21:12 | 21 აგვისტო, 2026 — რუსეთი
35 წლის ავეჯის დიზაინერი ხარკივიდან უკრაინული სარაკეტო რევოლუციის სათავეში
ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინამ რუსეთთან ომში მნიშვნელოვან გარდატეხას მიაღწია და აგრესორ ქვეყანაში საზღვრიდან ასობით და ხშირად ათასობით კილომეტრი დაშორებულ ობიექტებს უკრაინული შეიარაღებით ბომბავს. ამ ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინული თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული იარაღით განხორციელდა.
ამ კომპანიის წარმოუდგენელი წარმატების ერთ-ერთი ავტორი კი მისი აღმასრულებელი დირექტორი, 35 წლის ირინა ტერეხია. ის აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული შორი მანძილის იერიშების 60%-ზე მეტში სწორედ მათი დრონები და რაკეტები მონაწილეობდნენ. უკრაინის თავდაცვის ძალები Fire Point-ის შეიარაღების გამოყენებით ყოველდღიურად საშუალოდ 5-დან 15-მდე ობიექტს ბომბავს რუსეთის სიღრმეში.
სამიზნეებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო საწყობები და მართვის პუნქტები. Fire Point-ის FP-1 სერიის შორი რადიუსის დრონების მასშტაბურმა გამოყენებამ რუსეთის ნავთობგადამუშავების სიმძლავრეები დაახლოებით 20%-ით შეამცირა, რამაც ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და ბენზინგასამართ სადგურებზე ხანგრძლივი რიგები გამოიწვია.
FP-1 დრონების გარდა, უკრაინულმა ძალებმა აქტიურად დაიწყეს ფრთოსანი რაკეტა FP-5 „ფლამინგოს“ გამოყენება. რაკეტის პირველი საბრძოლო დებიუტი 2025 წლის აგვისტოში შედგა, როდესაც ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) საგუშაგოს დაარტყეს. ამ რაკეტამ უკრაინას მისცა შესაძლებლობა, მტრის ყველაზე დაცული ობიექტები შორ მანძილზე დაებომბა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა იერიში ჩებოქსარიში მდებარე რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპონენტების ქარხანაზე, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან ათას კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. რთული და მანევრირებადი მარშრუტის გამო, „ფლამინგოს“ ფაქტობრივმა ფრენის მანძილმა დაახლოებით 1,800 კილომეტრი შეადგინა.
34 წლის ირინა ტერეხი ავეჯის დიზაინერი იყო, ახლა კი უკრაინის უდიდესი კერძო თავდაცვის კომპანიის, Fire Point-ის აღმასრულებელი დირექტორია. ფოტო: Fire Point
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურად აღნიშნა Fire Point-ის იარაღის ეფექტიანობა ომსკში მდებარე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ, რამაც დაამტკიცა, რომ უკრაინას ციმბირამდეც კი შეუძლია მიღწევა.
უკრაინაში სარაკეტო ტექნოლოგიების ასეთ სწრაფ განვითარებას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. საბჭოთა კავშირის დროს დნიპროში მდებარე „პივდენმაშის“ ქარხანა და კონსტრუქტორული ბიურო „პივდენნოე“ სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის ლოკომიტივი იყო. ამ ქარხანას 1986-1992 წლებში უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა ხელმძღვანელობდა.
სწორედ აქ იქმნებოდა საბჭოთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის ატომური „საატანა“ (R-36M), კოსმოსური რაკეტები და თანამედროვე საბრძოლო სისტემები, რამაც უკრაინას უდიდესი საინჟინრო გამოცდილება და ტრადიცია დაუტოვა.
სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში გამეფებული კორუცფციის, ასევე ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართ ნაკლები ინტერესისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, ათწლეულების განმავლობაში ამ ქარხნის პოტენციალი და ზოგადად, სამხედრო წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა.
თუმცა, ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ ამის აუცილებლობა გააჩნია. უკრაინაში კი ამ ტიპის შეიარაღების წარმოების როგორც ინტელექტუალური, ასევე ინდუსტრიული ბაზა ბოლომდე ნამდვილად არ განადგურებულა და ბოლო რამდენიმე წელია ისინი ახალ სიმაღლეებს იპყრობენ.
ფრთოსანი რაკეტა "ფლამინგოს" გაშვება. ფოტო: Fire Point
„გარაჟის ინჟინერია“
ამ კომპანიის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი 35 წლის ირინა ტერეხი პროფესიით არქიტექტორი ხარკივიდან. არქიტექტურული განათლების მიღების შემდეგ, ის ფლობდა და მართავდა კომპანიას, რომელიც გარე ავეჯსა და არქიტექტურულ ბეტონს აწარმოებდა. თუმცა, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მისი ცხოვრება და კარიერა რადიკალურად შეცვალა, როდესაც მიხვდა, რომ მოვლენების პასიური მაყურებელი ვერ იქნებოდა.
ომის დაწყების შემდეგ, ირინას ახლო მეგობარმა და კომპანიის დამფუძნებელმა, დენის შტილერმანმა, ის დაარწმუნა ჩართულიყო თავდაცვითი ტექნოლოგიების სტარტაპ Fire Point-ის შექმნაში. 2023 წლის დასაწყისში, სულ რაღაც 18-კაციან გუნდთან ერთად, მათ პირველი დრონის პროტოტიპი დროებით მოწყობილ გარაჟში შექმნეს. თანამშრომლები დამქანცველი გრაფიკით მუშაობდნენ და დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათი ეძინათ.
კრიტიკოსები ამ საქმიანობას თავიდან არასერიოზულად უყურებდნენ, დასცინოდნენ და მას “გარაჟის ინჟინერიას” უწოდებდნენ. ტერეხი ამან ვერ შეაშინა, ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ასეთ სამამულო ომში გადარჩენის ერთადერთი შანსი მოქალაქეების თვითინიციატივა და რეალობასთან სწრაფი ადაპტაციაა, შესაბამისად, იარაღი უნდა იყოს მარტივი, საიმედო და იაფი, რათა მისი დიდი რაოდენობით წარმოება უმოკლეს ვადებში გახდეს შესაძლებელი.
„გარაჟის ინჟინერიის“ კონცეფციამ გაამართლა - 2022 წელს სტარტაპმა სულ 200 დრონი აწარმოა (რასაც მაშინ ტერეხი „უზარმაზარ მიღწევას“ უწოდებდა), დღეს Fire Point-ის მასშტაბები გრანდიოზულია: კომპანია ფლობს 83 საწარმოს მთელ უკრაინაში და ქარხანის აშენებას დანიაშიც გეგმავს, დასაქმებული ყავს 7 ათასზე მეტი თანამშრომელი, ყოველთვიურად ათასობით დრონს და დაახლოებით 100 ერთეულ „ფლამინგოს“ ფრთოსან რაკეტას აწყობს, ხოლო წლის ბოლომდე 100,000 დრონის წარმოებას აპირებს.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ერთ დროში სრულიად ბარბაროსულ, იმპერიალისტურ მეზობელთან და ყველაფერს უნდა ველოდოთ. სრულმასშტაბიან შემოჭრამდე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ სიტუაციის დეესკალაციას და დიპლომატიურ გამოსავალს ვიპოვიდით, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია. უკრაინამ მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ სამხედრო ძალა დიპლომატიის აუცილებელი წინაპირობაა,” - ხაზს უსვამს ტერეხი.
არქიტექტორობიდან ჯერ წარმოების დირექტორად, შემდეგ მთავარ ტექნოლოგიურ ოფიცრად და ბოლოს Fire Point-ის გენერალურ დირექტორად (CEO) დანიშნული ტერეხი დღეს ღიად აკრიტიკებს ევროპულ ბიუროკრატიას. მისი თქმით, ევროპული რეგულაციები ყველაფერს ართულებს:
„რასაც არ უნდა მიაღწიოს Fire Point-მა თუ სხვა უკრაინულმა მწარმოებლებმა, ეს ვერასდროს გახდებოდა შესაძლებელი ევროპის არცერთ ქვეყანაში - უბრალოდ ბიუროკრატიის გამო. დაახლოებით იგივე ხალხი, ფინანსური რესურსი და ქარხნები რომ აიღოთ, ევროპაში უბრალოდ ვერ იმუშავებენ რეგულაციების მარყუჟის გამო. რუსებს დრონებითა და რაკეტებით ეომები, მაგრამ როგორ ებრძოლო ბიუროკრატიას, როცა ელემენტარულ დოკუმენტს ვერ იღებ?!“
Fire Point-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირინა ტერეხი. ფოტო: ანასტასია ვლასოვა/The GuardianFire Point-ის სწრაფ ზრდას თან ახლდა სკანდალებიც. 2025 წლის აგვისტოში უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო გამოძიება კომპანიის მიერ კომპონენტების ფასების შესაძლო ხელოვნურ გაზრდასთან დაკავშირებით. ასევე მოწმდებოდა კავშირები სკანდალურ ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან, თუმცა კომპანიამ ბრალდებები უარყო, ხოლო ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვიანებით განმარტა, რომ „ფლამინგოს“ პროექტზე გამოძიება არ მიმდინარეობდა.
