უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბური შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე. ბოლო ცნობებით, უკრაინული დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე 15 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ, ხოლო სიგანეში იერიში 10 კილომეტრამდე ახალ ფრონტს ქმნის.
ამავე ცნობების მიხედვით, ამ დროისთვის უკრაინული არმიის კონტრქოლქვეშაა 10-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ვცრცელდება ცნობები რაიონული ცენტრის, ქალაქ სუჯის ალყაში მოქცევის შესახებ. გარდა ამისა, უკრაინელთა კონტროლქვეშაა სუჯის გაზის გამანაწილებელი სადგური - ეს არის ერთადერთი სადგური, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით ევროპაში ექსპორტირდება.
მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური იერიში. ЗСУ-ს იერიში ფრონტის ხაზზე უკრაინელებისთვის რთული მდგომარეობის ფონზე მიმდინარეობს - ბოლო კვირებში რუსეთის არმიის წინვლის ტემპი დონბასში მკვეთრად გაიზარდა, საოკუპაციო არმია სწრაფად უახლოვდება ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელთა მომარაგების უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ კვანძს - პაკროვსკისა და კონსტანტინოვკის დამაკავშირებელ მაგისტრალს.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები
უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში კურსკის მიმართულებით ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. სახმელეთო იერიშის წინ უძღოდა მრავალსაათიანი მასირებული იერიში უპილიტო საფრენი აპარატებისა და საარტილერიო დანადგარების გამოყენებით.
შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ პირველ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იერიშში სულ 300-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა 10-მდე ტანკისა და 20 ერთეული სხვადასხვა ჯავშანტექნიკის გამოყენებით. Z-ბლოგერები იმთავითვე შეტევაში მონაწილე "რამდენიმე ათასს ჯარისკაცზე იტყობინებოდნენ. ამავე წყაროების ცნობით, ჯავშანტექნიკის გარდა უკრაინული დანაყოფი შეიარაღებული იყო მძიმე არტილერიით, დრონებით, გადასატანი და მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
მოსკოვის დროით 19 საათსა და 20 წუთზე გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ უკრაინულმა დანაყოფები მძიმე დანაკარგების შემდეგ უკან დაიხიეს. უკვე რამდენიმე წუთში თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან უკრაინელთა უკან დახევის შესახებ ფრაზა გაქრა.
"შეტევების სწრაფად შეწყვეტის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. კურსკის ოლქში გრძელდება მძიმე ბრძოლები. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ უკრაინული დანაყოფები ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც გააქტიურდებიან. მეტიც, მოწინააღმდეგის მოქმედებებში იკითხება ჩანაფიქრი - რაც შეიძლება ვიწრო მონაკვეთებზე იერიშის განვითარების, მათი მიზანია გვაიძულონ გადავისროლოთ რეზერვები ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან"- წერდა რუსეთის გენერალურ შტაბთან დაახლოებული ტელეგრამ არხი რიბარი.
უკრაინული დანაყოფების წინსვლის პარალელურად გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც რუსი სამხედროები ტყვედ ბარდებიან. რუსული მედიის ინფორმაციით საზღვრის ამ მონაკვეთს წვევამდელების დანაყოფები და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფები იცავდნენ. Z-ბლოგერები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რამზან კადიროვის მიერ კონტროლირებადი დანაყოფების მოქმედებებით, მათი ცნობით, სწორედ ახმატის სპეცრაზმს ეკისრებოდა სასაზღვრო ზოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა შეტევის დაწყების თანავე მათ პოზიციები მიატოვეს.
ამ დროისთვის დადასტურებულად ცნობილია როგორც მინიმუმ ტყვედ ჩავარდნილი 6 რუსი ჯარისკაცის შესახებ. 2 მათგანი იდენტიფიცირებული რუსული მედიების მიერ - ისინი წვევამდელები არიან.
საღამოს სააათებში რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინული არმიის გარღვევის სიღრმე 7 კილომეტრამდე იყო. საყურადღებოა, რომ ოფიციალური კიევი ამ დრომდე ოპერაციული დუმილის რეჟიმს ინარჩუნებს.
დანაკარგები
უკრიანის შეიარაღებული ძალების იერიშის განვითარების პარალელურად ვრცელდება ბრძოლების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც. OSINT ანალიტიკოსების მიერ ვერიფიცირებული მასალის მიხედვით მხარეთა დანაკარგები ამ დროისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსეთი:
- T-62-ის ტიპის 2 ტანკი;
- KA-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი;
- Ми-8-ის ტიპის ვერტმფრენი;
- Ми-28-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი;
- Камаз-ის ტიპის 2 სატყვირთო;
უკრაინა:
- Бук М1-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 2 დანადგარი;
- Cougar H ტიპის 2 შეჯავშნული ავტომობილი;
- Stryker-ის ტიპის 3 ჯავშანტრანსპორტიორი;
ბოლო ცნობები
რუსეთის გენერალურ შტაბთან დაახლოებული მსხვილი ტელეგრამ არხი რიბარი და Z-ბლოგერი, იური კოტიონოკი სუჯასა და კორენევოში უკრაინული დანაყოფების შესვლის შესახებ იუწყებიან - ორივე ქალაქი კურსკის ოლქის მსხვილი რაიონული ცენტრია მათი კოლეგები, ბორის როჟინი და იური პოდოლიაკა პროგნოზირებენ, რომ უახლოეს საათებში ЗСУ ქალაქზე სრულ კონტროლს დაამყარებს.
მანამდე კურსკის ადგილობრივ ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა, ცნობები, რომ ქალაქი სუჯა უკრაინული არმიის სრულ ოპერატიულ ალყაში იმყოფებოდა.
პროპაგანდისტული გამოცემა Readovka-ს ცნობით, ЗСУ-მ უკვე დაიკავა ქალაქის დასავლეთ ნაწილი და საქალაქო პოლიკლინიკის შენობაზე უკრაინული დროშაც აღმართა.
"კურსკის ოლქის სამხრეთში ვითარება კვლავ უარსდება და არსებობს სუჯის დაკარგვის არაილუზორული საფრთხე"- წერს Z-ბლოგერი, ბორის როჟინი.
ცოტა ხნის წინ გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ძალოვანი უწყებების საგანგებო თათბირი კურსკში შექმნილ მდგომაორებასთან დაკავშირებით. თათბირში ვლადიმირ პუტინის გარდა მონაწილეობდნენ, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი და გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი.
ამ უკანასკნელის თქმით, რუსეთის არმიამ შეძლო უკრაინული დანაყოფების წინსვლის შეჩერება - "ოპერაცია დასრულდება მოწინააღმდეგის განადგურებით და სახელმწიფო საზღვრებზე გასვლით"- განაცხადა გერასიმოვმა.
"მიმდინარეობს ბრძოლები ქალაქ სუჯაში, გარდა ამისა მოწინააღმდეგე ავითარებს შეტევას ფლანგებიდან, მოდის მტრის ჯავშანტექნიკა. თავდაცვაში მყოფ ჩვენს დანაყოფებთან კავშირი დაკარგულია"- წერს Z-ბლოგერი კირილ რომანოვი.
ამავე წყაროს ცნობით, უკრაინელთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობა მინიმუმ 90 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
"სარისკო ოპერაცია" - რას ამბობენ სამხედრო ანალიტიკოსები
საყურადღებოა, რომ უკრაინელთა მიმდინარე იერიში მკვეთრად განსხვავდება რუსეთის ტერიტორიაზე მანამდე განხორციელებული ე.წ. რეიდებისგან. 2023 წლის მაისისა და მიმდინარე წლის მარტისგან განსხვავებით მიმდინარე იერიშში არ მონაწილეობენ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ კონტროლირებადი რუსული მოხალისეობრივი დანაყოფები.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები შევიდნენ. ამჯერად განსხვავებულია მათი შეიარაღებაც: წინა რეიდების დროს უკრაინის მხარეს მებრძოლი დანაყოფები ძირითადად მსუბუქი ავტომატებითა და მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკით იყვნენ აღჭურვილნი, ამჯერად საუბარია მექანიზებულ და კარგად აღჭურვილი მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებს.
