ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყოველწლიური მიმართვის ფარგლებში ევროკავშირის მთავარ გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ევროპელ კანონმდებლებთან ერთად, სტრასბურგში კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნიც იმყოფებოდა, რამაც, ზოგიერთი შეფასებით, ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლას დამატებითი მნიშვნელობა შესძინა, კრიტიკოსების აზრით კი - „გადაარჩინა“.
რას გულისხმობს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა?
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე მეექვსე ყოველწლიური მიმართვა წარმოთქვა.
- State of the Union-ის ფორმატი ევროკომისიის პრეზიდენტისთვის წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური გამოსვლაა: ის არა მხოლოდ გასული წლის საქმიანობას აჯამებს, არამედ მომდევნო პერიოდის პოლიტიკურ პრიორიტეტებსაც აყალიბებს.
- წლევანდელი გამოსვლის მთავარი კონტექსტი ევროპისთვის განსაკუთრებით მძიმეა: უკრაინის ომი, უსაფრთხოების მზარდი რისკები, სავაჭრო დაპირისპირებები, ენერგეტიკული და კლიმატური გამოწვევები, სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტი და ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური პოლარიზაცია.
- ფონ დერ ლაიენის მთავარი გზავნილი ამ ყველაფრის ფონზე იყო, რომ ევროპას საკუთარი უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება სჭირდება.
- ევროკომისიის პრეზიდენტის წლევანდელი გამოსვლა განსხვავებული იყო იმით, რომ დამსწრეებს შორის კანადის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, რაც სამოამვლო გეგმების კონტექსტში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მზადაა, რომ კანადა ასოცირებული წევრი გახდეს
მთავარი ამბავი: კანადა შეიძლება ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრი“ გახდეს
- დავიწყოთ ყველაზე მოულოდნელი ნაწილით: ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, კანადასთან ურთიერთობის ახალი ფორმატის შექმნის გზა გახსნას, საუბარია ე.წ. ასოცირებული წევრობისკენ უფრო ღრმა ინტეგრაციის პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე, გასული დღეების განმავლობაში, კანადის პრემიერიც საუბრობდა. ორივე მხარე ამბობს, რომ საქმე არ ეხება კანადის წევრ ქვეყნად მიღებას, თუმცა ეს ზღუდავს უფრო მჭიდრო და ინსტიტუციურად გამართული პარტნიორობის შესაძებლობებს.
- მარკ კარნისთვის ევროპასთან დაახლოება განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც კანადა ცდილობს შეამციროს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე, ხოლო ევროკავშირი საკუთარ თავზე უფრო დიდი გეოპოლიტიკური როლის აღებას ცდილობს. კანადა უკვე შეუერთდა ევროკავშირის €150-მილიარდიან თავდაცვის პროგრამას SAFE და გახდა მისი პირველი არაევროპელი მონაწილე.
- ფონ დერ ლაიენის გზავნილი უფრო ფართოა: ევროკავშირი ეძებს ისეთ პარტნიორებს, რომლებთანაც შეუძლია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობა იმ სამყაროში, სადაც ძველი ალიანსები უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება.
სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: €12 მილიარდიანი ინვესტიცია
შუა დერეფნისთვის
- კავკასიის რეგიონისთვის და უშუალოდ საქართველოსთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავიშირებადობის საკითხს ეხებოდა.
- ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვას შუა დერეფნის განვითარებისთვის.
- მარშრუტი ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზართან აკავშირებს კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და უკრაინის ომის შემდეგ, რადგან ევროპული და აზიური ტვირთებისთვის რუსეთის გავლით არსებული ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივა გახდა.
- ფონ დერ ლაიენის თქმით, სატრანზიტო გზების დივერსიფიცირება ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ხოლო ამ კონტექსტში, 2030 წლამდე შუა დერეფნის განვითარება მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს.
- ევროკავშირის ინტერესი მხოლოდ რკინიგზისა და გზების მშენებლობითაც არ შემოიფარგლება. დაკავშირებადობის დღის წესრიგში შედის პორტები, საბაჟო პროცედურები, ციფრული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეულის მიწოდების ჯაჭვები.
ეს იქნება ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან, სწორედ ამას ვუწოდებთ შუა დერეფანს" - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპა საკუთარ უსაფრთხოებას თავიდან აწყობს
- მიმართვის ცენტრალური თემა უსაფრთხოება იყო. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას სჭირდება უფრო ძლიერი მექანზმები, რათა თავი დაიცვას დრონებისგან, საბოტაჟის მცდელობებისგან, კიბერთავდასხმებისგან და ჰიბრიდული ომის სხვა ინსტრუმენტებისგან.
- მისი წინადადებები მოიცავს ევროპული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის იდეას, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ისეთი პარტნიორები შეიძლება ჩაერთონ, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, ნორვეგია და უკრაინა.
- მან ასევე ისაუბრა ერთგვარ ევროპულ „counter-hybrid playbook“-ზე: საერთო წესებსა და მექანიზმზე, რომლითაც წევრი ქვეყნები ჰიბრიდულ საფრთხეებზე უფრო სწრაფად მოახდენენ რეაგირებას.
- ეს გზავნილები მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის მცდელობას ჰგავს, ვიდრე მხოლოდ ნატო-ზე დამოკიდებულებაა, რაც განსაკუთრებით არასტაბილური გახდა დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ.
- უკრაინის ომი კვლავ გამოსვლის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო: ფონ დერ ლაიენის გზავნილი იყო, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებისგან განცალკევებული არ არის და ევროკავშირი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს.
- ამ თემას იგი ევროპის უფრო ფართო „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეას უკავშირებს: ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი თავდაცვის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და კრიტიკული მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება ისე, რომ გარე პარტნიორებზე კრიტიკული დამოკიდებულებები შეამციროს.
ხელოვნური ინტელექტი: „ევროპა წესებს თავად დაწერს“
- ხელოვნური ინტელექტის საკითხშიც ფონ დერ ლაიენის გზავნილი ძირითადად ერთ რამეს ეხებოდა: ტექნოლოგიური განვითარების პროცესში ევროპამ საკუთარი წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა უნდა შეძლოს.
- კომისია გეგმავს AI-ის წამყვან ლაბორატორიებთან მუშაობას უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის მოდელების შეფასებისა და რისკების მართვის საკითხებზე.
- ეს ევროკავშირის უფრო ფართო მიდგომას ერგება: ევროპა ცდილობს ერთდროულად განავითაროს AI და შეინარჩუნოს რეგულირების შესაძლებლობა.
- ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპა მხოლოდ რეგულირების საკითხებით არ უნდა შემოიფარგლოს და აქტიურად ეცადოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას.
გაფართოება: უფრო დიდი ევროპა, საქართველოს ხსენების გარეშე
- ევროკავშირის გაფართოება ფონ დერ ლაიენის წლევანდელი მიმართვის მთავარი თემა არ ყოფილა, თუმცა ის ევროკავშირის უსაფრთხოების უფრო ფართო ხედვაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
- ევროკავშირი გაფართოებას სულ უფრო მეტად განიხილავს არა მხოლოდ ეკონომიკურ ან ინსტიტუციურ პროცესად, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად.
მისი თქმით, ევროკომისია ყველაზე წინ წასული კანდიდატი ქვეყნებისთვის ე.წ გზამკვლევს — გაწევრიანების გზის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს წარადგენს. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები მიიღებენ ამ დოკუმენტებს ან რა ვადებს განსაზღვრავს თითოეული მათგანისთვის. თუმცა პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ გაფართოება კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება და ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობა „არ იქნება მოლაპარაკების საგანი“.
- უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველო არც ამ კონტექსტში უხსენებია, რაც ბოლო წლების დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ალბათ უცნაური არავისთვის აღარ არის.
The enlargement process will continue to be based on merit.
— EU Enlargement & Eastern Neighbourhood 🇪🇺 (@eu_enlargement_) September 16, 2026
President @vonderleyen announced that we will soon be proposing roadmaps for the candidates that have made most progress. pic.twitter.com/MZoJa3pz5a
ბავშვები და სოციალური მედია: ახალი „Kids Act“
გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე ადამიანურად გასაგები ნაწილი ბავშვებისა და სოციალური მედიის საკითხი იყო.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ე.წ Kids Act-ს წარადგენს.
მისი გეგმის მიხედვით:
- 13 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება შეეზღუდებათ;
- 15 წლამდე მოზარდებს დამოუკიდებელი პერსონალური ანგარიშების შექმნა არ შეეძლებათ;
- 13-დან 15 წლამდე ასაკში შესაძლებელი იქნება მშობლის მიერ კონტროლირებული შეზღუდული ანგარიშები;
- პლატფორმებს დაეკისრებათ უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტები.
ფონ დერ ლაიენმა განსაკუთრებით გააკრიტიკა პლატფორმების ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლის ყურადღების მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნებას ცდილობს. საუბარია უსასრულო სქროლვაზე, შეტყობინებებსა და ალგორითმული რეკომენდაციებზე.
სხვა საკითხები
- ზემოთ ჩამოთვლილი თემების გარდა, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციას შეეხო.
- ერთ-ერთი კონკრეტული იდეაა ევროპული ხანძარსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერება და საერთო ევროპული სახანძრო ფლოტის შექმნა. ეს ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკაში გარკვეულ აქცენტის ცვლილებასაც აჩვენებს: საუბარი აღარ არის მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეამცირებს ევროპა ემისიებს, არამედ იმაზეც, როგორ გაუმკლავდება უკვე არსებულ შედეგებს.
- ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა კიდევ ერთი საკითხი იყო. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, რომ აამოქმედოს ყველა ეკონომიკური ბერკეტი, რაც ევროპული ინტერების დასაცავად მიზანშეწონილი იქნება. დღევანდელი მონაცემებით, ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან დღეში 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
- წლევანდელი State of the Union-ის გამოსვლა ძირითადად ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს შეეხებოდა. შარშანდელი მიმართვისგან განსხვავებით, ამ გამოსვლამ დამატებითი ყურადღება კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის, სტრასბურგში სტუმრობითაც მიიქცია.
- ფონ დერ ლაიენის გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ევროკომისიის განვლილი მუშაობა შეაფასეს და მის სამომავლო პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრეს.
