დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

01:35 | 08 ნოემბერი, 2026 — ისრაელი

ისრაელის პრეზიდენტი: ახალი მთავრობის ფორმირებას აიზენკოტს დავავალებ

ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კვირას,  17:00 საათზე პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოპოზიციური პარტია "იაშარის" თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირებას დაავალებს.

ვითარების არსი: განცხადების თანახმად, ჰერცოგმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ აიზენკოტსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 7 ნოემბრის საღამოს აცნობა, მას შემდეგ, რაც უქმეებზე პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან, მათ შორის პირადად ნეთანიაჰუსთან და აიზენკოტთან, დამატებითი მოლაპარაკებები გამართა.

  • ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ქნესეთის 120-ვე ახალი წევრის წარმომადგენელ პარტიულ დელეგაციებთან ჰერცოგის კონსულტაციების დროს, აიზენკოტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე 67 რეკომენდაცია მიიღო, ნეთანიაჰუმ კი - 46.
  • პრემიერობის კანდიდატების რეკომენდაციები კი ასე გადანაწილდა: აიზენკოტის მხარდამჭერები (67 მანდატი), საიდანაც 48 მანდატი სიონისტური ოპოზიციური პარტიებისაა, ხოლო 19 არაბული პარტიების.
  • ნეთანიაჰუს კოალიციაში მყოფმა აშკენაზი ულტრაორთოდოქსების პარტიამ "გაერთიანებული თორას იუდაიზმმა" რეკომენდაცია არავის გაუწია.

სტრიქონებს შორის: აიზენკოტი მანდატს ოფიციალურად კვირას, პრეზიდენტის რეზიდენციაში გასამართ ცერემონიაზე მიიღებს. ამის შემდეგ მას მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჰერცოგს უფლება აქვს, ეს ვადა მაქსიმუმ 14 დღით გაუხანგრძლივოს.

  • პარტია "იაშარის" ლიდერმა გადი აიზენკოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ახლა ეროვნული საგანგებო მთავრობის ფორმირების დროა."
  • "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის ღირსნი ვიყოთ," - წერს ის პლატფორმა X-ზე.

დიდი სურათი: აიზენკოტისთვის 61-მანდატიანი სტაბილური უმრავლესობის შექმნა რთულ ამოცანად რჩება. სიონისტური პარტიების ბლოკის ნაწილი უარს ამბობს არაბულ პარტიებთან ერთად კოალიციის ფორმირებაზე.

  • შექმნილ ჩიხში მთავარ პოლიტიკურ ფიგურად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მემარჯვენე და სეკულარი პოლიტიკოსი ავიგდორ ლიბერმანი იქცა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შევა კოალიციაში არაბულ პარტიებთან.
  • გარდა ამისა, ლიბერმანმა, რომელიც წლების განმართლობაში გამოირჩეოდა ულტრაორთოდოქსების წარმომადგენელი პარტიების კრიტიკით, განაცხადა, რომ მზადაა წავიდეს "მტკივნეულ კომპრომისზე" და აღნიშნა, რომ უარს ამბობს ულტრაორთოდოქსების არმიაში სავალდებულო გაწვევის კანონის დაუყოვნებლივ მიღებაზე და მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს მათთან.
  • ლიბერმანის თქმით, "ნეთანიაჰუს ერა უნდა დასრულდეს," ხოლო უმცირესობის მთავრობის შექმნა საფრთხეს შეიცავს, რადგან ამან შესაძლოა ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში კიდევ უფრო დიდი უმრავლესობით დააბრუნოს.

კონტექსტი: 2026 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ნეთანიაჰუს მხარდამჭერმა პარტიებმა 53 მანდატი მიიღეს, სიონისტურმა ოპოზიციამ - 48, ხოლო არაბულმა პარტიებმა - 19.

  • მანდატები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: ნეთანიაჰუს "ლიკუდი" - 27, გადი აიზენკოტის "იაშარი" - 21, ნაფტალი ბენეტის "ბეიახადი" - 12, არაბული პარტიების ერთიანი სია - 11, მემარცხენე პარტია "დემოკრატები" - 8, არაბი ბედუინების პარტია "რაამი" - 8, ავიგდორ ლიბერმანის "ისრაელ ბეითენუ" - 7, აშკენაზი ულტრაორთოდოქსების პარტია "გაერთიანებული თორას იუდაიზმი" - 7, იტამარ ბენ-გვირის პარტია "ოცმა იეჰუდიტი" - 7, სეფარიდი ულტრაორთოდოქსების პარტია "შასი" - 6 და ბეცალელ სმოტრიჩის "რელიგიური სიონიზმი" - 6.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე