დაეხმარე რეალპოლიტიკას

გრძლად საკითხავი

17:15 | 23 ოქტომბერი, 2026 — აშშ

იარაღი და სადაზვერვო მონაცემები, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის მხოლოდ აშშ-ს შეუძლია

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, 2025 წლის 28 თებერვალი

გასულ კვირებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინას შორის დაძაბულობის მორიგი ტალღის ფონზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა რამდენად დაუცველი შეიძლება აღმოჩნდეს კიევი იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი ყოველგვარ დახმარებას შეწყვეტს. 

რიტორიკული დაძაბულობის ფონზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული დიზელის შესყიდვის შეთანხმებას და სანქციების გაუქმებას მოჰყვა შეფერხდა Starlink-ის მუშაობა და სარაკეტო იერიშის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემა. ამ დრომდე დანამდვილებით უცნობია თუ რა მოხდა და ვინ გასცა შესაბამისი ბრძანება - Wall Street Journal-ის ცნობით, Starlink-ის მუშაობის სიჩქარის შეზღუდვა ელონ მასკის გადაწყვეტილება იყო. გუშინ გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპმა მასკს შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. მოგვიანებით ამერიკელმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ Starlink-ის სიჩქარე უკრაინაში ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. 

ჯამურად დღეს უკრაინა ბევრად უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული ამერიკულ დახმარებასა და შეიარაღებაზე ვიდრე სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, მაგრამ ჯერ კიდევ არის სფეროები, რომელშიც კიევის დახმარება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. 

Starlink

Starlink-ი და მისი სამხედრო ვერსია, Starshield-ი, უნიკალურია თანამგზავრული დაფარვით, სიგნალის სიმძლავრითა და გადაცემის შესაძლებლობებით. კანადა და ევროპის ქვეყნები ქმნიან სისტემებს, რომლებსაც გარკვეულწილად ექნება Starlink-ის მასშტაბი და შესაძლებლობები, თუმცა, ამ პროცესში ჩახედულ პირთა განცხადებით, ეს ყველაზე ადრე 2028 წლამდე არ მოხდება.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, 21 ოქტომბრის ღამით, Starlink-ის შეფერხებულმა კავშირმა კიევს საშუალო მანძილზე დრონებით თავდასხმების განხორციელებისა და რუსეთის ახალი თაობის რეაქტიული დრონების გადაჭერის შესაძლებლობა შეუზღუდა.

ერთ-ერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა განაცხადა, რომ შეფერხების გამო ფრენის დროს დრონებზე კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც მათ რუსული სარაკეტო არსენალის განადგურება ვეღარ შეძლეს.

ადრეული შეტყობინების სისტემა

ამერიკის ბალისტიკური რაკეტების ადრეული გაფრთხილების გლობალურ სისტემას, რომელიც პირველად ცივი ომის პერიოდში შეიქმნა, რაკეტის გაშვების შედეგად წარმოქმნილი სითბოს დაფიქსირება შეუძლია, რასაც შემდგომ რაკეტების მეთვალყურეობის რადარების მსოფლიო ქსელი ადასტურებს.

ამ სისტემიდან მიღებული სადაზვერვო მონაცემები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ქვეყნის საჰაერო სივრცესთან მიახლოებული რაკეტების სამიზნეში ამოღებისა და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილების საშუალებას აძლევს. 

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები სატელიტურ და სხვა სახის საჰაერო სადაზვერვო მონაცემებს აწვდიან, თუმცა  სიზუსტით, მასშტაბითა და შესაძლებლობებით ეს ვერ შეედრება ამერიკის შესაძლებლობებს სარაკეტო გაფრთხილების კუთხით კი ევროპას მსგავსი არაფერი გააჩნია და წლების განმავლობაში არც ექნება.

ჯერჯერობით დაუდგენელია, რატომ ვერ მიიღო უკრაინამ გაფრთხილება რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების შესახებ. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავაც უზიარებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, შესაძლოა რუსეთმა რაკეტები უკრაინასთან იმდენად ახლოს გაუშვა, რომ მათი სითბური კვალის დროულად დაფიქსირება ვერ მოხერხდა.

რუსეთი ასევე იყენებს შედარებით მცირე ტაქტიკურ და უფრო მობილურ იარაღს, რომლის აღმოჩენაც შორი მოქმედების სტრატეგიულ რაკეტებთან შედარებით გაცილებით რთულია. აშშ-ის ბალისტიკური რაკეტების ადრეული გაფრთხილების სისტემა ტაქტიკური მიზნებისთვის არასდროს ყოფილა განკუთვნილი. 

საზენიტო რაკეტები

უკრაინა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად აშშ-ის თანამედროვე საზენიტო რაკეტებს, განსაკუთრებით კი Patriot PAC-3 ტიპის რაკეტებს ეყრდნობოდა. თუმცა, ამ საზენიტო რაკეტების მარაგი მანამდეც შემცირებული იყო. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის მარაგები ახლო აღმოსავლეთში დაიხარჯა, რათა იქ ამერიკული ძალები და მოკავშირეები ირანის დარტყმებისგან დაეცვათ.

პარალელურად, ევროპა და უკრაინა ალტერნატივებზე ამერიკული საზენიტო რაკეტების ალტერნატივებზე მუშაობენ. ფრანგულ-იტალიური Samp/T-ის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათ უახლეს ვერსიას ბალისტიკურ რაკეტებთან გამკლავება შეუძლია. ეს სისტემა უკრაინისკენ უკვე მიემართება. 2 უკრაინული კომპანია ევროპელ პარტნიორებთან ერთად ისეთი საზენიტო რაკეტების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც შეძლებენ რუსული ბალისტიკის განეიტრალებას. მოსალოდნელია, რომ პირველი მათგანი ექსპლუატაციაში უკვე მომავალი წლის შუა პერიოდში შევა.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების რუკა

უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე საკუთარი მონაცემთა ბაზა შექმნეს, რისთვისაც მოკავშირეთა სადაზვერვო ცნობები, უკრაინული დრონები, აგენტურული დაზვერვა და სხვა წყაროები გამოიყენეს, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე არსებული გატეხილი სათვალთვალო კამერები.

ამერიკა უკრაინას რუსულ ობიექტებზე იერიშების მიტანაშიც ეხმარებოდა. ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის ტექნოლოგიები და სადაზვერვო მონაცემები უკრაინას დარტყმებისთვის მონაცემების დაზუსტებაში დაეხმარა, მათ შორის სამიზნეების სიმაღლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით.

ამერიკული დაზვერვას შეუძლია სისტემების ელექტრომაგნიტური გამოსხივების მეშვეობით რუსული საჰაერო თავდაცვის მეტად დეტალური სურათი შექმნას. ინფორმაცია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სუსტი წერტილების შესახებ უკრაინის დრონებსა და რაკეტებს ყველაზე ეფექტური მარშრუტის დაგეგმვაში ეხმარება. 

F-16-ის გამანადგურებლები და PURL-ის პროგრამა

უკრაინამ ევროპელი მოკავშირეებისგან მეორადი F-16-ების მოზრდილი პარკი მიიღო, თუმცა მათი სათადარიგო ნაწილების მომარაგებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყრდნობა. 

F-16-ების მარაგის დიდ ნაწილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უკრაინის ევროპელი მოკავშირეები აფინანსებენ პროგრამით, რომელსაც უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების ნუსხა, ანუ PURL ეწოდება. უკრაინის ნატოელმა მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ, გასულ წელს PURL-ის ამოქმედების შემდეგ, პროგრამისთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს.

PURL-ის შეჩერება უკრაინას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობას წაართმევს, თუმცა ვაშინგტონმა შესაძლოა თავი შეიკავოს და არ შეაჩეროს პროგრამა, რადგან ის აშშ-ის თავდაცვის კომპანიებისთვის საექსპორტო შემოსავლის წყაროა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოფიცრების ცნობით, უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლების საბრძოლო მასალის მარაგიც რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. F-16-ები იმ იშვიათ ჩამონათვალშია, რომლითაც უკრაინას რუსულ რეაქტიულ დრონებთან გამკლავება შეუძლია. 


price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე