დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:23 | 23 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

დასავლური დაზვერვა შიშობს, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში კოსმოსში ბირთვულ იარაღს განათავსებს - მედია

დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთმა, შესაძლოა, უახლოეს კვირებში ორბიტაზე ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრი გაუშვას.

ამის შესახებ გერმანული მაუწყებლები WDR და NDR და გამოცემა Süddeutsche Zeitung იუწყებიან.

რა ვიცით: NATO-ს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის შესაძლო გეგმის შესახებ გაფრთხილება მიიღო.

  • გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ინფორმაცია თავდაცვის მინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს მიაწოდეს.
  • გერმანიის სამხედრო და სადაზვერვო უწყებების შეფასებით, თანამგზავრი შესაძლოა უახლოეს კვირებში გაუშვან.
  • გამოცემების ცნობით, ის უკვე აწყობილია და მოსკოვის შემოგარენში ინახება.
  • ორბიტაზე გაყვანიდან მალევე თანამგზავრი შესაძლოა საბრძოლო გამოყენებისთვის მზად იყოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სადაზვერვო შეფასებით, ორბიტაზე გაყვანილი თანამგზავრის განეიტრალება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

  • კოსმოსში ბირთვულმა აფეთქებამ კი თანამგზავრების დიდი ნაწილი შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს.
  • აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანელის, სტივენ უაიტინგის შეფასებით, დედამიწის დაბალ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრების დაახლოებით მესამედი აფეთქებიდან პირველ საათებსა თუ დღეებში დაზიანდება, დანარჩენები კი მომდევნო თვეებში თანდათან გამოვა მწყობრიდან.
  • აფეთქების ელექტრომაგნიტურმა იმპულსმა შესაძლოა დედამიწაზე არსებული ტექნიკური სისტემებიც დააზიანოს.
  • გერმანიის კიბერ და საინფორმაციო სივრცის სარდლობის თქმით, ქვეყანაში შედეგები შეიძლება მასშტაბური იყოს - ელექტროენერგიის გათიშვა და კავშირისა თუ ნავიგაციის სერიოზული შეფერხება.

მოსკოვის პასუხი: რუსეთის საელჩომ WDR-ს, NDR-სა და Süddeutsche Zeitung-ს განუცხადა, რომ აღწერილი მოვლენების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

  • საელჩომ ბრალდებები უარყო და "პროპაგანდისტული კამპანიის" ნაწილად შეაფასა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე