11 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი პარტია "იაბლოკოს" სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ.
17 აგვისტოს "იაბლოკომ" აპელაცია შეიტანა, რომელიც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა.
მომავალ არჩევნებზე "იაბლოკო" უნდა ყოფილიყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარი საარჩევნო გზავნილიც ომის დასრულებაა.
რატომ არ დაუშვეს “იაბლოკო” არჩევნებზე?
"იაბლოკოს" წინააღმდეგ სარჩელი ე.წ. მართულმა ოპოზიციურმა პარტია "როდინამ" შეიტანა.
"იაბლოკოს" დაბრალდა საავტორო უფლებების დარღვევა, უკანონო წინასაარჩევნო აგიტაცია და ექსტრემიზმის მხარდაჭერა.
"როდინამ" "იაბლოკოს" ანტიოსაომარი პოზიცია ექსტრემიზმისა და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ მოწოდებად განმარტა.
სასამართლოში მოსარჩლის წარმომადგენელმა ამ ბრალდების ლოგიკა ასე განმარტა: "რუსეთის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია ნეონაცისტური რეჟიმის მიერ. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოწოდებები წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შეწყვეტის ან მათ გათავისუფლებაზე უარის თქმისკენ მოწოდებას".
კიდევ უფრო აბსურდული აღმოჩნდა ბრალდებები საავტორო უფლებების დარღვევაში. მათში "როდინამ" შეიყვანა რამდენიმე საბჭოთა სიმღერის ფრაზების გამოყენება, ChatGPT-ის მიერ გენერირებული სურათების გამოქვეყნება და ჰიროსიმას ბირთვული დაბომბვის ფოტოს გამოყენება.
გარდა ამისა, "იაბლოკოს" ლოგოს უწოდეს პლაგიატი საბჭოთა მხატვრის, ელ ლისიცკის პლაკატიდან, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ შეიქმნა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პროკურატურამ მხარი დაუჭირეს "იაბლოკოს" არჩევნებიდან მოხსნას - საავტორო უფლებების დარღვევის გამო.
ცესკომ, გარდა ამისა, განაცხადა, რომ მიიღო ცნობები სახელმწიფო დუმის არჩევნებში "იაბლოკოს" ფედერალური სიის ზოგიერთი წევრის უცხოური დაფინანსების არსებობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სარჩელს მოსამართლე ვიაჩესლავ კირილოვი განიხილავდა. სწორედ მან გამოაცხადა გაზაფხულზე "ექსტრემისტულად" საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალი".
უზენაესმა სასამართლომ ექსტრემიზმის ბრალდებები არ მიიღო. თუმცა არა იმიტომ, რომ ისინი აბსურდულად მიიჩნია, არამედ იმიტომ, რომ საერთოდ არ განუხილავს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მათზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ცალკე წარმოების ფარგლებშია შესაძლებელი.
ყველა დანარჩენ პუნქტში სასამართლომ “იაბლოკო” დამნაშავედ ცნო.
რამდენად საშიშია კრემლისთვის "იაბლოკო"?
ბოლო გამოკითხვების შედეგების თანახმად, "იაბლოკოს" რეიტინგი რუსეთის მასშტაბით 5.5%-ს, ხოლო მოსკოვში 11%-ს შეადგენს.
არც ერთი კვლევა და მონაცემი არ მიუთითებს იმაზე, რომ "იაბლოკო" კრემლისთვის რეალურ საშიშროებას წარმოადგენს.
აკრძალვის მთავარი მიზეზი პარტიის ანტისაომარი პოზიციაა - კრემლს არ სურს, დღის წესრიგში ომის დასრულების საკითხი იდგეს და არჩევნები მის გარშემო ერთგვარ რეფერენდუმად იქცეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ანტისაომარ პოზიციას ჩანასახშივე ახშობს - ამის ნათელი მაგალითი ბორის ნადეჟდინის საქმეა.
ბორის ნადეჟდინის საქმე 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მოულოდნელი და რეზონანსული პოლიტიკური ეპიზოდი იყო. მან აჩვენა, თუ როგორ შეიძლება სისტემურ, ერთი შეხედვით უწყინარ ფიგურასაც კი კრემლისთვის სერიოზული დისკომფორტი შეექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ ანტისაომარი პოზიცია დააფიქსირა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნადეჟდინმა პარტია "სამოქალაქო ინიციატივისგან" საკუთარი კანდიდატურა დააყენა და მთავარ გზავნილად უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადა.
