15:17 | 15 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
ლავროვი: აშშ-ს ანკორიჯის შეთანხმებებიდან უკან რომ არ დაეხია, უკვე ერთი წელი ომის გარეშე ვიცხოვრებდით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი "უკვე ერთი წელი ომის გარეშე იცხოვრებდა, აშშ-ს უკან რომ არ დაეხია იმ შეთანხმებებიდან," რომელსაც 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე მიაღწიეს.
ვითარების არსი: ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე თქვა: "ამერიკელებს ანკორიჯის შეთანხმებებიდან უკან რომ არ დაეხიათ, ევროპას ეს შეთანხმებები რომ არ გაეჭიანურებინა, ჩვენ უკვე ერთი წელი ომის გარეშე ვიცხოვრებდით. ეს აშკარა ფაქტია, ამიტომ დასკვნები თავად გამოიტანეთ."
- ამასთან, მან კვლავ გაამეორა, რომ რუსეთს თითქოს "მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს."
- "ჩვენ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს გვითქვამს. და ყველა ის მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობდა, ჩვენი ინიციატივით არ შეწყვეტილა. ამიტომ, თუ ჩვენი კოლეგები მზად იქნებიან, ვფიქრობ, ამის განახლება სრულიად შესაძლებელია. ჩვენ გვქვს სათქმელი," - განაცხადა ლავროვმა.
სტრიქონებს შორის: ის ასევე ირწმუნება, რომ მოსკოვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან თითქოს "არცერთხელ, არასდროს შეუცვლია თავისი პოზიცია" და თითქოს "მზადაა გონივრული კომპრომისების საძიებლად."
- "ჩვენ მზად ვართ ამ პოზიციის ფარგლებში ვეძებოთ გონივრული კომპრომისები, მაგრამ პრინციპულად არ შეგვიცვლია ამოცანა - უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება, არ დავუშვათ ნატოს გამოჩენა ჩვენს საზღვრებთან და უზრუნველვყოთ რუსი და რუსულენოვანი ხალხის კანონიერი უფლებები, რომლებიც საუკუნეებია ცხოვრობენ ამ მიწებზე, გავათავისუფლოთ ისინი ნაციფიკაციის, მილიტარიზაციისა და ა.შ. საფრთხეებისგან," - თქვა რუსმა მინისტრმა.
- გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ თავის აგრესიას არ შეაჩერებს.
დიდი სურათი: 15 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ახალ ვიზიტს ელოდებიან და სურთ მათგან მოისმინონ, თუ როგორ აპირებს ამერიკა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად იმ შეთანხმებების სისრულეში მოყვანას, რომლებიც 2025 წლის ზაფხულში ანკორიჯში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის იქნა მიღწეული.
- ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასული წლის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა.
კონტექსტი: დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. ეს მოვლენა შეთანხმებების მიღწევის ან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების გარეშე დასრულდა.
- Bloomberg-ის მონაცემებით, ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი კვლავ ითხოვს უკრაინული ჯარების გაყვანას დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, თუმცა მზადაა გაყინოს ფრონტი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.