„ომისშემდგომ ეკონომიკაში უკრაინა უნდა გახდეს მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტის ექსპორტიორი. ჩვენ არ გვინდა, რომ კვლავ უბრალოდ მსოფლიოს ბეღელი ვიყოთ,“ - აღნიშნა ტერეხმა The Guardian-თან საუბრისას.
რუსეთთან ომის შემდეგ, უკრაინას ნახევარ მილიონზე მეტი სამხედროსგან შემდგარ ჯართან ერთად, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ინდუსტრია ექნება, რომელიც ომისშემდგომ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.
„ფლამინგო“ - გარღვევა რუსეთთან ომში
კომპანია Fire Point-ის ყველაზე ცნობილი და ეფექტური პროდუქტი ფრთოსანი რაკეტა FP-5 „ფლამინგოა“, რომელიც უკრაინული სამხედრო მრეწველობის ნამდვილ ტექნოლოგიურ და სტრატეგიულ გარღვევად მიიჩნევა. ეს არის ხმელეთიდან გასაშვები ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც 3,000 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია ფრენა. მისი კორპუსი დამზადებულია რადიო-გამჭვირვალე მინისბოჭკოსგან, რაც ისეთ ტექნოლოგიურ მიდგომას წარმოადგენს, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ ბალისტიკურ რაკეტებში გამოიყენება და მას მტრის რადიოლოკაციური სისტემებისთვის ძნელად შესამჩნევს ხდის.
„ფლამინგოს“ მთავარი უპირატესობა 1,150 კგ წონის საბრძოლო ქობინია, რომელიც 1 ტონაზე მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს. ეს სიმძლავრე საკმარისია ბეტონის სქელი კედლებისა და ღრმად გამაგრებული ბუნკერების გასანგრევად, რაც უკრაინას აძლევს შორი მანძილის ავტონომიურ შესაძლებლობას, გაანადგუროს მტრის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები.
აღსანიშნავია „ფლამინგო“ ამერიკულ „ტომაჰავკზე“ თითქმის 6-ჯერ იაფია, ხოლო საბრძოლო ნაწილის მასით საგრძნობლად აღემატება მას. კომპანიამ 2025 წლის შუა პერიოდში თვეში 30 ერთეულის წარმოებით დაიწყო და მიზნად ისახავს თვეში 210 რაკეტის გამოშვებას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს ხანგრძლივი და სისტემატური დარტყმების კამპანია დაიწყოს რუსეთის სიღრმეში.
— Fire Point (@FirePointUA) August 15, 2026
„ფლამინგოს“ გამოყენება პირველად საჯაროდ ოკუპირებულ არმიანსკში (ყირიმი), ფსბ-ს სასაზღვრო პოსტზე დარტყმისას დაფიქსირდა, თუმცა რაკეტა სამიზნეს აცდა. მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორიოლის თბოელექტროსადგურზეც სცადეს თავდასხმა, სადაც რაკეტები, სავარაუდოდ, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო.
Fire Point-ის მიერ შექმნილი რაკტების პირველი დადასტურებული მოხვედრა კოტლუბანთან მდებარე რუსეთის მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს არსენალზე თავდასხმისას დაფიქსირდა, სადაც FP-5-მა 1 200 კვ.მ ფართობის ბუნკერი გაანადგურა. მოგვიანებით, კაპუსტინ იარის პოლიგონზე („ორეშნიკის“ გაშვების ადგილი) განხორციელებული იერიშისას რაკეტა სამიზნეს აცდა და პერიმეტრის ღობესთან ჩამოვარდა.
საუკეთესო შედეგი „ფლამინგომ“ ვოტკინსკის ქარხანაზე დარტყმისას აჩვენა, რომელიც საზღვრიდან 1 300 კმ-ზე მეტითაა დაშორებული და ბალისტიკურ რაკეტებსა თუ „ისკანდერის“ ძრავებს აწარმოებს. სამიდან ერთ-ერთი რაკეტა N19 შენობის N22 საამქროს მოხვდა, რამაც CyberBoroshno-ს ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა კრიტიკული გავლენა იქონიოს წარმოების ციკლზე.
„ფლამინგოს“ რაკეტის სიზუსტის პრობლემებს თავად კომპანიაშიც აღიარებენ.
„„ფლამინგოს“ სიზუსტის პრობლემები დიდწილად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რაკეტა ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს“, - განაცხადა მთავარმა კონსტრუქტორმა დენის შტილერმანმა უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრო გორდონთან ინტერვიუში.
„ფლამინგოს“ ფრთოსანი რაკეტის საიდუმლო საწარმო. ფოტო: AP Photo/ეფრემ ლუკატსკი
უკრაინული ბალისტიკური რაკეტა
თუმცა, ამ ომში გარდატეხა შესაძლოა უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტის შექმნამ შეიტანოს. უკრაინაში Patriot-ის რაკეტების მწვავე დეფიციტის ფონზე, სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა მზარდია და რუსეთის მსგავსად, უკრაინას ჯერ არ გააჩნია საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტები, რომელთა ჩამოგდებაც რუსეთისთვის ისეთივე რთული იქნება, როგორიც დღეს უკრაინისთვისაა.
გარდა ამისა, 2026 წლის გაზაფხილზე აშშ-ისრაელთან ომისას ირანული ბალისტიკური რაკეტების ეფექტურობამ და მათი ჩამოგდების როგორც სირთულემ, ასევე სიძვირემ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ამ ტიპის შეიარაღების მასობრივი წარმოებას შეუძლია ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგესთანაც კი მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგანიჭოს. სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ბალისტიკური რაკტების წარმოების სწრაფად დაწყება.
16 აგვისტოს, უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა CBS News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა 3-დან 6 თვემდე ვადაში შეძლებს რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენებას ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტებით. აქამდე კიევი ძირითადად იაფფასიან დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს ეყრდნობოდა, რომლებიც უფრო ნელია და მარტივია მისი ჩამოგდება, თუმცა, ივნისში კომპანია Fire Point-ის მიერ გამოცდილი ბალისტიკური რაკეტა ქვეყანას საპასუხო იერიშების ახალ შესაძლებლობას მისცემს.
ფედოროვის თქმით, უკრაინა წლის ბოლომდე აუცილებლად გაუშვებს ბალისტიკურ რაკეტას რუსეთის მიმართულებით.
Fire Point-ის თანამფლობელი დენის შტილერმანი (მარჯვნივ), მთავარი ტექნოლოგიების დირექტორი ირინა ტერეხი (შუაში) და თანამფლობელი იეჰორ სკალიხა (მარცხნივ)
ამ პროცესში ჩართულია კომპანია Fire Point-იც, რომელიც აქტიურად ამზადებს პირველი გამოცდებისთვის ახალ ბალისტიკურ რაკეტას, FP-9-ს.
FP-9 არის 850 კილომეტრის რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა, რომელიც სპეციალურად დაპროექტდა, რათა მოსკოვამდე მიღწევა შეძლოს.
ირინა ტერეხის განცხადებით, რაკეტის ნავიგაციური სისტემა და ძირითადი კომპონენტები უკვე სრულიად მზადაა, ხოლო ამჟამად მყარი საწვავის ძრავების ჩამოსხმა (თითოეული ძრავი შეიცავს 4.6 ტონა მყარ საწვავს) მიმდინარეობს. პირველი საცდელი გაშვება 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
კომპანიის თანადამფუძნებელმა, დენის შტილერმანმა უკრაინელ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სისტემის გამართულობის დადასტურებისთანავე, მომდევნო გამოცდები პირდაპირ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით მოხდება.
„ზაფხულში, მაქსიმუმ ადრეულ შემოდგომაზე, ჩვენ დავიწყებთ უკრაინული ბალისტიკური რაკეტის საცდელ ფრენებს მოსკოვის მიმართულებით... დამზადდება 10-20 რაკეტა და გავუშვებთ, უკრაინას შეუძლია დაარტყას სიმბოლურ სამიზნეებს რუსეთის დედაქალაქში“, - აღნიშნა შტილერმანმა.
ამასთანავე, უკრაინულ მედიასა და სამხედრო ექსპერტებში უკვე აქტიურად განიხილება ბალისტიკური იარაღის რეალური გამოყენება. ფონდ „დაბრუნდი ცოცხალის“ ხელმძღვანელმა, ტარას ჩმუტმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკვე გამოიყენეს ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტა 800-900 კილომეტრის რადიუსით. ჩმუტის თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ტესტირება, არამედ რეალური საბრძოლო გამოყენება, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რუსეთის ტერიტორია დაიბომბა თუ ოკუპირებული ზონა.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა და Fire Point-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს FP-7.X-ის რაკეტის წარმატებული ტესტირება. ეს არის 200 კმ რადიუსის მქონე ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა (დაფუძნებული S-400-ის 48N6 რაკეტაზე), რომლის ბაზაზეც იქმნება ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Freyja. ეს პროექტი ითვალისწინებს ამერიკული Patriot-ის იაფფასიანი უკრაინული ანალოგის შექმნას 10 ევროპული ქვეყნის კოალიციასთან ერთად, რომლის პირველი გამოცდები 2027 წლისთვის იგეგმება.
