შაბათს, სომხეთში, ქალაქ რაზდანში, ამერიკულმა AI-კომპანია Firebird-მა გახსნა ობიექტი, რომელსაც NVIDIA პოსტ-საბჭოთა სივრცის უდიდეს AI ქარხანას უწოდებს. ღონისძიებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ჟასლან მადიევი და სომხეთში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დევიდ ალენი ესწრებოდნენ.
ვითარების არსი: ამ ობიექტის გახსნა შესაძლებელი გახადა აშშ-ის ხელისუფლების მიერ ექსპორტის ნებართვის გაცემამ.
- Firebird-მა აშშ-ის საექსპორტო ლიცენზია 2025 წლის ნოემბერში მოიპოვა - ეს იყო ის მარეგულირებელი ნაბიჯი, რამაც სომხეთში NVIDIA-ს თანამედროვე აპარატურის შესვლა შესაძლებელი გახადა.
- Firebird-მა და აშშ-ის მთავრობამ პროექტის მე-2 ფაზა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტის დროს ერთობლივად გამოაცხადეს.
სტრიქონებს შორის: NVIDIA აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის სერვისები გლობალურად არის ხელმისაწვდომი, ქვეყნებს ასევე სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ განავითარონ და ამუშაონ AI საკუთარი ენებისთვის, ინდუსტრიებისა და ეროვნული პრიორიტეტებისთვის.
- კომპანია Firebird-ის AI ქარხანა სომხეთს საშუალებას მისცემს, რომ დეველოპერებს, სტარტაპებს, საწარმოებს, უნივერსიტეტებსა და საჯარო დაწესებულებებს ექნებათ სიმძლავრე, რათა შექმნან და გააფართოონ AI ადგილობრივად.
- Firebird გეგმავს 2027 წლის ბოლოსთვის სომხეთში განათავსოს 70 ათასზე მეტი NVIDIA Rubin და Blackwell GPU და 300 მეგავატი AI ინფრასტრუქტურული სიმძლავრე, რაც დააჩქარებს ქვეყნის, როგორც AI კვლევების, თანამედროვე გამოთვლითი სისტემებისა და ინოვაციების ცენტრად გარდაქმნას.
- კომპანიის ცნობით, NVIDIA DSX პლატფორმაზე აგებული ეს AI ქარხანა ერთობლივად დაპროექტებულ სისტემაში აერთიანებს აჩქარებულ ქსელურ, ენერგო და გაგრილების სისტემებს. Firebird-ის AI ქარხანა ისეა შექმნილი, რომ გამოთვლითი სიმძლავრე შემოსავლად გარდაქმნას.
დიდი სურათი: NVIDIA-ს მხარდაჭერით, კომპანია Firebird დაახლოებით 2-გიგავატიან AI ინფრასტრუქტურულ გეგმას ახორციელებს, რომელიც მოიცავს სომხეთს, ყაზახეთსა და დამატებით ბაზრებს.
- Firebird-მა ასევე გამოაცხადა, რომ NVIDIA გეგმავს კომპანიაში ინვესტიციის ჩადებას. ეს ინვესტიციები Firebird-ს დაეხმარება გლობალური ინფრასტრუქტურისა და ოპერაციული არეალის გაფართოებაში.
- სომხეთში AI ქარხანა ექვს თვეში აშენდა.