წინა შემთხვევებისგან განსხვავებულია გარღვევის სიღრმეც - წინა რეიდების დროს უკრაინელთა მიერ დაკავებული ტერიტორიების მოცულობა არ სცდებოდა რამდენიმე სოფელს და საზღვრიდან მაქსიმუმ 1-2 კილომეტრის ზონაში მიმდინარეობდა.
უკრაინის მიერ წამოწყებული იერიშის ამოცანად რამდენიმე გარემოებას ასახელებენ - სუჯა ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი რუსული დანაყოფების მომარაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური კვანძია. ამავე ქალაქზე გადის ბელგოროდთან დამაკავშირებელი სარკინიგზო კვანძი, რომლის მეშვეობითაც თავის მხრივ კრიტიკული მნიშვნელობისაა ხარკივის ოლქში შეჭრილი საოკუპაციო დანაყოფების მომარაგებისთვის.
იერიშის შესაძლო ამოცანებს შორის სახელდება რუსეთის რესურსების გაბნევა ფრონტის პრიორიტეტული მონაკვეთებიდან, უკრაინული არმიის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, თუმცა დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების უმრავლესობა იერიშს კრიტიკულად აფასებს.
"ეს ჰგავს ადამიანური და საბრძოლო რესურსების უხეშ ფლანგვას, რომელის ასე დეფიციტურია ფრონტის არაერთ მონაკვეთზე"- წერს ფინელი ანალიტიკოსი პასი პაროინენი.
უკრაინელთა იერიშის პერსპექტივებს სკეპტიკურად აფასებს სტრატეგიული კვლევების საერთაშირისო ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლიც - "გასული წლების მსხვილ რეიდებს რუსეთის ტერიტორიაზე არ ჰქონია მნიშვნელოვანი ეფექტი ომის მიმდინარეობაზე და არ ჰქონია სერიოზული უარყოფითი შიდა ეფექტი ვლადიმირ პუტინისთვის. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთმა გააძლიერა საზღვართან დისლოცირებული დანაყოფები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე ოპერაციამ რუსეთი აიძულოს ფრონტის ხაზზე მოქმედი დანაყოფების დასუსტება."
რობ ლი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ როგორც წესი იერიშში არმიის დანაკარგები უფრო მაღალია, ვიდრე თავდაცვაში და ამ ოპერაციის ფარგლებში განცდილმა დანაკარგებმა შესაძლოა გაურთულოს უკრაინას რუსეთის მომდევნო შეტევების მოგიერება.
"პოკროვსკში ვითარება კრიტიკულია, რამდენიმე მონაკვეთზე ჩვენი დაცვა ჩამოიშალა და ჯერჯერობით ფრონტის სტაბილიზაციას ვერ ვახერხებთ. ამის მთავარი მიზეზი ცოცხალი ძალის დეფიციტია. ამ დროს თითქმის 1 სამხედრო ბრიგადის მოცულობის რესურსის მიმართვა კურსკის მიმართულებით იერიშზე, რომელსაც არ გააჩნია სტრატეგიული დანიშნულება მენტალური უუნარობის ზღვარზეა",- წერს უკრაინის არმიის რეზერვის ოფიცერი და ანალიტიკური პორტალ Frontell Intelligence-ის დამფუძნებელი, ფსევდონომით Tatarigami.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის არმიას ჰყავს საკმარისი რეზერვები ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქში და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათ დასჭირდებათ დონბასიდან რეზერვების გადასროლა კურსკში იერიშის მოსაგერიებლად.
კურსკში მიმდინარე იერიშის კრიტიკულად აფასებს უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი იური ბუტუსოვიც - "მე არ ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ თუ ჩვენ სადმე შეტევა წამოვიწყეთ ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა მიიღო საჭირო ზომები ჩვენი დაცვის გასაძლიერებლად ფრონტის არაერთ მონაკვეთზე. მირნოგრადი, ჩასოვ იარი, ტორეცკი, ნიუ-იორკი ეს ყველა მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც ამ დროისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. იმიტომ რომ ამის გარეშე არსებობის ჩვენი რესურსების გაფლანგვის მაღალი რისკი."
მსგავს აზრზეა ფინური ანალიტიკური პლატფრომის BlackByrd Group-ის დამფუძნებელი, ჯონ ჰელინიც. ანალიტიკოსის თქმით, სავარაუდოა, რომ რუსებს გამოეპარათ უკრაინული ძალების კონცენტრირება ამ დროისთვის ჯერ კიდევ ფორს-მაჟორის რეჟიმში მოქმედებენ, რაც უკრაინას შედარებით უპირატესობას და დროს აძლევს.
ჰელინის თქმით, ამ დროისთვის უკრაინის სადაზვერვო დანაყოფები ძირითად დამრტყმელ ჯგუფებზე საგრძნობლად წინ მოძრაობენ და აქედან გამომდინარე რუკაზე უკრაინელთა წინსვლა შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ანალიტიკოსის თქმით, ტერიტორიაზე ჰოფნა არ ნიშნავს კონსოლიდირებულ კონტროლს.
ჰელინის თქმით, უკრაინამ ფრონტის ამ მონაკვეთზე დაახლოებით 2-4 სამხედრო ბრიგადის ტოლფასი რესურსები გადაისროლა - "ეს ბრიგადები ძალიან გამოსადეგი იქნებოდა აღმოსავლეთში. ვითარებისთვის დაბალანსებისთვის უკრიანელებმა უნდა აიძულონ რუსეთი ორჯერ ამ სამჯერ უფრო დიდი დაჯგუფების გადასროლა დონეცკის ოლქიდან სხვა მიმართულებით. ეს ნაკლებად სავარაუდოა."
ჰელინის თქმით, რთული გამოსაცნობია თუ როგორ აპირებს უკრაინული არმია კურსკში დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, თუ კი ამის გაკეთება აღმოსაველთშიც უჭირთ, სადაც მათთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი პირობები იყო.
ანალიტიკოსის თქმით, ნათელია ამ ოპერაციის მოკლევადიანი მედია ეფექტი უკრაინისთვის - "მაგრამ თუ კი უკრაინა შეეცდება ამ მოკლევადიანი ბენეფიტების შენარჩუნებას მიწაზე, ძალიან მალე ამას შესაძლოა მოჰყვეს გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტი. იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული საოპერაციო მიზნები და ასევე, რომ ეს მიზნები მიღწევადია როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ამ დროის მდგომარეობით მიმაჩნია, რომ უკრაინა ძალიან სარისკო პარტიას თამაშობს, ძალიან ცუდი კარტებით."
უკრაინის მიერ წამოწყებული იერიშის სტრატეგიულ მიზნებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს Carnegie-ის ფონდის რუსეთის ცენტრის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კოფმანიც.
"გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინელთა იერიში რუსებისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე რთული სათქმელია რა არის ოპერაციის მიზანი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა რეზერვებს ფლობს უკრაინა ამ იერიშის გასაძლიერებლად და რამდენად სწრაფად შეძლებს ორგანიზებას რუსეთი. მიმდინარე ტერიტორიული რუკები მანიპულაციურია, რადგანაც იერიშის პირველი დღეები ყოველთვის უფრო დინამიურია."