16:23 | 15 ოქტომბერი, 2026 — ისრაელი
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ღაზაში ჰამასის მმართველობას 18 თვეში დავასრულებ
ისრაელის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გადი აიზენკოტმა პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 18 თვის ვადაში ღაზას სექტორში "ჰამასის" მმართველობას დაასრულებს.
ვითარების არსი: აიზენკოტმა ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადანაშაულა, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტიდან სამი წლის შემდეგაც კი, ომის მიზნები მიღწეული არ არის.
- "პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან 18 თვის ვადაში "ჰამასი" ღაზას სექტორში ხელისუფლებაში აღარ იქნება. ჩვენ "ჰამასის" სამხედრო ფრთას სრულად გავანადგურებთ," - განაცხადა აიზენკოტმა ღაზას საზღვართან გაკეთებულ მიმართვაში.
- პარტია "იაშარის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს მიიღწევა ან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ღაზას დემილიტარიზაციისა და აღდგენის გეგმის მეშვეობით, რომელსაც ნეთანიაჰუს მთავრობა დათანხმდა, ან სამხედრო მოქმედებების გზით.
სტრიქონებს შორის: სამწლიანი ომის მიუხედავად, "ჰამასი" კვლავ აკონტროლებს ღაზას სექტორის დაახლოებით მესამედს და ინარჩუნებს სამხედრო შესაძლებლობებს, მაშინ როცა ისრაელი ტერიტორიის 60%-ზე მეტს აკონტროლებს.
- "სანამ ბენიამინ ნეთანიაჰუ რჩება ხელისუფლებაში, "ჰამასიც" დარჩება ხელისუფლებაში," - აცხადებს აიზენკოტი.
- ოპოზიციის ლიდერი პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს სამხედრო მოქმედებებისთვის არსებული უპრეცედენტო შიდა და საერთაშორისო ლეგიტიმაციის დაკარგვაში, რამაც "ჰამასს" საშუალება მისცა შეენარჩუნებინა კონტროლი ღაზაზე და აღედგინა საკუთარი შესაძლებლობები.
დიდი სურათი: იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით მოქმედ პარტიების ბლოკს მთავრობის ფორმირების მკაფიო გზა არ აქვთ, "ლიკუდის" საარჩევნო კამპანიის მთავარი ბრალდებაა, რომ აიზენკოტი მთავრობას ვერ შექმნის არაბული პარტიების მხარდაჭერის გარეშე.
- აღსანიშნავია, რომ აიზენკოტის ბლოკში შემავალი პარტიების უმეტესობა ასეთ თანამშრომლობას გამორიცხავს.
- თავად აიზენკოტმაც განაცხადა, რომ ამჟამად არცერთი არაბული პარტია არ აკმაყოფილებს მის კრიტერიუმებს კოალიციაში შესასვლელად.
- "17 წლის განმავლობაში ნეთანიაჰუ და "ლიკუდი" ატყუებდნენ ისრაელის მოქალაქეებს და აძლიერებდნენ "ჰამასს," ცოტა მეტი ყურადღება რომ დაგეთმოთ თქვენი საქმისთვის და ცოტა ნაკლები - გზავნილების შემუშავებისთვის, შესაძლოა 7 ოქტომბერი თავიდან აგვერიდებინა." - ხაზი გაუსვა პარტია "იაშარმა."
კონტექსტი: 2026 წლის 27 ოქტომბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს არის პირველი არჩევნები 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.
- მე-13 არხის საზოგადოებრივი აზრის კვლევით, პირველ ადგილზე გადი აიზენკოტის პარტია "იაშარია" 20 მანდატით და მას მოსდევს ნეთანიაჰუს "ლიკუდი" - 18 მანდატი.
- გადი აიზენკოტის ბლოკში შემავალი პარტიები ჯამურად 50 მანდატს აგროვებენ, ნეთანიაჰუს ბლოკი - 51, ოპოზიციაში მყოფი არაბული პარტიები - 15 და პარტია "რეზერვისტები," რომელიც არცერთ ბლოკს არ ეკუთვნის - 4.
- ოპოზიციის მიერ მთავრობის ფორმირებისთვის გარდაუვალი ხდება სიონისტური ოპოზიციის არაბულ პარტიებთან თანამშრომლობა, რასაც ეს პარტიები გამორიცხავენ.