ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად ითვლება, განაცხადა, რომ თუ ის გაიმარჯვებს, არ ისურვებს ამერიკელი ჯარები რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთონ.
ამის შესახებ დესანტისმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
დესანტისმა უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში თანამდებობაზე მოსვლის პირველ დღეს. მან აშშ-ს სამხედროების ამჟამინდელი მდგომარეობის კრიტიკით დაიწყო და თქვა, რომ არმია "პოლიტიზირებულია", "ისინი საუბრობენ გენდერულ იდეოლოგიაზე" და "გლობალურ დათბობაზე."
"ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ჩვენი სამხედროები მოვალეობებს, ძირითად ფასეულობებს და მთავარ მისიას," - თქვა დესანტისმა.
პასუხის მეორე ნაწილში მან აღნიშნა, რომ სურს უკრაინაში ომის "დარეგულირება." ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული არმია ომში არ უნდა ჩაითრიონ.
"მინდა ვნახო ამის (ომი. - რედ.) მოგვარება. არ მინდა ვიხილო უფრო ფართომასშტაბიანი ომი. ვფიქრობ, სრულიად უცნობია, როგორი იქნება ეს (ომი. - რედ.) 2025 წლის იანვარში. მაგრამ მე არ მინდა ვნახო თავისი ჯარით ომში ჩართული შეერთებული შტატები", - განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა.
გუშინ, დესანტისმა აშშ-ის ფედერალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინა დოკუმენტები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.