დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:20 | 23 სექტემბერი, 2026 — იორდანია

იორდანიის მეფე აბდულა: ისრაელი რეგიონული საფრთხეა

იორდანიის მეფე აბდულა II-მ სამშაბათს, გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელი არის რეგიონული საფრთხე, რომელიც დაუსჯელობის "დაუჯერებელი მასშტაბით" მოქმედებს.

ვითარების არსი: მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ გაჭიანურებულ კონფლიქტს, რომელიც ღრმავდება, ასევე ჰუმანიტარულ ტანჯვას და ომებს ლიბანში, იემენში, სუდანსა და ირანში.

  • "თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ კრიზისი მსოფლიოს ჩვენს ნაწილში დარჩებოდა, უბრალოდ შეხედეთ რიგითი ოჯახების ენერგიისა და პროდუქტების გადასახადებს მუმბაიდან მადრიდამდე და მინესოტამდე. ირანის ომმა აჩვენა, რამდენად სწრაფად შეუძლია არასტაბილურობას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ცხოვრების შეცვლა რეგიონის საზღვრებს გარეთაც," - განაცხადა იორდანიის მეფემ.
  • "შემდეგ არის ღაზა. ათწლეულების განმავლობაში ვდგავარ ამ ასამბლეის წინაშე და ვაფრთხილებ მსოფლიოს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოუგვარებლად დატოვების საფრთხეებზე." - აღნიშნა მეფე აბდულამ.
  • "თუ საერთაშორისო სამართლის იგნორირება ათწლეულების განმავლობაში არის შესაძლებელი, მაშინ კონკრეტულად რა ფასი აქვს ამ კანონს? და როგორ შევძლებთ მის აღსრულებას, თუ მის დარღვევებს სახელსაც კი ვერ ვარქმევთ? ღაზაში მტკიცებულებები დამაჯერებელია: ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პირველი 300 დღის განმავლობაში სულ მცირე 300 პალესტინელი ბავშვი დაიღუპა." - ხაზი გაუსვა მან.

ჩაშლილად: იორდანიის მეფემ დაგმო ისრაელის მთავრობა "თამაშის წესების შეცვლისთვის," შეტევების გაგრძელებისა და ღაზაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის.

  • "პასუხისმგებლობა იწყება მაშინ, როდესაც მოვლენებს თავის სახელს ვარქმევთ: ეს არის პალესტინური ცხოვრების წაშლისა და ღაზაში ახალი ტერიტორიული რეალობის დამყარების მცდელობა," - აღნიშნა მან.
  • "ისრაელელი ჯარისკაცები უმოქმედოდ დგანან, როდესაც ებრაელი ახალმოსახლეები თავს ესხმიან პალესტინელებს; ხშირად ისინი იცავენ თავდამსხმელებს ან თავადაც უერთდებიან მათ," - ხაზი გაუსვა იორდანიის მეფემ.
  • "ისინი ბლოკავდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომ დაშავებულებამდე ვერ მიეღწიათ. მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს საერთაშორისო ჟურნალისტებს, რომლებიც სიმართლის თქმას ცდილობდნენ. და როდესაც ჯარისკაცები უყურებენ, ხელს უწყობენ და ზოგჯერ მონაწილეობენ კიდეც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში, ეს უკვე აღარაა 'ხულიგნების ჯგუფის' საკითხი." - თქვა მეფე აბდულამ.

დიდი სურათი: მისი თქმით, ისრაელს აქვს ექსპანსიონისტური ამბიციები, რაც მას რეგიონულ საფრთხედ აქცევს.

  • "დღეს სირია არის გაფრთხილება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ირჩევს, რომ ვერ დაინახოს... გააზრებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ისრაელი ცდის, რამდენად შორს შეუძლია წასვლა. და ყოველ ჯერზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება თვალს არიდებს, ისრაელი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კიდევ უფრო შორს წავიდეს სასაზღვრო ზოლებსა და სამართლებრივ საზღვრებს მიღმა," - განაცხადა მან.

კონტექსტი: იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიძაბა, როდესა ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

  • საერთაშორისო შეფასებებით, იორდანიის მოასხლეობის 50%-60% პალესტინური წარმოშობისაა.
  • ისრაელმა და იორდანიამ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი1994 წელს მოაწერეს. იორდანია გახდა მეორე არაბული ქვეყანა (ეგვიპტის შემდეგ), რომელმაც ისრაელთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
  • 1948 წელს, ისრაელისა და არაბული ქვეყნების პირველი ომის შედეგად, იორდანიის არმიამ დაიკავა დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი. 1950 წელს კი იორდანიამ ამ ტერიტორიების ოფიციალური ანექსია გამოაცხადა.
  • 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს ისრაელმა იორდანიას ეს ტერიტორიები წაართვა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე