დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:15 | 23 ნოემბერი, 2026 — სომხეთი

"გზა აზერბაიჯანთან მშვიდობისკენ" - სომხეთმა ახალი კონსტიტუციის პროექტი წარადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს კონსტიტუციის ახალი პროექტი წარადგინა, რომელშიც აღარ არის 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება და ყარაბაღის რეგიონზე პრეტენზია. მისი თქმით, ეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზაა.

ვითარების არსი: ფაშინიანმა სომეხ ხალხს მიმართა და პირობა დადო, რომ თუ მოქალაქეები რეფერენდუმზე ახალ კონსტიტუციას მხარს დაუჭერენ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი - ის თანამდებობიდან გადადგება.


  • სომხეთის პრემიერის თქმით, ახალი დოკუმენტი უარყოფს "1990 წლის 23 აგვისტოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლოგიკას - ანუ კონფლიქტის ლოგიკას" და მისი მთავარი მიზანი "მშვიდობის უზრუნველყოფაა."
  • ახალი კონსტიტუციის პროექტში აღარ არის 1990 წლის პრეამბულა, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონთან გაერთიანების მუხლს შეიცავდა და ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას მოითხოვდა.


სტრიქონებს შორის: სომხეთის ოპოზიციამ ფაშინიანი აზერბაიჯანის მოთხოვნებისადმი დამორჩილებაში დაადანაშაულა და დოკუმენტს "ალიევის კონსტიტუცია" უწოდა.


  • თუმცა, ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაიჯერონ, "თითქოს ამას სხვისი კარნახითა და გარე ზეწოლით ვაკეთებთ."
  • ფაშინიანის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობამდე რამდენიმე მანდატი აკლია. მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ ხელი არ შეუშალონ ამ პროცესს.
  • "თუ ხალხი კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მე გადავდგები. ხოლო თუ მხარს დაუჭერენ, მომდევნო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭს აღარ ვიყრი," - განაცხადა მან. 
  • მისი თქმით, სომხეთის მოქმედი კონსტიტუცია წინა ავტორიტარული ხელისუფლების "ოლიგარქიულ სისტემას" უკავშირდება.


დიდი სურათი:1980-იანი წლებიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 3 ომი და მრავალი სასაზღვრო შეტაკება მოხდა. სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ჰქონდა ოკუპირებული.


  • 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომისას აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, ხოლო 2023 წლის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სრულად დაიკავა მთიანი ყარაბაღის რეგიონი.
  • აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო, აღდგა სავაჭრო ურთიერთობა, მხარეებმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად აზერბაიჯანი ერევნისგან კონსტიტუციის შეცვლას მკაცრად მოითხოვს.
  • სწორედ ამ ულტიმატუმის შესასრულებლად წარადგინა სომხეთის ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუციის პროექტი.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე