ახალი ამბები

11:41 | 15 ივლისი, 2026 — აშშ

აშშ ერაყი-სირიის ნავთობსადენს აღადგენს, რაც ჰორმუზის სრუტეზე დამოკიდებულებას შეამცირებს

აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ერაყიდან სირიაში ახალი ნავთობსადენის მშენებლობის ან არსებულის აღდგენის შესახებ. ამ ინფორმაციას 14 ივლისს, სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

ვითარების არსი: ეს მარშრუტი გვერდს აუვლის ჰორმუზის სრუტეს და მხარეებს საშუალებას მისცემს, შეასუსტონ ირანის გავლენა ენერგორესურსების გლობალურ მიწოდებაზე. 

  • წყაროების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიასა და ერაყში, თომას ბარაკმა, მოლაპარაკებები გამართა ორივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, ისევე როგორც სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის Chevron Corporation-ის წარმომადგენლებთან, რათა განახლდეს დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციო ნავთობსადენის მუშაობა ერაყიდან სირიის დასავლეთ სანაპირომდე.
  • განიხილება ახალი მილსადენების რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტიც, თუმცა მოლაპარაკებების ძირითადი ფოკუსი მიმართულია ერაყის ქალაქ კირკუკიდან სირიის ბანიასამდე არსებული ნავთობსადენის აღდგენაზე, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტია არ უმუშავია.

სტრიქონებს შორის: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ამერიკული კომპანიების მონაწილეობას აღდგენით სამუშაოებში.

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი აზ-ზეიდის და განაცხადა, რომ ამ ან მომავალ კვირას გამოცხადდება მასშტაბური პარტნიორობის შესახებ ნავთობის სფეროში.
  • Bloomberg წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარების ესკალაცია ხაზს უსვამს ჰორმუზის სრუტის გრძელვადიანი ალტერნატივების ძიების აუცილებლობას.
  • სააგენტოს მონაცემებით, ბოლო კვირებში კომპანიები Chevron, TotalEnergies SE, ლოს-ანჯელესში ბაზირებული TI Capital და კატარული UCC Holding მონაწილეობდნენ დისკუსიებში სირიის, როგორც საექსპორტო ჰაბის, როლის გაფართოების შესახებ. 

დიდი სურათი: თუმცა, Bloomberg აღნიშნავს, რომ სირიის ტერიტორიაზე ნავთობსადენების მშენებლობა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული.

  • სავარაუდო მარშრუტებმა უნდა გაიაროს დასავლეთ ერაყის ანბარის პროვინციასა და აღმოსავლეთ სირიაზე, სადაც კვლავინდებურად მოქმედებენ ტერორისტული დაჯგუფებები. ამიტომ ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ აჰმედ ალ-შარაას ხელისულება, შეძლებს ვითარების სტაბილიზაციას.
  • აღსანიშნავია, რომ ირანთან სამხედრო დაპირისპირების განახლების ფონზე, ტრამპმა ირანს საზღვაო ბლოკადა ისევ დაუწესა. 

კონტექსტი: კირკუკი-ბანიასის ნავთობსადენმა, რომელიც რეგიონში ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი უძველესი მარშრუტია, ფუნქციონირება 1952 წელს დაიწყო. 

  • მილსადენის სიგრძე დაახლოებით 800 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა დღეში 300 ათას ბარელს შეადგენს. ის წარმოადგენს სტრატეგიულ საექსპორტო მარშრუტს ერაყისთვის, სირიას კი მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს, გააჯანსაღებს მის ნავთობის ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს რეგიონულ ენერგეტიკულ თანამშრომლობას.
  • წინასწარი შეფასებებით, რეკონსტრუქციის ღირებულებამ შესაძლოა 4,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს, ხოლო სამუშაოები დაახლოებით 36 თვეს გაგრძელდება.
  • ტექნიკური შეფასებები აჩვენებს, რომ მილსადენმა სერიოზული ზიანი მიიღო უყურადღებობისა და ხანგრძლივი უმოქმედობის გამო, მათ შორის განადგურებულია სატუმბი სადგურები და დაზიანებულია კომპონენტები.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე