13:09 | 25 ნოემბერი, 2026 — აშშ
აშშ-ის სასამართლომ Huawei კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ჩინური სატელეკომუნიკაციო კონცერნი Huawei კომერციული საიდუმლოების მოპარვასა და ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ 24 ნოემბერს The New York Times წერს.
ვითარების არსი: 2019 წლიდან Huawei-ს შეერთებულ შტატებში საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ფაქტობრივად აკრძალული აქვს, ამიტომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, კომპანიის მდგომარეობაზე არ აისახოს.
- თუმცა, NYT-ის შეფასებით, მკაცრი ფინანსური სასჯელი და გამამტყუნებელი განაჩენი დიდი რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნება.
- სასამართლო პროცესი 11 კვირა გრძელდებოდა, ერთი კვირა კი ნაფიც მსაჯულთა თათბირს დასჭირდა.
- Huawei 12 პუნქტიდან 10-ში დამნაშავედ ცნეს - საუბარია საბანკო თაღლითობაზე, კომერციული საიდუმლოების მოპარვის მიზნით შეთქმულებასა და აშშ-ის საზიანოდ თაღლითობის მიზნით შეთქმულებაზე.
სტრიქონებს შორის: ამავდროულად, ნაფიცმა მსაჯულებმა Huawei გაამართლეს დანაშაულებრივი საქმიანობის წარმოების მიზნით შეთქმულების ბრალდებაში, რითაც გაბათილდა იუსტიციის სამინისტროს მთავარი მტკიცება იმის შესახებ, რომ კომპანია დანაშაულებრივი ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებდა.
- NYT-ის ცნობით, კონცერნი ასევე გამართლდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულების ბრალდებაში. ამასთან, Huawei-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ კონცერნი გაასაჩივრებს იმ პუნქტებს, რომლებშიც ის დამნაშავედ ცნეს.
- პროკურატურის მტკიცებით, Huawei-ს ხელმძღვანელობა თავის თანამშრომლებს ამერიკული და სხვა კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისკენ უბიძგებდა. ამ მონაცემების თანახმად, ჩინურმა კონცერნმა კომერციული საიდუმლოებები T-Mobile-ს, Cisco-სა და სხვა კომპანიებს მოპარა.
- კონკურენტებისგან მოპარული ინფორმაცია Huawei-ს საშუალებას აძლევდა, შეექმნა ანალოგიური პროდუქტები და შემდეგ ისინი უფრო დაბალ ფასად გაეყიდა.
დიდი სურათი: დასავლური სპეცსამსახურები ასევე ეჭვობენ, რომ Huawei-ს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა შესაძლოა ჩინეთის ინტერესებისთვის ჯაშუშობისთვის გამოიყენება. თავის მხრივ, კონცერნი ყველა მსგავს ბრალდებას უარყოფს.
- Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლო რისკების შესახებ დისკუსიები წლების განმავლობაში მიმდინარეობს ევროკავშირსა და, კონკრეტულად, გერმანიაშიც.
- 2024 წლის ზაფხულში გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მობილური ქსელების ოპერატორებთან დადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2026 წლის ბოლოდან Huawei-ს წარმოებული კომპონენტების გამოყენება აიკრძალება ძირითად ქსელსა და ანტენების ქსელის მართვის სფეროს პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილებში.
- აშშ-ის სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებების კომენტირებისას, კომპანია Huawei-მ 25 ნოემბრის ღამეს განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით "აუცილებელ" სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს. კომპანიამ გამამტყუნებელ განაჩენს "უსაფუძვლო" უწოდა.
კონტექსტი: 2018 წლის 1 დეკემბერს, აშშ-ის მოთხოვნით, კანადელმა სამართალდამცველებმა ვანკუვერში დააკავეს Huawei Technologies-ის დამფუძნებლის ქალიშვილი, ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი მენ ვანჯოუ, ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციების დარღვევის ბრალდებით.
- იმავე წლის 11 დეკემბერს კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის სასამართლომ მენი 7.5 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
- 2021 წლის სექტემბერში, ამერიკის ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რომელიც მის ექსტრადიციას ითხოვდა, მენი გაათავისუფლეს და მან ჩინეთში დაბრუნება შეძლო.