დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:10 | 05 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

გერმანიის დაზვერვის უფროსის თქმით, ბერლინი რუსეთთან კონფლიქტის რისკის წინაშეა

გერმანიის საგარეო დაზვერვის (BND) ხელმძღვანელის, მარტინ იეგერის გაფრთხილებით, მოსკოვი ევროპული დემოკრატიების წინააღმდეგ სულ უფრო აგრესიულ "ჩრდილოვან ომს" აწარმოებს, რის გამოც გერმანია რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის რისკის ქვეშაა.

ვითარების არსი: ბუნდესტაგში გამოსვლისას იეგერმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ახალი, ბევრად საშიში განზომილება მიიღო.

  • მისი თქმით, გერმანიის სამიზნეებზე თავდასხმების საფრთხე "რეალური და გარდაუვალია", რისი ერთ-ერთი მაგალითიც აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი დრონია.

ჩაშლილად: დაზვერვის ხელმძღვანელმა რამდენიმე მთავარ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება:

  • რუსეთი ბერლინს ცდის. კრემლის გადმოსახედიდან, გერმანიის მხრიდან ნებისმიერი ყოყმანი მათ წნეხის გაძლიერებისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია მუქარების (მათ შორის, ბირთვული შანტაჟის) და შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობების ზრდა.

  • მოსკოვის მიზანია, აიძულოს გერმანია (რომელიც უკრაინის უმსხვილესი დონორია) შეწყვიტოს კიევის დახმარება. "რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, ამ ზამთარში უკრაინა მუხლებზე დააჩოქოს. ჩვენ რუსეთისგან ისეთ სასტიკ თავდასხმებს უნდა ველოდოთ, როგორიც ჯერ არ გვინახავს", - აღნიშნა იეგერმა.

  • მართალია ნატოს ტერიტორიაზე მასშტაბური თავდასხმის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა რუსეთმა შესაძლოა დაბალი ინტენსივობის სამხედრო მოქმედებებს მიმართოს, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

კონტექსტი: ახალი საფრთხეების ფონზე, გერმანიის პარლამენტი თავდასხმების აღსაკვეთად სპეცსამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას გეგმავს.

  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაცისტური რეჟიმის გამოცდილების გამო, გერმანული სპეცსამსახურები ტრადიციულად ბევრად შეზღუდულები იყვნენ, ვიდრე მათი ამერიკელი, ბრიტანელი ან ფრანგი კოლეგები.
  • პარალელურად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს "არავისზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს, თუმცა აგრესიის შემთხვევაში, სხვა გზა არ ექნება და უპასუხებს".

ასევე ნახე