მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:52 | 31 აგვისტო, 2026 — რუსეთი

"ჩამომახრჩობენ" - რას ჰყვება The Economist-ის წყარო პუტინის შიშებსა და გეგმებზე

ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის გაჭიანურებით შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას არა უკან დახევით, არამედ კონფლიქტის ახალი ესკალაციით გეგმავს.

ამის შესახებ ვრცელ მასალას ჟურნალი The Economist-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოცემას კრემლის ინსაიდერებმა აცნობეს, რომ პუტინს საკუთარი რეჟიმის კრიმინალური ლოგიკა მართავს - "არასდროს გამოავლინო სისუსტე", რადგან ომის მინიმალური მიზნების (მთელი დონბასის დაკავების) გარეშე დასრულება მისთვის ფიზიკურ საფრთხესთან ასოცირდება.

  • ომის ერთ-ერთ ეტაპზე მან საკუთარ გარემოცვას პირდაპირ უთხრა: "ჩამომახრჩობენ".

ვითარების არსი: 25 აგვისტოს CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოულოდნელად მოსკოვს ეწვია.

  • შეფასებები განსხვავებულია: ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიზიტის მიზანი იყო პუტინის გაფრთხილება ნატოს ქვეყნებზე თავდასხმისგან თავშეკავების შესახებ, ნაწილი კი თვლის, რომ ვაშინგტონმა მას რუსეთისთვის უპერსპექტივო სურათი წარუდგინა და მოლაპარაკებებისკენ უბიძგა.
  • კრემლთან დაახლოებული პირების თქმით, პუტინმა ეს ნაბიჯი ამერიკის სისუსტედ აღიქვა (ზუსტად ისე, როგორც 2021 წლის ნოემბერში ბილ ბერნსის ვიზიტი).

ვითარება რუსეთში: The Economist-ის თანახმად, უკრაინული დრონების დარტყმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრებზე რუსეთის მოსახლეობის ჩუმი თანხმობა გააქრო.

  • "ლევადა-ცენტრის" მონაცემებით, მოსახლეობის 57% ვითარებას "დაძაბულად" აფასებს. მიზეზად ასახელებენ ომს, მსხვერპლს, მობილიზაციას, დრონების თავდასხმებსა და მომავლის ხედვის არარსებობას.
  • ჟურნალის თანახმად, კრემლის ელიტისთვის მთავარი პრობლემა არა იმდენად ეკონომიკაა, არამედ დაკარგული დრო: "თითქმის 5 წელი, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, უკვე მარცხია".
  • იზრდება განცდა, რომ "მეფე შიშველია".
  • არსებული ფორმით ომის გაგრძელება კრემლს არ აწყობს, რადგან ის უბრალოდ წვავს ეკონომიკურ რესურსებსა და პოლიტიკურ კაპიტალს.

ესკალაციის მოლოდინი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასირებულ დარტყმებს ამზადებს, რათა მოახლოებულ ზამთარში კიევის წინააღმდეგობის ნება გატეხოს.

  • ჟურნალის წყაროების ცნობით, პუტინი ფრონტზე დამატებით ასობით ათასი ადამიანის გაგზავნას გეგმავს.
  • The Economist-ის თანახმად, ახალი ბრძანებულება საჭირო არ არის (პირველი მობილიზაცია იურიდიულად არასდროს შეჩერებულა).
  • ძალდატანებითი რეკრუტირება რეგიონულ დონეზე ჩატარდება უკმაყოფილების ლოკალიზებისთვის (სისტემას უკვე ტესტავენ პენზის ოლქში).
  • მოსალოდნელია რეპრესიების გამკაცრება ქვეყნის შიგნით "მტრების" წინააღმდეგ, რაც პუტინს მხოლოდ საკუთარი ძალის სადემონსტრაციოდ სჭირდება.
  • ნატოსთან პირდაპირი სამხედრო შეჯახების გარეშე, მოსკოვი გააძლიერებს დივერსიებს ევროპაში, უკრაინის მომარაგების გზებსა და იმ სამხედრო ქარხნებზე, რომლებიც უკრაინისთვის შეიარაღებას აწარმოებენ.

ესკალაცია ევროპაში: ევროპაში მზარდი დივერსიული საქმიანობის საპასუხოდ, ფინეთმა საზღვრის მონიტორინგისთვის შვედეთის ავიაციასა და სამხედრო ხომალდებს სთხოვა დახმარება.

  • გერმანია ემზადება, რუსეთს ღიად დასდოს ბრალი ლაიფციგის აეროპორტში 4 აგვისტოს დრონით მომხდარ ინციდენტში.
  • რუმინეთმა საკუთარ წყლებში საბურღ პლატფორმაზე მიმართული რუსული საზღვაო დრონი გაანადგურა.
  • სლოვაკეთმა დრონების მწარმოებელ ქარხანაში დივერსიული ცეცხლის წაკიდების მცდელობა აღკვეთა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე