10:15 | 31 ივლისი, 2026 — უკრაინა
FT: ტრამპი დარწმუნებული არ არის, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას და ეჭვქვეშ დააყენა, რამდენად დაეხმარება აშშ უკრაინა მთავარი სამხედრო პრობლემის მოგვარებაში.
ვითარების არსი: ტრამპის კომენტარი Financial Times-თან ტრამპმა განაცხადა, იგი "დარწმუნებული არ არის," მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას და ხაზი გაუსვა: "ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს."
- "ეს უაღრესად მძლავრი იარაღია და… ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, ვის ვაძლევთ ლიცენზიას. ჩვენ, ფაქტობრივად, არ გავცემთ აღჭურვილობის ლიცენზიებს." - აღნიშნა ტრამპმა.
სტრიქონებს შორის: ტრამპმა ეს კომენტარი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან სულ რაღაც ორ დღეში გააკეთა.
- ზელენსკიმ შეხვედრას "წარმატებული" უწოდა და აღნიშნა, რომ ორმა ლიდერმა განიხილა "Patriot-ის რაკეტების წარმოება და რამდენიმე სხვა იდეა."
- ივლისის დასაწყისში თურქეთში გამართულ ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა
- "Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის, რათა მოიგერიოს კიევისა და სხვა ქალაქებისკენ გაშვებული რუსული ბალისტიკური რაკეტები. ტრამპის დათანხმება, განიხილოს კიევისთვის ამ რაკეტების წარმოების ნებართვის მიცემის შესაძლებლობა - ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა." - წერს გამოცემა.
დიდი სურათი: ტრამპმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მისი ყურადღება უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაზეა კონცენტრირებული და აღნიშნა, რომ მისი ორი წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, უახლოეს დღეებში პირველად ეწვევიან უკრაინას.
- "ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში დასრულდეს. მე რაკეტებს არ ვეძებ. ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით." - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- 28 ივლისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან განიხილა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები და დიპლომატიური პროცესის გააქტიურება.