16 იანვარს, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ამის შესახებ პოლონეთის ლიდერის ადმინისტრაციამ განაცხადა.
დუდას თქმით, ის ზელენსკის ესაუბრა "ამჟამინდელი სიტუაციის შესახებ - ფრონტზე და საზოგადოებაში."
"მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური და მხარდამჭერი; რომ მას რამდენიმე დღეში, კიევში შეუძლია მშვიდად დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან." - აღნიშნა მან.
ბოლო თვეებში კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობებში არაერთი პრობლემა დაგროვდა - პოლონური ემბარგო უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე, ასევე პოლონელი გადამზიდავების მიერ საზღვრის ჩაკეტვა. მაგრამ ბოლო დღეების მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ მხარეები ეტაპობრივად გადაწყვეტისკენ მიდიან.
გასულ კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მის მთავრობაში არავის მისცემს უფლებას ანტიუკრაინული განწყობის პოზიციები გამოხატონ.
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ გადამზიდავებსა და პოლონეთის ხელისუფლებას შორის შეთანხმების შემდეგ, უკრაინის საზღვრის ბლოკირება შეწყდება..