ახალი ამბები

06:34 | 03 აპრილი, 2026 — ისრაელი

კვიპროსი გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ისრაელისგან ტანკებს შეიძენს

კვიპროსი ისრაელისგან Merkava-ს ტანკების შესყიდვას გეგმავს. ამ ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს.

საუბარია Merkava Mark III-ის ტანკზე, რომელიც ისრაელის არმიის რეგულარული შეიარაღებიდან 2020 წელს ამოიღეს. ეს მოდელი აღჭურვილია 120 მმ-იანი ქვემეხით, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ჯავშანტექნიკა და ტანკები.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ექსპორტის კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იაირ კულასმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს ორ სახელმწიფოსთან,  საიდანაც ერთ-ერთი ევროპულია, თუმცა ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა. 

იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება შედგება, ეს იქნება Merkava-ს ტანკის პირველი გაყიდვა ევროპულ ქვეყანაში.

კვიპროსელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, Haaretz-ს დაუდასტურა, რომ ევროპულ სახელმწიფოში კვიპროსი იგულისხმება, მაგრამ უარი თქვა კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებაზე.

მედიის ცნობით, განიხილება შესაძლებლობა, რომ Merkava-ს ტანკების შეძენის შემდეგ, კვიპროსი უკრაინაში ძველ, საბჭოთა წარმოების T-80U-ებს გაგზავნის.

თუმცა, კვიპროსული წყაროები უარყოფენ, რომ მათ ასეთი განზრახვა აქვთ. ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდისმა ბოლო გამოსვლაში განაცხადა, რომ ის არ გადადგავს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც კვიპროსის შეიარაღებულ ძალებს დაასუსტებს

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე