ახალი ამბები

14:34 | 18 აგვისტო, 2026 — რუსეთი

კრემლმა „ვნეშეკონომბანკის“ მთავარი ეკონომისტი კრიზისის შესახებ გაფრთხილების გამო გაათავისუფლა

რუსეთის სახელმწიფო კორპორაციამ „ВЭБ.РФ“ [ყოფილი ვნეშეკონომბანკი] თავისი მთავარი ეკონომისტი, ანდრეი კლეპაჩი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან ერთ-ერთი გამოსვლის დროს რუსეთის ეკონომიკის ჩამორჩენა დააფიქსირა და მოსალოდნელი „სოციალური კრიზისი“ იწინასწარმეტყველა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გათავისუფლებას წინ უძღოდა მოსკოვის ბირჟის სესიაზე მისი გამოსვლის მედიაში ფართოდ გავრცელება და ციტირება.

  • ამასთან, თავად მოხსენებით კლეპაჩი მაისში გამოვიდა, თუმცა მასზე ყურადღება გამოცემა The Moscow Times-მა მხოლოდ ახლა გაამახვილა.
  • კლეპაჩმა ამ გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოფიტვაზე მიმართული ომის ფონზე რუსეთი აგებს კონკურენციას დასავლეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან და სოციალური რყევების ზღვარზე დგას.

მჯერა, რომ რუსეთი არ დაიშლება, მაგრამ იმაში, რომ სოციალურ კრიზისამდე მივალთ, თითქმის დარწმუნებული ვარ. ეკონომიკურად არ ჩამოვიშლებით, თუმცა ჩვენი ჩამორჩენა გაიზრდება ყველა გამომდინარე შედეგით.

  • მან რუსეთში არსებული ვითარება 1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და 1991 წელს სსრკ-ის დაშლის წინა პერიოდებს შეადარა.
  • წინაკრიზისული ვითარების ერთ-ერთ მიზეზად კლეპაჩმა ცენტრალური ბანკის ზედმეტად მკაცრი პოლიტიკა დაასახელა.

კულისებს მიღმა: გამოცემა The Bell წერს, რომ „ვნეშეკონომბანკის“ ხელმძღვანელმა, იგორ შუვალოვმა, რომელიც ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი და პუტინის ახლო თანამებრძოლია, კლეპაჩი „ზემოდან შემოსული ზარის“ საფუძველზე გაათავისუფლა.

კონტექსტი: „ВЭБ.РФ“ [ყოფილი ვნეშეკონომბანკი] - ეს არის რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია, რომლის მეშვეობითაც ფინანსდება სოციალურ-ეკონომიკური პროექტები.

  • კორპორაციის მიზანია ეროვნული პროექტებისა და პუტინის განკარგულებების განხორციელება და ის ცალკე კანონის ფარგლებში ოპერირებს.
  • ანდრეი კლეპაჩს 12 წლის განმავლობაში ეკავა ВЭБ-ის მთავარი ეკონომისტის თანამდებობა. მანამდე ის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო ელვირა ნაბიულინას, ანდრეი ბელოუსოვისა და ალექსეი ულიუკაევის მინისტრობის დროს.
  • ბერლინის კარნეგის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრა პროკოპენკო კლეპაჩს „რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო მაკროეკონომისტს“ უწოდებს.
  • პროკოპენკო აღნიშნავს, რომ მთავრობაში მუშაობის დროსაც კლეპაჩი ხშირად წარმოადგენდა რეალისტურ შეფასებებს, რომლებიც შესაძლოა ხელმძღვანელობას არ მოსწონებოდა, და ეკონომიკის სამინისტრო სწორედ კონფლიქტების შემდეგ დატოვა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე