19:24 | 10 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა
26 აგვისტოს უკრაინის სარაკეტო იერიშმა 20 რუსი ოფიცერი მოკლა - MEDIAZONA
26 აგვისტოს, დონეცკზე უკრაინის სარაკეტო დარტყმას სულ მცირე 20 რუსი ოფიცერი ემსხვერპლა. მათგან 18 თავდასხმის დღესვე დაიღუპა, ორი კი მოგვიანებით, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამოცემა "მედიაზონას" აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინის ერთი დარტყმის შედეგად რუსი ოფიცრების მასობრივი დაღუპვის ყველაზე მასშტაბური ცნობილი შემთხვევაა.
- გამოძიების თანახმად, დაღუპულთა უმეტესობა ცენტრალური სამხედრო ოლქის და 41-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბებში მსახურობდა (შედიან დაჯგუფება "ცენტრში").
დაღუპულებს შორის არის 7 პოლკოვნიკი, ასევე ვიცე-პოლკოვნიკები, მაიორები და უმცროსი ოფიცრები.
ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ დაზვერვაზე, ოპერაციების დაგეგმვაზე, არტილერიის, საინჟინრო ჯარებისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობაზე.
ვერსიები: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკს 26 აგვისტოს, საღამოს დაარტყეს.
რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დენის პუშილინი ამტკიცებდა, რომ სამიზნე სავაჭრო ცენტრი "Донецк Сити" იყო, რა დროსაც 8 ადამიანი (მათ შორის 2 ბავშვი) დაშავდა. მისივე თქმით, უკრაინამ Storm Shadow/SCALP-EG რაკეტები გამოიყენა.
უკრაინული დამოუკიდებელი პროექტები წერდნენ, რომ დარტყმა ილიჩის გამზირზე მდებარე შენობასა და დაუსრულებელი საცხოვრებელი კომპლექსის მიწისქვეშა პარკინგზე განხორციელდა, რომლებსაც რუსი სამხედროები სამეთაურო პუნქტებად იყენებდნენ.
ტელეგრამ-არხ Exilenova+-ის მტკიცებით, თავდასხმისას 27 ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაიჭრა (მათ შორის 2 გენერალი).
Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა.
გამოძიება: "მედიაზონამ" დაღუპულთა ვინაობა რეესტრებსა და ნეკროლოგებზე დაყრდნობით დაადგინა.
- ჟურნალისტებმა მოიპოვეს 2025 წლის ივლისის მონაცემები, რომლებიც ЦВО-ს შტაბის 856 და 41-ე არმიის შტაბის 206 თანამშრომლის სიას მოიცავდა.
ვინ არიან დაღუპულები: მოკლულებს შორის არის დაზვერვასა და კონტრდაზვერვასთან დაკავშირებული 7 ოფიცერი.
სადაზვერვო განყოფილებების ხელმძღვანელები - პოლკოვნიკები ალექსანდრე კალიანოვი და არტიომ ბერდიუგინი, ასევე მაიორი ანტონ შჩერბანევი.
სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დაზვერვის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი რუსტამ ფახრუტდინოვი; სადაზვერვო განყოფილების ოფიცერი, კაპიტანი კირილ პოლოზკოვი და უფროსი ლეიტენანტი ოლეგ გოლუბენკო.
მაიორი ოლეგ ბერეზოვსკი (41-ე არმიის შტაბის ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსი), პოლკოვნიკი სერგეი ლაპტევი (ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელი პირი) და პოლკოვნიკი ევგენი ტიმკინი (საინჟინრო ჯარების უფროსი).
კონტექსტი: ჟურნალისტებმა 41-ე არმიის შტაბის ოფიცრების მასობრივი დაღუპვის კიდევ 2 შემთხვევა გამოავლინეს:
2026 წლის 4 აგვისტო: დაიღუპა 8 საშტაბო ოფიცერი (მათ შორის არტილერიის, ПВО-სა და დრონების ქვედანაყოფებიდან).
2025 წლის 8 სექტემბერი: დაიღუპა კავშირგაბმულობის განყოფილების 4 ოფიცერი.