15:33 | 09 ივლისი, 2026 — აშშ
გერმანიაში ამერიკული ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების წარმოება დაიწყება
ამერიკულმა თავდაცვის გიგანტმა Lockheed Martin-მა და გერმანულმა Rheinmetall-მა სამშაბათს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს გერმანიაში ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ნაბიჯი იქნება რაკეტების წარმოების პირველი შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
- ეს საწარმო გახდება ევროპული ჰაბი ნატოს წევრი და მოკავშირე ქვეყნებისთვის ATACMS-ის რაკეტების წარმოების, ინტეგრაციისა და დისტრიბუციისთვის.
- Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ რაკეტები ჩრდილოეთ გერმანიაში, უნტერლუისში მდებარე Rheinmetall-ის საარტილერიო ქარხანაში დამზადდება.
დიდი სურათი: ეს შეთანხმება ასახავს აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მცდელობებს, გააფართოონ თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობები და შეავსონ იარაღის მარაგები, რომლებიც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.
- მემორანდუმს ხელი მოეწერა ნატოს ინდუსტრიის ფორუმზე, რომელიც ანკარაში, ალიანსის სამიტის პარალელურად გაიმართა.
ტექნიკური მახასიათებლები: ATACMS წარმოადგენს Lockheed Martin-ის წარმოების, „მიწა-მიწა“ კლასის მოკლე მანძილის ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტას.
- რისთვის არის განკუთვნილი: მოწინააღმდეგის ტაქტიკურ და ოპერატიულ ზურგში მაღალი ღირებულების ობიექტების (საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამეთაურო პუნქტები, ნავთობბაზები, აეროდრომები) წერტილოვანი განადგურებისთვის.
- რითი ხდება გაშვება: მობილური საარტილერიო სისტემებიდან - HIMARS ან M270 MLRS კომპლექსებით.
მოდიფიკაციები და მანძილი: რაც უფრო მძიმეა ქობინი, მით უფრო ნაკლებია მოქმედების რადიუსი.
Block I: მოქმედებს 165 კმ მანძილზე. აქვს მძიმე კასეტური ქობინი დიდი ფართობის დასაზიანებლად.
Block IA: მოქმედებს 300 კმ მანძილზე. კასეტური მუხტი შემცირებულია მანძილის გაზრდის ხარჯზე.
M57: მოქმედებს 300 კმ მანძილზე. აქვს ერთიანი, 230-კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური ქობინი ხიდებისა და ბუნკერების დასანგრევად.
M57E1: თანამედროვე სტანდარტამდე გადაწყობილი ძველი კასეტური რაკეტები, რომლებსაც ახლა 300 კმ-ზე ფრენა შეუძლიათ.