21:51 | 18 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა
აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღადგინა - ზელენსკი
აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება განაახლა, რომელიც კიევსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე დროებით შეწყვეტილი იყო.
ვითარების არსი: ზელენსკის თქმით, ვაშინგტონმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აშშ რუსული რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას დროულად აღარ აწვდიდა.
"ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ. ახლა ყველაფერი მუშაობს", - განაცხადა ზელენსკიმ.
რა ხდება Starlink-ის შემთხვევაში: ზელენსკის განცხადებით, აშშ კვლავ ზღუდავს მაღალი სიჩქარით მოძრავ უკრაინულ დრონებზე დამონტაჟებული Starlink-ის ტერმინალების მუშაობას.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ იცის, კონკრეტულად ვინ მიიღო შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა ვარაუდობს, რომ მასში მონაწილეობდნენ როგორც დონალდ ტრამპი, ისე ილონ მასკი.
მისი თქმით, თუ ტრამპი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, სისტემა დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მუშაობის ძველ რეჟიმს.
დიპლომატიური კონტექსტი: ზელენსკი კვირას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს ესაუბრა და იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების პირისპირ შეხვედრაც გაიმართება.
- სატელეფონო საუბარში ზელენსკიმ, ვიტკოფმა და კუშნერმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდეგნის საკითხი.
- NBC-მ ზელენსკის ტრამპის კრიტიკაზეც ჰკითხა, მათ შორის განცხადებაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა უფრო მარტივია, ვიდრე უკრაინის ლიდერთან.
- ზელენსკის თქმით, ტრამპთან ყოველთვის გულწრფელია - "შესაძლოა, ეს არც ისე თავაზიანია, მაგრამ უმჯობესია გყავდეს პარტნიორები, რომლებიც ღიად და მკაფიოდ საუბრობენ, ვიდრე საქმე გქონდეს მკვლელებთან, თუნდაც ისინი გაღიმებული გესაუბრებოდნენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.