ამ ტიპის ხომალდების გაცილებით დიდი არსენალი აქვს, ვიდრე აშშ-ს.
-
სპეცრაზმი: ტრამპს სურს ევროპული კომანდოსების ჯგუფები ირანის სანაპირო ზოლზე „ცუდი აქტორების“ გასანეიტრალებლად, რომლებიც დრონებითა და ნაღმებით ნავიგაციას საფრთხეს უქმნიან.
ციფრებში: ომის დაწყებიდან ნავთობის ფასი 45%-ით გაიზარდა და კვირა საღამოს ბარელზე 106 დოლარს მიაღწია. მიუხედავად აშშ-ის მცდელობისა, სრუტე კვლავ პარალიზებულია.