რეგისტრაციისთვის საჭირო ასი ათასი ხელმოწერის შეგროვების პროცესი მოულოდნელად მასშტაბურ სახალხო მოძრაობად იქცა. ემიგრაციაში მყოფმა თითქმის მთელმა რუსულმა ოპოზიციამ საკუთარ მხარდამჭერებს ნადეჟდინისთვის ხელმოწერისკენ მოუწოდა. შედეგად, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის ათობით რეგიონში, ძლიერი ყინვის მიუხედავად, ადამიანების უზარმაზარი ცოცხალი რიგები დადგა. ეს რიგები ქვეყნის შიგნით ომის საწინააღმდეგო განწყობების ერთადერთ ლეგალურ და თვალსაჩინო დემონსტრაციად გადაიქცა, სადაც მოქალაქეებმა საკუთარი თვალით დაინახეს, რომ ომის მოწინააღმდეგეები უმცირესობას არ წარმოადგენდნენ.
2024 წლის თებერვალში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაბარებულ ხელმოწერებში ფორმალური დარღვევები და თითქოსდა გარდაცვლილი ადამიანების მონაცემები "აღმოაჩინა", წუნის პროცენტი ხელოვნურად გაზარდა და ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლოც უცვლელად დატოვა.
მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ბორის ნადეჟდინი საფრანგეთში გაიქცა.
საერთოდ რატომ დაარეგისტრირეს "იაბლოკო"?
"იაბლოკოს" სიის რეგისტრაციაზე თავიდანვე უარის თქმა "დაუწერელი წესების დარღვევა" იქნებოდა, მიაჩნია კრემლის პოლიტიკურ ბლოკთან მომუშავე ერთ-ერთ პოლიტტექნოლოგს. მისი თქმით, პარტიას ხელმოწერების შეგროვებაზე შეღავათი აქვს, რეგისტრაციისთვის ხელჩასაჭიდი პროცედურული დარღვევები არ არსებობდა, უკვე დარეგისტრირებული კანდიდატების მოგვიანებით მოხსნა კი კრემლისთვის უფრო ლეგალური და აპრობირებული მეთოდია - თუნდაც საავტორო უფლებების დარღვევის ან ფინანსური ხარვეზების მომიზეზებით.
რამდენიმე დამოუკიდებელ მედიას მიაჩნია, რომ "იაბლოკოს" რეგისტრაცია პარტია "ნოვიე ლუდის" მეორე ადგილის წართმევასაც ისახავდა მიზნად. "ნოვიე ლუდი" კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო კურირებს. ძალოვნები, რომლებსაც კირიენკოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, დაინტერესებული იყვნენ "ნოვიე ლუდის" ხმების შემცირებით, რათა კირიენკოს დუმაში გავლენიანი ფრაქცია არ მიეღო.
პარალელურად, კირიენკოსადმი ლოიალური სხვა წყარო ამტკიცებს, რომ "იაბლოკოს" მონაწილეობით კრემლს რეალურად კომუნისტებისთვის ხმების წართმევა სურდა. საპროტესტო ამომრჩეველი, მათ შორის ომის მოწინააღმდეგე ქალაქის ინტელიგენცია, ხშირად ხელისუფლების ჯიბრზე აძლევს ხმას კომუნისტებს, თუნდაც მათ სტალინიზმსა და ომის მხარდაჭერას არ იზიარებდეს. მკაფიოდ ანტისაომარი “იაბლოკო” სწორედ ასეთ ოპოზიციურ ხმებს წაართმევდა კომუნისტებს.
ამასთან, კრემლთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, რომ “იაბლოკო” რეგისტრაციას ვლადიმირ პუტინის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებდა, რადგან ფედერალურ არჩევნებზე ბიულეტენის შემადგენლობას პირადად ის ამტკიცებს. პუტინს „ძველი პარტიების“ მიმართ კონსერვატიული მიდგომა აქვს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა ვეტერანებმა არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
როგორი იყო რეაქცია "იაბლოკოს" არჩევნებიდან მოხსნაზე?
როგორც 10, ისე 17 აგვისტოს, უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ასეული "იაბლოკოს" მხარდამჭერი შეიკრიბა. მსგავსი ოპოზიციური აქტივობა დღევანდელ რუსეთში არც თუ ისე უსაფრთხო წამოწყებაა.
