დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:42 | 08 ნოემბერი, 2026 — გერმანია

მერცი: ჰოლოკოსტში გერმანიის ბრალეულობის უარმყოფელმა მუსლიმმა მიგრანტებმა ქვეყანა უნდა დატოვონ

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარასკევს განაცხადა, რომ მუსლიმმა იმიგრანტებმა, რომლებიც უარს ამბობენ ჰოლოკოსტში გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობის აღიარებაზე, გერმანია უნდა დატოვონ.

ვითარების არსი: "ჩვენი ქვეყნის ეს ისტორიული პასუხისმგებლობა ისევე ვრცელდება მათზე, ვინც აქ, გერმანიაში, ისლამური ქვეყნებიდან ჩამოდის," - განაცხადა მერცმა ბერლინში, ებრაელი სპორტსმენებისთვის გამართულ მიღებაზე.

  • "და ყველამ, ვინც ამას არ დაემორჩილება, ჩვენი ქვეყანა უნდა დატოვოს," - თქვა მან.
  • გავრცელებული ინფორმაციით, მერცმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მაკაბიადის კალათბურთის გუნდის მწვრთნელმა კანცლერს უთხრა, რომ მისი გუნდის ებრაელი სპორტსმენები საჯარო სივრცეში გუნდის ქურთუკების ჩაცმის შიშს გამოთქვამდნენ, რომლებზეც დავითის ვარსკვლავია გამოსახული. 

სტრიქონებს შორის: ამის შემდეგ მერცმა გაიხსენა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის 1985 წელს ბუნდესტაგში წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ხაზგასმული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ექვსი მილიონი ებრაელის გენოციდში ქვეყნის როლის აღიარებისა და გააზრების მნიშვნელობა.

  • ფონ ვაიცზეკერმა მაშინ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ჰოლოკოსტზე პასუხისმგებელები არ არიან, მათ პასუხისმგებლობა აქვთ მის მემკვიდრეობაზე.
  • "და ეს მთელ გერმანულ საზოგადოებას ეხება," - განაცხადა მერცმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტყვებს ურყევ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. "და არსებული ვითარების გათვალისწინებით დავამატებდი: ეს ასევე ეხება იმიგრანტებს, რომლებიც გერმანიაში ჩამოდიან."

დიდი სურათი: ბოლო წლებში გერმანიაში ანტისემიტიზმის შემთხვევები იზრდება - გერმანიის ანტისემიტიზმის კვლევისა და ინფორმაციის ფედერალური ასოციაციის (RIAS) მიერ წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ბერლინში 2 197 ანტიებრაული ინციდენტი დაფიქსირდა.

  • ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთმა გერმანელმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ "ებრაული ცხოვრებისთვის არსებული საფრთხე იმაზე უარესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჰოლოკოსტის შემდეგ."
  • ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემები წინა წლის 2 521 ინციდენტებთან შედარებით დაახლოებით 13%-ით შემცირდა, თუმცა 2023 წლის 7 ოქტომბრამდე არსებულ მაჩვენებელს მაინც ორჯერ აღემატება.
  • დოკუმენტში აღწერილია სულ უფრო მტრული გარემო, სადაც ებრაელები და ისრაელელები საჯარო სივრცეებში შევიწროებას, დაშინებასა და ძალადობას აწყდებიან.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე