დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

22:41 | 06 ნოემბერი, 2026 — აშშ

ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად სტივენ მილერი დანიშნა

დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობას ტოვებს, ხოლო მის ადგილს სტივენ მილერი დაიკავებს.

ვითარების არსი: ეს საკადრო ცვლილება მოჰყვა რესპუბლიკელების უმძიმეს მარცხს შუალედურ არჩევნებში, სადაც მათ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა დაკარგეს.

  • თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უაილსმა გადადგომის შესახებ განცხადება ხუთშაბათს საღამოს წარადგინა.
  • თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, სტივ ბენონმა, პარასკევს განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა დამარცხების გამო უაილსი "დაუყოვნებლივ უნდა გადაყენებულიყო."
  • "მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ისეთ ადამიანებს უნდა დაეკისროთ, როგორებიც არიან აპარატის უფროსი სუზი უაილსი და იქ მომუშავე პოლიტიკური კონსულტანტები... შედეგებიდან გამომდინარე, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ," - აღნიშნა ბენონმა.

სტრიქონებს შორის: თეთრი სახლის აპარატის ყოფილმა უფროსმა, მიკ მალვინიმ განაცხადა, რომ ელოდა უაილსის თანამდებობიდან წასვლას შუალედური არჩევნების შემდეგ: "ეს უბრალოდ ბუნებრივი მომენტია ასეთი ცვლილების განსახორციელებლად." 

  • ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ "ძალიან მადლიერია სუზის მისი მეგობრობისა და პრეზიდენტისა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის."
  • "სტივენ მილერი საოცარი პატრიოტია და დიდ საქმეებს გააკეთებს. ვულოცავ მას ამ დამსახურებულ დაწინაურებას!" - დაწერა მან.
  • თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა X-ზე მილერს ნამდვილი პატრიოტი და "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პრინციპისთვის მებრძოლი უწოდა.

ჩაშლილად: ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა. სენატში პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმა დაწერა, რომ ტრამპმა "ვერაფერი ისწავლა თავისი ისტორიული მარცხისგან."

  • "სტივენ მილერი ამ ადმინისტრაციის ყველაზე სასტიკი და არაადამიანური პოლიტიკის არქიტექტორია. ტრამპი ამაზე უარეს არჩევანს ვერ გააკეთებდა," - დაწერა მან. "ჩვენი დემოკრატიული უმრავლესობა მას ყოველ ნაბიჯზე შეებრძოლება."
  • დემოკრატმა სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა: "ამერიკელი ხალხი სთხოვს თეთრ სახლს, ყურადღება გამახვილდეს ფასების ზრდაზე, მაგრამ საუკეთესო, რისი გაკეთებაც ტრამპს შეუძლია, არის მეტი სტივენ მილერი და სისასტიკის კულტურა. მას ეს უბრალოდ არ ესმის."

დიდი სურათი: სტივენ მილერი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ხანგრძილივი პოლიტიკური მრჩეველია.

  • მანამდე ის ტრამპის ადმინისტრაციაში აპარატის უფროსის მოადგილისა და პოლიტიკის საკითხებში უფროსი მრჩევლის პოსტებს იკავებდა.
  • მილერი აშშ-ის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის არქიტექტორად ითვლება, რადგან სწორედ მისი ინიციატივით გატარდა საზღვარზე მიგრანტთა ოჯახების დაშორების პოლიტიკა,თავშესაფრის მიღების წესებზე შეზღუდვა და საიმიგრაციო სამსახურის სასტიკი რეიდები ამერიკული ქალაქების ქუჩებში.
  • დემოკრატების შეფასებით, მისი ხელმძღვანელობით გატარებული ზომები ადამიანის უფლებების დარღვევასა და უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე