20:31 | 10 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა
ფინეთი უკრაინას F-16-ებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას გადასცემს
უახლოეს დღეებში ფინეთი უკრაინას F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საბრძოლო მასალას გადასცემს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს შეიარაღება კრიტიკულად აუცილებელია ახალი, მაღალსიჩქარიანი რუსული რეაქტიულ ძრავიანი დრონების ჩამოსაგდებად.
- სტანდარტულ სახმელეთო თავდაცვის სისტემებსა და მობილურ ჯგუფებს (რომლებიც ტყვიამფრქვევებს იყენებენ) ძალიან უჭირთ ასეთ სისწრაფეზე რეაგირება.
- ზელენსკის თქმით, ამიერიდან სწორედ ეს საბრძოლო მასალა უზრუნველყოფს სწრაფი რეაქტიული "შაჰედების" განადგურებას.
დრონების ამბავი: რუსეთი მასობრივად გადადის ტურბორეაქტიულ დამრტყმელ დრონებზე, რამაც უკრაინას სერიოზული ტაქტიკური პრობლემა შეუქმნა.
თუ ძველი თაობის Geran-ის (იგივე "შაჰედი“) ტიპის დრონები180-200 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, ახალი რეაქტიული დრონების სიჩქარე 600 კმ/სთ-ს აღწევს (სამომავლოდ კი უკრაინელი სამხედროები 800-900 კმ/სთ სიჩქარესაც ვარაუდობენ).
დღეს რუსული საჰაერო იერიშების 40-60% სწორედ ამ სწრაფ რეაქტიულ დრონებზე მოდის (სამომავლოდ შეიძლება 80%-მდეც ავიდეს).
იმის გამო, რომ ამ დრონების გამოჩენიდან სამიზნემდე დრო ძალიან მცირეა, უკრაინას თავდაცვისთვის სულ უფრო მეტად უწევს ავიაციაზე (F-16-ებზე) დაყრდნობა.
კონტექსტი: უკრაინის საჰაერო ძალები მწვავე დეფიციტს განიცდიან ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებში.
- ამასთანავე, პრობლემებმა იჩინა თავი F-16-ების სრული ინსპექტირებისა და შეკეთების პროცესშიც.