პირველ დღეს პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, ხოლო ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა. მეორე დღეს სამართალდამცავებმა "იაბლოკოს" 80 მხარდამჭერი დააკავეს.
მსგავსი ოპოზიციური აქტივობა და სამართალდამცავების მობილიზაცია ბოლოს რუსეთში 2024 წლის 1 მარტს, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს იყო.
"იაბლოკოს" არჩევნებიდან ჩახსნას რუსული ოპოზიციის ლიდერებიც გამოეხმაურნენ.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი, მოკლე და აბსოლუტურად მკაფიო პროგრამა, ლოზუნგით "მშვიდობისა და თავისუფლებისთვის". სწორედ ამიტომ იწყებენ მის მხარდაჭერას განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების მქონე ადამიანები. ზუსტად ასეთი პროგრამის მქონე პარტიის არჩევნებიდან მოხსნა ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე - ეს პოლიტიკური სისტემის თვითმხილებაა. ეს გადაწყვეტილება ჩვენი პროგრამის მნიშვნელობაზე გაცილებით მეტს მეტყველებს, ვიდრე არჩევნების ნებისმიერი ოფიციალური შედეგი". - განაცხადა "იაბლოკოს" დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გრიგორი იავლინსკიმ.
"ჩვენ ვებრძვით პუტინსა და მის დანაშაულებრივ რეჟიმს ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა ინსტრუმენტით. "იაბლოკოსთვის" ხმის მიცემა შეიძლებოდა ასეთი ინსტრუმენტი გამხდარიყო. ახლა ის აღარ არის. მაგრამ განა ამით როგორმე შეიცვალა ჩვენი მოწინააღმდეგე, შეიცვალა ჩვენი მიზანი? არა. ესე იგი, ვიპოვით ახალ ინსტრუმენტს". - ამბობს ალექსეი ნავალნის ქვრივი, "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ლიდერი იულია ნავალნაია.
"პარტია "იაბლოკოს” მოხსნამ აჩვენა: ომისა და დიქტატურის მოწინააღმდეგე ძალიან ბევრია და კრემლი ამის დამალვას გაყალბებითაც კი ვერ შეძლებს. რა უნდა ვქნათ ახლა? მივცეთ ხმა, ყველაფრის მიუხედავად. ჩვენი ამოცანა ახლა "ედინაია როსიას" შედეგის მაქსიმალურად დაწევაა. "ედინოროსების" დაბალი შედეგი ჩვენი და თქვენი პროტესტის გამოხატულება გახდება". - განაცხადა პარტია "მირნაია რასიას" ლიდერმა ილია იაშინმა.
"ბორის ნემცოვი ხშირად ამბობდა, რომ ქვეყანაში, სადაც არ არის თავისუფალი არჩევნები და დამოუკიდებელი მედია საზოგადოებრივი განწყობების ობიექტურად განსაზღვრა მხოლოდ ხელისუფლების რეაქციით არის შესაძლებელი. კრემლის დღევანდელი გადაწყვეტილება, სახელმწიფო დუმის სექტემბრის "არჩევნებიდან" მოხსნას პარტია "იაბლოკო" - რუსული საზოგადოებრივი აზრის ყველაზე ზუსტი გაზომვაა, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება". - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა.
"იაბლოკოს" მოკლე ისტორია
"იაბლოკო" ერთ-ერთი ყველაზე ძველი რუსული პარტიაა, რომელიც 1993 წელს გრიგორი იავლინსკიმ, იური ბოლდირევმა და ვლადიმირ ლუკინმა დააფუძნეს. პარტიის სახელი დამფუძნებლების გვარების პირველი ასოების აბრევიატურაა.
1990-იან წლებში იაბლოკო სამჯერ გახდა დუმის წევრი. საუკეთესო შედეგი - 7.86% პარტიამ 1993 წელს აიღო. ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ, მზარდი ავტორიტარიზმისა და საარჩევნო ბარიერის აწევის ფონზე, "იაბლოკომ" ფედერალურ პარლამენტში შესვლა ვეღარ მოახერხა.
მიუხედავად ამისა, პარტია წლების განმავლობაში ინარჩუნებდა წარმომადგენლობას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოებში.
სხვადასხვა დროს "იაბლოკოს" წევრები იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალექსეი ნავალნი, სერგეი მიტროხინი და ილია იაშინი.
