ახალი ამბები

17:29 | 16 ივლისი, 2026 — უკრაინა

ფედოროვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 11 პრობლემა დაასახელა

16 ივლისს ჩატარებულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ნახევარი წლის წინ თავდაცვის სამინისტროში მოსვლის შემდეგ, თავდაცვის ძალების მართვასა და სახელისუფლებო სისტემაში 11 სერიოზული პრობლემა აღმოაჩინა.

ვითარების არსი: მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის ერთი თვის შემდეგ გაანალიზა ყველა ძირითადი პრობლემა:

  1. "უკრაინული არმია იბრძვის ტაქტიკურ დონეზე: თუმცა ახლა უკვე უფრო მეტად ოპერატიულზეა, მაგრამ ჩვენ დღემდე ტაქტიკურ დონეზე ვომობთ." - აღნიშნა მან.

  2. კორპუსების სისტემამ ბოლომდე ვერ იმუშავა: "ჩვენ გვყავს წარმატებული კორპუსები, რომლებიც ყოველთვიურად წინ მიიწევენ და ტერიტორიებს არ კარგავენ, და გვყავს კორპუსები, სადაც ყოველთვიურად იცვლებიან კორპუსის მეთაურები. არის კორპუსები, რომლებიც სკოლად და ფილოსოფიად იქცნენ, და არის კორპუსები, სადაც ისიც კი არ ვიცით, რამდენი ბრიგადაა და რა ხდება იქ. ორგანიზებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუმცა არის კორპუსები, რომლებიც შიგნით ყველა რესურსს არ ანაწილებენ."

  3. ბრიგადებისა და კორპუსების დანაწევრება: "არის ბრიგადები, რომლებსაც ვერც კი გაურკვევიათ, რამდენი ბატალიონი ჰყავთ: ბატალიონი წყდება ერთ ბრიგადას და გადაისროლება მეორეში. ასეთ სისტემაში მართვის სისტემის აწყობა შეუძლებელია."

  4. არავინ არაფერზე აგებს პასუხს: "ყველაფერი მუდმივად სხვას ბრალდება. პასუხისმგებლობა ვინმეზე გადადის, ყოველთვის სხვაა დამნაშავე, მუდმივად ისმის ფრაზები: ჩატარდება გამოძიება და დავადგენთ, ვინ არის დამნაშავე."

  5. მომარაგება ლოიალურობის მიხედვით: მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, "მომარაგების პრობლემა კარდინალურია. ბოლო 5 თვის განმავლობაში იმაზე მეტი დრონი შევისყიდეთ, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში, მაგრამ ქვედანაყოფების უმრავლესობას ეს არ უგრძვნია, რადგან ყველაფერი ხელით ნაწილდება: ლოიალური ხარ - მიიღებ, არ ხარ ლოიალური - ვერ მიიღებ. 4 თვე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რადგან 4 თვის განმავლობაში ვათანხმებდით უბრალო პროექტს ბრიგადების დრონებით საბაზისო უზრუნველყოფის შესახებ."

  6. მეთაურთების მუდმივი ცვლა.

  7. მათი იზოლაცია და ტოქსიკურ გარემოში მოქცევა, ვინც ვითარდება: "თუ რამე გამოგდის - ყოჩაღ, პირდაპირ მოსაცდელში. დრაპატის მესამე საყვედური გამოუცხადეს და ნახვამდის. უკაცრავად, დრაპატი, ვფიქრობ, ამ გამოსვლის შემდეგ მეოთხე საყვედურსაც მიიღებს. არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ."

  8. შეუძლებელია თუნდაც ერთი სისტემური პროექტის რეალიზება: "რადგან მუდმივად აწყდები პრობლემას: კი მაგრამ, რისთვის? როგორ?"

  9. ადამიანური კაპიტალის გაცვეთა ანალიზის გარეშე: ფედოროვის თქმით, მათ ჩაატარეს "დიდი სამუშაო" და გააანალიზეს დანაკარგები. "მაგრამ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ ვის დაუჭირონ მხარი, ვის არა, ვინ გააძლიერონ და ვინ არა, მონაცემებზე დაყრდნობით არ მიიღება. ისინი მიიღება ლოიალობის საფუძველზე."

  10. ინიციატივების ბლოკირება და "ბიუროკრატიული ორმხრივი სროლა": "თავდაცვის სამინისტროში ყოფნის 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით საორგანიზაციო სტრუქტურის შეცვლა, რადგან გენშტაბი არ აწერს ხელს ამ სტრუქტურას, რადგან 'სახელწოდება არ ვარგა', რადგან რაღაც ისე არ არის, რადგან ახალი ადამიანების მოზიდვა არ არის საჭირო."

  11. მუდმივი სიცრუე: "ეს მეც მეხება: თითქოს მე შევუკვეთე გამოძიება "სკალაზე", თითქოს მე წამოვიწყე მედიაკამპანია, თითქოს მე გავაკეთე ესა თუ ის."

სტრიქონებს შორის: მან აღნიშნა, რომ ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით ცვლილებების გეგმა ჰქონდა.

  • "რა გამოსავალი შევთავაზე? კარდინალური საკადრო გადაწყვეტილებები. ეს არის როგორც მთავარსარდლის, ისე გენშტაბის უფროსის შეცვლა... სადაც ძლიერი მოღვაწეები განვითარდებიან და მათ არ დათრგუნავენ და საყვედურებს არ გამოუცხადებენ... ეს არის მუშაობა IT-სპეციალისტებთან, ჭკვიან ადამიანებთან. სხვაგვარი მენეჯმენტი. კორპუსების ძლიერი მეთაურების დანიშვნა. სადრონო-საიერიშო ქვედანაყოფები - ეს არის კონცეფციის შეცვლა, თუ როგორ გამოვიყენებთ ქვეითებს, როდესაც ტექნოლოგიები ომობენ, როდესაც ჩვენ ვკარგავთ დრონებს და არა ადამიანებს, და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვება ქვეითი ჯარი."
  • მან ასევე მოითხოვა ფრონტის ხაზის "გასწორება" და ისეთი დოქტრინის დანერგვა, რომლის არსიც არის "არ დავკარგოთ ადამიანები იქ, სადაც შეგვიძლია არ დავკარგოთ," და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო რელიეფი და არსებული სიტუაცია.
  • "ყველა რესურსის კორპუსების მეშვეობით განაწილება - ესაა ადამიანები, დრონები, არტილერია, მომზადება... რადგან ხდება სიტუაცია, როდესაც საბოლოოდ პირველ ხაზზე პასუხს არავინ აგებს," - თქვა ფედოროვმა.

დიდი სურათი: გარდა ამისა, მისი თქმით, მან მოითხოვა "თანამედროვე ომის" აკადემიის შექმნა და ახალი ლიდერების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ შტაბებისა და ქვედანაყოფების მართვა; ასევე კონსორციუმების - "ბალისტიკისა" და "ანტიბალისტიკის" შექმნა; ცის დაკეტვა; ეკონომიკურ ომში გამარჯვება და, ზოგადად, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და შესყიდვების სფეროში კორუფციის დასრულება.

  • 16 ივლისს კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით არაერთ სხვა ქალაქში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები იმართება.
  • მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, დააბრუნონ ფედოროვი თანამდებობაზე ახალ მთავრობაში და არ გადასცენ მინისტრის სავარძელი იჰორ კლიმენკოს.

კონტექსტი: 14 ივლისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს გადაყენებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთელი მთავრობის გადადგომას ნიშნავს.

  • ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურში" "უკრაინსკა პრავდას" წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას არ წარადგენს.
  • ფედოროვის ნაცვლად წარდგენილი იქნება იჰორ კლიმენკოს კანდიდატურა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.
  • თავად ფედოროვმა 15 ივლისს შეაჯამა თავისი მუშაობა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება ვერ მოასწრო, და დაადასტურა, რომ აგრძელებს თავის მისიას, რათა "დაამარცხოს მტერი ასიმეტრიის, ინოვაციების სისწრაფისა და ორგანიზაციის ძალის მეშვეობით."

ასევე ნახე